ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტები მითრას გამოსახულებით
ტიპი: ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტები მითრას გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
სპილენძი. წონა: მაგ. 2,14 გრ., 5,29 გრ., 6,80 გრ., 8,20 გრ., 9,15 გრ., 9,31 გრ., 11,81 გრ., 11,85 გრ., 13,22 გრ., 13,85 გრ., 14,05 გრ., 14,24 გრ., 16,03 გრ., 16,90 გრ., 17,37 გრ., 17,72 გრ., 18,34 გრ., 19,01 გრ., 19,13 გრ., 19,41 გრ., 20,02 გრ., 20,05 გრ., 20,38 გრ., 21,45 გრ., 22,51 გრ., 23,25 გრ., 24,46 გრ., 26,60 გრ.

d= 22 მმ., 25/28 მმ., 26 მმ., 26/27 მმ., 27 მმ., 29/30 მმ., 29/31 მმ., 30 მმ., 31 მმ., 31/32 მმ., 30/34მმ., 30/35 მმ., 31/34 მმ., 32/34 მმ.



შუბლი: მარკუს ავრელიუსის ბიუსტი მარჯვნივ. წარწერა გადასულია. შემორჩენილი ასოების მიხედვით უნდა იკითხებოდეს: ΑΥΤΟΚΡΑ...
ზურგი: მითრას ბიუსტი სხივანა ფრიგიულ ქუდში.




შუბლი: წვეროსანი იმპერატორის გამოსახულება მარჯვნივ.
ზურგი: მითრას ბიუსტი სხივანა ფრიგიულ ქუდში მარჯვნივ. მის წინ ცხენის პროტომა. უკან დამღა რამდენიმე წრე-ხაზის სახით.




შუბლი: სემპტიმიუს სევერუსის გამოსახულება მარჯვნივ. იმპერატორის მარჯვნივ წარწერა: CΕΟΥΗΡΟCΛ.
ზურგი: ტახტზე მჯდომარე ცხენის გამოსახულება მარჯვნივ. მისგან მარცხნივ თითქოს სიუხვის ყანწი უნდა იყოს. გამოსახულების უკან წარწერის ფრაგმენტი: ΤΡΑΠ ... Ο.




შუბლი: იულია დომნას ბიუსტი მარჯვნივ. თმებში სამკაული აქვს დამაგრებული. აცვია გულამოჭრილი სამოსი, რომლის საყელო უკანაა აწეული. იკითხება: ΜΝΑ ...
ზურგი: მითრა ცხენზე მარჯვნივ. ცხენს საკურთხევლის წინ მარჯვენა ფეხი აქვს აწეული. მხედრის უკან სიცოცხლის ხე. ქვემოთ თარიღის ნაწილი: ΕΤ... წრიული ლეგენდა გადასულია.




შუბლი: კარაკალას ბიუსტი მარჯვნივ. იკითხება ΑΝΤΩΝΕΙΝΟC.
ზურგი: მითრა ცხენზე მარჯვნივ. ცხენს საკურთხეველის წინ მარჯვენა ფეხი აწეული აქვს. საკურთხეველზე დევს გირჩა. მხედრის წინ აღმართულია კოლონა, რომელზეც ყვავი ზის. უკან სიცოცხლის ხეა, ქვემოთ თარიღი.




შუბლი: ელაგაბალუსის ბიუსტი მარჯვნივ. ზედწერილი გადასულია.
ზურგი: მითრა ცხენზე მარჯვნივ. თანმხლები პირები – კაუტესი და კაუტოპატესი. მხედრის უკან სიცოცხლის ხე. მხედრის წინ კოლონა, რომელზედაც ამური დგას. ზედწერილი ცუდად იკითხება.




შუბლი: გორდიანე III-ის ბიუსტი მარჯვნივ. წრიული ლეგენდა: ΑΥΚ ΑΝΓΟΡΔΙΑΝΟCCΕΒ.
ზურგი: მითრა ცხენზე მარჯვნივ. მხედრის უკან სიცოცხლის ხე. წინ კოლონა, რომელზეც ყვავი ზის. ფრინველს ზემოთ – ვარსკვლავი. ცხენს მარჯვენა ფეხი აქვს აწეული. მიწის აღმნიშვნელ ხაზს ქვემოთ გველია გართხმული. წარწერა: ΤΡΑΠΕΖΟΥΝΤΙΩΝ. თარიღი გადასულია. რკალი წერტილოვანი.



