ვლაქერნის ღვთისმშობლის ტიპის მონეტები – გიორგი II-ის პირველი ემისია
ტიპი: ვლაქერნის ღვთისმშობლის ტიპის მონეტები – გიორგი II-ის პირველი ემისია

აღწერა,ფოტო:
ვერცხლი.

რემედიუმი: 1,1-2,15 გრ.
d=21/26-27/29 მმ.
 
შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით. შარავანდედის შიგნით ოთხი წერტილისგან შემდგარი სამი ვარდულია ჩასმული. გამოსახულების გვერდებზე ორმწკრივად ძლიერ დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი: Η ΑΓΙΑ ΘΕΟΤΟΚΟC – წმინდა ღვთისმშობელი, ხანდახან,  ΜΡ ΘΥ – დედა ღვთისა.
 
ზურგი: შერწყმულ წერტილოვან რკალს შიგნით ასომთავრულით შესრულებულია ზედწერილი: ႵႤႠႣႤႢႨႠႴႾႦႧႠႣႠႵႰႧႥႪႧႠႫႴႤ (ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე). ცენტრში, სამ სტრიქონად: ႣႠ/ႬႪႱႨ/ႫႱႨ  (და ნოველისიმოსი).



სამეცნიერო კომენტარი:
    ქართულ-ბიზანტიური მონეტები სამონეტო ჯგუფის სახელია. მასში ერთიანდება დავით III კურაპალატის მონეტები ჭეშმარიტი ჯვრის გამოსახულებით, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტიპის მონეტები – ბაგრატ IV-ის პირველი და მეორე ემისიები, გიორგი II-ის პირველი, მეორე და მესამე ემისიები, და დავით IV-ის პირველი და მეორე ემისიები. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება დავით IV-ის სპილენძის მონეტა, ტიპი – მეფე საიმპერატორო ტანსაცმელში.
    ბიზანტიური სტილის ქართული მონეტების მოჭრა იმიერტაოს მფლობელმა დავით III კურაპალატმა დაიწყო. ამ მონეტების აღწერილობა ასეთია:
შუბლი: ორსტრიქონიანი ქართული დაქარაგმებული ასომთავრული ზედწერილი: ႵႤႸႤ/ႣႧ (ქრისტე, შეიწყალე დავით).
ზურგი: ოთხსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული ჭეშმარიტი ჯვარი, რომლის ტოტებს შუა მოთავსებულია ოთხი ასომთავრული ნიშანი – ႩႮႲႨ (კურაპალატი).

    დავით III კურაპალატის მონეტები მხოლოდ ოთხი ცალის რაოდენობითაა ცნობილი. მათი ემისიის დასათარიღებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, თუ რომელ წელს ებოძა მას ბიზანტიური საპატიო ტიტული – კურაპალატი. ამასთან დაკავშირებით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დავითს ეს ტიტული, სავარაუდოდ, მიენიჭა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მან აღმოუჩინა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ლიკვიდაციაში. ეს მოხდა 979 წელს. ჩვენი აზრით, ზემოთ აღწერილი მონეტების ემისია ზუსტად ამ წელს უნდა განხორციელებულიყო. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა ამ ღირშესანიშნავი ისტორიული მომენტის საუკეთესო მემორიალი, ხოლო მეორეც, ამის შემდეგ სულ მალე დავითი იმპერატორის მოწინააღმდეგე ბანაკში აღმოჩნდა და „ღალატისთვის“ დიდი კომპენსაციის გაღებაც მოუხდა.
    ოთხი შემორჩენილი ეგზემპლარიდან არც ერთი არ არის აღმოჩენილი საქართველოში. ყველა მათგანი ნაპოვნია მის საზღვრებს გარეთ, კერძოდ: ერთ-ერთი მათგანი იპოვეს 1859 წელს ქალაქ შვაანის მახლობლად (გერმანია), მეორე – 1878 წელს ოლონეცკის გუბერნიაში – ლოდეინოეპოლში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგის ოლქი), მესამე – 1900-იან წლებში ვილაში, თანამედროვე ესტონეთის ფარგლებში, მეოთხე კი – შვედეთში.
    რა გზით უნდა მოხვედრილიყო დავით კურაპალატის მონეტები ასე შორს საქართველოდან? ამასთან დაკავშირებით შეიძლება ორი მოსაზრების გამოთქმა:
    დავითის მონეტები ტიპოლოგიურად ძალიან ახლოს დგას სინქრონულ ბიზანტიურ  ნუმიზმატიკურ ძეგლებთან, კერძოდ, ემსგავსება ბასილ  II-ისა და კონსტანტინე  VIII-ის  (976-1025 წწ.) მონეტას (უფრო ადრეული ბიზანტიური ემისიებიც გასათვალისწინებელია პროტოტიპის კუთხით) და მისივე ეკვივალენტურია წონით და სინჯითაც. ასე რომ, ქართულ მონეტებს თამამად შეეძლო ბრუნვა ნებისმიერ რეგიონში ბიზანტიური მონეტების პარალელურად. საქართველოს ამ დროს ბიზანტიასთან პოლიტიკური ურთიერთობის გარდა, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობაც აკავშირებდა. სხვა ქვეყნის ვაჭრებთან ერთად კონსტანტინოპოლის ხშირი სტუმრები იყვნენ ქართველი ვაჭრებიც, რომლებთაც იქ, ცხადია, თან ჩაჰქონდათ ქართული ფული. ასევე ხშირი სტუმრები იყვნენ ბიზანტიის იმპერიისა რუსი ვაჭრებიც, რომლებიც აქ დნეპრისა და შავი ზღვის საშუალებით ჩამოდიოდნენ და ჩამოჰქონდათ ბეწვეული, ცვილი და სხვ., ჩამოჰყავდათ მონები.
    შესაძლებელია, სავაჭრო ოპერაციები აქვე ახვედრებდა რუს და ქართველ ვაჭრებს, ან ამ ოპერაციების დროს ბიზანტიურ მონეტებთან ერთად გამოიყენებოდა ქართული ფულიც, როგორც ტოლფასოვანი ერთეული, და შემდეგ რუსმა ვაჭრებმა გაიტანეს ის ჩრდილოეთით.
    უფრო რეალური უნდა იყოს მეორე ჰიპოთეზა: როგორც ცნობილია, კიევის მთავრის სვიატოსლავის დროს (გარდაიცვალა 972 წ.) კიევის რუსეთის ფარგლებში მოექცა დღევანდელი ტამანის ნახევარკუნძულის ტერიტორია – ტმუტარაკანი. სწორედ ტმუტარაკანის საშუალებით ხორციელდებოდა ძველი რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობანი საქართველოსთან. ვარაუდობენ, რომ აქედან უნდა შესულიყო რუსეთში ბზა და სხვა საქონელი, რომელთა ნაშთები მიკვლეულია ძველი რუსეთის ქალაქების (მაგ., ნოვგოროდის) არქეოლოგიური გათხრების დროს. დასავლეთ საქართველოდან უნდა შესულიყო ტმუტარაკანში იქ აღმოჩენილი ბიზანტიური მონეტების გარკვეული ნაწილი, რომელიც შემდეგ დნეპრით მიემართებოდა ჩრდილოეთისკენ და ბალტიის ზღვის სანაპიროს აღწევდა. აქედან მოხვდა, ალბათ, დავით III კურაპალატის მონეტებიც ზემოთ აღნიშნულ ადგილებში. ამაზე თითქოს მიუთითებს აგრეთვე ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული X-XI საუკუნეების ტმუტარაკანის მონეტა, რომელიც ბიზანტიური მილიარისების სრული მიბაძვითაა მოჭრილი. მართალია, ეს მონეტა უპასპორტოა, მაგრამ არავითარ ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ის სადმე ახლომახლო მიდამოებში უნდა იყოს ნაპოვნი, რადგან მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, როგორც ამას სპეციალისტების ხანგძლივი დაკვირვება მოწმობს, ძირითადად თავს იყრის ლოკალური აღმოჩენები. სხვა არხებით ბორჯომში ტმუტარაკანის იშვიათი მონეტის მოხვედრა ძნელი წარმოსადგენია.
    ამრიგად, გვაქვს საფუძველი ნუმიზმატიკური მასალების შუქზე ვივარაუდოთ საქართველოსა და რუსეთის კონტაქტები ტმუტარაკანის მეშვეობით X-XI საუკუნეებში. დავით  III კურაპალატის მონეტების ექსპორტი კი ევროპაში, ალბათ, რუსი ვაჭრების დამსახურებაა.
    ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.), გიორგი II-ის (1072-1089 წწ.) და დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) მონეტების ნაწილი მოჭრილია იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახის (1042-1055 წწ.) მონეტების მიხედვით, რომელთა შუბლზე ვლაქერნის ღვთისმშობელია გამოსახული.
    XI საუკუნის ქართული მონეტებისთვის დამახასიათებელია წონის კლების აშკარა ტენდენცია. ბაგრატ IV-ის მმართველობის დროს შემოიღეს ახალი სტანდარტი, ბიზანტიური მილიარისის 2/3, ანუ თეთრი. აღნიშნული ტერმინი XI საუკუნის დოკუმენტებში უკვე დაფიქსირებულია. თეთრი ნომინალია 1,4-2,2 გრ. რემედიუმით, მისი განაყოფია ნახევარი თეთრი.
    ბაგრატ IV-ის 40 მონეტაა დღეისთვის ცნობილი და ბიზანტიური ტიტულების მიხედვით ისინი ორ ემისიად იყოფა. პირველის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: ორმაგი წერტილოვანი რკალით გარშემოვლებული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, რომელსაც თავზე შარავანდედი ადგას. თავს ირგვლივ ბერძნული ზედწერილია: Η ΑΓΙΑ ΘΕΟΤΟΚΟC – წმინდა ღვთისმშობელი.
ზურგი: მონეტის კიდეებზე, წერტილოვანი რკალის შიგნით,  ქართული ასომთავრული ზედწერილია: ႵႤႠႣႤႡႢႲႠႴႾႦႧႠႫႴႤ (ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე). ცენტრში, ასევე წერტილოვანი რკალით გარშემოვლებული, სამსტრიქონიანი წარწერა: ႣႠႬႭ/ႥႤႪႨႱႨ/ႫႭႱႨ (და ნოველისიმოსი).

