https://sikat.dprkpck.jatimprov.go.id/slot-gacor/

https://dkv.darmajaya.ac.id/-/slot-demo/

ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგი
ანონიმური დირჰემები მშვილდის გამოსახულებით
ტიპი: ანონიმური დირჰემები მშვილდის გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
დირჰემი. წონა≈2,64 გრ.

d≈22 მმ.

შუბლი: წერტილოვან რკალში არაბული ზედწერილი: ყაან სამართლიანი. გარდა ამისა, მოცემულია თარიღი ჰიჯრ. 637 წელი (=1239/40 წწ.) და მოჭრის ადგილი – თბილისი. წარწერის ქვეშ მშვილდის გამოსახულება.

ზურგი:
ცენტრში მოთავსებულია არაბული ლეგენდა: არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა.



სამეცნიერო კომენტარი:
    1222-1245 წლებში საქართველოში თამარის ქალიშვილი რუსუდანი მეფობდა. მისი მმართველობა უიღბლო გამოდგა. საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება ჯერ ჯალალ ედ-დინის, ხოლო შემდეგ – მონღოლთა შემოსევის სახით.
    ხორეზმშაჰის მემკვიდრე ჯალალ ედ-დინმა 1225 წლის ნოემბერში, ისარგებლა რა საქართველოს დიდგვაროვანთა შორის არსებული წინააღმდეგობებით, გარნისთან დაამარცხა ქართველთა ჯარი, ხოლო შემდეგ წელს თბილისიც აიღო.
    ამ დამპყრობელმა თავისი კვალი ქართულ ნუმიზმატიკაშიც დატოვა. მიტოვებულ თბილისში (რუსუდანი ქუთაისში გადავიდა) მას, როგორც ჩანს, ხელში ჩაუვარდა სახელმწიფო ხაზინა, რომელიც საკუთარი მონეტების მოსაჭრელად გამოიყენა. ქართული ფულის მთელი მარაგი ჯალალ ედ-დინმა ზარაფხანაში ხელახლა გადაამუშავა და ქართულ მონეტებზე ახალი სიქის დარტყმის საშუალებით ისინი საკუთარ ფულად აქცია (ჯალალ ედ-დინის გადაჭედილი სპილენძის მონეტები).

შუბლი: შემორკალული ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: სულტანი უზენაესი.
გარშემო მეორე არაბული ზედწერილი: იჭედა ეს დირჰემი 623 წელს (=1226 წ.).
ზურგი: შემორკალული ორსტრიქონიანი ზედწერილი: ჯალალ ად-დუნია ვად-დინ.
გარშემო მეორე არაბული ზედწერილი: განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი.

    ხშირია შემთხვევები, როდესაც ჯალალ ედ-დინის სიქის ქვეშ შემორჩენილია გიორგი IV ლაშას, ან თამარის ფულის დაუზიანებელი წარწერების ნაწყვეტები. იშვიათ შემთხვევაში ჩნდება გიორგი III-ისა და დემეტრე I-ის მონეტების დეტალებიც. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ჯალალ ედ-დინის მონეტები გადაჭედილია „უწესოდ“ მოჭრილი ქართული ფულიდან, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ამ მიზნით წესიერად მოჭრილი მონეტებიცაა გამოყენებული, კერძოდ, გიორგი III და თამარის ფული.
    ჯალალ ედ-დინის შემოსევებიდან მოკლე ხანში ქვეყანაში მონღოლთა ჰეგემონია დამყარდა.
    პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლამ წარუხოცელი კვალი დატოვა საქართველოს ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. მკვეთრად იცვლება მონეტის გარეგნული სახე და ზედწერილების შინაარსი. იმდროინდელი ქართული მონეტები განსაკუთრებული სიმართლით გადმოგვცემს XIII-XIV საუკუნეებში შექმნილ მძიმე ვითარებას.
    რუსუდანის შემდგომ მოჭრილი მონეტები ორ ჯგუფად იყოფა: 1. ქართველ მეფეთა მონეტები XIII-XIV საუკუნეებში და 2. მონღოლური საოკუპაციო მონეტები.
    ამჯერად, ჩვენ მხოლოდ მონღოლურ საოკუპაციო მონეტებს შევეხებით.
    უკვე რუსუდანის მეფობაში იჭრება ანონიმური დირჰემი (ანონიმური დირჰემები მშვილდის გამოსახულებით).
    ჯერჯერობით აუხსნელია, რატომაა ეს დირჰემი მოჭრილი ზოგადად „ყაან სამართლიანის“ და არა მონღოლთა კონკრეტული მბრძანებლის სახელით. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ დროს მონღოლთა კარზე დიდი უთანხმოება იყო და ამიტომაც უმჯობესად მიაჩნდათ მონეტაზე ზოგადად „ყაენის“ მოხსენიება.
    ხუთი წლის შემდეგ, კერძოდ, ჰიჯრ. 642 წელს (=1244/45 წწ.) თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა განსხვავებული დირჰემები (ულუს ბეკის დირჰემები მონადირე მხედრის გამოსახულებით).

შუბლი: გაჭენებულ ცხენზე მჯდარი მხედრის გამოსახულება მარცხნივ, ის შემოტრიალებულია მარჯვნივ და მშვილდს ეზიდება; უკან ყარყატის გამოსახულებაა; ცხენის ქვემოთ – მონადირე ძაღლის. რამდენიმე შემთხვევაში ყარყატის გამოსახულება შეცვლილია ვარსკვლავით ან სოლომონის ბეჭდით, და ძაღლის გამოსახულება – გაურკვეველი გამოსახულებით, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნას ან ქვეწარმავლად, ან ფოთლოვან ორნამენტად. სხვა ეგზემპლარებზე, რომლებიც უცნობ ზარაფხანაშია მოჭრილი, გაჭენებული ცხენზე მჯდარი მხედრის გამოსახულება მარჯვნივ არის მიმართული. ზემოთ: თურქულად – (ულუღ) მანგილ ულუს ბეკ. ამ ზედწერილის შინაარსის ორი ინტერპრეტაცია არსებობს: 1. ულუს ბეკი დიდი მონღოლის სახელით და 2. დიდი მონღოლი ულუს ბეკი.
ზურგი: არაბული ლეგენდა: არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. იჭედა თბილისს 642 წელს (=1244/45 წწ.).