სამეცნიერო კომენტარი:
    გვიანანტიკურ ხანაში საკუთრივ კოლხეთის/ლაზიკის და ქართლის/იბერიის ტერიტორიაზე იჭრება მხოლოდ რომაული ფულის ლოკალური (იბერული) მინაბაძები. მაგრამ არის ქართველური ტომებით დასახლებული ერთი პუნქტი, კერძოდ ტრაპეზუნტი, რომელიც II-III საუკუნეებში ჭრის სპილენძის საქალაქო მონეტებს. მათ შუბლზე რომის იმპერატორის სახელია მოთავსებული, ხოლო ზურგზე – თემის (ტრაპეზუნტელებისა).
    II-III საუკუნეების ქალაქ ტრაპეზუნტის როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურულ-რელიგიური ისტორიის შესახებ მეტად მცირე წერილობითი წყაროები მოგვეპოვება. ამიტომ მეცნიერები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ქალაქის არტეფაქტებს, მათ შორის, მონეტებსაც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1958 წელს ბიჭვინთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ II-III საუკუნეების ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტების განძს, რომელიც როგორც ჩანს, ქისაში ყოფილა მოთავსებული, ვინაიდან მონეტებზე შემორჩენილი იყო ქსოვილის ფრაგმენტები.
    ბიჭვინთის გათხრებამდე ტრაპეზუნტის საქალაქო მონეტების აღმოჩენის შემთხვევები ამ ქალაქის ფარგლებს გარეთ ფიქსირებული არ იყო. ამის საფუძველზე ზოგიერთი მკვლევარი საკმაო კატეგორიულობით ამტკიცებდა, რომ ტრაპეზუნტი არ აწარმოებდა დამოუკიდებელ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას და მის მონეტებს მხოლოდ ლოკალური ხასიათის ფულის ნიშნად თვლიდა. ბიჭვინთისა და 1959 წელს სოხუმის არქეოლოგიურმა კამპანიებმა მთლიანად დაარღვია ეს დებულება. საქმე ისაა, რომ ამ პუნქტებში, უკვე მოხსენიებული განძის გარდა, ტრაპეზუნტის მონეტების აღმოჩენა ცალკეული ერთეულების სახით ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ქალაქის ეკონომიკური ისტორიისთვის, არამედ მისი პოლიტიკური სტატუსის გასარკვევადაც.
    ბიჭვინთის განძის შემადგენლობაში შედიოდა 149 მონეტა. აქედან ათი ვერცხლისაა, ხოლო 139 – II-III საუკუნეების ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტა. განძის გვიანდელი მონეტა ეკუთვნის ფილიპე უმცროსს (244/247-249 წწ.) და თარიღდება 244/45 წლებით ამრიგად, განძი დამარხულია 244/45 წლების შემდეგ.
    ტრაპეზუნტის მონეტები ბიჭვინთისა და სოხუმის აღმოჩენებამდე ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.
    თუ თავს მოვუყრით ბიჭვინთასა და სოხუმში აღმოჩენილ ცალებს, ლიტერატურაში არსებულ ცნობებს, სხვადასხვა მუზეუმებში თუ კერძო კოლექციებში დაცულ ეგზემპლარებსა და ანაბეჭდებს, მივიღებთ, რომ დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტების დაახლოებით 340-350 ერთეული. აქედან, დაახლოებით 230 ცალი ბიჭვინთაშია ნაპოვნი (რიცხვები, ცხადია, აბსოლუტურად ზუსტი არ შეიძლება იყოს).
    იმ 340-350 მონეტის ზურგზე, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი (და რომელთა დაცულობა ამის საშუალებას იძლევა), დაახლოებით 210-220 ცალზე გამოსახულია მზისა და სინათლის ღვთაება მითრა; ქალღმერთი ტიხე – 50-55 ცალზე; დიონისე –17-ზე; სერაპისი – 12-ზე; აბუდანცია – 12-ზე; აპოლონი – 6-ზე; ჰერმესი – 2-ზე; ჰერაკლე – ერთზე; რეა-კიბელა – ერთზე; პალესი – ერთზე.
    ზემოთ მოყვანილი რიცხვები გვარწმუნებს, რომ მითრა ტრაპეზუნტის მთავარი ღვთაება იყო. მზისა და სინათლის ღვთაება მითრა არ არის ბერძნული წარმოშობის. ისმის კითხვა: რამ გამოიწვია მისი წინა პლანზე წამოწევა ელინურ (ბერძნულ) ქალაქში? ეს გარემოება გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ ძვ. წ. V-IV საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს სიტყვებს, რომ ტრაპეზუნტი იყო „ხალხმრავალი ელინური ქალაქი პონტოს ევქსინოს სანაპიროზე, სინოპეს კოლონია კოლხების ქვეყანაში“. ცხადია, ამ ქალაქის მოსახლეობის ძირითად ბირთვი არაელინური ელემენტისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. უფრო რელიეფურად ეს ჩანს იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) ლეგატის ფლავიუს არიანეს ცნობებიდან. აღწერს რა ამ ქალაქს, ის წერს იმპერატორს: „ ... ახლა აქ სამსხვერპლოებია აღმართული, მაგრამ ხორკლიანი ქვისაგან და, ამიტომ, ასოები ვერაა ნათლად ამოკვეთილი, ხოლო ბერძნული წარწერა შეცდომითაც კია შედგენილი, რადგან ბარბაროსების მიერაა დაწერილი ... შენი ქანდაკება დგას აქ, მდგომარეობა მისი მოხერხებულია – იგი ზღვას უთითებს. ქანდაკება არაა შენი მსგავსი და არც სხვამხრივაა კარგი... აქვეა აშენებულია ოთხკუთხა ქვებით ტაძარიც“. როგორც ვხედავთ, არიანე პირდაპირ ამბობს, რომ ბერძნული წარწერები „ბარბაროსების“ მიერ არის შესრულებული. ცხადია, „ბარბაროსებში“ კოლხები იგულისხმებიან. მეტიც, ტრაპეზუნტის არა თუ ძირითადი მოსახლეობა, არამედ მისი მმართველი წრეც უმეტესად „ბარბაროსების“ ტომებიდან უნდა ყოფილიყო გამოსული, რადგან ძნელი წარმოსადგენია, კლასიკურ ესთეტიკურ ტრადიციებზე გაზრდილ პირებს სანქცია მიეცათ ადრიანეს ქანდაკების დადგმისათვის, რომელიც ბერძნული ხელოვნების ნორმების დარღვევით იყო შექმნილი. ამრიგად, მითრას კულტის გამარჯვებისათვის ტრაპეზუნტში ეთნიკური საფუძველი არსებობდა. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა „ქართლის ცხოვრების“ ერთი ცნობა:
    „მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა...“. სინქრონულად მცირე აზიის სხვა ელინურ ქალაქებში მითრას კულტის არსებობის არავითარი ნიშანწყალი არ არის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ტრაპეზუნტის მითრას გამოსახულებიან მონეტებს პარალელი არ ეძებნება სხვა ქალაქებისა და სამეფოების ნუმიზმატიკაში.
    მაგრამ ნამდვილად მითრაა გამოსახული ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტების რევერსზე?
    ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თვალი გავადევნოთ მონეტებზე მითრას გამოსახულების ევოლუციას. თავდაპირველად მათზე მოცემულია მითრას ბიუსტი სხივანა ფრიგიულ ქუდში. შემდეგ მას ემატება ცხენის პროტომა. ბიჭვინთაში აღმოჩენილ ტრაპეზუნტის მონეტების განძში ერია სამი ნიმუში ფანტასტიკური გამოსახულებით. ლიტერატურაში მისი პარალელი ვერ მოვიძიეთ. ჩვენი აზრით, ისიც მითრას კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. სხვანაირად არ შეიძლება იქნას კვალიფიცირებული სტილიზებული მანერით შესრულებული ტახტზე მჯდომი ცხენის გამოსახულება. ასეთია მითრა II საუკუნის მონეტებზე. II საუკუნის დასასრულიდან მითრა ცხენზეა ამხედრებული. მხედრის წინ დგას ბომონი, რომლის წინაშეც ცხენს მარჯვენა წინა ტორი აწეული აქვს. შემდეგში ყოველივე ამას ემატება სიცოცხლის ხე, რომელზედაც, ზოგიერთ შემთხვევაში, გველია შემოხვეული. მომდევნო ეტაპზე მითრა-მხედრის წინ და უკან ჩნდებიან თანამგზავრები. ბომონის გვერდით აღიმართება კოლონა (სვეტი), რომელზედაც დგას ამური, უმეტეს შემთხვევაში კი ზის მტაცებელი ფრინველი – ყვავი, რომლის ზემოთაც მოთავსებულია ვარსკვლავი. დაბოლოს, ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ ხაზს ქვემოთ გართხმულია გველი.
    ადრევე, მითრას მისტერიების ცნობილმა სპეციალისტმა ფ. კიუმონმა სრულიად სამართლიანი აზრი გამოთქვა, რომ III საუკუნის ტრაპეზუნტის მონეტებზე გამოსახული მხედარი არ არის მითრა ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, არამედ სინკრეტული ღვთაებაა, რომელმაც გააერთიანა მითრას და კაპადოკიური მთვარის ღმერთის – მენის ფუნქციები. ფ. კიუმონს ჰქონდა ამის საფუძველი, რადგან მითრა ძალიან იშვიათად გამოისახებოდა ცხენზე ამხედრებული, ხოლო მენისთვის ეს ჩვეულებრივი პოზაა. მაგრამ მის წინააღმდეგ გაილაშქრეს ცნობილმა ანტიკოსებმა, ვ. ვადინგტონმა, ე. ბაბელონმა, თ. რეინაკმა და მ. მაქსიმოვამ იმ საფუძვლით, რომ მენის კულტისთვის დამახასიათებელი ატრუბუტი – ნამგალა მთვარე, ტრაპეზუნტის მონეტებზე არ გვხვდებაო. მაგრამ არსებობს ერთი კონტრარგუმენტი, რომლის გაბათილება ერთობ ძნელია.
    დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ცხრა გემა, რომლებზედაც გამოსახულია ე.წ. მითრა ისეთივე პოზაში, როგორც ტრაპეზუნტის მონეტებზე (მათ შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ). მსგავსება აბსოლუტურია: ამხედრებული ღვთაება ბომონის წინაშე და სიცოცხლის ხე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორ მათგანზე – ბერლინის მუზეუმის კუთვნილ უპასპორტო ცალზე და კარსნისხევში (მცხეთის რაიონი) აღმოჩენილ ეგზემპლარზე – მხედრის ზემოთ, წინ და უკან ვარსკვლავი და ნამგალა მთვარეა გამოსახული. ეს კი სრულიად უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ ტრაპეზუნტის მონეტებსა და გემებზე გამოსახული მხედარი არ არის მითრა პურიტანული გაგებით, არამედ სინკრეტული ღვთაებაა – მთვარის, მზისა და ვარსკვლავთ ღვთაებათა ფუნქციების გამაერთიანებელი, მათი უნიფიცირებული სახე. უნდა აღინიშნოს ასეთი დეტალიც: ღვთაება მენის კიდევ ერთი ატრიბუტი, ნაძვის გირჩა, გამოსახულია ტრაპეზუნტში მოჭრილი მონეტების ზოგიერთ ცალზე, მხედრის წინ, ზედ ბომონზე.