    ამ მონეტების დათარიღება ვიწრო ქრონოლოგიური ჩარჩოებით დ. ლანგს ეკუთვნის. მისი ვარაუდის თანახმად, ბაგრატმა ნოველისიმოსობა მიიღო მას შემდეგ, რაც ლიპარიტ ბაღვაშისგან გამწარებულმა საშველად ბიზანტიის იმპერატორს მიმართა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა. ეს მოხდა 1054 წელს. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, 1057 წლამდე ბაგრატ IV იმპერიის დედაქალაქში იმყოფებოდა. მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ბაგრატ IV-ის კონსტანტინოპოლში ჩასვლის და ყოფნის სხვა თარიღიც. მაქს. ბერძნიშვილი, დაეყრდნო რა ერთ-ერთ ბერძნულ წყაროს, თვლიდა, რომ ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა არა 1054-1057 წლებში, არამედ 1052-1055 წლებში. ეს თარიღი უთუოდ ანგარიშგასაწევია. 1060 წელს კი ბაგრატს თურქ-სელჩუკების თავდასხმის საშიშროებასთან დაკავშირებით ახალი ტიტული – სევასტოსობა უბოძეს. ამრიგად, დ. ლანგის მიხედვით, ბაგრატ IV-ის პირველი ემისიის მონეტები უნდა დათარიღდეს 1054/57-1060 წლებით, მაგრამ, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაგრატი კონსტანტინოპოლში, სავარაუდოა, 1055 წლამდე დარჩა, უფრო მართებულად გვეჩვენება მონეტების დათარიღება 1055/56-1060 წლებით. შეიძლება ამ თარიღის კიდევ უფრო დაკონკრეტებაც. ლიპარიტ ბაღვაშს ბაგრატიონთა სამეფო დომენი ამიერტაოში 1055 წლის განმავლობაში ეკავა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ ბაგრატ IV-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული დაკარგა. ის მონეტებზე ფიქსირდება მხოლოდ „აფხაზთა მეფის“ ტიტულით, შესაბამისად, ბაგრატ  IV-ის პირველი ემისია უნდა დათარიღდეს 1055 წლით.
    ჩვენამდე მოღწეული ბაგრატ IV-ის მეორე ემისიის მონეტები ზემოთ აღწერილისგან იმით განსხვავდება, რომ სათანადო ადგილას „ნოველისიმოსის“ ტიტული შეცვლილია „სევასტოსით“. ამ მონეტების აღწერილობა ასეთია:

შუბლი: ორმაგი წერტილოვანი ან ხაზოვანი რკალით გარშემოვლებული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, რომელსაც თავზე შარავანდედი ადგას. თავს ირგვლივ   ბერძნული ზედწერილია: Η ΑΓΙΑ ΘΕΟΤΟΚΟC – წმინდა ღვთისმშობელი.
ზურგი: მონეტის კიდეებზე, წერტილოვანი რკალის შიგნით,  ქართული ასომთავრული ზედწერილია: ႵႤႠႣႤႡႢႲႠႴႾႦႧႠႫႴႤ (ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე). ცენტრში, ასევე წერტილოვანი რკალით გარშემოვლებული, სამსტრიქონიანი წარწერა: ႣႠႱ/ႤႥႠႱ/ႲႭႱႨ  (და სევასტოსი).

