ვახტანგ IV-ის მონეტები ცხოველის გამოსახულებით
ტიპი: ვახტანგ IV-ის მონეტები ცხოველის გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
ბილონი. წონა – მაგ. 0,65 გრ., 0,88 გრ.

d=15 მმ.


შუბლი: ორსტრიქონიანი ქართული წარწერა: ႫႴႤ/ႥႾႲ – „მეფე ვახტანგი“.

ზურგი: ცხოველის გამოსახულება, რომელიც ძლიერ წააგავს სახედარს.



სამეცნიერო კომენტარი:
    XV საუკუნე საქართველოს ისტორიაში მძიმე პერიოდია. საკმარისია აღინიშნოს, რომ ერთიანი საქართველო ცალკე სამეფო-სამთავროებად საბოლოოდ სწორედ XV საუკუნეში დაიშალა და ამის შემდეგ ქვეყნის ინტეგრირება დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ მოხერხდა. ცხადია, პოლიტიკურ კონიუნქტურასთან უნისონშია XV საუკუნის საქართველოს ნუმიზმატიკური ძეგლებიც.
    1935 წელს გორში, ყოფილი სემინარიის ქუჩასა და სასაფლაოს შორის, მიწის დამუშავების დროს, დაბალხარისხოვანი ვერცხლის და ბილონის დაკნინებული წონის მონეტების განძი აღმოჩნდა. მიახლოებითი გამოანგარიშებით ის 10000 ცალს შეიცავდა. გორის განძის მნიშვნელობა ქართული ნუმიზმატიკის ისტორიისათვის უაღრესად დიდია, ვინაიდან, მისი წყალობით, მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა XV საუკუნის ქართველ მეფეთა, თუ ცალკეულ ფეოდალთა მონეტების უმრავლესობა და მოხერხდა მათი ზუსტი ატრიბუცია. განძის მონეტები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: I ჯგუფი – მონეტები ქართული ზედწერილებით; II ჯგუფი – მონეტები არაბული ზედწერილებით; III ჯგუფი – ანეპიგრაფიკული მონეტები სხვადასხვა გამოსახულებებით (მაგ. მხეცის), ან მონეტები უაღრესად დამახინჯებული ზედწერილებით. გარდა ამისა, მონეტების გარკვეული რაოდენობა ცალმხრივად სიქანაკრავია. განძის მონეტების დათარიღება იმის საშუალებით მოხერხდა, რომ მის შემადგენლობაში შემავალ ერთ-ერთ თურქულ ახჩაზე (ან მის მინაბაძზე) მოთავსებულია სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: „ისახელოს ძლევა მისი, მოჭრილია ადრიანოპოლში წელსა [8]86 (=1481 წ.)“. ამრიგად, განძის დაფლობა XV საუკუნის 80-იან წლებშია სავარაუდო და მის შემადგენლობაში შემავალი მონეტები XV საუკუნეშია მოჭრილი. განძის ქართული მონეტები მიეკუთვნება შემდეგ მეფეებს და ფეოდალებს: ალექსანდრე I (1412-1442 წწ.), ვახტანგ IV (1442-1446 წწ.), გიორგი VIII (1446-1466 წწ.), ვიდრე ის ერთიანი საქართველოს მეფე იყო, ბაგრატ VI (1466-1478 წწ.), სამცხის ათაბაგი ყვარყვარე (1451-1498 წწ.), კონსტანტინე II (1478-1505 წწ.). მისი სახელით მოჭრილი მონეტები განძის შემადგენლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანია და გამოირჩევა ვარიანტული მრავალფეროვნებით. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდში.
    აქვე უნდა მოვიხსენიოთ კიდევ ერთი სამონეტო კომპლექსი, კერძოდ, ყაზბეგის რ-ნის სოფ. მნაში 1924 წელს აღმოჩენილი განძი, რომელიც ბილონის და სპილენძის 926 მონეტას შეიცავს. მნას განძის შემადგენლობა თითქმის იდენტურია გორის განძის კომპლექსისა. ის ორ წყებად შევიდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (გფ. №№3142-3481, 16293-16868). განძი შედგება XV-XVI საუკუნეების დაკნინებული მონეტებისგან და მოჭრილია შემდეგი მეფეების სახელით: ვახტანგ IV, გიორგი VIII, კონსტანტინე II და დავით X (1505-1525 წწ.). გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში შედიოდა თურქული ახჩების მინაბაძები, მონეტები მხეცის, თევზის და გეომეტრიული ორნამენტის გამოსახულებით.
    გიორგი VII-ის შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტი მისმა ძმამ, კონსტანტინე I-მა (1407-1411 წწ.) დაიკავა. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითად ფონდში დაცულია ერთადერთი ვერცხლის მონეტა (№3202), რომელსაც დ. კაპანაძე კონსტანტინე I -ს აკუთვნებდა (კონსტანტინე I-ის მონეტები). მას ასეთი სახე აქვს:

