1804-1834 წლებში თბილისში მოჭრილი რუსულ-ქართული მონეტები გვირგვინის გამოსახულებით
ტიპი: 1804-1834 წლებში თბილისში მოჭრილი რუსულ-ქართული მონეტები გვირგვინის გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
ვერცხლი.

1. ორი აბაზი, ანუ 40 კაპიკი. ვერცხლი. წონა – 6,23 გრ. d=25 მმ.

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი –  ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „უ“ (400) (ორი აბაზი უდრის 400 სპილენძის უკნინეს საანგარიშო ერთეულს – ავტ.)/ქართული/თეთრი/ჩყდ (1804 წ.). რუსული ზედწერილი, ოსტატის ინიციალები: П. З.


2. აბაზი, ანუ 20 კაპიკი. ვერცხლი. წონა – 3,09 გრ. d=19 მმ.

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი – ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „ს“ (200)/ქართული/თეთრი/ჩყვ (1806 წ.). რუსული ზედწერილი, ოსტატის ინიციალები: А. К.


3. უზალთუნი, ანუ 10 კაპიკი. ვერცხლი. წონა – 1,55 გრ. d=16 მმ.

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი  – ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „რ“ (100)/ქართული/თეთრი/ჩყე (1805 წ.). რუსული ზედწერილი, ოსტატის ინიციალები: П. З.


სპილენძი.

4. ბისტი, ანუ 2 კაპიკი. სპილენძი. წონა – 14,87 გრ. d=30/31 მმ.

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი – ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „კ“ (20)/ქართული/ფული/ჩყი (1810 წ.).


5. ნახევარი ბისტი, ანუ 1 კაპიკი. სპილენძი. წონა – 6,96 გრ. d=24/25 მმ.  

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი  – ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „ი“ (10)/ქართული/ფული/ჩყი (1810 წ.).


6. ფული, ანუ ნახევარი კაპიკი. სპილენძი. წონა – 3,9 გრ. d=20 მმ.  

შუბლი: საქალაქო კბილანა გვირგვინი, პალმის და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი  – ტფილისი.

ზურგი: ქართული ზედწერილი: „ე“ (5)/ქართული/ფული/ჩყე (1805 წ.).



სამეცნიერო კომენტარი:
    1801 წელს ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ის რუსულ ადმინისტრაციას დაექვემდებარა. თბილისის ძველი ზარაფხანა გაუქმდა. მაგრამ ამ ღონისძიებამ იმპერია ახალი პრობლემების წინაშე დააყენა. საქმე ის იყო, რომ საქართველოში რუსეთის სახელმწიფოს ჩინოვნიკები და რუსული ჯარი ხელფასს რუსეთიდან შემოტანილი ფულით ღებულობდნენ. ეს კი დიდ სირთულეებთან და დაგვიანებასთან იყო დაკავშირებული. რეგიონი ვერცხლის და სპილენძის მონეტების დეფიციტს განიცდიდა. პეტერბურგიდან და ეკატერინბურგიდან გადმოსროლილი თანხა ამ „ვაკუუმს“ ვერ ავსებდა. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება გადასახადებს ვერცხლის ფულით კრეფდა და, სამაგიეროდ, მოსახლეობას ასიგნაციებს სთავაზობდა, რაც მათ პროტესტს იწვევდა. საქართველოში ასიგნაციებს არავინ ღებულობდა. ვერცხლის და სპილენძის მონეტების დეფიციტმა გამოიწვია ვერცხლთან შეფარდებით ოქროს კურსის (ჰოლანდიური დუკატები, ლობანჩიკები) მკვეთრი დაცემა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩერვონეცის კურსი არ დაცემულა. ე.ი. დაბალ ფასებში ნაყიდი ჩერვონეცი ქვეყნიდან გაედინებოდა, სომეხი ვაჭრები ამით დიდად სარგებლობდნენ. დამატებით, ირანული საქონლის მოზღვავებამ ირანში ლითონის ფულის დიდი რაოდენობით გადინება გამოიწვია. ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა ფულის დეფიციტი.
    ზემოთქმულის გამო, მეფის მთავრობა იძულებული გახდა ეფიქრა თბილისის ზარაფხანის აღდგენასა და ადგილობრივად, ვერცხლის და სპილენძის მონეტების ემისიაზე. დაიწყო მუშაობა მომავალი სამონეტო ტიპის დიზაინზე, რომელიც რუსეთში არსებული სისტემის მიხედვით უნდა ყოფილიყო მოჭრილი, მაგრამ, გარეგნულად – ქართული იერის მატარებელი. „ლიბერალურად“ განწყობილმა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ინება, რომ ქართულ მონეტაზე „რუსული არაფერი ყოფილიყო“.
    ახალი „ქართული“ მონეტის რამდენიმე პროექტი იყო განხილული. საბოლოოდ, ისეთ მონეტაზე შეჩერდნენ, რომელზედაც საკუთარი სახელი მოხსენიებული არ უნდა ყოფილიყო და მას „ავტონომიური“, საქალაქო მონეტის სახე უნდა მისცემოდა.
    1804 წლის 15 სექტემბერს სამეფო აბანოს ყოფილ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა თბილისის ზარფხანა, რაც საგანგებო მედლის მოჭრითაც აღინიშნა.
    თბილისის ზარაფხანის ვერცხლის და სპილენძის მონეტებისთვის რუსეთის მთავრობამ  საერთო ტიპი შეიმუშავა და დაამტკიცა.
    ვერცხლის მონეტები თბილისში იჭრებოდა 1804-1834, ხოლო სპილენძისა – 1804-1810 წლებში. ვერცხლისგან მოიჭრა შემდეგი ნომინალები: 40, 20 და 10 კაპიკი, სპილენძისგან – 2, 1 და ნახევარი კაპიკი. თარიღის მსგავსად, ნომინალებიც ქართული ანბანის რიცხვითი მნიშვნელობების საშუალებით აღინიშნებოდა: „უ“ (=400), „ს“ (=200) და „რ“ (=100) 40, 20 და 10 კაპიკისთვის, და „კ“ (=20), „ი“ (=10) და „ე“ (=5) 2, 1 და ნახევარი კაპიკისთვის. ვერცხლის მონეტების თარიღის ქვეშ ამოკვეთილი მომცრო ზომის რუსული ინიციალები ასეთნაირად იშიფრება: П. З. – პეტრე ზაიცევი, А. Т. – ალექსანდრე ტრიფონოვი, А. К. – ალექსი კარპინსკი, В. К. – ვასილ კლეიმენოვი. ინიციალები ზარაფხანის ოსტატებს ეკუთვნის.
    თბილისის ზარაფხანამ, რომელიც 1804 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა და 1834 წლის 13 თებერვლამდე ფუნქციონირებდა (1834 წელს მოჭრილ მონეტებზე 1833 წელია მოთავსებული), გამოუშვა 1 060 714 მანეთის და 30 კაპ. ვერცხლის და 8 310 მანეთის და 89,5 კაპ. სპილენძის ფული. მონეტათა ემისიას რეგულარული ხასიათი არ ჰქონდა. ასე მაგ., 1825 წელს მონეტა საერთოდ არ მოუჭრიათ. ზოგჯერ, გარკვეულ წელს მხოლოდ ესა თუ ის ნომინალი იჭრებოდა. ზოგჯერ გამოშვებული ფულის ტირაჟი დიდი იყო, ზოგჯერ – მცირე. გამომდინარე აქედან, ზოგიერთი ნომინალი ფართოდ არის გავრცელებული, ან, პირიქით, იშვიათობას წარმოადგენს. იშვიათია 1804, 1810 და 1811 წლების ვერცხლის ყველა მონეტა. განსაკუთრებით, იშვიათობას წარმოადგენს 1804 წელს მოჭრილი სპილენძის ყველა ნომინალი.
    თავის სახელმძღვანელოში დ. კაპანაძემ გამოაქვეყნა სპეციალური ცხრილი, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ რა ნომინალი იჭრებოდა ამა თუ იმ წელს.