    ბაგრატ IV-ის მეორე ემისიის დათარიღებისთვის სიმპტომატურია 1068 წელს ალფ-არსლანის მიერ ქართლის (სხვა მხარეებთან ერთად, ამიერტაოს) ხანმოკლე ოკუპაცია, მასთან დაკავშირებული ნორმალური საქონელბრუნვის შემცირება, დისტრიბუციული გაუგებრობა  და ახალი ემისიის საჭიროება – ვთვლით, რომ 1068, უფრო სწორედ, 1068/69 წლები მონეტის მოჭრის თარიღად მაინცდამაინც წმინდა ჰიპოთეტური მომენტი არ უნდა იყოს.
    თურქ-სელჩუკთა გააქტიურებამ მცირე აზიაში ბიზანტიის იმპერატორთა მიერ საკარისკაცო ტიტულების გაცემის წესზედაც მოახდინა გავლენა. ქართველ მეფეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით ისინი ახლა უფრო ადვილად გასცემდნენ ადრე ძნელად მისაწვდომ ტიტულებს. ამან განსაკუთრებით თავი იჩინა გიორგი II-ის ტიტულატურაში. მას თანმიმდევრობით მინიჭებული ჰქონდა კურაპალატის, ნოველისიმოსის, სევასტოსის და კესაროსის პატივიც კი.
    გიორგი II-ის ჩვენამდე მოღწეული მონეტები (მათი საერთო რიცხვი 100 ცალს აღემატება) ქართული ლეგენდების მიხედვით სამ ემისიას ქმნის.
    მეორე და მესამე ემისიის მონეტები ზემოაღწერილისგან განსხვავდება იმით, რომ ნოველისიმოსი შეცვლილია სევასტოსით და კესაროსით. იცვლება აგრეთვე ავერსის ბერძნული წარწერაც. ზემოხსენებულ ლეგენდასთან ერთად მონეტებზე გვხვდება სხვა  ზედწერილიც: ΜΡ ΘΥ Η ΒΛΑΧΕΡΝΙΤΙCΑ – დედა ღვთისა ვლაქერნის.
    პირველი ორი სამონეტო ემისია 1072-1081, ხოლო მესამე – 1081-1089 წლებით უნდა დათარიღდეს (თითქოს 1081 წლიდან უნდა იყოს გიორგი II კესაროსი). მაგრამ ამ კუთხით კიდევ შეიძლება მსჯელობა. გიორგის და გრიგოლ ბაკურიანის ძის rendez-vous საიმპერატორო იურისდიქციის მხარეებზე საქართველოს მეფის კონტროლს აწესებს. ხომ არ არის ასეთი პოლიტიკური კონიუნქტურა ხელსაყრელი ბაზისი კესაროსის ტიტულის რეცეპციისათვის?! შემდეგ კი „... განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს“. ე.ი. გიორგი კესაროსია უკვე 1074 (?) წელს. 1072 წლის მიწურულს გარდაიცვალა ბაგრატ IV, გიორგი ამ დროს კურაპალატია. პირველი ემისია უკანასკნელს უფრო 1073 წელს უნდა განეხორციელებინა, მეორე – 1074 წელს, ამავე წელს ის ხდება კესაროსი. მესამე ემისიის ქრონოლოგიური ჩარჩოები ზოგადია – 1075-1089 წლები.
    გიორგი II-ის მეორე ემისიის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: წერტილოვან ან ორმაგ წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით. შარავანდედის შიგნით ოთხი წერტილისგან შემდგარი სამი ვარდულია ჩასმული. გამოსახულების გვერდებზე ორმწკრივად ძლიერ დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი: Η ΑΓΙΑ ΘΕΟΤΟΚΟC – წმინდა ღვთისმშობელი. ზოგიერთ ეგზემპლარზე მას ცვლის: ΜΡ ΘΥ Η ΒΛΑΧΕΡΝΙΤΙCΑ – დედა ღვთისა ვლაქერნის.
ზურგი: შერწყმულ წერტილოვან რკალს შიგნით ასომთავრულით შესრულებულია ზედწერილი: ႵႤႠႣႤႢႨႠႴႾႦႧႠႣႠႵႰႧႥႪႧႠႫႴႤ (ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე). ცენტრში, სამსტრიქონად: ႣႠ/ႱႤႥႱ/ႲႭႱႨ  (და სევასტოსი).

    გიორგი II-ის მესამე ემისიის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: წერტილოვან ან ორმაგ წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით. გამოსახულების გვერდებზე ძლიერ დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი:  Η ΑΓΙΑ ΘΕΟΤΟΚΟC – წმინდა ღვთისმშობელი. ზოგიერთ ეგზემპლარზე მას ცვლის: ΜΡ ΘΥ Η ΒΛΑΧΕΡΝΙΤΙCΑ – დედა ღვთისა ვლაქერნის.
ზურგი: შერწყმულ წერტილოვან რკალს შიგნით ასომთავრულით შესრულებულია ზედწერილი: ႵႤႠႣႤႢႨႠႴႾႦႧႠႣႠႵႰႧႥႪႧႠႫႴႤ (ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე). ცენტრში, სამსტრიქონად: ႣႠ/ႩႤႱႠ/ႰႭႱႨ  (და კესაროსი).