ვერცხლი. წონა – 0,40 გრ.
შუბლი: კვადრატში ჩასმული ასომთავრული ასოები
    Ⴒ           
Ⴉ        Ⴌ
    –    კონსტანტინე.
    Ⴑ            
ზურგი: ორსტრიქონიანი დამახინჯებული არაბული წარწერა –  „ღმერთი ჩემი კმაყოფაა“.

    იდენტური მონეტა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გამოაქვეყნა ვ. ლანგლუამ და შეცდომით კონსტანტინე II-ს მიაკუთვნა. მაგრამ, როგორც მის მიერ არც თუ ისე ზუსტად დასახელებული თარიღიდან ჩანს (1407-1414 წწ.), ის კონსტანტინე I გულისხმობდა.
    ეს მონეტა უცილობლად კონსტანტინე I ეკუთვნის. ამის დასამტკიცებლად სამი საბუთის მოტანა შეიძლება: 1. აღწერილი მონეტა გარეგნულად ახლოს დგას გიორგი VII-ის მონეტასთან, 2. მიუხედავად იმისა, რომ გორის და მნას განძებში, კონსტანტინეს სახელით აღბეჭდილი მონეტები მრავალი ვარიანტით არის წარმოდგენილი, ანალოგიური მონეტა იქ არ გვხვდება, დაბოლოს, 3. ასეთი მონეტა შედიოდა 1832 წელს ლორეში აღმოჩენილ ფულად განძში, რომლის უკიდურესი ქრონოლოგიური ზღვარი 1426 წელია.
    ალექსანდრე I-ის (1412-1442 წწ.) მონეტები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციაში არ ინახება. მართალია, გორის განძში ერია ერთადერთი ცალი (გფ. №7183, წონა – 0,38 გრ.), რომელსაც დ. კაპანაძე ალექსანდრე I-ს აკუთვნებს, მაგრამ ეს მონეტა იმდენად გაცვეთილია, რომ გადაჭრით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია (ალექსანდრე I-ის მონეტები). მონეტის შუბლზე თითქოს უნდა იკითხებოდეს შებრუნებული მთავრული ასო (რ). თუ ეს ასეა, მაშინ ის ნამდვილად ალექსანდრე I ეკუთვნის, რადგან, როგორც ჯერ კიდევ ვ. ლანგლუამ მიუთითა, ეს ასო ქორონიკონს აღნიშნავს, და ალექსანდრე I-ის გამეფების წელს ემთხვევა (100=1412 წელს). ვ. ლანგლუა, მართალია, სწორ გზაზე იდგა, როდესაც -ში ქორონიკონის აღმნიშვნელი დაინახა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ასეთი მონეტა შეცდომით კონსტანტინე I მიაკუთვნა.
    ალექსანდრე I ჯერ კიდევ ვერცხლის მონეტის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: მონეტის ცენტრში ხაზოვან რკალში ჩასმული მთავრული ასო (რ) (ხშირ შემთხვევაში შებრუნებული), წრიული ასომთავრული წარწერა, რომელიც, ევგ. პახომოვის ცნობით, კარგად შენახულ ცალებზე იკითხება ასე: „მეფეთა მეფე ალექსანდრე“.
ზურგი: ორსტრიქონიანი ქართული წარწერა: ႱႾႧ/ႶႱႧ „სახელითა ღვთისაჲთა“.

