ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები
ტიპი: ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები

აღწერა,ფოტო:
ოქრო.

რემედიუმი: 1,6 გრ.-3,7 გრ. d=13-18/19 მმ.

შუბლი: არანატურალისტური თავის გამოსახულება მარჯვნივ.

ზურგი: ხარისთავიანი ან ვერძისთავიანი ნიკეს სქემატური გამოსახულება პირდაპირ.



სამეცნიერო კომენტარი:    
    ისევე როგორც ანტიკურ სახელმწიფოთა ცხოვრების ყველა სფეროში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა გადატრიალება მოახდინა სამონეტო საქმეშიც. ამ განუმეორებელი პიროვნების ფულადმა სისტემამ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა თითქმის მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი მხედართმთავრებიდან (დიადოხოსები) ერთ-ერთმა გამორჩეულმა, თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქემ ალექსანდრეს გამოსახულებით მოჭრა მონეტები, რომლებმაც ასევე დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალექსანდრეს და ლისიმაქეს მონეტები იმდენად პოპულარული იყო ძველ მსოფლიოში, რომ ამ მონარქების გარდაცვალების შემდეგ ორი-სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ორივე სამონეტო ტიპის მოჭრა მათივე სახელით, სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა იურიდიული ორგანოს (თუ პირის) მიერ.
    კოლხური თეთრის ემისიის შეწყვეტაც სწორედ ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მასობრივ შემოსვლასთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, მოგვიანებით, ძველი კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტები ტიპოლოგიურად სწორედ ალექსანდრეს და ლისიმაქეს სახელით მოჭრილ სტატერებს უკავშირდება, მათი იმიტაციაა. მათგან ყველაზე ადრეულია აკის სტატერი (შუბლი: ალექსანდრე მაკედონელის თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი: მარცხნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვენა გაშლილ ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი ტახტის სახელურს ეყრდნობა. ტახტის უკან მოთავსებულია ფარი. ათენა პალადას ქვემოთ სამთითა, რომლის ორსავე მხარეს პატარა დელფინებია გამოსახული. ამ კომპოზიციის უკან ბერძნული ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ, წინ – ΑΚΟΥ). აკის სტატერი (წონა – 8,45 გრ. ბაჯაღლო ოქრო) ზუსტი ასლია ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს იმ მონეტებისა, რომელთა ემისიას აწარმოებდა ქალაქი ბიზანტიონი ძვ. წ. 195 წლის შემდგომ ხანებში. აკის სტატერი ძვ. წ. II საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება.
    მონეტების აღმოჩენათა ტოპოგრაფია ამტკიცებს მათ ადგილობრივ, კოლხურ წარმოშობას – აღმოჩენილია ქალაქ ტრაპეზუნტში (1865 წ.), რომელიც ძველად კოლხეთის საზღვრებში შედიოდა და ხონის რაიონის სოფ. კინჩხაში (1946 წ.).
    აკის სტატერს მოსდევს ადგილობრივ მოჭრილი ოქროს მინაბაძების მთელი სერია, ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები.
    აღნიშნული მონეტები სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან. მათ ქართულ წარმომავლობას ამტკიცებს აღმოჩენათა ტოპოგრაფია და სტილისტურ-ფაქტურული მონაცემები. ერთი სიტყვით, საბოლოოდ დადასტურებულია მათი წარმოშობის ქართული ხასიათი. მაგრამ ამ მონეტებთან დაკავშირებული რიგი საკითხებისა დღემდე დაუზუსტებელია – სრულებით გაუგებარია, ვინ ჭრის მათ, სახელმწიფო ხელისუფლება, თუ სხვა რომელიმე ორგანო, ან კერძო პირი, ვისი კომპეტენციაა მათი ემისია და ა. შ.
    საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II საუკუნის 80-იანი წლების შემდგომი პერიოდიდან იწყება და ძვ. წ. I საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე გრძელდება ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძების (შუბლი: არანატურალისტური თავის გამოსახულება მარჯვნივ. თმის სოლარული ვარცხნილობა ხშირად შემკულია ჩიტების გამოსახულებით. ზურგი: ტახტზე მჯდომი ათენას სქემატური გამოსახულება მარცხნივ/მარჯვნივ. ხელში ნიკე უჭირავს. ქვემოთ სამთითა) ემისია. დროთა განმავლობაში ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძების გამოსახულებანი თანდათან უხეშდება, სქემებად იქცევა და ძალიან სცილდება ორიგინალებს. გარდა ამისა, უარესდება მონეტების სინჯი და ეცემა წონა (რემედიუმი: 1,1 გრ.-7,9 გრ.).