    ქართველურ სამყაროში მითრას კულტი ფართოდ იყო გავრცელებული. ქართულ წარმართულ კალენდარში არსებობდა მითრას სადღესასწაულო თვე, მირკანი (მიჰრკანი). ბორსა (ხარაგაულის რაიონი) და არმაზში აღმოჩნდა ვერცხლის თასები, რომლებზედაც გამოსახულია ტორაწეული ცხენები. მათ შ. ამირანაშვილი მითრას კულტს უკავშირებდა. ცხენიანი პინაკები აღმოჩნდა აგრეთვე ზღუდერის (ქარელის რაიონი) არქეოლოგიური გათხრებისას და შემთხვევით – ზაჰესის არხის გაყვანის დროს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმავე ზღუდერში ბრინჯაოს მცირე ზომის ბომონის აღმოჩენა. ის წარმოადგენს კარებიან ტაძარს, რომლის გუმბათი ფიჭვის დახვრეტილი გირჩაა. ზღუდერის ბომონის ასლია ტრაპეზუნტის მონეტებზე გამოსახული საკურთხეველი.
   ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბორის თასზე გამოსახული სხივოსან-ფაფრიანი ცხენი ყველა დეტალით მსგავსებას ამჟღავნებს ტრაპეზუნტის მონეტებზე ამოკვეთილ ცხენებთან. საკმარისია ამ უკანასკნელებს მხედარი მოვაცილოთ, რომ სრული იგივეობა მივიღოთ. როგორც ბორის თასზე, ასევე ტრაპეზუნტის საფასეებზე გამოსახულია სხივოსან-ფაფრიანი ცხენები, რომლებიც ფეხაწეული დგანან ბომონის წინაშე. ბორის პინაკის საკურთხეველზე, ისევე როგორც ტრაპეზუნტის ზოგიერთ მონეტაზეა გამოსახული, დევს გირჩა.
    მეტად ნიშანდობლივია შემდეგი ფაქტი: იდენტურ გამოსახულებიანი ცხრა გემიდან (რომლებიც ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ) რვა საქართველოშია აღმოჩენილი (ხუთი – ურბნისში, ქარელის რაიონი, ორი – მცხეთის მიდამოებში და ერთიც – ქუთაისში), ხოლო მეცხრე, ბერლინის მუზეუმის კუთვნილი ცალი, ბარონ როზენის მიერ კონსტანტინოპოლშია შეძენილი და, სპეციალისტების აზრით, ტრაპეზუნტში უნდა იყოს დამზადებული, თუმცა არ არის გამორიცხული მათი ადგილობრივი (საქართველოში დამზადება) წარმოშობის შესაძლებლობა.
    ზემოთქმულის შეჯამების საფუძველზე მეტად საინტერესო სურათს მივიღებთ: ტრაპეზუნტის ე.წ. მითრას გამოსახულებიან სპილენძის საქალაქო მონეტებს პარალელი ეძებნება საქართველოში აღმოჩენილი (თუ დამზადებული) სინქრონული გემების სახით. აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არ იქნება ვივარაუდოთ ამ ღვთაების ქართველურ ნიადაგზე წარმოშობა. შესაბამისად, ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტებიც ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლთა რკალში უნდა მოექცეს, რადგან ტრაპეზუნტი კოლხეთის მიწა-წყალზე მდებარეობდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილობრივი, „ბარბაროსული“ ტომებისგან შედგებოდა და მონეტებზე მოცემული გამოსახულებანი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებული უძველეს ქართველურ რწმენა-წარმოდგენებთან.
    დაბოლოს – ერთი საკითხიც. სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია გამოთქმულია აზრი, რომ ქართველი ხალხის წარმოდგენაში წმინდა გიორგის ძველი, წარმართობისდრონდელი მთავარი ღვთაების ადგილი უნდა ეკავოს. ლიტერატურაში ასევე მრავალგზის იყო აღნიშნული, რომ წმ. გიორგის ცხოვრებასთან დაკავშირებული ფანტასტიკური მოტივები (მაგ., ბრძოლა გველეშაპთან) ქართულ ნიადაგზე უნდა იყოს აღმოცენებული და რომ „წმინდა გიორგის შესახებ ლეგენდის კლასიკური ქვეყანა“ საქართველო, შეიძლება, მის სამშობლოდ ჩაითვალოს. ტრაპეზუნტის მონეტებს ამ მიმართებით ბევრი რამის თქმა შეუძლია.
    აკად. ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველი ხალხის აზროვნებაში წმინდა გიორგის მთვარის ღვთაების ადგილი ეკავა, რომელიც წარმართულ საქართველოში მთავარი ღვთაება უნდა ყოფილიყო. მენი მთავარი ღვთაება იყო კაპადოკიაში, სადაც მესხური ელემენტის არსებობასაც გულისხმობენ. წმინდა გიორგის კულტის გენეზისს სამეცნიერო ლიტერატურაში სწორედ ამ ქვეყანას უკავშირებენ. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ მენი – მხედარი, რომელიც, შესაძლოა, შეცვალა წმინდა გიორგიმ, ახლო დგას ამ უკანასკნელთან არა მარტო ფუნქციით, არამედ იკონოგრაფიულადაც. ახალი რელიგია იღებს ძველ ფორმას.
    მაგრამ, მეორე მხრივ, ეთნოგრაფიული მასალის შესწავლის შედეგად, პროფესორი ს. მაკალათია ასკვნის, რომ წარმართულ საქართველოში წმინდა გიორგის წინამორბედი ღვთაება მირსა ან მითრა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს დასავლეთ საქართველოში დღემდე შემორჩენილი „მირსობა“, „მეჲსარობა“ და „ჯეგემისარონი“. ვ. ნოზაძის აზრით, წმინდა გიორგის კულტი არა მთვარის, არამედ მზის თაყვანისცემასთან უნდა იყოს დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მსჯელობა უკანასკნელ ხანებში თითქოს იმარჯვეს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში.
    თუ საკითხს სინკრეტიზმის პრინციპით განვიხილავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ორივე მხარე სწორ პოზიციაზე დგას. მართალია, მთვარე ერთ-ერთი მთავარი ღვთაებაა ქართველური სამყაროსთვის, მაგრამ კაპადოკიური მთვარის ღვთაება მენი „წმინდა“ სახით არ შეიძლებოდა წმინდა გიორგის უშუალოდ წინამორბედი ყოფილიყო. საკმარისია აღინიშნოს, რომ წმინდა გიორგის იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი მომენტი – ბრძოლა გველეშაპთან, მენისთვის უცხოა. როგორც ტრაპეზუნტის მონეტების ზურგის იკონოგრაფია გვიმტკიცებს, II საუკუნის დასასრულს ხდება მენის შერწყმა მითრასთან. ასტრალურ ღვთაებათა ტრიადა (მთვარე, მზე, ვარსკვლავები) ერთიანდება სინკრეტულ ღვთაებად, რომელიც უპირისპირდება მიწიერ ძალებს, მონეტებზე გამოსახული გველის სახით. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ტრაპეზუნტის მონეტებზე გამოსახული გველი მიწას აღნიშნავს.
    ამის შემდეგ ლოგიკური იქნება დავსვათ ასეთი კითხვა: ეგებ ტრაპეზუნტის მონეტებზე და საქართველოში აღმოჩენილი გემებზე გამოსახული ღვთაებაა სწორედ ის წარმართული ღვთაება, რომელიც წმინდა გიორგიმ შეცვალა. ასეთ ვარაუდს მხარს უჭერს არა მარტო წმინდა გიორგის რიტუალებში დაცული მთვარისა და მზის თაყვანისცემის გადმონაშთები, არამედ ტრაპეზუნტის მონეტებზე გამოსახული ღვთაების დიდი იკონოგრაფიული მსგავსება ცხენოსან წმინდა გიორგისთან. საკმარისია პირველ მათგანს ხელში შუბი მივცეთ, რომ ის წმინდა გიორგად იქცეს.
    გამოთქმულია მოსაზრება, რომ ცხენოსანი წმინდა გიორგის გამოსახულება ყველაზე ადრე საქართველოში ჩნდება. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე (აღიქსა და ბურდაძორში – მარნეულის რაიონი) აღმოჩენილი ადრეფეოდალური ხანის ორი სტელა ცხენოსანი წმინდა გიორგის გამოსახულებით. ბურდაძორის სტელაზე გამოსახულია შუბოსანი მხედარი წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს კლავს. იმავე სტელაზე ამოკვეთილია სიცოცხლის ხე და მედალიონებში ჩასმული ასტრალური ნიშნები (მზე, მთვარე, ვარსკვლავი). მთვარე წარმოდგენილია ხარის თავის სახით, რომელსაც ნამგალა მთვარისებრი რქები აქვს. წმინდა გიორგია გამოსახული სიცოცხლის ხესთან ერთად აღიქის სტელაზეც. ორივე სტელაზე გველეშაპი ხაზ ქვემოთაა, ისევე როგორც გველი ტრაპეზუნტის მონეტებზე. მსგავსად არის გააზრებული ტრაპეზუნტის მონეტების კომპოზიციაც: ასტრალურ მნათობთა სინკრეტული ღვთაება უპირისპირდება ხაზქვეშ გართხმულ გველს. ამ გამოსახულებათა გენეტიური კავშირი სრულიად უდავოა. დასახელებული სტელები განვითარების შემდგომი საფეხურია.
    სამონეტო ემისია ტრაპეზუნტმა ძვ. წ. IV საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ეს ხანმოკლე ეპიზოდი იყო. ახ. წ. 63 წელს მან მიიღო თავისუფალი ქალაქის სტატუსი და აქედან ეძლევა დასაბამი ამ ქალაქის ერასაც. იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წწ.) ეპოქიდან ტრაპეზუნტი, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, კვლავ იწყებს მონეტის მოჭრას.
    ტრაპეზუნტის ავტონომიური ტიპის მონეტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მოთხოვნით იჭრება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრაპეზუნტი ამ ხანებში თავისი მოსახლეობით წმინდა ჭანური ქალაქი იყო. ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ე.წ. მითრას გვერდით ბერძნული კულტების არსებობა, მაგრამ პრიორიტეტი რომ ადგილობრივ ელემენტს ეკუთვნოდა, თითქოს ეს არავისთვის არ უნდა იყოს სადავო.