    უნდა აღინიშნოს, რომ იდენტური მონეტები თბილისის გარდა იჭრებოდა განჯაში, ბაქოში, ნახჩევანში და სხვ. არ უნდა იწვევდეს გაკვირვებას ყარაყორუმში მჯდარი დიდი ყაენის მოუხსენებლობა, რადგან ახალი დიდი ყაენის არჩევამდე ნომინალური ძალაუფლება ოღოთაის ქვრივის, ტურაკინას ხელში იყო მოქცეული.
    აღსანიშნავია, რომ დედოფალ ტურაკინას ამ მონეტებზე მოთავსებული მშვილდოსნის კომპოზიცია ახლო მსგავსებას ამჟღავნებს ერზერუმში ადგილობრივი თურქი მმართველის, მუჰამად იბნ-სალდუქის (1174-1200 წწ.) მიერ მოჭრილი სპილენძის მონეტების ტიპთან. ბუნებრივია, რომ ეს მოტივი მოეწონათ მონღოლებს, რომლებიც ცნობილნი იყვნენ, როგორც „მოისართა ტომი“.
    სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულია მომდევნო წლით (ჰიჯრ. 643 წ.) დათარიღებული უნიკალური ანონიმური მონეტა (ანონიმური დირჰემები ექვსქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით) (წონა – 2,61 გრ.).

შუბლი: პარალელური ხაზებისაგან შედგენილი ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ვარსკვლავის ცენტრში ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: ყაან სამართლიანი.
ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული რელიგიური სიმბოლო: არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. ზედწერილი მოთავსებულია ოთხკუთხა ჩარჩოში, რომელიც შემოვლებულია რკალით. რკალსა და ჩარჩოს შორის შექმნილ სეგმენტებში არაბულად: იჭედა თბილისს, 643 წელს (=1245/46 წწ.).

    თბილისის ზარაფხანაში ჰიჯრ. 652-659 წლებში (=1254-1261 წწ.) მანგუ ყაენის სახელით იჭრება ვერცხლის, ხოლო 652-654 წლებში (=1254-1257 წწ.) ასეთივე სპილენძის მონეტები (მანგუ ყაენის მონეტები):

შუბლი: მორკალულ კვადრატში მოთავსებულია სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: მანგუ ყაენი, უმაღლესი, სამართლიანი. კვადრატსა და რკალს შორის ოთხ სეგმენტში არაბულადვე მოჭრის ადგილი – თბილისი.
ზურგი: ასეთივე მორკალულ კვადრატში სამსტრიქონიანი რელიგიური ფორმულა არაბულად: არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე. კვადრატსა და რკალს შორის ოთხ სეგმენტში არაბულადვე მოცემულია თარიღი, რომელიც შეიცავს არა მარტო წელს, არამედ თვესაც, ზოგჯერ კი – დღესაც.

    მანგუს ყაენის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტები ისეთივეა, როგორც ზემოთ აღწერილი ვერცხლის მონეტები.
    თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მანგუ ყაენის ვერცხლის მონეტების საშუალო წონა 2,62 გრამია, ხოლო სპილენძის – 4,58 გრამი (დიდი ზომის მონეტებისათვის) და 2,5 გრამი (მცირე ზომის მონეტებისათვის). ჩანს, იჭრებოდა სპილენძის მონეტების ორი ნომინალი.
    მანგუს ყაენის სახელით მოჭრილ მონეტებს ქრონოლოგიურად მოსდევს ე.წ. „ყაანური“. ტერმინი „ყაანური“ მომდინარეობს მონეტების შუბლის ლეგენდებიდან – „ყაან სამართლიანი“. ისინი ორი „ტიპისაა“. პირველი „ტიპის“ ვერცხლის „ყაანური“ იჭრებოდა ჰიჯრ. 660, 661 და 662 წლებში (=1261-1264 წწ.). მათი აღწერილობა ასეთია:

შუბლი: რთული გრეხილგეომეტრიული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომლის ცენტრში ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილია: ყაან სამართლიანი.
ზურგი: შემორკალულ ოთხკუთხაფიგურიან ჩარჩოში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე. ჩარჩოსა და რკალს შორის სეგმენტებში არაბულადვე – მოჭრის ადგილი (თბილისი) და თარიღი (წელი, თვე).

    მონეტის საშუალო წონაა 2,66 გრამი.
    მეორე „ტიპის“ „ყაანურები“ ზემოთ აღწერილისაგან განსხვავდება მონეტის ზურგის დეტალებით, კერძოდ, სეგმენტებში აქ მოთავსებულია ორნამენტი, ხოლო თარიღი – რელიგიური სიმბოლოს პირველსა და მეორე სტრიქონს შორის. თარიღი მომცრო არაბული ნიშნებით არის გადმოცემული და ჰიჯრ. 663-678 წლების (=1264-1280 წწ.) რომელიმე ერთ-ერთ წელს შეიცავს. მათი საშუალო წონაა 2,61 გრამი.
    როგორც ვხედავთ, თბილისის ზარაფხანა „ყაანურების“ სახით კვლავ ანონიმურ მონეტებს ჭრის. რით იყო ეს განპირობებული? 1259 წელს გარდაიცვალა მანგუ ყაენი და ყარაყორუმში კვლავ ატყდა გააფთრებული ბრძოლა ტახტისთვის. მანგუ ყაენის გარდაცვალების დროისთვის მისი ძმა ჰულაგუ მახლობელ აღმოსავლეთში განლაგებული მონღოლური ჯარების სარდალი იყო. ჰულაგუ შეიქმნა სპარსეთის, მესოპოტამიის და მონღოლთა მიერ დაპყრობილი მეზობელი ტერიტორიების დამოუკიდებელი მმართველი. მან საფუძველი ჩაუყარა ილხანთა ჰულაგუიდების დინასტიას, რომელიც საუკუნის განმავლობაში მართავდა ამ მხარეებს. დიდი ყაენის ტახტისთვის ბრძოლაში კი გაიმარჯვა ყუბილაიმ. შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო, რაც გამოწვეული იყო ტახტისთვის მოქიშპეობით, ჰულაგუ ყაენმა თავის სამფლობელოში დაიწყო ანონიმური მონეტების ემისია „ყაან სამართლიანის“ ეპითეტით, რომელიც თანაბრად მიესადაგებოდა ნებისმიერ გამარჯვებულ პრეტენდენტს. თბილისის ზარაფხანა 1261 წლიდან ვიდრე 1280 წლამდე ანონიმურ მონეტებს ჭრიდა.
    უნდა აღინიშნოს რომ ვერცხლის „ყაანურები“, ტექნიკური თვალსაზრისით, კარგად არის მოჭრილი და მათი სინჯიც ძალიან მაღალია – 916.
    ვერცხლის „ყაანურების“ გარდა, იჭრებოდა სპილენძის „ყაანურებიც“, მაგრამ, როგორც   ფაქტობრივი მასალა მოწმობს, ძალიან მცირე რაოდენობით. მათი ადრეული ეგზემპლარი ჰიჯრ. 675 წლით (=1276/77 წწ.) თარიღდება.
    ჰიჯრ. 680 წელს (=1281/82 წწ.) მონეტის იერსახე საქართველოში კვლავ იცვლება. იწყება ფრიად თავისებური და ორიგინალური დირჰემების ემისია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართულ-ჰულაგუიდური მონეტების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ მონეტებზე პირველად სამონეტო საქმის ისტორიაში ილხანთა სახელები თავსდება, მაგრამ – ქრისტიანულ ლოცვასთან და ჯვრის გამოსახულებასთან ერთად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო იყო ერთადერთი ჰულაგუიდების ქვეშევრდომთაგან, სადაც მონეტებზე ქრისტიანული ლოცვა თავსდებოდა. ეს კი, რა თქმა უნდა, ილხანთა მხრიდან დიდი კომპრომისი იყო და პირდაპირი მაჩვენებელია საქართველოს განსაკუთრებული მდგომარეობისა. ქართულ-ჰულაგუიდური მონეტების ემისია ხორციელდებოდა ჰიჯრ. 680-694 წლებში (=1281/82-1294/95 წწ.).