    რაც შეეხება ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერების ქართულ მინაბაძებს, მათ ადრეულ ცალებს ჩვენამდე არ მოუღწევია. აღმოჩენილი ცალებიდან ირკვევა, რომ ამ კატეგორიის მინაბაძების წონაც თანდათან ეცემა (რემედიუმი: 1,6 გრ.-3,7 გრ.) და უარესდება სინჯი. ბოლოსდაბოლოს ისინი ვერცხლის მონეტებად იქცა.
    ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები აღმოჩენილია კარგად დათარიღებულ მონეტებთან ერთად და ასევე კარგად დათარიღებულ სამარხებში, რის საფუძველზეც მათი ემისიის ქრონოლოგიური დიაპაზონი განისაზღვრება ძვ. წ. I-ახ. წ. I საუკუნეებით. რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ დღემდე მოღწეულ ცალებს.
    იმის საფუძველზე, რომ ადრე ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები უფრო აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდებოდა, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრება მათი იბერიული გენეზისის შესახებ; სახელად ამ მონეტებს იბერიული სტატერი უწოდეს (აღმოჩენათა ტოპოგრაფია, პირიქით, ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართულ მინაბაძებს უფრო დასავლურქართულად წარმოაჩენდა. ამიტომ, მათ კოლხური სტატერი უწოდეს). თუმცა დღეისათვის აღნიშნული მოსაზრების გაზიარება ძნელდება. ჯერ ერთი, მინაბაძების კატეგორიას არ შეიძლება ეწოდოს სტატერი და, მეორეც, ახალმა აღმოჩენებმა შეცვალა მათი გავრცელების სურათი – აღმოსავლეთ საქართველოში ალექსანდრეს ტიპის სტატერების მინაბაძები მიკვლეულია 14 ცალის რაოდენობით, არგვეთში, რომელიც პოლიტიკურად ხანდახან იბერიის სამეფოს ექვემდებარებოდა, 19 ცალის რაოდენობით, ე.ი. სულ 33 ცალი. დასავლეთ საქართველოში კი მათი რიცხვი 26-ს აღწევს.
    ამრიგად, აღნიშნული კატეგორიის მინაბაძები საერთო ქართული მოვლენაა (ისევე როგორც ლისიმაქეს სახელით მოჭრილი სტატერების ქართული მინაბაძები – 18 მათგანი მიკვლეულია დასავლეთ საქართველოში, 8 – აღმოსავლეთში). უმჯობესია ვიხმაროთ ტერმინი: ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები (ანალოგიურად – ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები).
    რაც შეეხება ე.წ. „ბარბაროსული“ მინაბაძების გენეზისის მიზეზებსა და მათ ფუნქციას, უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო წრეებში მათ წარმოშობასთან დაკავშირებით არავითარი უთანხმოება არაა. ერთხმადაა აღიარებული, რომ, როდესაც ფართოდ გავრცელებული და პოპულარული მონეტების შემოსვლა კლებულობს ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე, ამ „ვაკუუმის“ შევსება მინაბაძების საშუალებით ხდება. სხვა საკითხია, ვინ ახორციელებს მათ ემისიას – სახელმწიფო ხელისუფლება, თუ კერძო პირები, რომლებიც არაეკვივალენტური სუროგატებით ამარაგებენ ბაზარს. ეს ურთულესი პრობლემაა. გამოთქმულია მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები კოლხეთში იჭრებოდა. ამას, სხვა მომენტებთან ერთად, ისიც ამტკიცებს, რომ ამ ფულების ლოგიკური ემიტენტი სწორედ დასავლეთ საქართველოშია სავარაუდებელი – ძვ. წ. II საუკუნიდან კოლხეთში ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი იწყება, რაც დაკავშირებულია ქვეყნის სოციალურ რეორგანიზაციასთან, რასაც დასჭირდებოდა სწორედ ინფლაციური ფულის გამოყენება. ასეთი რამ იბერიაში არ ხდებოდა, შესაბამისად, მონეტები კოლხეთში უნდა მოეჭრათ. მათ, სავარაუდოდ, კოლხი სკეპტუხები ჭრიდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფულები იბერიაში არ ვრცელდებოდა და ზოგიერთი ცალი, შესაძლოა, იატაკქვეშა ზარაფხანის პროტოტიპიც გახდა.
    დაბოლოს, აქვს თუ არა მინაბაძებს ფულის ფუნქცია? მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს. ამაზე მიუთითებს ცალკეული ცალების შედარებითი სრულყოფილება, მაღალი წონა და სინჯი, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ იმიტაციები აღმოჩენილია სხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, კანონიერ მონეტებთან ერთად განძებში. ასე რომ, მინაბაძების ეკონომიკური ბუნება დავას არ უნდა იწვევდეს.