თარიღი
ორი აბაზი
უ (=400)

აბაზი
ს (=200)
 უზალთუნი
რ (=100)
 2 კაპ.
კ (=20)
 1 კაპ.
ი (=10)
 ½ კაპ.
ე (=5)
 1804 ჩყდ П. З. П. З. П. З. П. З. O O O
 1805 ჩყე П. З. П. З. П. З. O O O
 1806 ჩყვ А. К. П. З.  А. К. А. К. O O O
 1807 ჩყზ А. К. А. К. – – –
 1808 ჩყჱ А. К. А. К. – O O –
 1809 ჩყთ А. К. А. К. – – – –
 1810 ჩყი А. Т. А. Т. – O O –
 1811 ჩყიაА. Т. –  –  –  –  –
 1812 ჩყიბ А. Т. А. Т. – – – –
 1813 ჩყიგ А. Т. А. Т. А. Т. – – –
 1814 ჩყიდ А. Т. А. Т. – – – –
 1815 ჩყიე А. Т. А. Т. – – – –
 1816 ჩყივ А. Т. А. Т. – – – –
 1817 ჩყიზ А. Т. А. Т. – – – –
 1818 ჩყიჱ А. Т. А. Т. – – – –
 1819 ჩყით А. Т. А. Т. – – – –
 1820 ჩყკ А. Т. А. Т. O – – –
 1821 ჩყკა А. Т. А. Т. O – – –
 1822 ჩყკბ
 А. Т.  А. К. А. Т.  А. К. А. К. – – –
 1823 ჩყკგ
 А. К. А. К. А. К. – – –
 1824 ჩყკდ
 А. К. А. К. А. К. – – –
 1825 ჩყკე – – – – – –
 1826 ჩყკვ А. Т.   А. Т.
 А. Т.   А. Т.
 А. Т.
 – – –
 1827 ჩყკზ
 А. Т.
 А. Т.
 А. Т.
 – – –
 1828 ჩყკჱ
 А. Т.   O А. Т.   O А. Т.   O – – –
 1829 ჩყკთ
 А. Т.  – – – – –
 1830 ჩყლ
 А. Т.
 А. Т.  – – –
 1831 ჩყლა
 А. Т.   В. К. А. Т.
 А. Т.
 – – –
 1832 ჩყლბ
 В. К. – В. К. – – –
 1833 ჩყლგ В. К. – В. К. – – –



ზარაფხანა: თბილისი.
ნომინალი: ორი აბაზი (40 კაპიკი), აბაზი (20 კაპიკი), უზალთუნი (10 კაპიკი), ბისტი (2 კაპიკი), ნახევარი ბისტი (1 კაპიკი), ფული (ნახევარი კაპიკი).
თარიღი: 1804-1834 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №№5696-5812, №№5849-5868.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა. ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

T. Dundua. Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:
    XIX საუკუნეში საქართველოში მონეტებთან ერთად უკვე ქაღალდის ფული მიმოიქცევა.