შუბლი: ხუთსტრიქონიანი უიღურული წარწერა, რომელიც ეტაპობრივად შემდეგი ილხანების სახელებს გადმოგვცემს – აბაღა (1265-1282 წწ.), აჰმადი (1282-1284 წწ.), არღუნი (1284-1291 წწ.), ქეღათუ (1291-1295 წწ.) და ბაიდუ (1295 წ.) (ლეგენდის ფორმა დაახლოებით ასეთია: ხაკანის სახელით აჰმადის მოჭრილი).
ზურგი: შემორკალულ კვადრატში ოთხ სტრიქონად განლაგებულია არაბულად გადმოცემული ქრისტიანული ლოცვა – სახელისა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, ღვთისა ერთისა, და ქრისტიანულივე ემბლემა, ჯვარი. თარიღი კვადრატსა და რკალს შორის დარჩენილ სეგმენტებში თავსდება.

    ქართულ-ჰულაგუიდურ მონეტებზე, როგორც წესი, ემისიის ადგილი არ აღინიშნებოდა. მაგრამ დ. კაპანაძის ცნობით, ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ისტორიულ მუზეუმში დაცულია ერთი ასეთი დირჰემი არაბული წარწერით: იჭედა თბილისს.
    აღსანიშნავია, რომ აჰმადის სახელით აღბეჭდილ დირჰემზე ჯვარი ვარსკვლავითაა შეცვლილი, რასაც იმას მიაწერენ, რომ ჰულაგუიდებიდან მან პირველმა მიიღო ისლამი და მოინდომა ქრისტიანობის სიმბოლოს – ჯვრის განდევნა მონეტიდან. ამის შემდეგ ილხანთა სახელებს არაბულად იმეორებენ უიღურული ზედწერილის შემდეგ. აჰმედის მემკვიდრეების სახელით მოჭრილ ქართულ-ჰულაგუიდურ მონეტებზე ჯვრის გამოსახულება კვლავ თავის ადგილს იკავებს.
    ქართულ-ჰულაგუიდური მონეტის საშუალო წონაა 2,2-2,3 გრამი. როგორც ვხედავთ, ის საგრძნობლად ჩამორჩება „ყაანურების“ წონას. ასევე შედარებით დაბალია მათი სინჯი – 875.
    ქართულ-ჰულაგუიდური მონეტების პარალელურად იჭრებოდა აგრეთვე ასეთივე სპილენძის მონეტებიც. მათზე თარიღები თითქმის ყოველთვის დამახინჯებული, ან გადასულია, და მათი ქრონოლოგიის დადგენა ხერხდება მხოლოდ ილხანთა სახელის საშუალებით.
    აქვე უნდა შევეხოთ ფრიად ორიგინალურ სპილენძის მონეტებს, რომელთა ატრიბუცია დღესაც სადისკუსიოა.

შუბლი: ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი: ხაკანის სახელით აბაღას მოჭრილი.
ზურგი: ტოლმკლავა ჯვრის ტოტებს შუა სომხურად დაქარაგმებულია „ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე“. ჯვრის ტოტების პარალელურად ოთხივე მხრიდან არაბული ზედწერილია: სახელისა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, ღვთისა ერთისა.

    ამ მონეტის მოსაჭრელად პროტოტიპად გამოყენებულია ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემები, რომელთა ემისია 1281/82 წლებში დაიწყო და 1294/95 წლებამდე გრძელდებოდა. ამიტომ მათი დათარიღება XIII საუკუნის მიწურულით სრულიად უეჭველია.

შუბლი: ვახტანგ III-ის ვერცხლისა და სპილენძის მონეტების (ვახტანგ III-ის მონეტები ქრისტიანული ლოცვით) სრული გამეორება იმ განსხვავებით, რომ ჯვრის გარშემო განლაგებული ზედწერილი ძალიან დამახინჯებულია. თარიღის ნაცვლად სეგმენტებში სრულიად გაურკვეველი ნიშნებია.
ზურგი: უხეშად შესრულებული მარჯვნივ მიმართული ლომი, ზურგზე სხივოსანი მზის გამოსახულებით (ე.წ. „რანკი“).

    ვინაიდან ამ მონეტის შუბლის მხარე ვახტანგ III-ის ვერცხლისა და სპილენძის მონეტების იმიტაციაა, მისი დათარიღება XIII საუკუნის დასასრულით ეჭვს არ იწვევს.

შუბლი: შემორკალურ კვადრატულ ჩარჩოში მოთავსებული ჯვრის გამოსახულება. სეგმენტებში თარიღის ნაცვლად გაურკვეველი ნიშნები.
ზურგი: ე.წ. „რანკი“, როგორც წინა მონეტაზე.

    ამ მონეტის სინქრონულობა ზემოთ აღწერილ ორ მონეტასთან არავითარ ეჭვს არ იწვევს.
    
    დ. კაპანაძე და ირ. ჯალაღანია მიიჩნევენ, რომ ამ ანონიმური სპილენძის მონეტების ემისია უნდა განხორციელებულიყო რომელიმე ქართულ პროვინციაში, სადაც სომხური მოსახლეობა სჭარბობდა და არსებობდა მონეტის მოჭრის ტრადიცია (სადღაც ქვემო ქართლში (?)).
    მახლობელი აღმოსავლეთის ვრცელ ტერიტორიაზე ფართო ფულად მიმოქცევას, გაზრდილ საშინაო და საგარეო ვაჭრობას აბრკოლებდა ილხანთა ჰეგემონიის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებში მოჭრილი მონეტების მრავალფეროვნება, დაბალი წონა და სინჯი. სწორედ ამიტომ, ყაზან ყაენმა (1295-1304 წწ.) გაატარა სამონეტო რეფორმა, მოახდინა რა საფასეების სტანდარტიზაცია. ყაზან ყაენის რეფორმით (1296 წ.), ვერცხლის დირჰემის წონა 2,13 გრამით განისაზღვრა. აქედან მოკიდებული საქართველოში ჰულაგუიდთა სახელით მოჭრილი მონეტები საკუთრივ ირანში გამოშვებულ მონეტებისაგან განსხვავდება მხოლოდ და მხოლოდ ზარაფხანის სახელით.
    ყაზანის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ყველაზე ადრეული უნიფიცირებული მონეტა (ჰულაგუიდთა პოსტ-რეფორმული ემისიები) ჰიჯრ. 698 წელს (=1298/99 წწ.) განეკუთვნება.