ზარაფხანა: ტრაპეზუნტი.
ნომინალი: იჭრებოდა რამდენიმე ნომინალი. რემედიუმი: მაგ. 2,14 -26, 60 გრ.
თარიღი: II-III სს.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – ასზე მეტი ცალი, მაგ. გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №11749, გფ. №11750; სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის ფონდი – 7 ცალი; ბრიტანეთის მუზეუმი – 11 ცალი; ბერლინის მუზეუმი – 3 ცალი; საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა, პარიზი – რამდენიმე ათეული ცალი.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
პიტიუნტ-ბიჭვინთა ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. საანგარიშო არქეოლოგიური სესია (სას). თბ. 1962; სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ. წ. II-ახ. წ. IV სს. „დიდი პიტიუნტი“. I. თბ. 1975; ერთხელ კიდევ ტრაპეზუნტის მონეტების ზურგის იკონოგრაფიის შესახებ. „დიდი პიტიუნტი“. II. თბ. 1977; ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997; ფული საქართველოში (გ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); ΜΙΘΡΑΣ საქართველოში (ნ. სილაგაძესთან თანაავტორობით). თბ. 2010.

დ. კაპანაძე. ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ნუმიზმატიკური მონაპოვარი. საანგარიშო არქეოლოგიური სესია (სას). თბ. 1959; ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.