ზარაფხანა: უცნობია
ნომინალი: ოქრო. 1,6 გრ.-3,7 გრ.
თარიღი: ძვ. წ. I-ახ. წ. I სს.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 40-ზე მეტი ცალი. გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №2227, გფ. №4806, გფ. №4807, გფ. №4873, გფ. №4874, გფ. №5088, გფ. №5252, გფ. №5320, გფ. № 5321, გფ. №5389, გფ. №№8688-8697, გფ. №№9208-9212, გფ. №№9272-9284, გფ. №12170, გფ. №14591, გფ. №16887; ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №47, ქფ. №48, ქფ. №1584, ქფ. №№1696-1698, ქფ. №3759.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა. საქართველოში გავრცელებული ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილი მონეტები. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების სერია. №1. თბ. 1973; ფული საქართველოში (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე.
ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

Г. Ф. Дундуа.
Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

А. Н. Зограф.
Античные золотые монеты Кавказа. Известия Государственной Академии Истории Материальной Культуры (ИГАИМК). вып. 110. 1935;  Распространение находок античных монет на Кавказе. Труды Отдела Нумизматики Государственного Эрмитажа (ТОНГЭ). т. I. Л. 1945.

Д. Г. Капанадзе.
Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов.
Монеты Грузии. ч. I. СПб. 1910; Монеты Грузии. ч. I-II. Тб. 1970.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. IV-III საუკუნეების უცხოური ოქროს ფული
ქართულ სამონეტო ბაზარზე

ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი მონეტები

ა) ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი სტატერები:
1. ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ოქროს მონეტები აღმოჩენილია სვანეთში (სხვადასხვა ადგილას) – 367 ცალი (მათი უმრავლესობა განძებში იყო თავმოყრილი), რეყეში (ზუგდიდის რაიონი) – 2, ვანში – 2, თითო-თითო ცალი – ფიჭვნარში, ლენტეხში, ფარცხანაყანევში (წყალტუბოს რაიონი), გულრიფშის რაიონში, ჭიორასა (ონის რაიონი) და მცხეთაში. შუბლი – გრძელთმიანი ათენას თავის გამოსახულება კორინთულ მუზარადში მარჯვნივ. მუზარადზე ზოგჯერ დაკლაკნილი გველია გამოსახული. ასევე ზოგჯერ, ქალღმერთს ყელზე მძივები უკეთია და ყურებზე საყურე ჰკიდია. ზურგი – გრძელ ქიტონში ჩაცმული ფრთოსანი ნიკეს გამოსახულება მთელი ტანით მარცხნივ. მარჯვენა ხელში მას გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში – სტილიდა. ადრეულ ცალებზე მის უკან მოთავსებულია ბერძნული ზედწერილი: ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. მოგვიანო ცალებზე გამოსახულების წინ – ΒΑΣΙΛΕΩΣ, უკან – ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. გარდა ამისა, მონეტის არეზე ამოკვეთილია სხვადასხვა მონოგრამები და სიმბოლოები, რომელთა მეშვეობით ხერხდება ზარაფხანების დადგენა (საშუალო წონა – 8,50 გრ. ბაჯაღლო ოქრო).