    დავით IV-ის „ნუმიზმატიკური მოღვაწეობა“ ემთხვევა ისეთ გლობალურ ეკონომიკურ მოვლენას აღმოსავლეთში, როგორიც არის „ვერცხლის კრიზისი“. შემთხვევითი როდია შემდეგი ფაქტი: თუ დავით კურაპალატის მონეტა მაგ. 3,5 გრ. იწონის, ბაგრატ IV-ის – მაგ. 1,75 გრ., დავით აღმაშენებლის მონეტის წონა 0,43-0,87 გრ. შორის მერყეობს.
    მონეტების სინჯის და წონის დაცემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავს პროცესს ადგილი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაში, რაც, სპეციალისტების აზრით, ე.წ. „ვერცხლის კრიზისის“ შედეგია. ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ ეს კრიზისი აღმოსავლურ ქვეყნებში ვერცხლის საბადოების გამოფიტვის შედეგი უნდა ყოფილიყო, ზოგი მეცნიერი კი ამ ფაქტს უკავშირებს აღმოსავლური მონეტების მასობრივ გაზიდვას დასავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთში. მაგრამ, სამწუხაროდ, არც ერთი ვერსია „ვერცხლის კრიზისის“ გამოწვევისა დამაჯერებელი არ არის.
    იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ XII საუკუნის პირველ მეოთხედის საქართველოს ხაზინა არ იყო ღარიბი და ამ სიმდიდრის ერთ-ერთ წყაროს გარეშე მტრებთან წარმატებით ბრძოლა წარმოადგენდა. შემთხვევითი არ არის ის, რომ თითქმის ყველა გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, რომ ქართველებმა „აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხჳ“, ან აიღო დავით აღმაშენებელმა „შარვანს ქალაქი ყაბალა და აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვერცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა“ და სხვ. მაგრამ ეს ურიცხვი ოქრო და ვერცხლი, როგორც ამას ჩვენამდე მოღწეული მასალა მოწმობს, არ ხმარდებოდა მონეტების წონის და სინჯის გაუმჯობესებას.
    ვიდრე დავით აღმაშენებლის სახელით მოჭრილ მცირერიცხოვანი მონეტების აღწერაზე გადავიდოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ის უკანასკნელი ქართველი მეფეა, რომელიც ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს ატარებდა. 1085 წელს დავითი მეფედ და სევასტოსად იხსენიება. ასევეა მოხსენიებული ის დაახლოებით 1089-1091 წლებში წყაროსთავის სახარების წარწერაში. ერთ-ერთი მინაწერის მიხედვით კი დავითი პანიპერსევასტოსიც არის. მისი სხვა ბიზანტიური ტიტულების შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებელმა, პოლიტიკურ არენაზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, უარყო ეს საკარისკაცო ტიტულები. ყოველ შემთხვევაში, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დროს (1103 წ.) ის ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს უკვე აღარ ატარებს.
    ჩვენამდე მოღწეული დავით აღმაშენებლის მცირერიცხოვანი მონეტები (რვა ცალი) სამ ემისიად იყოფა. პირველი ემისიის მონეტები თავიდან ბოლომდე იმეორებს ბაგრატ IV-ის და გიორგი II-ის მონეტებს, შეცვლილია მხოლოდ რევერსის ქართული ზედწერილი. ვიძლევით მათ აღწერილობას:

შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით. გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ ბერძნული ლეგენდა: ΜΡ – ΘΥ – დედა ღვთისა.
ზურგი: მონეტები დაზიანებულია, წრიული ქართული ასომთავრული წარწერიდან იკითხება მხოლოდ ნაწილი: ...ႤႣႧႠႴႾ... (ქრისტე, ადიდე დავით აფხაზთა მეფე). ცენტრში – ႣႠ/ႱႤႥႱ/ႲႱ  (და სევასტოსი).

    დავით IV-ის მეორე ემისიის მონეტების ზურგზე ჯვარია გამოსახული, ხოლო ვლაქერნის ღვთისმშობლის გამოსახულება შენარჩუნებულია. მათი აღწერილობა ასეთია:

შუბლი: წერტილოვან რკალში ჩასმული ვლაქერნის ღვთისმშობლის წელზევითი გამოსახულება, თავზე შარავანდედით. გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ ბერძნული ლეგენდა: ΜΡ  – ΘΥ – დედა ღვთისა.
ზურგი: წრიული ქართული ასომთავრული ზედწერილი სრული სახით არ არის შემორჩენილი: ႵႤႠႣႣႧႫႴႤႣႠ... (ქრისტე, ადიდე დავით, მეფე და სევასტოსი (?)). მონეტის ცენტრში – ჯვარი.

    საქართველო იმდენად იყო ინტეგრირებული ბიზანტიასთან, რომ აქაც და იქაც უნიფიცირებული სამონეტო ტიპები იჭრებოდა მართლმადიდებელი ინტეგრაციული სიმბოლიკით დატვირთული – „ძელი ცხორებისაჲ“ (ჭეშმარიტი ჯვარი), ვლაქერნის ღვთისმშობელი  და ა.შ. რაც შეეხება ლეგენდებს, აქ პრინციპული განსხვავებაა. ბერძნული წარწერები უმეტესად ასეთია: უფალო, მეოხ ეყავ...; ღვთისმშობელო, მეოხ ეყავ...; ჯვარო, დაიფარე... ქართული ალტერნატივა ასეთია – ქრისტე, შეიწყალე...; ქრისტე, ადიდე...

 ვლაქერნის ღვთისმშობელი შემდეგი იმპერატორების დენომინაციებზეა:   ვლაქერნის ღვთისმშობელი შემდეგი ქართველი მეფეების ვერცხლის ფულებზეა:
 1. კონსტანტინე IX მონომახი
(1042-1055 წწ.) – 2/3 მილიარისი
  1. ბაგრატ IV. I ემისია. თეთრი
(2/3 მილიარისი). 1055 წ. ქუთაისი. მეფე და ნოველისიმოსი
 2. თეოდორა (1055-1056 წწ.)
– 2/3 მილიარისი
  2. ბაგრატ IV. II ემისია. თეთრი.
1068/69 წწ. ქუთაისი. მეფე და
სევასტოსი
 3. მიხაელ VI სტრატიოტიკი
(1056-1057 წწ.) –  2/3 მილიარისი
  3. გიორგი II. I ემისია. თეთრი. 1073 წ.
ქუთაისი. მეფე და ნოველისიმოსი
 4. კონსტანტინე X დუკა
(1059-1067 წწ.) – 1/3 მილიარისი
  4. გიორგი II. II ემისია. თეთრი.  
1074 წ. ქუთაისი. მეფე და
სევასტოსი
 5. რომან IV დიოგენი (1068-1071 წწ.)
– 1/3 მილიარისი
  5. გიორგი II. III ემისია. თეთრი და
ნახევარი თეთრი (1/3 მილიარისი).
1075-1089 წწ. ქუთაისი.
მეფე და კესაროსი
 6. მიხაელ VII დუკა (1071-1078 წწ.)
– 1/3 მილიარისი
  6. დავით IV. I ემისია. ნახევარი
თეთრი. 1089-1099 წწ. ქუთაისი.
მეფე და სევასტოსი
 7. ნიკიფორე III ბოტანიატი
(1078-1081 წწ.) – 2/3 მილიარისი
  7. დავით IV. II ემისია. ნახევარი თეთრი. 1089-1099 წწ. ქუთაისი. მეფე და . . . ჯვარი
 8. ალექსი I კომნენოსი (1081-1118 წწ.)
– ტეტარტერონი
 