Г. Ф. Дундуа. Клад трапезундских монет II-III вв. из Пицунды. Материалы сессии, посвященной итогам археологических и этнографических исследовании 1964 года в СССР (тезисы докладов). Баку. 1965.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955; Нумизматические находки пицундской археологической экспедиции за 1953-1959 гг. Вестник Древней Истории (ВДИ). №4. 1966.

G. Dundua. Das numismatische Material von Pityunt (2Jh. v. Chr.-5 Jh. n. Chr.). Georgica. 18 Jahrgang. 1995 (გ. ლორთქიფანიძესთან თანაავტორობით).

T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Catalogue of Georgian Coins. Tb. 1999;  Influx of Roman Coins in Georgia. Roman Coins Outside the Empire. Ways and Phases, Contexts and Functions. Proceedings of the ESF/SCH Exploratory Wokshop. Radziwill Palace, Nieborow (Poland). 3-6 September 2005. Moneta 82. Wetteren, Belgium. 2008; Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commomwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


სამონეტო მიმოქცევა კოლხეთში/ლაზიკაში  I-IV საუკუნეებში


    კოლხეთის/ლაზიკის საზღვრებში I-IV საუკუნეების მონეტები დიდი რაოდენობითაა მიკვლეული. ამიტომ სანაპირო ზოლისთვის ჩვენ ეტალონად ვიღებთ ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალას, ხოლო შიდა რაიონებისთვის – I-III საუკუნეების რომაული მონეტების სამ განძს, რომლებიც სხვადასხვა დროს აღმოჩენილია სოფლებში, ღურზულში (გულრიფშის რაიონი. ეს სამონეტო კომპლექსი სამეცნიერო ლიტერატურაში, მათ შორის ქართულშიც, შესულია, როგორც გერზეულის განძი, დასახლების რუსული სახელწოდების მიხედვით), ეკსა (სენაკის რაიონი) და სეფიეთში (აბაშის რაიონი).

I. ბიჭვინთის ნაქალაქარი და მისი შემოგარენი:

ბიჭვინთის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1500-მდე მონეტას მიაკვლია, მათ შორის ოთხი განძია. მას შემდეგ ბიჭვინთის საზღვრებში კიდევ 114 მონეტა აღმოჩნდა, მაგრამ მათ სურათი არ შეუცვლია. ამიტომ ჩვენ რიცხვებით ოპერირებას  ძველი მონაცემებით ვაწარმოებთ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ახლად მოძიებულ მასალასაც მოვუხმობთ.

ძვ. წ. II-I საუკუნეების მონეტები:
1. ქერსონესის ძვ. წ. II საუკუნის სპილენძის მონეტა.
2. ფრიგიის ლაოდიკეას ძვ. წ. II საუკუნის სპილენძის მონეტა.
3. მითრიდატე VI ევპატორის (ძვ. წ. 120-63 წწ.) დროინდელი ტეტრახალკი.

ა) ახ. წ. I საუკუნის მონეტები:
1. იმპერატორ ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.)  დიუპონდიუსი.
2. ნერონის (54-68 წწ.) აურეუსი.
3. პონტოს მეფის პოლემონ II-ის (38-63 წწ.) დრაქმა.
4. ქალაქ ამასტრიის (შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო) ე.წ. კვაზი-ავტონომიური სპილენძის მონეტა.

ბ) II საუკუნის მონეტები:
    ბიჭვინთაში ახ. წ. II საუკუნის 60-ზე მეტი მონეტაა აღმოჩენილი. მონეტების საერთო რიცხვიდან 17 ვერცხლისაა, დანარჩენი კი – სპილენძის. მმართველების და ქვეყნების მიხედვით დიფერენცირებული მათი სია ასე გამოიყურება:

1. ადრიანე (117-138 წწ.) – 8 ცალი.
2. ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) – 5 ცალი.
3. ლუციუს ვერუსი (161-169 წწ.) – 2 ცალი.
4. ლუცილა – 1 ცალი.
5. კომოდუსი (180-192 წწ.) – 13 ცალი.
6. სეპტიმიუს სევერუსი (193-211 წწ.) – 3 ცალი.