    გ. დუნდუამ თავის დროზე სანკტ-პეტერბურგის/ლენინგრადის ერმიტაჟის საცავში დაცული ალექსანდრე I მონეტები შეამოწმა და ევგ. პახომოვის წაკითხვის სისწორეში დარწმუნდა. განსაკუთრებით კარგად იკითხება მონეტის ზურგის ზედწერილი: ႱႾႧ/ႶႱႧ (სახელითა ღვთისაჲთა). მონეტის შუბლის წარწერის ამოკითხვა კი რამდენიმე მონეტის ლეგენდის ფრაგმენტების შეერთებით მოხერხდა, რადგან სრული ზედწერილი არც ერთ მათგანზე შერჩენილი არ არის. სულ ერმიტაჟში ალექსანდრე I მონეტები 73 ცალის რაოდენობითაა დაცული.
    ალექსანდრე I ტახტზე მისმა ვაჟმა, ვახტანგ IV (1442-1446 წწ.) შეცვალა. დ. კაპანაძეს გამოქვეყნებული აქვს ვახტანგ IV-ის მონეტების ერთი ვარიანტი, რომელიც გორის განძში აღმოჩნდა (გფ. №7184) (ვახტანგ IV-ის მონეტები მთავრული წარწერებით), მაგრამ ის ისე ცუდად არის დაცული, რომ მნას განძის იდენტური ცალები რომ არა, მისი მიკუთვნება ვახტანგისადმი გაძნელდებოდა.

ბილონი. რემედიუმი: მაგ. 0,60 გრ.-0,85 გრ.
შუბლი: სამსტრიქონიანი ქართული წარწერა: ႶႭ/ႢႫႰ/ႿႭႱ – „ღმერთო, გაუმარჯოს“.
ზურგი: ასევე სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც შუბლის ლეგენდას აგრძელებს: ႫႴႤ/ႱႠႥႾ/ႲႢႱ –  „მეფესა ვახტანგს“.

      სოფ. მნას მეტად საინტერესო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე გამოუქვეყნებელი განძის შემადგენლობაში დაფიქსირებულია ვახტანგ IV-ის მონეტის სხვა ვარიანტი (ვახტანგ IV-ის მონეტები ცხოველის გამოსახულებით).
    ცხადია, ზემოთ, აღწერილობაში მოცემული მონეტები ვახტანგ IV ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი XVI საუკუნის პირველ მეოთხედში ჩამარხული განძის შემადგენლობაში შედიოდა. სხვა ვახტანგი ამ ხანაში არ მოიძებნება. ამაზე ნათლად მეტყველებს თვით მნას განძის შემადგენლობის ანალიზიც. დასახელებული განძი შედგება ვახტანგ IV-ის I ვარიანტის, გიორგი VIII-ის, კონსტანტინე II-ის და დავით X-ის მონეტებისგან. სავსებით ნათელია, რომ ქართველ მეფეთა ასეთი თანმიმდევრობა შემთხვევითი არ არის და აღწერილი მონეტაც ვახტანგ IV უნდა მიეკუთვნოს.
    გორის განძში გიორგი VIII-ის (1446-1466, 1466-1476 წწ.) ერთმანეთისგან განსხვავებული ლეგენდიანი მონეტები აღმოჩნდა. მათი აღწერილობა ასეთია:

    გიორგი VIII-ის მონეტები „მეფეთა მეფის“ ტიტულით.
ბილონი. რემედიუმი: 0,47-0,70 გრ.
შუბლი: ოთხსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა: ႫႤႴႤ/ႫႤႴႤႧ/ႫႳႬႠႶ/ႱႢႨႢႨ – „მეფე მეფეთა, მონა ღვთისა, გიორგი“.
ზურგი: თანაბარტოტებიანი ჯვარი.

    გიორგი VIII-ის მონეტები „მეფის“ ტიტულით.
ბილონი.
შუბლი: ორსტრიქონიანი ქართული ზედწერილი –  [ႫႤႴႤ]/ႢႨႢႨ – „მეფე გიორგი“.
ზურგი: რომელიღაც ცხოველის კონტურები, ხშირ შემთხვევაში კი, გამოსახულების გარეშე.

    დ. კაპანაძის აზრით, მონეტა, რომლის ზედწერილში გიორგი მოხსენებულია უბრალოდ „მეფედ“ და არა „მეფეთა მეფედ“, უნდა ეკუთვნოდეს მისი კახეთში მეფობის პერიოდს (1466-1476 წწ.), როდესაც მას, ბაგრატ VI-ის მიერ შევიწროებულს, არ შეეძლო რაიმე პრეტენზია ჰქონოდა „მეფეთა მეფის“ ტიტულზე. შეიძლება ეს ასეც იყოს.
    გიორგი VIII-ის მეტოქეს, ბაგრატ VI-ს (1466-1478 წწ.) უნდა ეკუთვნოდეს შემდეგი მონეტა (ბაგრატ VI-ის მონეტები):

ბილონი. წონა≈0,64 გრ.
შუბლი: ორსტრიქონიანი ქართული წარწერა – ႫႴႤ/ႡႢႲ – „მეფე ბაგრატი“.
ზურგი: ფრთოსანი მხეცის გამოსახულება.