    აქედან ჩანს, რომ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტიპის პრეზერვაცია არა ტრადიციაა, არამედ ბიზანტიური თანადროული ტიპის პერმანენტული გათვალისწინება. დავით IV ბაძავს ალექსის 90-იან წლებში და შემდგომაც. მაგრამ საიდან გაჩნდა კონკრეტული ჯვარი მისი ფულის რევერსზე? ტრაპეზუნტის დუქსის, თეოდორე გაბრასის ფულებიდან. ე.ი. ნებისმიერი ბიზანტიური „რუდიმენტი“ საქართველოს სამეფოს პოლიტიკური პარტნიორია.
    ვიდრე დავით IV-ის უნიკალური სპილენძის მონეტის აღწერაზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით უნდა შევჩერდეთ ზემოთ აღწერილი ნუმიზმატიკური ძეგლების თარიღზე.
    სევასტოსის ტიტულით დავითი უკვე 1085 წელს იხსენიება („მეფე და სევასტოსი“). ასევეა ის წოდებული 1089-1091 წლებში. ხოლო მოგვიანებით მისთვის ახალი პატივი „პანიპერსევასტოსობაც“ უბოძებიათ; მაგრამ რუის-ურბნისის კრების დროს (1103 წ.) ბიზანტიურ საკარისკაცო ტიტულს მეფე უკვე აღარ ატარებს.
    ამრიგად, დავით IV-ის პირველი და მეორე ემისია უნდა დათარიღდეს 1085-1103 ან, უფრო ზუსტად, 1089-1103 წლებით. თუმცა შეიძლება აღნიშნული ქრონოლოგიური ჩარჩოების კიდევ უფრო დავიწროება. მართლაც, დავითი ამ მონეტებზე არ იხსენიება „ქართველთა მეფის“ ტიტულით. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ 1099 წლამდე ის მთელ ქვეყანას ვერ აკონტროლებდა და იყო მხოლოდ „მეფე აფხაზთა“. 1099 წელს სიტუაცია შეიცვალა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი და მეორე ემისია დავითმა თავისი მეფობის დასაწყისში – 1089-1099 წლებში გამოუშვა.
    1957 წელს ჟურნალ Numismatic Chronicle-ში დ. ლანგმა გამოაქვეყნა ბრიტანეთის მუზეუმის კუთვნილი დავით აღმაშენებლის სპილენძის უნიკალური მონეტა. ის 1857 წელს ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია ენისკილენის ლორდისგან და ასი წლის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული მუზეუმის საცავში. მისი აღწერილობა ასეთია:

    ფოლისი. წონა –  10,73 გრ.

შუბლი: საიმპერატორო ტანსაცმელში გამოწყობილი წვეროსანი დავით აღმაშენებლის გამოსახულება წელზევით პირდაპირ. მარჯვენა ხელში მას გრძელი სკიპტრა უჭირავს. მარცხენაში – სფერო, რომელიც ჯვრითაა დაგვირგვინებული. თავსამკაულის ზემო ნაწილიც ჯვრითაა დამშვენებული (სტემა, საიმპერატორო გვირგვინი). მეფეს ყელზე მძივები უკეთია. გამოსახულების მარცხნივ – ასომთავრული ႣႧ – დავით, მარჯვნივ – ႫႴ – მეფე.
ზურგი: მონეტის ცენტრში თანაბარტოტებიანი ჯვრის გამოსახულება. გარშემო ქართული ასომთავრული ლეგენდა: ႵႣႧႫႴႤႠႴႧႵႰႬႩႾႧႱႾႧ (ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა).

    მონეტის შუბლის მხარის პროტოტიპია ალექსი I კომნენოსის რეფორმის შემდგომდროინდელი ბილონის ასპრის ზურგის ტიპოლოგია. თუმცა ქართველი მეფის საიმპერიო სამოსი ფიქცია არ არის.
    როგორ უნდა დათარიღდეს ეს უნიკალური მონეტა?
    მონეტის მოჭრა შეიძლება განხორციელებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავითმა 1118 წელს ლორე აიღო და გააუქმა ტაშირ-ძორაკერტის სამეფო. დავით აღმაშენებლის ტიტულში „სომეხთა მეფე“ ნიშნავს ტაშირ-ძორაკერტის მეფობას.
    ბოლო ხანებში გამოჩნდა კიდევ ერთი იდენტური ცალი, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ყალბია.
    ყველა ზემოაღწერილი ცალი, გარდა დავით  III კურაპალატის მონეტებისა, ქუთაისში უნდა იყოს მოჭრილი.
ზარაფხანა: ქუთაისი.
ნომინალი: თეთრი.
თარიღი: 1073 წ.
კოლექცია: მოსკოვის ისტორიული მუზეუმი – 1 ცალი, №551560; სოხუმის მუზეუმი – 10 ცალი, №№83/165-83/174.
ბიბლიოგრაფია:
თ. აბრამიშვილი.
დვირის განძი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ.  XIX-B. თბ. 1956; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები. თბ. 1965; იდუმალას განძი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ. XXVI-B. თბ. 1970; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიზანტიური მონეტები (1966-1984 წწ.). თბ. 1989.

გ. დუნდუა. ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); დავით აღმაშენებლის სპილენძის იშვიათი მონეტა. კრ. ისტორიანი. სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი. თბ. 2009.

თ. დუნდუა. X-XII საუკუნეების  ქართული მონეტები და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია). ტ. 310. თბ. 1992; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997;  სევასტოსები და მართლმადიდებელი სიმახია. დავით აღმაშენებელი და თეოდორე გაბრასი. თბ. 2003; ბიზანტიური პროვინციული ნუმიზმატიკა. გაბრასები და მათი სამონეტო ემისიები. თბ. 2011; გაბრასები და მათი სამონეტო ემისიები. თეოდორე გაბრასი და დავით აღმაშენებელი. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები. სპეციალური გამოშვება. დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა. თბ. 2012.

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკის სიახლენი. კრ. კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბ. 1966; ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

თ. ლომოური. ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა. თბ. 1938.

მ. პატარიძე. დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა მესტიის მუზეუმიდან. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია. №2 (47-B). თბ. 2010.

ვ. სილოგავა. სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა. თბ. 2006.

რ. ქებულაძე.  დავით აღმაშენებლის ბიზანტიურტიტულიანი ვერცხლის მონეტები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ. XXXIX. თბ. 1987.

ნ. ქოიავა. ფულის ტრიალი რუსთაველის ეპოქის საქართველოში. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკის) მოამბე. ტ. III. ტფ. 1938.

დ. ცინცაძე. ბაგრატ მეოთხის მონეტა. გაზ. „კომუნისტი“. 11.03.1976, № 58.

იზ. ცუხიშვილი. ბიჭვინთის ბიზანტიური მონეტები. დიდი პიტიუნტი. II. თბ. 1977.

გ. ჯაფარიძე. ოქროს მონეტის ტერმინოლოგია XI-XIII სს. საქართველოში. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №3. თბ. 1976.

Т. Я. Абрамишвили. Находка византийских золотых монет в Гурджаани. Византийский временник. Т. XIII. М. 1958; Клад монет из Двири. Византийский временник. Т. XVIII. М. 1961.

И. Л. Джалаганиа. Иноземная монета в денежном обращении Грузии V-XIII вв. Тб. 1979.

Т. Г. Дундуа. Грузинские монеты X-XII вв. как исторический источник. Тб. 2009; Грузинские монеты X-XII вв. как исторический источник (к истокам грузино-русских взаимоотношений). Грузинская русистика. Кн. 5. Тб. 2011.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955; Новый тип монеты Давида Строителя. Византийский временник. Т. VIII. М. 1956; Медная монета грузинского царя Давида, сына Георгия. Эпиграфика Востока. XII. М.-Л. 1958.