ბოსფორის სამეფოს მონეტები:
7. კოტის II-ის (123–132 წწ.) მონეტა – 1 ცალი.
8. სავრომატ II-ის (174–210 წწ.) მონეტა –1 ცალი.

განუსაზღვრელი:
9. ზოგადად II საუკუნის დასასრულის განუსაზღვრელი მონეტები – 17 ცალი (ბიჭვინთის ჭაობიან გარემოცვაში მონეტები, განსაკუთრებით სპილენძის, ცუდად ინახება. ამიტომ მათი ზუსტი ატრიბუცია ჭირს. ამის გამო, ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა საერთო და განსაზღვრული მონეტების რიცხვი).

    ამ მონეტებიდან 30 ცალი მაინც ტრაპეზუნტშია მოჭრილი (ტრაპეზუნტის მუნიციპალური სპილენძი), ათიოდე – კაპადოკიის კესარიაში, ორი – ბოსფორის სამეფოში, შვიდი, ვერცხლი და სპილენძი – რომში, და თითო-თითო ეგზემპლარი – პაუტალიასა (თრაკია) და აღმოსავლეთის რომელიღაც ზარაფხანაში.

გ) III საუკუნის I ნახევრის მონეტები:
    III საუკუნე პიტიუნტის ცხოვრების აყვავების ხანაა. ბიჭვინთაში მიკვლეული III საუკუნის 350-ზე მეტი მონეტა ამის ნათელი ილუსტრაციაა. III საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება 250-ზე მეტი ცალი.

პიტიუნტის განძი:
149 ცალი განძის სახითაა წარმოდგენილი. პიტიუნტის განძის სტრუქტურა ასეთია:
1. II-III საუკუნეებით (ლუციუს ვერუსი (161-169 წწ.) – ფილიპე უფროსი (244-249 წწ.)) დათარიღებული ტრაპეზუნტის მუნიციპალური სპილენძი – 139 ცალი.

კესარიის ვერცხლის ემისიები:
2. ადრიანეს (117-138 წწ.) დიდრაქმა – 4 ცალი.
3. კომოდუსის (180-192 წწ.) დიდრაქმა – 1 ცალი.
4. სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) დრაქმა – 2 ცალი.
5. იულია დომნას დრაქმა – 1 ცალი.
6. გეტას (209-212 წწ.) დრაქმა – 1 ცალი.
7. კარაკალას (211-217 წწ.) დრაქმა – 1 ცალი.

    განძის ჩამარხვის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარია 245 წელი. შესაძლოა, ფული გადამალეს 252 წელს ყირიმელი გუთების თავდასხმის საშიშროებასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, პიტიუნტსა და დიოსკურია/სებასტოპოლისში 238 ცალი ტრაპეზუნტული მუნიციპალური სპილენძის მონეტაა ნაპოვნი.
    ზოგადად, 250-ზე მეტი მონეტა მოჭრილია შემდეგი იმპერატორებისა და მათი მეუღლეების სახელით:

1. სეპტიმიუს სევერუსი (193-211 წწ.).
2. იულია დომნა.
3. კარაკალა (211-217 წწ.).
4. გეტა (209-212 წწ.).
5. ელაგაბალუსი (218-222 წწ.).
6. ალექსანდრე სევერუსი (222-235 წწ.).
7. იულია მეზა.
8. გორდიანე III (238-244 წწ.).
9. ტრანკუილინა.
10. ფილიპე I (244-249 წწ.).
11. ოტაცილია სევერა.
12. ფილიპე II (247-249 წწ.).

    III საუკუნის პირველი ნახევრის მონეტათა აბსოლუტური უმრავლესობა მცირე აზიის ზარაფხანებშია მოჭრილი (191 ცალი ტრაპეზუნტის მუნიციპალური სპილენძია, 31 – კესარიაში მოჭრილი ვერცხლის მონეტები, 3 – ნეოკესარიის სპილენძი, 1 – სინოპეშია მოჭრილი, 1 – ამისოში (?) და 1 – ნიკომედიაში). სახეზე გვაქვს პიტიუნტ-ბიჭვინთის  უაღრესად მჭიდრო კავშირი ტრაპეზუნტთან, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე საუბარი ძნელია.

დ) III საუკუნის მეორე ნახევრის მონეტები:
    III საუკუნის II ნახევრის 100-ზე მეტი მონეტაა ბიჭვინთაში აღმოჩენილი. ისინი, ძირითადად, სპილენძისაა. აქედან, 70 მოჭრილია რომში, მათ შორის ანტონინიანებიც; ანტიოქიაში – 11; კიზიკში – 6; სხვა ზარაფხანები – მედიოლანუმი, ტიცინუმი, სისცია, თესალონიკა – თითო ცალითაა წარმოდგენილი.

 მონეტები მოჭრილია შემდეგი იმპერატორების სახელით:
1. ტრებონიანე გალუსი (251-253 წწ.).
2. ვოლუსიანე (251-253 წწ.).
3. გალიენე (253-268 წწ.).
4. სალონინა.
5. კლავდიუს II გოთელი (268-270 წწ.).
6. ავრელიანე (270-275 წწ.).
7. ტაციტუსი (275-276 წწ.).
8. პრობუსი (276-282 წწ.).
9. კარინე (283-285 წწ.).
10. დიოკლეტიანე (284-305 წწ.).
11. მაქსიმიანე (286-305, 306-308, 310 წწ.).
12. კონსტანციუს I ხლორუსი (293-306 წწ.).
13. გალერიუსი (293-311 წწ.).

ბოსფორის სამეფოს მონეტები:
1. ბიჭვინთაში აღმოჩენილია ბოსფორის მეფის რისკუპორიდ V-ის (240-267 წწ.) 264 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა.