შუბლი: ხაზოვან და წერტილოვან რკალში ჩასმული ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი: ზეცის ძალით, ყაზანის მოჭრილი. ლეგენდის ზემოთ ორნამენტი. მესამე და მეოთხე სტრიქონებს შორის არაბულად – ყაზან მაჰმუდი. მარცხნივ, ვერტიკალურად ტიბეტური დამწერლობით – ყაზან მაჰმუდი.
ზურგი: ორნამენტული ხუთკუთხედის შიგნით ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მოჭრილი თბილისში, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. ვერტიკალურად გვერდებზე – დაე, ღმერთმა დალოცოს ის. ხუთკუთხედსა და ხაზოვან რკალს შორის სეგმენტებში თარიღი – ჰიჯრ. 698 წელი (=1298/99 წწ.). ერთ-ერთ სეგმენტში ორნამენტი.

    ყაზან ყაენის დროინდელი თბილისის ზარაფხანის პროდუქცია მხოლოდ დირჰემებითაა წარმოდგენილი. ყაზანის სახელით თბილისური მონეტები მოჭრილია ჰიჯრ. 698, 699, 700, 701 წლებში.
    ყაზანის სახელით მოჭრილი ერთ-ერთი მონეტა ზემოთ აღწერილისაგან განსხვავდება მოჭრის ადგილით. ამ მონეტის მესამე სტრიქონზე იკითხება: მოჭრილი ახალციხეში. როგორც ჩანს, ყაზანის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ზარაფხანაც მოქმედებდა, კერძოდ, ახალციხეში, სამცხეში.
    ევგ. პახომოვისათვის ცნობილი იყო ყაზან ყაენის უნიფიცირებული დირჰემის მსგავსი თბილისში მოჭრილი სპილენძის მონეტა (ჰიჯრ. 700 წ.=1300/1301 წწ.).
    ყაზან ყაენის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ძმამ ოლჯაითუმ (1304-1316 წწ.). მან ისლამის მიღების შემდეგ ახალი სახელი, ხუდაბენდე (სპარს. ღვთის მონა) მუჰამედი დაირქვა. ახალი ილხანის მონეტაზე პირველად აღინიშნა ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას სახელი, ხოლო როდესაც მან შიიზმი აღიარა, ჰიჯრ. 709 წლიდან (=1309/1310 წწ.) მონეტაზე რწმენის შიიტური სიმბოლო და თორმეტი იმამის სახელი გაჩნდა.
    თბილისის ზარაფხანის იმდროინდელი პროდუქცია ცნობილია მხოლოდ დირჰემებით და ორიანი დირჰემებით.
    ოლჯაითუს შემდეგ, 1316 წელს ილხანის ტახტს იკავებს აბუ-საიდი (1316-1335 წწ.). ოლჯაითუს მმართველობის ბოლო წლებში და აბუ-საიდის ზეობის დროს ყაზან ყაენის სამონეტო რეფორმამ თანდათანობით ძალა დაკარგა. დირჰემის წონა ილხან აბუ-საიდის მმართველობისას რამდენჯერმე შემცირდა. მისი მმართველობის ბოლო წლებში დირჰემის წონა 1,4 გრამამდე დავიდა.
    აბუ-საიდის სიკვდილის შემდეგ (1335 წ.) ილხანთა სახელმწიფო დაიშალა. ქართველთა რეალური ჰეგემონები თითქოს აზერბაიჯანის მმართველი ჩობანიდები უნდა ყოფილიყვნენ. მათი მოწინააღმდეგეა ჯალაირიდების დინასტია.
    ამიერიდან სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები ჰულაგუიდთა დინასტიიდან სულ ახალ და ახალ პრეტენდენტებს სვამენ ილხანის ტახტზე. ამ მარიონეტების სახელით აღმოსავლეთ საქართველოში მაინც იჭრება ფული.
    თბილისის ზარაფხანაში შემდეგი მონეტები იჭრება: არფა ხანის სახელით (ჰიჯრ. 736 წ.=1335/36 წწ.), მუჰამედ ხანის სახელით (ჰიჯრ. 738 წ.=1337/38 წწ.), სათი ბეგ ხათუნის სახელით (ჰიჯრ. 739 წ.=1338/39 წწ.), სულეიმან ხანის სახელით (ჰიჯრ. 740 წ.=1339/40 წწ.; ჰიჯრ. 741 წ.=1340/41 წწ.; ჰიჯრ. 743 წ.=1342/43 წწ.) და ანუშირვანის სახელით (ჰიჯრ. 745 წ.=1344/45 წწ.; ჰიჯრ. 748 წ.=1347/48 წწ.; ჰიჯრ. 750-756 წწ.=1349-1354 წწ.).
    აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ილხანების – სულეიმანისა და ანუშირვანის მონეტების ნაწილი მოჭრილია კახეთის ერთ-ერთი ქალაქის, ყარაღაჯის, ზარაფხანაში.
    ცნობილია ასევე ილხანების ოლჯაითუს, აბუსაიდის და ანუშირვანის სახელით თბილისში მოჭრილი სპილენძის ფულები. საერთოდ, ილხანების მიერ საქართველოში მოჭრილი სპილენძის მონეტები, ვერცხლის მონეტებთან შედარებით, მცირე რაოდებობითაა ჩვენამდე მოღწეული.
    ჰიჯრ. 757 წელს (=1356 წ.) თბილისის ზარაფხანაში მონეტები იჭრება ოქროს ურდოს მმართველის ჯანიბეკ ჯუჩიდის სახელით, შემდეგ კი – ბერდიბეკ ჯუჩიდის სახელით (მონეტაზე თარიღი არ იკითხება) (ჯუჩიდების ფული).
    ამ უიშვიათესი ცალების აღწერილობა ასეთია:

შუბლი: ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი – სულტანი სამართლიანი ჯანიბეკ ხანი. ირგვლივ ხაზოვანი და წერტილოვანი რკალი.
ზურგი: ექვსფურცლოვან ვარდულში, არაბულად – იჭედა თბილისს 757 წელს (=1356 წ.). ირგვლივ ხაზოვანი და წერტილოვანი რკალი.

შუბლი: არაბულად – სულტანი სამართლიანი . . . ხანი.
ზურგი: ექვსფურცლოვან ვარდულში, არაბულად – იჭედა თბილისს 757 წელს (=1356 წ.).