Р. В. Кебуладзе. Монеты Давида Курапалата в кладах западноевропейских денариев. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. № 2. თბ. 1970 (ვ. პოტინთან თანაავტორობით); Клад из села Цихесулори. Нумизматический сборник. Тб. 1977.
    
Е. А. Пахомов. Монеты Грузии. ч. I. СПб. 1910; Монеты Грузии. ч. I-II. Тб. 1970.

С. М. Шамба. Монетное обращение на территории Абхазии (V в. до н.э.–XIII в. н. э.). Тб. 1987.
    
T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Catalogue of Georgian coins. Tb. 1999; Review of Georgian Coins with Byzantine Iconography. Numismatica e Antichità Classichie. XXIX. Quaderni Ticinesi. 2000; Georgia within the European Integration. Part 3. Byzantines and the Georgians. Tb. 2013; Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

D. M. Lang. Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New York. 1955; Notes on Caucasian Numismatics. The Numismatic Chronicle  (N.C.). Vol. XVII. London. 1957.

V. Langlois. Essai de classification des suites monétaires de la Géorgie depuis l`antiquité jusqu`à nos jours. Paris. 1860.
    
Iz. Tsukhishvili, G. Depeyrot. History and Coin Finds in Georgia. Late Roman and Byzantine Hoards (4th-13th cc.). Moneta, Wetteren. 2003.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


XI-XII საუკუნეების ბიზანტიური მონეტები

საქართველოდან

აღმოსავლეთ საქართველო

1. 1936 წელს დმანისის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ბასილ II-ისა და კონსტანტინე VIII-ის (976-1025 წწ.) სპილენძის ოთხი მონეტა.
2. 1937 წელს სოფელ უდეში (ადიგენის რაიონი) იპოვეს მათივე სპილენძის მონეტა.
3. მათივე სპილენძის მონეტა აღმოჩნდა სოფ. ფარავნის მიდამოებში.
4. 1940-იან წლებში სოფელ ნოსტეში (კასპის რაიონი) ნაპოვნია ბასილ II-ის და კონსტანტინე VIII-ის სპილენძის მონეტა.
5. 1948 წელს განძის კარის (თბილისის ისტორიული ადგილი) მიდამოებში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მათივე სპილენძის მონეტა.
6. ასეთივე მონეტას მიაკვლიეს ოკამში (ახალქალაქის რაიონი) საკარმიდამო მიწის დამუშავების დროს.
7. მათივე მონეტა აღმოჩნდა სოფელ აბავრეთში (ახალქალაქის რაიონი) მიწის დამუშავების დროს.
8. 1960 წელს ბაკურიანში (ბორჯომის რაიონი) აღმოჩნდა ბასილ II-ის და კონსტანტინე VIII-ის სპილენძის მონეტა.
9. 1906 წელს ახალციხის მიდამოებში ნაპოვნ განძში კონსტანტინე VIII-ის (1025-1028 წწ.) ოქროს ხუთი მონეტა იყო.
10. 1930-იან წლებში სოფელ დვირში (ბორჯომის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ქილაში მოთავსებული ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. მთელი განძი, ერთი მონეტის გამოკლებით, ეკუთვნის ბიზანტიის სამ იმპერატორს: კონსტანტინე VIII-ს, კონსტანტინე X დუკას (1059-1067 წწ.) და რომანოზ IV დიოგენეს (1067-1071 წწ.). განძში 22 მონეტა ბრტყელი ტიპისაა და მაკედონიის დინასტიის წარმომადგენელს, კონსტანტინე VIII-ს ეკუთვნის. 23 ჩაღრმავებული წესით არის მოჭრილი და დუკასა და რომანოზ IV დიოგენეს განეკუთვნება, 22 ცალი – კონსტანტინე X დუკას, 1 ცალი – რომანოზ IV დიოგენეს. განძის დამარხვა სავარაუდოა XI საუკუნის 70-80-იან წლებში.
11. 1936 წელს დმანისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა რომანოზ III-ის (1028-1034 წწ.) სპილენძის მონეტა.
12. იმავე დმანისში მიაკვლიეს მიხაელ IV-ის (1034-1041 წწ.) სპილენძის 6 მონეტას.
13. იქვე აღმოჩნდა კონსტანტინე IX-ის (1042-1055 წწ.) სპილენძის მონეტა.
14. 1956 წელს ავჭალაში შემთხვევით იპოვეს კონსტანტინე IX-ის ოქროს მონეტა.
15. 1911/12 წლებში თბილისში (ავლაბარი) ნაპოვნია თეოდორას (1055-1056 წწ.) სპილენძის მონეტა.
16. 1920-იან წლებში სოფელ წყორძას (ახალციხის რაიონი) მიდამოებში იპოვეს თეოდორას სპილენძის 2 მონეტა.
17. 1936 წელს სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი) ნაპოვნია თეოდორას სპილენძის მონეტა.
18. 1936 წელს დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა თეოდორას სპილენძის 3 მონეტა.
19. იქვე აღმოჩნდა მიხაელ VI-ის (1056-1057 წწ.) სპილენძის 2 მონეტა.
20. 1925 წელს თბილისში, ლესელიძის ქუჩის გაფართოების დროს, იპოვეს კონსტანტინე X-ის სპილენძის მონეტა.
21. თბილისის მიდამოებშივე 1926 წელს აღმოჩნდა კონსტანტინე X-ის სპილენძის ფული.