ე) IV საუკუნის მონეტები:
    ბიჭვინთაში IV საუკუნის 500-ზე მეტი მონეტაა აღმოჩენილი . აქედან, 310 ცალი განძში იყო თავმოყრილი. განძი რომაული სპილენძის მცირე ზომის მონეტებისგან შედგება. ისინი მოჭრილია შემდეგი იმპერატორების  სახელით:

1. კონსტანტინე I (306-337 წწ.)  – 11 ცალი.
2. ელენე – 4 ცალი.
3. კონსტანტინე I (გარდაცვალების შემდგომი ემისია) – 52 ცალი.
4. კონსტანტინე II (337-340 წწ.) – 6 ცალი.
5. კონსტანციუს II  (337-361 წწ.) – 102 ცალი.
6. კონსტანსი (337-350 წწ.) – 75 ცალი.
7. კონსტანციუს II ან კონსტანსი (337-350 წწ.) – 60 ცალი.

    ზარაფხანების მიხედვით, განძის მონეტები ასე ჯგუფდება: კონსტანტინოპოლი – 20; ანტიოქია – 87; ნიკომედია  – 51; კიზიკი – 31; ალექსანდრია  –  10; სისცია – 9; თესალონიკა – 1;  განუსაზღვრელი  – 101.

ცალკეული აღმოჩენები:

 ცალკეული აღმოჩენები შემდეგ სახელებს წარმოგვიდგენს:

1. ლიცინიუსი (308-324 წწ.).
2. კონსტანტინე I (306-337 წწ.).
3. ელენე
4. კრისპუსი
5. კონსტანტინე I (გარდაცვალების შემდგომი ემისია).
6. კონსტანტინე II (337-340 წწ.).
7. კონსტანციუს II (337-361 წწ.).
8. კონსტანსი (337-350 წწ.).
9. ვალენტინიანე II (375-392 წწ.).

ზარაფხანები: ანტიოქია – 30; კონსტანტინოპოლი – 20; ნიკომედია – 11; კიზიკი – 5; თესალონიკა – 6; სისცია – 7; ტრირი – 1; სირმიუმი – 1; ალექსანდრია – 1; განუსაზღვრელი – 127. 

ბოსფორის სამეფოს მონეტები:
1. რისკუპორიდ VI-ის (318-333 წწ.) მონეტა.

II. განძები ჰინტერლანდიდან:

ა) ღურზულის (გერზეულის) განძი:
    1926 წელს სოფელ ღურზულში (გულრიფშის რაიონი, მერხეულის სასოფლო საბჭო, ცენტრიდან 4 და ზღვიდან 11-12 კილომეტრის დაცილებით) შემთხვევით აღმოჩნდა დიდი განძი, რომელიც, სამწუხაროდ, გაიფანტა. ცნობილმა არქეოლოგმა მ. ივაშენკომ მოახერხა განძის გადარჩენილი ნაწილის (469 ცალი) შესწავლა და მისი პუბლიკაცია ნ. ა. ზოგრაფის კომენტარით. განძის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი უცხოური მონეტები:

1. ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) დენარი – 1 ცალი.

კესარიული ვერცხლის ემისიები:
2. ნერონი (54-68 წწ.) – 1 ცალი.
3. ვესპასიანე (69-79 წწ.) – 30 ცალი.
4. დომიციანე (81-96 წწ.) – 9 ცალი.
5. ნერვა (96-98 წწ.) – 22 ცალი.
6. ტრაიანე (98-117 წწ.) – 165 ცალი.
7. ადრიანე (117-138 წწ.)  – 90 ცალი.
8. ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) და მარკუს ავრელიუსი  – 122 ცალი.
9. ლუციუს ვერუსი – 28 ცალი.

    ნომინალები: ჰემიდრაქმა, დრაქმა, დიდრაქმა.
    უნდა აღინიშნოს, რომ განძის შემადგენლობაში შედიოდა ერთადერთი ადგილობრივი მონეტა – ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძი.

ბ) ეკის განძი:
    აღმოჩენილია სენაკის რაიონის სოფელ ეკში მცხოვრებ ტოჩი ნინუას ეზოში 1971 წელს, მიწის სამუშაოების დროს. განძი თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. მისი გადარჩენილი ნაწილი 907 ვერცხლის მონეტისაგან შედგება. განძის ერთი მონეტა პართული დრაქმაა, რაც საკმაოდ იშვიათია ამ მხარისთვის. განძის სტრუქტურა ასეთია:

1. ოროდ II-ის (ძვ. წ. 57-38/37 წწ.) პართული დრაქმა – 1 ცალი.
2. ნერვას (96-98 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 1 ცალი.
3. ტრაიანეს (98-117 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 2 ცალი.
4. ადრიანეს (117-138 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 712 ცალი.
5. ანტონინუს პიუსის (138-161 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 55 ცალი.
6. ლუციუს ვერუსის კესარიული დიდრაქმა – 1 ცალი.
7. კომოდუსის (180-192 წწ.) რომში მოჭრილი დენარი – 1 ცალი.
8.  პერტინაქსის (193 წ.) რომში მოჭრილი დენარი – 5 ცალი.
9. პესცენიუს ნიგერის (193-194 წწ.) რომში მოჭრილი დენარი – 1 ცალი.
10. სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.)  დენარი – 101 ცალი (ზარაფხანები: რომი (12), აღმოსავლეთი (84), ალექსანდრია (5)).
11. იულია დომნას დენარი – 14 ცალი, მოჭრილი რომში (5) და აღმოსავლეთის ზარაფხანაში (9), და კესარიული დრაქმა – 1 ცალი.
12. კარაკალას (211-217 წწ.) რომში მოჭრილი დენარი – 2 ცალი, და კესარიული დრაქმა – 1 ცალი.
13. გეტას (209-212 წწ.) რომში ან ანტიოქიაში მოჭრილი დენარი – 1 ცალი და კესარიული დრაქმა – 1 ცალი.
14. ელაგაბალუსის (218-222 წწ.) კესარიული დრაქმა – 1 ცალი.
15. ალექსანდრე სევერუსის (222-235 წწ.) დენარი – 6 ცალი, მოჭრილი რომში (1) და აღმოსავლეთის ზარაფხანაში (5).