შუბლი: არაბულად – სულტანი ბერდიბეკ ხანი. იჭედა თბილისს . . .
ზურგი: არაბულად – არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. ოთხი მართლმორწმუნე ხალიფას სახელი.

    ეს უკანასკნელი მონეტა მომდინარეობს სომხეთში 1912 წელს აღმოჩენილი განძიდან და ინახება ერმიტაჟში.
    როგორც ცნობილია, აბუ-საიდის (1316-1333 წწ.) გარდაცვალების შემდეგ ილხანების სახელმწიფო დაიშალა და აზერბაიჯანი ხელში ჩობანიდებმა ჩაიგდეს. აქ მათ სასტიკი რეჟიმი დაამყარეს. ამით შეწუხებული ქვეყნის მესვეურნი ოქროს ურდოს ხანს ჯანიბეკს სთხოვდნენ აზერბაიჯანის შეერთებას ჩრდილოეთ ულუსთან. ჯანიბეკი (1342-1357 წწ.) აზერბაიჯანის მიმართ ოქროს ურდოს ტრადიციულ პოლიტიკას ახორციელებდა. მან, წერილობითი წყაროების ცნობების თანახმად, ჰიჯრ. 758 წელს (=1357 წ.) დაამარცხა ჩობანიდი მელიქ აშრაფი, აიღო თავრიზი და მოკლე ხნით აზერბაიჯანი ჯუჩის ულუსს შეუერთა. ამ ლაშქრობის შედეგად თავრიზის (აგრეთვე აზერბაიჯანის სხვა ქალაქების) ზარაფხანამ ჰიჯრ. 757 წელს (=1356 წ.) მოჭრა ვერცხლის მონეტები ჯანიბეკის სახელით. აქ წყაროების ჩვენებასა და ნუმიზმატიკურ მასალას შორის ერთგვარი წინააღმდეგობაა: წყაროები ჯანიბეკის ლაშქრობის თარიღად ჰიჯრ. 758 წელს დებს, ხოლო მონეტების მიხედვით ეს ჰიჯრ. 757 წელს უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ნუმიზმატიკურმა მასალამ მეტი ობიექტურობით ასახა ეს ფაქტი, ვიდრე წერილობითმა წყაროებმა. პარალელურად, თბილისის ზარაფხანა იმავე ჰიჯრ. 757 წელს ახორციელებს სამონეტო ემისიას ჯანიბეკის სახელით.
    ახლა, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ გიორგი ბრწყინვალემ 1337/38 წლებში დაიმორჩილა ოსეთი კავკასიონის ქედს მიღმა და ქართველმა მეფეებმა (გიორგი V, დავით IX) ოქროდ ურდოს გავლენის სფეროში, კერძოდ, ალაგირსა და ყარჯინში მონეტები ილხანების სახელით მოჭრეს (1338/39, 1348/50 წწ.), მაშინ სრულიად აშკარაა, რომ ჯუჩიდებმა საქართველოს წინააღმდეგ სარევანშო ლაშქრობა მოაწყვეს და თბილისის ზარაფხანაში საკუთარი სახელით მონეტები მოჭრეს.
    ჰიჯრ. 758 წელს თბილისის ზარაფხანა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ცვლილებებს, ოქროს ურდოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რომ მოხდა. ჯანიბეკი აზერბაიჯანში დიდხანს არ დარჩენილა. აქ მან მოადგილედ თავისი შვილი ბერდიბეკი დატოვა და სარაისაკენ გასწია. გზაში ის ავად გახდა. ბერდიბეკი სასწრაფოდ გამოცხადდა მთავარბანაკში და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. ეს პოლიტიკური აქცია დაუყონებლივ აისახა თბილისის ზარაფხანის მიერ ბერდიბეკის სახელით მოჭრილ ვერცხლის ფულებზე. მართალია, მონეტაზე წელი წაშლილია, მაგრამ იქ რომ 758 წელი უნდა ყოფილიყო ამოკვეთილი, ეს დავას არ იწვევს.
    ბერდიბეკის მიერ აზერბაიჯანში მოადგილედ დატოვებულმა ახიჩუკმა უღალატა პატრონს და ხელთ იგდო ძალაუფლება. მაგრამ მისი ბატონობა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ხანმოკლე აღმოჩნდა. ჰიჯრ. 759 წელს (=1357/58 წწ.) სპარსეთის ერაყი და აზერბაიჯანი ქალაქ თავრიზით დროებით დაიპყრეს მუზაფარიანებმა. შემდეგ კი ჯალაირიდი შეიხ ოვეისი ამარცხებს მუზაფარიანებს და შეიპყრობს ახიჩუკსაც.
    საქართველოში ფულის მოჭრა ჯალაირიდებს დაექვემდებარა. ეს დასტურდება შეიხ ოვეისის სახელით თბილისში მოჭრილი ფულით. თბილისში უკვე ჰიჯრ. 759 წელს (1357/58 წწ.) მისი სახელით იჭრება ვერცხლის მონეტა (ჯალაირიდების ფული).

შუბლი: ორმაგ წრეში მოთავსებული სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი – სულტანი უმაღლესი, ოვეის ბაჰადურ ხანი, განიგრძოს მეფობა მისი. გარშემო – იჭედა თბილისს, 759 წელს (=1357/58 წწ.).
ზურგი: ორმაგ წრეში მუსლიმური რწმენის ფორმულა და ოთხი ხალიფას სახელი.

    ჰიჯრ. 766 წელს (1364/1365 წწ.) ჯალაირთა სახელმწიფოში დირჰემის ახალი ნიმუში შემოიღეს. ასეთი ფული თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. ეს მონეტები ცნობილი გახდა 1955 წელს ლენინგორის (ახალგორის) რაიონის სოფ. ძუკატში აღმოჩენილი განძის წყალობით, რომელიც 83 ვერცხლის წვრილ მონეტას შეიცავდა. ვიძლევით სანიმუშო ცალის აღწერილობას:

შუბლი: სამი ნახევარწრისგან შედგენილ ბუდეში არაბულად – ოვეისი სულტანი, დაე განიგრძოს მეფობა მისი. ბუდეებს შორის შექმნილ არეში მოჭრის ადგილი – იჭედა თბილისს. ბუდეების გარშემო უნდა იყოს თარიღი, რომელიც ლენინგორის განძის არც ერთ ეგზემპლარზე არ იკითხება.
ზურგი: ექვსი ნახევარწრისგან შედგენილ ბუდეში, რომელიც თავის მხრივ წერტილოვან ჩარჩოშია მოთავსებული, მუსლიმური სარწმუნოებრივი სიმბოლო – არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა.