22. ასეთივე მონეტა იპოვეს 1926 წელს სოფელ ძველ დმანისში.
23. დმანისშივე 1936 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა კონსტანტინე X-ის სპილენძის 5 მონეტა.
24. 1948 წელს თბილისში სამას არაგველთა სახელობის ბაღთან იპოვეს კონსტანტინე X-ის სპილენძის მონეტა.
25. მისივე ოქროს მონეტა ნაპოვნია სოფელ უგუდეთში (თეთრიწყაროს რაიონი) 1950-იან წლებში.
26. 1952 წელს თელავის რაიონის სოფელ იყალთოსთან აღმოჩნდა კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა.
27. მისივე ნომისმა 1953 წელს იპოვეს თელავში.
28. მისივე ნომისმა ნაპოვნია 1956 წელს ხრამჰესის (წალკის რაიონი) მშენებლობის დროს.
29. 1957 წელს თბილისის ზღვის მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა.
30. 1962 წელს სოფელ იდუმალაში (ასპინძის რაიონი) სასოფლო კლუბის მშენებლობის დროს იპოვეს ბიზანტიური ფულების განძი. ჩვენამდე მოაღწია ოქროს ერთმა და ელექტრუმის თორმეტმა მონეტამ. ოქროს მონეტა კონსტანტინე X-ს ეკუთვნის და, როგორც თ. აბრამიშვილი ვარაუდობს, შეიძლება „კონსტანტინატი“ იყოს, დანარჩენი ელექტრუმის მონეტები ნიკიფორე III-ის (1078-1081 წწ.) სახელითაა მოჭრილი და ალბათ „ბოტინატია“. თ. აბრამიშვილის აზრით, განძი შეიძლება დაიმარხა თურქების გამანადგურებელი შემოსევების დროს 1080-1090 წლებში.
31. 1962 წელს სოფელ პატარა დმანისში აღმოჩნდა კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა.
32. იმავე 1962 წელს ზურტაკეტ-გომარეთის პლატოზე (დმანისის მიდამოები) არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტა აღმოაჩინა.
33. რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1965 წელს კონსტანტინე X-ის ოქროს მონეტას მიაკვლია.
34. 1936 წელს დმანისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რომანოზ  IV-ის სპილენძის მონეტა აღმოაჩინა.
35. იმავე 1936 წელს დმანისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიაკვლია მიხაელ VII-ის (1071-1078 წწ.) სპილენძის მონეტას.
36. 1873-1875 წლებში საფარის (ახალციხის რაიონი) მონასტრის მახლობლად ნაპოვნია ნიკიფორე III-ის (1078-1081 წწ.) ოქროს მონეტა.
37. 1890 წელს საფარის მონასტრის მიდამოებში აღმოჩნდა ნიკიფორე III-ის ვერცხლის მონეტების განძი. მონეტები მოჭრილი იყო ჩაღრმავების წესით. ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.
38. 1930-იან წლებში თეთრიწყაროს მიდამოებში იპოვეს ნიკიფორე III-ის ელექტრუმის მონეტა.
39. 1936 წელს სოფელ ვარდისუბანსა (თელავის რაიონი) და გულგულას შუა, ნატკორაში უპოვიათ თერთმეტი ვერცხლნარევი ოქროს ფული (ელექტრუმის). ერთი ცალი, დაცული თელავის მუზეუმში, ნიკიფორე III-ისა აღმოჩნდა.
40. 1962 წელს შიომღვიმის მონასტერთან, მცხეთის მახლობლად, იპოვეს ალექსი I-ის (1081-1118 წწ.) სპილენძის მონეტა.
41. 1935 წელს კრწანისში აღმოჩნდა ალექსი I-ის სპილენძის მონეტა.
42. ასეთივე მონეტა იპოვეს 1936 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს დმანისში.
43. 1948 წელს თბილისში (განჯის კართან) წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ალექსი I-ის სპილენძის ორი მონეტა.
44. 1949 წელს გურჯაანის მიდამოებში, ალაზნის არხის რეკონსტრუქციის დროს, აღმოჩნდა ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ შვიდმა ეგზემპლარმა. ექვსი ეკუთვნის ალექსი I-ს და ერთიც – იოანე II (1118-1143 წწ.).
45. 1929 წელს სოფელ შიბლიანთან (საგარეჯოს რაიონი) ნაპოვნია იოანე II-ის ოქროს მონეტა.
46. 1953 წელს სოფელ ხოდაშენში (თელავის რაიონში) იპოვეს იოანე II-ის ოქროს მონეტა.
47. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძეში.
48. 1938 წელს თბილისში აღმოჩნდა XI საუკუნის სპილენძის ანონიმური ბიზანტიური მონეტა.
49. ასეთივე ორი მონეტა იპოვეს დმანისის მიდამოებში 1941-1943 წლებში.
50. ასეთივე ორი მონეტა ნაპოვნია 1952 წელს სოფელ ოკამში (ახალქალაქის რაიონი).
51. 1953 წელს წელს თმოგვის ციხის (ასპინძის რაიონი) მიდამოებში იპოვეს  XI საუკუნის ბიზანტიური სპილენძის ანონიმური მონეტა.
52. თბილისში, ორთაჭალჰესის მშენებლობაზე, მტკვრის კალაპოტის ამოწმენდის დროს იპოვეს X-XI საუკუნეების სპილენძის ბიზანტიური მონეტა.
53. 1954 წელს აქვე ნაპოვნი ბიზანტიური ოქროს მონეტა XI საუკუნისაა.
54. 1953 წელს ახალქალაქის ძველი ციხის ნანგრევებთან ნაპოვნია XI საუკუნის ბიზანტიური სპილენძის მონეტა.

ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში ნაპოვნია XI-XII საუკუნეების 150 ცალზე მეტი ბიზანტიური მონეტა. აქედან ოქროსია 72 ცალი, ელექტრუმის – 24 და სპილენძის – 52. საერთო რიცხვიდან ხუთი ოქროს, ვერცხლის და ელექტრუმის მონეტების განძია.
ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს  XI-XII საუკუნეების ბიზანტიური მონეტების საერთო რიცხვის განაწილება საუკუნეების მიხედვით. დაახლ. 150 ცალიდან 11 ეკუთვნის ალექსი I-ს (1081-1118 წწ.), ე.ი. გარდამავალ პერიოდს, ხოლო საკუთრივ  XII საუკუნეზე მოდის მხოლოდ 4 ეგზემპლარი და ყველა მათგანი მიეკუთვნება იოანე II-ს (1118-1143 წწ.). აქედან დასკვნა: აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმოიქცეოდა XI საუკუნის ბიზანტიური მონეტები.  XII საუკუნეში მათი შემოსვლა კლებულობს, ხოლო ამ საუკუნის 40-იანი წლებიდან, დღესდღეისობით არსებული ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თითქმის წყდება.

დასავლეთ საქართველო

1. 1903 წელს ოჩამჩირეში აღმოჩენილი სამონეტო კომპლექსის შემადგენლობაში ერია ბასილ II-ისა და კონსტანტინე VIII-ის (976-1025 წწ.) სპილენძის შვიდი მონეტა.
2. სოფელ ბობოყვათში (ქობულეთის რაიონი) 1956 წელს აღმოჩნდა მათივე სახელით მოჭრილი სპილენძის ორი მონეტა.
3. ასეთივე მონეტა ნაპოვნია 1957 წელს ახალ ათონში (გუდაუთის რაიონი).
4. 1957 წელს სოხუმში (შუქურას მახლობლად) იპოვეს ბასილ II-ისა და კონსტანტინე VIII-ის ორი ფოლისი.
5. მათივე სპილენძის მონეტა ნაპოვნია 1958 წელს წებელდაში (გულრიფშის რაიონი).
6. ასეთივე მონეტა ნაპოვნია ქობულეთში 1962 წელს.
7. ორი ასეთი მონეტა ნაპოვნია ბობოყვათში 1962-1963 წლებში.
8. ციხისძირში (ქობულეთის რაიონი) 1949 წელს იპოვეს სპილენძის ექვსი ბიზანტიური მონეტა, რომელთაგან ორი კონსტანტინე VIII-ს ეკუთვნოდა.
9. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში იყო რომანოზ III-ის (1028-1034 წწ.) სპილენძის 4 მონეტა.
10. გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში 1948 წელს იპოვეს რომანოზ III-ის სპილენძის მონეტა.
11. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა 1962 წელს ქობულეთში.
12. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში მიხაელ IV-ის (1034-1041 წწ.) სპილენძის ოთხი მონეტაც ერია.
13. ასეთივე ორი მონეტა უპოვიათ 1910-1911 წლებში გელათში.
14. 1929 წელს ასეთივე მონეტა აღმოჩნდა სოფელ საქარაში (ზესტაფონის რაიონი).
15. 1957 წელს სოფელ ქვედა ვანში (ვანის რაიონი) უპოვიათ ასეთივე მონეტა.
16. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში კონსტანტინე IX-ის  (1042-1055 წწ.) სპილენძის ორი მონეტაც იყო.
17. ახალ ათონში 1957 წელს კონსტანტინე IX-ის ვეცხლის მონეტა აღმოჩნდა.
18. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში იყო იმპერატორ თეოდორას (1055-1056 წწ.) სპილენძის 11 მონეტა.
19. ასეთივე მონეტები (ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა) აღმოჩენილა 1910-1911 წლებში გელათში.
20. ორი ასეთი მონეტა უპოვიათ ბობოყვათში 1956 და 1962-1963 წლებში.
21. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში იყო კონსტანტინე X-ის (1059-1067 წწ.) სპილენძის ხუთი მონეტა.
22. მისივე სპილენძის ორი მონეტა აღმოჩნდა 1950 წელს ციხისძირში.
23. ასეთივე მონეტა ნაპოვნია ქობულეთის მიდამოებში 1962 წელს.
24. სოფელ აბანოეთში (ამბროლაურის რაიონი) 1968 წელს აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა: ბასილ II-ისა და კონსტანტინე VIII-ის – 2, მიხეილ IV-ის – 1, თეოდორას – 2, კონსტანტინე X-ის – 2 ფოლისისაგან. გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში შედის ლათინთა დროის სამი და ერთი განუსაზღვრელი მონეტა.
25. ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში აღმოჩნდა კონსტანტინე X დუკას და მისი მეუღლე, ევდოკიას სპილენძის მონეტა.
26. იქვე უპოვიათ რომანოზ IV-ის (1067-1071 წწ.) ფოლისი.
27. 1983 წელს სოფელ ლიხნში, შუა საუკუნეების სასახლის კომპლექსის გათხრების დროს, თიხის კოჭობში აღმოჩნდა ქართული ვერცხლისა და ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი. ბიზანტიური მონეტები ჩაღრმავებული ტიპისაა და მოჭრილია შემდეგი იმპერატორების სახელით: კონსტანტინე IX მონომახის – 1 ცალი; კონსტანტინე X-ის – 9 ცალი;  მისი მეუღლის, ევდოკიასი – 1 ცალი; რომანოზ IV-ის – 17 ცალი; სულ – 28 ცალი. 43 მონეტა ქართულია და მოჭრილია ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) – 31 ცალი და გიორგი II-ის (1072-1089 წწ.) სახელით – 12 ცალი.
28. სოხუმის მთაზე 1951 წელს იპოვეს მიხაელ VII-ის (1071-1078 წწ.) ოქროს მონეტა.
29. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა ციხისძირში 1959 წელს.
30. ოჩამჩირის სამონეტო კომპლექსში იყო ნიკიფორე III-ის (1078-1081 წწ.) სპილენძის მონეტა.
31. თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში 1925 წელს აღმოჩნდა ნიკიფორე III-ის ელექტრუმის მონეტა.
32. ასეთივე მონეტა უპოვიათ 1925 წელს სოფელ მესხეთში (ქუთაისის რაიონი).
33. 1926 წელს რაჭაში აღმოჩენილა ნიკიფორე III-ის ასეთივე მონეტა.
34. ასეთივე მონეტა იპოვეს 1926 წელს ქუთაისის მიდამოებში.
35. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა სოფელ გუბში (ხონის რაიონი) 1933 წელს.
36. ასეთივე მონეტა იპოვეს სოხუმის მთაზე 1951 წელს.
37. ხუთი ასეთი მონეტა აღმოჩნდა ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრების დროს 1956 წელს.
38. 1955 წელს სოხუმში აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: მიხაელ IV-ის – 2, კონსტანტინე  IX-ის – 5, კონსტანტინე X-ის – 3 და 10 ანონიმური ფოლისი (1075-1080 წწ.).
39. 1901 წელს რაჭაში იპოვეს ჩაღრმავების წესით მოჭრილი XI საუკუნის ოქროს ბიზანტიური მონეტა.
40. სოფელ ქედაში (ქედის რაიონი) 1904 წელს აღმოჩენილა XI-XII საუკუნეების რამდენიმე ცალი სპილენძის ბიზანტიური მონეტა.
41. ოზურგეთის მიდამოებში 1905 წელს იპოვეს ჩაღრმავების წესით მოჭრილი XI საუკუნის ბიზანტიური ოქროს მონეტა.
42. სინოპის მიდამოებში (სოხუმი) 1969 წელს აღმოჩნდა ნიკიფორე III-ის ელექტრუმის მონეტა.
43. 1910-1911 წლებში გელათში უპოვიათ ბიზანტიური სპილენძის მონეტები (ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის) „ოთხსტრიქონიანი წარწერით“.
44. ასეთივე მონეტა აღმოჩენილა 1934 წელს ციხისძირში.
45. ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ნანგრევების სიახლოვეს, 1935 წელს იპოვეს XI-XII საუკუნეების სპილენძის ბიზანტიური მონეტა „ოთხსტრიქონიანი წარწერით“.
46. ასეთივე მონეტა აღმოჩენილია ქუთაისში, რკინიგზის ხიდის მახლობლად, 1939 წელს.
47. XI საუკუნის ბიზანტიური სპილენძის მონეტა იპოვეს ციხისძირის მახლობლად 1948 წელს.
48. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა ციხისძირში 1949 წელსაც.

ამრიგად, დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია XI-XII საუკუნეების დაახლ. 145 ცალი ბიზანტიური მონეტა. აქედან დაახლ. 100 სპილენძისაა, 32 – ოქროსი, 12 – ელექტრუმის და 1 – ვერცხლის. საერთო რიცხვიდან სამი განძია: ორი სპილენძის მონეტებისა და ერთი შერეული – ოქროსა და ვერცხლის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ზემოთ დასახელებული მონეტები  XI საუკუნით თარიღდება. XII საუკუნის მასალა ჯერჯერობით აქ დაფიქსირებული არ არის.