    სულ, კესარიული პროდუქცია 775 ცალია, დენარები – 131, უმეტესწილად მოჭრილი აღმოსავლეთის ზარაფხანებში. კესარიული პროდუქციიდან აბსოლუტური უმრავლესობა (771 ცალი) დიდრაქმებია, 4 ცალი დრაქმაა.
    განძის გვიანდელი მონეტა ალექსანდრე სევერუსის ეპოქას განეკუთვნება. მისი ემისიის წელია 222. სხვა სიტყვებით, ეკის განძი დამარხულია 222 წელს ან 222 წლის შემდეგ.

გ) სეფიეთის განძი:
    განძი აღმოჩენილია შემთხვევით, 1931 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში, ადგილობრივ მცხოვრები ანტონ გვაჯიას მიერ, საკუთარ ეზოში მიწის სამუშაოების დროს. განძი მოთავსებული ყოფილა თიხის კოჭობში. თავის დროზე განძი გამოაქვეყნა პროფესორმა ს. მაკალათიამ. ის შედგება 377 ვერცხლის მონეტისაგან და მათი სია იმპერატორების მიხედვით ასე გამოიყურება:

1. ტრაიანე (98-117 წწ.)  – 2 ცალი.
2. ადრიანე (117-138 წწ.) (?) – 1 ცალი.
3. ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) – 3 ცალი.
4. მარკუს ავრელიუსი (161-180 წწ.) – 6 ცალი.
5. კომოდუსი (180-192 წწ.) – 33 ცალი.
6. კრისპინა  – 1 ცალი.
7. პერტინაქსი (193 წ.) – 1 ცალი.
8. პესცენიუს ნიგერი (193-194 წწ.) – 1 ცალი.
9. კლოდიუს ალბინუსი (193-197 წწ.) – 7 ცალი.
10. სეპტიმიუს სევერუსი (193-211 წწ.)  – 227 ცალი.
11. იულია დომნა – 27 ცალი.
12. გეტა (209-212 წწ.) – 9 ცალი.
13. კარაკალა (211-217 წწ.) – 18 ცალი.
14. ელაგაბალუსი (218-222 წწ.) – 10 ცალი.
15. ალექსანდრე სევერუსი (222-235 წწ.)– 31 ცალი.

    განძის უმრავლესობას რომაული დენარები შეადგენს – 365 ცალი (ზარაფხანები: ემესა (158), რომი (118), აღმოსავლეთის ზარაფხანა (62)). ამას ემატება მცირე რაოდენობით კესარიული ვერცხლი (11). სეპტიმიუს სევერუსის მონეტები (227 ცალი) დომინირებს განძში, მათი უმრავლესობა 194 წელს არის მოჭრილი ემესაში. ალბათ, 222 წ. დათარიღებულ ალექსანდრე სევერუსის ემისიას შეუძლია განძის ჩამარხვის გარკვეული თარიღის შემოთავაზება.
     
   III. უცხოური ფული არგვეთში:

    კოლხეთის/ლაზიკის და ქართლის/იბერიის I-IV საუკუნეების სამონეტო მიმოქცევის სრული სურათის აღსადგენად საჭიროა სქემატურად მაინც შევეხოთ კიდევ ერთ მხარეს, რომელიც ეკონომიკური კუთხით კოლხეთია, ხოლო პოლიტიკურად ამ დროს დაკავშირებულია იბერიასთან. ესაა ისტორიული არგვეთის ტერიტორია.
    არგვეთის სამონეტო ბაზარი ეკლექტიკურ ხასიათს ატარებდა. აქ პარალელურად მიმოიქცეოდა ოთხი კატეგორიის მონეტები: ავგუსტეს დენარები, ზოგადად საერთო საიმპერიო დენარები, პართული დრაქმები და კესარიული ვერცხლი. ბოლო ხანებში აქ აღმოჩნდა აგრეთვე IV საუკუნის რომაული ოქროს მონეტები.

ა) რომაული მონეტები:
1. ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) დენარი, მოჭრილი გალიის (ლუგდუნუმი) ზარაფხანაში ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში – 56 ცალი (აღმოჩნდა სხვადასხვა ადგილას).
2. ტიბერიუსის (14-37 წწ.) დენარი – 1 ცალი (აღმოჩენის ადგილი სოფელი ჯუღელი (ზესტაფონის რაიონი)).
3. კალიგულას (37-41 წწ.)  დენარი – 1 ცალი (აღმოჩნდა ბორში).
4. ნერონის (54-68 წწ.) კესარიული ჰემიდრაქმა – 1 ცალი (აღმოჩნდა ბორში).
5. ნერვას (96-98 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 3 ცალი (აღმოჩნდა კლდეეთში).
6. ტრაიანეს (98-117 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 1 ცალი (აღმოჩნდა ბორში).
7. ადრიანეს (117-138 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 2 ცალი (აღმოჩნდა კლდეეთში) და კესარიული ჰემიდრაქმა – 2 ცალი (აღმოჩნდა ბორში).
8. ანტონინუს პიუსის (138-161 წწ.) კესარიული დიდრაქმა – 2 ცალი (აღმოჩნდა კლდეეთში).
9. ფაუსტინა უმცროსის დენარი – 1 ცალი (აღმოჩნდა ბორში).
10. იულია დომნას დენარი, მოჭრილი ლაოდიკეას ზარაფხანაში – 1 ცალი.
11. კონსტანტინე I-ის (306-337 წწ.) სოლიდი, მოჭრილი სისციაში –1 ცალი.
12. კონსტანციუს II-ის (337-361 წწ.) სოლიდი, მოჭრილი ანტიოქიაში – 2 ცალი.
13. კონსტანტინე I-ის (306-337 წწ.) სემისი, მოჭრილი კონსტანტინოპოლში – 1 ცალი.
14. კონსტანციუს II-ის (337-361 წწ.) სემისი, მოჭრილი ანტიოქიაში – 1 ცალი.
15. კონსტანციუსის II-ის ტრიენსი, მოჭრილი ანტიოქიაში – 1 ცალი.

ბ) პართული მონეტები:
1. ე.წ. გოტარზე I-ის (40/1-51 წწ.) დრაქმები – 19 ცალი (კლდეეთი –  8 ცალი, ბორი – 9 ცალი, ზესტაფონი – 1 ცალი, ილემი – 1 ცალი).

გ) პონტოს სამეფოს მონეტები:
1. პოლემონ II-ის (38-63 წწ.) დრაქმა, მოჭრილი 57/58 წლებში – 1 ცალი.