    ირ. ჯალაღანიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ეგზემპლარზე ემისიის თარიღი არ იკითხება, სავარაუდოდ, ისინი ჰიჯრ. 766-776 წლებით (=1364-1375 წწ.) უნდა დათარიღდეს, რადგან ჰიჯრ. 766 წელს პირველად შემოიღეს მონეტის ეს ნიმუში, ხოლო ოვეისი გარდაიცვალა ჰიჯრ. 776 წელს.
ზარაფხანა: თბილისი.
ნომინალი: დირჰემი.
თარიღი: 1239/40 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №1573, ქფ. №№2890-2895, ქფ. №3339, ქფ. №№4221-4225; გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №10102.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006, ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011  (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); XIV საუკუნის აღმოსავლურქართული ემისიები. თბ. 2010 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

თ. ლომოური. ქოდალას განძი. აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). XIV-B. თბ. 1947; ქოდალას განძი. II ნაწილი. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; საქართველოსა და ოქროს ურდოს შორის ურთიერთობის საკითხისათვის XIV ს. (ალის განძის ჯუჩიდური ფულები). კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; აჰმედ ჯალაირის და გიორგი VII-ის მონეტები. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; უკანასკნელი ილხანების ფული საქართველოში. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005.

ც. ღვაბერიძე. საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯელაირთა სახელმწიფოსთან. თბ. 1986.

И. Л. Джалаганиа. Из истории монетного дела в Грузии XIII века. Тб. 1958.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Тб. 1970; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. I-IX. Баку. 1926-66.

D. M. Lang. Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New-York. 1955.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი XIII-XIV საუკუნეების იმპორტული მონეტები

    აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ამ პერიოდის იმპორტული მონეტების მიმოხილვისას ყურადღებას, ძირითადად, სამონეტო კომპლექსების ჩამოთვლაზე გავამახვილებთ, ვინაიდან მათი შემადგენლობა რელიეფურად წარმოაჩენს უცხოეთიდან შემოტანილი მონეტების ცირკულაციის სურათს აღმოსავლეთ საქართველოში.
    1. ქოდალას განძი. მოქ. ი. მოსულიშვილის საშუალებით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში სამ წყებად (1940, 1941 და 1948 წლებში) შევიდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც შედგება 502 მონეტისგან. განძი ნაპოვნია სოფ. ქოდალაში (გურჯაანის რაიონი).
    ქოდალას განძი შეისწავლა და გამოაქვეყნა თ. ლომოურმა, ხოლო ზოგი რამ დააზუსტა ც. ღვაბერიძემ.
    თ. ლომოურის ატრიბუციით, განძი შეიცავს ყაზან ყაენის (1295-1304 წწ.) და სულთან ოლჯაითუს (1304-1316 წწ.) სახელით გამოშვებულ ფულს, აგრეთვე ერთ სელჩუკურ მონეტას, რომელიც ეკუთვნის რუმის სულთან ქაიხოსრო II-ს (1236-1245 წწ.).
    განძში შემავალი მონეტების უმრავლესობა (491 ც.) დირჰემებია, 10 მონეტა წარმოდგენილია სხვა ნომინალის – ორიანი დირჰემის სახით. განძის ძირითად ნაწილს ყაზან ყაენის სახელით მოჭრილი მონეტები წარმოადგენს.
    განძის ხელმეორედ გადათვალიერების შემდეგ დადგინდა-დაზუსტდა თარიღები და ზარაფხანის სახელები. განძში შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი მონეტებია: თბილისი (166 ც.), თავრიზი (62 ც.), ახალციხე (18 ც.), სივასი (20 ც.), ჯეზირე (16 ც.), სამსუნი (3 ც.), ბაზარი (12 ც.), ნახჭევანი (12 ც.), ხლათი (9 ც.), ნისა (13 ც.), ირბილი (9 ც.), ბარდავი (8 ც.), ბაღდადი (7 ც.), ერზინჯანი (7 ც.), სინჯარი (6 ც.), მოსული (5 ც.), თოკათი (4 ც.), ერზერუმი (3 ც.), ისპაჰანი (3 ც.), ანისი (3 ც.), ამასია (7 ც.), ბექ-ბაზარი (8 ც.), ჰილე (2 ც.), მაიაფარიკინი (2 ც.), ჰიდლისი (1 ც.), განჯა (1 ც.), სავე (1 ც.), ვასიტი (1 ც.), არმინია (?) (1 ც.), შირაზი (1 ც.), ჰამადანი (1 ც.), ქაშანი (1 ც.), რავია (1 ც.), ნიშაბური (1 ც.), შუსთერი (3 ც.).
    თ. ლომოურის მიერ ყაზან ყაენის უნიფიცირებული დირჰემის რამდენიმე ცალზე ამოკითხულ ზარაფხანის სახელწოდებაში ც. ღვაბერიძემ ეჭვი შეიტანა. თ. ლომოური კითხულობს ზარაფხანის სახელს „სამსუნი“. ზარაფხანის სახელის მოხაზულობის მიხედვით კი ეს უნდა იყოს „ნისა“, ქალაქი კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქარავნო გზაზე, აშხაბადიდან 20 კმ. დაშორებით.
    განძის მესამედს შეადგენს თბილისის ზარაფხანის პროდუქცია; მეორე ადგილზე დგას თავრიზის, შემდეგ სივასის, ახალციხის და აშ. აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნილებას ძირითადად აკმაყოფილებდა თბილისის ზარაფხანა.
    თ. ლომოურმა ქოდალას განძი დაათარიღა ჰიჯრ. 694-715 წლებით (1294-1315/16 წწ.). ც. ღვაბერიძემ განძი გადაათარიღა ჰიჯრ. 696-705 წლებით (1296-1306 წწ.). განძის ჩამარხვა ჰიჯრ. 705 წლის (1306 წ.) შემდეგ მოხდა.
    2. 1979 წელს სოფ. ფოკაში (ნინოწმინდის რაიონი) ფარავნის ტბის პირას შემთხვევით იპოვეს ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. განძის ნაწილი დაიკარგა და მხოლოდ 155 ცალია დაცული სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. კომპლექსი შეიცავს ოლჯაითუს სახელით მოჭრილ მონეტებს (ორიანი და ერთიანი დირჰემები) შემდეგი ზარაფხანებიდან: თბილისი (27 ც.), ანისი (14 ც.), სამსუნი (?) (11 ც.), თავრიზი (8 ც.), ბაზარი (3 ც.), ბარდავი (1 ც.), გარნისი (1 ც.), ბაღდადი (1 ც.), სულთანია (1 ც.), ერზინჯანი (1 ც.). განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 709 წლით (1309/1310 წწ.), უგვიანესი – ჰიჯრ. 715 წლით (1315/1316 წწ.). ფოკას განძი დაფლული უნდა იყოს 1316 წლის შემდეგ. ფოკას განძის მონეტების რეატრიბუციის შედეგად, ზარაფხანების მიხედვით დირჰემების რაოდენობრივი გადანაწილება რამდენადმე განსხვავებულია.
    3. 1968 წელს სოფ. ურაველში (ახალციხის რაიონი) საკარმიდამო ნაკვეთში ძველი შენობის დანგრევისას ნაპოვნია XIII-XIV საუკუნეების ვერცხლის მონეტები. განძის შემადგენლობა ასეთია: ა) რუმის სელჩუკთა XIII საუკუნის 20-30-იანი წლების დირჰემები – 5 ც., ბ) „ყაანური“ I „ტიპი“ – 1 ც., გ) „ყაანური“ II „ტიპი“ – 2 ც., დ) ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემები  – 4 ც., ე) მეფე ვახტანგ III-ის (1297-1308 წწ.) ჰიჯრ. 698 წლის (1298/99 წწ.) დრამები, თბილისის ზარაფხანა – 4 ც., ვ) ჰულაგუიდ ყაზან ყაენის დირჰემები – 2 ც., ზ) ჰულაგუიდ აბუსაიდის დირჰემი – 1 ც. განძი ჩამარხული უნდა იყოს 1333 წლის შემდეგ. ის დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    4. 1958 წელს სოფ. დარჩიეთში (გურჯაანის რაიონი) საყანე მიწის დამუშავების დროს ნაპოვნი ვერცხლის მონეტების განძიდან 3 ცალი შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში: 1. ქაიხოსრო სელჩუკიდის (?) დირჰემი, გამოშვებული ჰიჯრ. 628 წელს (1230/1231 წწ.); 2. აბაღა ჰულაგუიდის (1265-1282 წწ.) დირჰემი და 3. აბუსაიდის ორიანი დირჰემი, მოჭრილი ჰიჯრ. 724 წელს (1323/1324 წწ.) თავრიზში.
    5. 1979 წელს სოფ. ჯანდარაში (მარნეულის რაიონი) ტრაქტორით მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების პატარა განძი (11 ც.). 3 მონეტა ოლჯაითუს სახელით თბილისში არის მოჭრილი, ორი მათგანი – ჰიჯრ. 714 წელს (1314/1315 წწ.). 1 მონეტა ანისის ზარაფხანას მიეკუთვნება და ჰიჯრ. 711 წლით (1311/1312 წწ.) თარიღდება. 7 ორიანი დირჰემი ილხან აბუსაიდს (1316-1335 წწ.) ეკუთვნის, აქედან 4 თბილისშია მოჭრილი ჰიჯრ. 727 წელს (1326/1327 წწ.). ორ მონეტაზე ზარაფხანა არ იკითხება, ხოლო ერთი სულთანიაშია გამოშვებული ჰიჯრ. 724 წელს (1323/1324 წწ.). სავარაუდოდ, განძი XIV საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს არის ჩამარხული. მონეტები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    6. 1948 წელს სოფ. გრიგოლათის მიდამოებში (ხარაგაულის რაიონი) აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი მპოვნელებმა დაინაწილეს. მოხერხდა 3 ეგზემპლარის შემოწმება. სამივე მათგანი ილხან აბუსაიდის ორიანი დირჰემი იყო.
    7. 1936 წელს დმანისის რაიონის სოფ. პატარა გომარეთში წვიმების შედეგად გადარეცხილ ნიადაგში აღმოჩნდა თიხის ქოთანი, რომელშიც 92 ვერცხლის მონეტა იყო. ისინი ეკუთვნის უკანასკნელ ჰულაგუიდებს: მუჰამედი (1335-1338 წწ.) – 2 ც., სათი ბეგი (1338-1340 წწ.) – 5 ც., ტუღათემური (1336-1340 წწ.) – 1 ც., სულეიმანი (1339-1346 წწ.) – 80 ც. 4 ცალი გაურკვეველია. დირჰემები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: ბაზარი, თბილისი, თავრიზი, შირვანი (?), ბარდავი, სულთანია, ანისი. განძი უნდა ჩაემარხათ XIV საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ.
    8. 1862 წელს სოფ. სართიჭალაში (საგარეჯოს რაიონი) იპოვეს უკანასკნელი ჰულაგუიდების ვერცხლის მონეტები (243 ც.). განძი აღმოჩნდა ძველებურ აკლდამაში ჩადგმულ ფერადი ფაიანსის ქილაში. მისი შემადგენლობა ასეთია: სათი ბეგ ხათუნის ფული (ჰიჯრ. 739 წ.=1338/1339 წწ.) მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში – არდებილი, ბაზარი, ბელაქანი, ხოი და ზოგი გაურკვეველი; სულეიმანის მონეტები (ჰიჯრ. 740 წ.=1339/1340 წწ.) – შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი, ბაზარი, ბაქო (?), ბაიბურთი, ბარდავი, ბელაქანი, ქაშანი, კალისტუვანი, ნახიჩევანი, ჰამადანი, თავრიზი, მარაღა, სულთანია, ხოი, სალმასი. განძი XIV საუკუნის შუა ხანებში უნდა იყოს ჩამარხული.