ბ) ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტები (სხვადასხვა ნომინალები):
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის ვერცხლის მონეტებიდან ორი დრაქმაა და ერთი ტეტრადრაქმა. გავრცელების ტოპოგრაფია ასეთია: ქუთაისი, ყვირილას მიდამოები და კაჭრეთი (გურჯაანის რაიონი). შუბლი – ახალგაზრდა ჰერაკლეს თავის გამოსახულება ლომის ტყავში მარჯვნივ. მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს. ზურგი – ტახტზე მჯდომი ზევსის გამოსახულება მარცხნივ. მას მარჯვენა ხელზე არწივი უზის. გამოსახულების უკან მოთავსებულია ბერძნული ზედწერილი: ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. მონეტის არეზე სხვადასხვა მონოგრამები და სიმბოლოები.


მაკედონიის მეფის ფილიპე III-ის (ძვ. წ. 323-316 წწ.) ოქროს სტატერები:

3. საქართველოს ტერიტორიაზე ფილიპე III-ის ორი მონეტაა ნაპოვნი, ერთი შემთხვევით, აგუძერაში (აფხაზეთი) ზღვის ნაპირას, და მეორე – ვანში, არქეოლოგიური გათხრების დროს. მაკედონიის მეფე ფილიპე III-ის ოქროს მონეტა უცვლელად იმეორებს ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ტიპს, განსხვავებაა მხოლოდ ლეგენდაში: ΦΙΛΙΠΠΟΥ.


ლისიმაქეს (თრაკია-მაკედონიის მეფე – ძვ. წ. 306-282 წწ.) სახელით მოჭრილი სტატერები და ვერცხლის მონეტები (ისინი ერთტიპიურია):

4. საქართველოს ტერიტორიაზე ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ექვსი სტატერია ნაპოვნი. აქედან ორი მონეტა მიკვლეულია სვანეთში, ორი – ვანში, თითო-თითო – ეკსა (სენაკის რაიონი) და გულრიფშში. ვერცხლის ორი მონეტიდან ერთი აღმოჩენილია ვანში და ერთიც მაკრიალასთან (ადრე შედიოდა ბათუმის ოლქში, ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). შუბლი – მარჯვნივ მიმართული ალექსანდრე მაკედონელის თავის გამოსახულება დიადემაში. ზურგი – მარცხნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვენა გაშლილ ხელში ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი შუბსა და ფარს ეყრდნობა. გამოსახულების უკან ბერძნული ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ, წინ – ΛΙΣΙΜΑΧΟΥ. მონეტის ზურგზე დამატებითი სიმბოლოები და მონოგრამებია მოთავსებული იმის მიხედვით, თუ რომელ ზარაფხანაშია მოჭრილი ესა თუ ის ცალი.


პანტიკაპეიონის (თანამედროვე ქერჩი) სტატერები (ძვ. წ. IV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი):

5. პანტიკაპეიონის სტატერები, დაახლოებით 30-32 ცალი, აღმოჩნდა სვანეთში განძის სახით, ხოლო ერთი – სამეგრელოს რეგიონში. შუბლი – მარცხნივ მიმართული წვეროსანი სატირის თავის გამოსახულება სუროს გვირგვინში. ზურგი – მარცხნივ მიმართული ლომისთავიანი გრიფონის გამოსახულება, მის ქვემოთ პურის თავთავი. ბერძნული ზედწერილი: ΠΑΝ – გადმოცემს ქალაქის სახელს.


სირაკუზი (სიცილია), ჰიერონ II-ის (ძვ. წ. 275/4-216 წწ.) ნახევარსტატერი:

6. ეს ოქროს მონეტა აღმოჩნდა ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა შორეული სიცილიის მონეტების აღმოჩენისა საქართველოში. შუბლი – მარცხნივ მიმართული პერსეფონეს თავის გამოსახულება. ზურგი – მარჯვნივ მიმართული გამარჯვების ქალღმერთი ნიკე ორცხენიან ეტლზე. ბერძნული ლეგენდა ჰიერონის სახელით.