    9. 1954 წელს ცხინვალ-ხეითის გზის გაფართოების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი. განძი გაიფანტა. გადარჩენილი 22 ცალი ეკუთვნოდა ილხანებს – სათი ბეგსა და სულეიმანს.
    10. სოფ. ლელიანში (ლაგოდეხის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს თიხის ქოთანში აღმოჩნდა ილხანთა მონეტების განძი, რომელიც მპოვნელებმა დაიტაცეს. გადარჩენილი 5 მონეტა 1962 წელს შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ხუთივე მონეტა მოჭრილია სულეიმანის სახელით ჰიჯრ. 741 წელს (1340/1341 წწ.) სხვადასხვა ზარაფხანაში – თავრიზი, ბარდავი, თბილისი. ორ მონეტაზე ზარაფხანის სახელი გადაშლილია.
    11. 1933 წელს სოფ. ლიკანში (ბორჯომის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების მოზრდილი განძი. აქედან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მხოლოდ 2 ცალი შევიდა. მონეტები სულეიმან ჰულაგუიდის ორიანი დირჰემებია, მოჭრილი ჰიჯრ. 742 წელს (1341/1342 წწ.).
    12. 1953 წელს სიღნაღის რაიონის საბჭოთა მეურნეობის საცდელი სადგურის ტერიტორიაზე (სადგურ წნორისწყალთან) აღმოჩნდა ვერცხლის ფულის განძი, რომელიც მპოვნელებმა დაინაწილეს. ერთი ცალი ილხან სულეიმანის მონეტა იყო.
    13. 1952 წელს სოფ. ფოდაანთან (ლაგოდეხის რაიონი) შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი ვერცხლის მონეტებით, დაახლოებით 150 ეგზემპლარი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, განსაზღვრის მიზნით, მიიტანეს ორი მონეტა, ილხანების სულეიმანის და ანუშირვანის (1344-1356 წწ.) სახელით მოჭრილი. სულეიმანის მონეტა თბილისის ზარაფხანის პროდუქციაა.
    14. 1940 წელს სოფ. ყარაღაჯში (წითელწყაროს/დედოფლისწყაროს რაიონი) იპოვეს ჰულაგუიდების ვერცხლის მონეტების განძი. სიძველეთა დაცვის კომიტეტის მეშვეობით, ის გადაეცა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ მუზეუმს. განძი შედგება სულეიმანის და ანუშირვანის მონეტებისგან. ერთის გამოკლებით, ყველა ერთიანი დირჰემია. სულეიმანის მონეტები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: თავრიზი, სულთანია, 6 ცალზე ქალაქის სახელი არ იკითხება. ანუშირვანის მონეტები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი, ბაზარი, თავრიზი, ყარაღაჯი, მარაღა, ბარდავი, გუშტასბი, განჯა, თბილისი, შირვანი. გარკვეულ ცალებზე ქალაქის სახელი არ იკითხება. განძი ჩამარხული უნდა იყოს XIV საუკუნის მესამე მეოთხედის დასაწყისში.
    15. 1957 წელს წითელწყაროში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, მიწის დამუშავების დროს იპოვეს ილხან ანუშირვანის ვერცხლის მონეტების განძი. განძი ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. განძი შედგება 6 ორიანი დირჰემისგან. განძის ყველაზე ადრეული მონეტა განეკუთვნება ჰიჯრ. 747 წელს (1346/47 წწ.), გვიანი – ჰიჯრ. 755 წელს (1354 წ.).
    16. იმავე ყარაღაჯში 1949 წელს ნიადაგის შესწავლის დროს იპოვეს 24 ვერცხლის მონეტა, მოჭრილი ჰულაგუიდ ანუშირვანის სახელით. წარმოდგენილია შემდეგი ზარაფხანები: ანისი, შირვანი, განჯა, თავრიზი, ბაზარი, მარაღა. განძის ადრეული მონეტა განეკუთვნება ჰიჯრ. 748 წელს (1347/1348 წწ.), გვიანი – ჰიჯრ. 753 წელს (1352/1353 წწ.). მისი ჩამარხვა შეიძლება მომხდარიყო XIV საუკუნის მესამე მეოთხედში. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    17. 1860 წელს თბილისის მახლობლად აღმოჩნდა 60-მდე ვერცხლის მონეტა მოჭრილი ჰულაგუიდების, ჯუჩიდების, ჯალაირიდების და მუზაფარიდების სახელით ჰიჯრ. 740-759 წლებში (1339/40-1357/58 წწ.). განძის ერთი ნაწილი სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟს გადაეცა.
    18. 1861 წელს თბილისის მიდამოებში იპოვეს განძი, რომელიც 160 ვერცხლის მონეტას შეიცავდა. განძი შედგებოდა ჰულაგუიდების, ჯუჩიდების, ჯალაირიდების და გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით თბილისში მოჭრილი წვრილი მონეტებისგან. განძი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს ჩამარხული.
    19. 1955 წელს სოფ. ძუკატში (ახალგორის რაიონი) გზის გაყვანის დროს იპოვეს თიხის ჭურჭელი, რომელშიც 83 ცალი ვერცხლის წვრილი მონეტა იყო. მონეტები ერთნაირია და მოჭრილია ჯალაირიდი შეიხ ოვეისის (1356-1375 წწ.) მიერ თბილისის ზარაფხანაში.
    20. 1900-იან წლებში თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი განძებიდან ე. პახომოვს შემოწმებული აქვს შეიხ ოვეისის (3 ც.) და აჰმედის (19 ც.) მონეტები. ისინი თითქოს მინაბაძები ყოფილა.
    21. 1948 წელს სოფ. ბოშურას (გორის რაიონი) მიდამოებში მწყემსებს უპოვიათ თიხის ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული ყოფილა 300-მდე ვერცხლის ფული. განძის მონეტები მპოვნელებმა დაინაწილეს. მოხერხდა ერთი მათგანის ატრიბუცია. ის გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილი მონეტა აღმოჩნდა.
    22. 1950 წელს სოფ. ფაცვისხევთან (გორის რაიონი) ნაპოვნი იყო ვერცხლის წვრილი ფულის განძი, რომელიც მპოვნელებმა დაირიგეს. გორის მუზეუმმა მოგვიანებით 72 ცალს მოუყარა თავი. ეს ნაწილი შემდეგ მონეტებს შეიცავს: 1. გაურკვეველი ქართული მონეტა ცხოველის გამოსახულებით – 1 ც., 2. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის ვერცხლის მონეტები, არაბულ ზედწერილით – 68 ც., 3. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის ვერცხლის მონეტები, ქართული ზედწერილით – 3 ც.
    23. 1900-იან წლებში ახალციხის რაიონში აღმოჩენილი კირმანეული თეთრის განძიდან ე. პახომოვს ოციოდე ცალი შეუმოწმებია.
    24. 1905 წელს დუშეთში ნაპოვნი იყო განძი, რომელიც მაშინვე დაიფანტა. გადარჩენილი 4 მონეტა კირმანეული ყოფილა.
    25. 1900 წელს გორის რაიონში აღმოჩნდა ჯუჩიდური მონეტების განძი, რამდენიმე ქართული მონეტა და კირმანეული.
    26. ე. თაყაიშვილის ცნობით, 1905 წელს დუშეთის რაიონში აღმოჩენილა განძი, რომელიც 960 ვერცხლის მონეტას შეიცავდა. განძი გაიფანტა. გადარჩენილი 4 მონეტა, ე. პახომოვის განსაზღვრით, შემდეგია: 1. „მეფეთა მეფე გიორგი“, ე.წ. „გიორგაული“ (გიორგი VII-ის მონეტები „გახელილი თვალის გამოსახულებით“), 2. კირმანეული თეთრი, 3. ორი ჯუჩიდური, თოხთამიშის სახელით მოჭრილი ურდოში. ერთ მათგანზე იკითხება თარიღი ჰიჯრ. 792 წელი (1389/90 წწ.).
    27. 1925 წელს სოფ. ალში (ხაშურის რაიონი) აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც 471 ვერცხლის მონეტას შეიცავს. ის დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. განძი შედგება შემდეგი მონეტებისგან: 1. 204 ც. ოქროს ურდოსი, 2. ჯალაირიდების – 4 ც., 3. კირმანეული – 1 ც., 4. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის – 249 ც., 5. გაურკვეველი ქართული – 10 ც., 6. გაცვეთილი – 2 ც. განძი ჩამარხული უნდა იყოს XIV საუკუნის მიწურულს, ან XV საუკუნის დასაწყისში.