    გორის განძში ასეთი მონეტა ორ ცალად აღმოჩნდა.
    გიორგი VIII-ის და ბაგრატ VI-ის მონეტების სინქრონულია ყვარყვარე ათაბაგის მონეტა (ყვარყვარე ათაბაგის მონეტები).

ვერცხლი. რემედიუმი≈0,39 გრ.-0,66 გრ.
შუბლი: ხაზოვან ოთხკუთხედში ორსტრიქონიანი მხედრული ზედწერილი – ყრ/ყრე (ზედწერილი შესრულებულია შებრუნებულად), „ყვარყვარე“. გვაქვს მონეტა ასომთავრული წარწერით.
ზურგი: თევზის სქემატური გამოსახულება. გამოსახულების ზემოთ და ქვემოთ რვაქიმიანი ვარსკვლავი.

    ფეოდალურ მონეტებს თავდაპირველად მ. ბარათაევი შეეხო, მაგრამ მსგავსი მონეტა შეცდომით რუსუდანს (1222-1245 წწ.) მიაკუთვნა. ათაბაგ ყვარყვარეს სახელის ასოებში მან 450 (=1230 წ.) დაინახა, რომელიც რუსუდანის დრამებზე გვხვდება.
    შემდეგში, იდენტური მონეტა, რომელიც გორის განძში აღმოჩნდა, ოღონდ ასომთავრული ზედწერილით, დ. კაპანაძემ მიაკუთვნა ბაგრატ VI-ის და კონსტანტინე II-ის თანამოსაყდრეობის (1466-1478 წწ.) პერიოდს. უკვე მაშინვე ავტორი თავის განსაზღვრას ეჭვის ქვეშ აყენებდა. ამიტომ იყო, რომ ზედწერილის საკუთარ წაკითხვას (ႩႬ/ႡႰ . . .?) კითხვის ნიშანი დაუსვა. სხვა ცალის აღმოჩენამ მხედრული წარწერით კი მას საშუალება მისცა სწორად ამოეხსნა ამ თევზის გამოსახულებიანი მონეტების მომჭრელის ვინაობა. ეს არის სამცხის ათაბაგი ყვარყვარე (1451-1498 წწ.), ცნობილი თავისი პარტიკულარიზმით. მისი მონეტების სხვადასხვა ვარიანტი მოწმობს, რომ მესხეთის ზარაფხანა, რომელიც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ახალციხეში იყო, საკმაო პროდუქციას უშვებდა. ყვარყვარეს მონეტებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია ის ცალი, რომელსაც ც. ღვაბერიძემ მიაკვლია და რომლის შუბლზე ათაბაგის სახელი არაბულად არის დაქარაგმებული, ხოლო ზურგზე ისევ და ისევ თევზია გამოსახული.
    სპეციალურად უნდა შევჩერდეთ ანეპიგრაფიკულ მონეტებზე, რომელთა ემისია ახალციხის ზარაფხანაში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ქვემოთ წარმოდგენილია მათი აღწერილობა ც. ღვაბერიძის მიხედვით:

1. გფ. №7200. ვერცხლი. წონა – 0,77 გრ. d=14/16 მმ.
შუბლი: წრეში მოთავსებული მარჯვნივ მიმართული თევზის სქემატური გამოსახულება. გამოსახულების ზემოთ და ქვემოთ წერტილები.
ზურგი: წრეში მოთავსებულია თევზის სქემატური გამოსახულება მარცხნივ. ზემოთ და ქვემოთ წერტილები.

2. ქფ. №603. ვერცხლი. წონა – 0,48 გრ. d=13/14 მმ.
შუბლი: წრეში გამოსახული ჯვარი.
ზურგი: წრეში მოთავსებული თევზის სქემატური გამოსახულება მარცხნივ.

3. ქფ. №3215. ვერცხლი. წონა – 0,73 გრ. d=13/14 მმ.
შუბლი: წრეში მოთავსებული თევზის გამოსახულება მარცხნივ.
ზურგი: ხაზოვან ოთხკუთხედში სუნიტური რწმენის ფორმულა სამ ხაზზე არაბულად – „არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა“.

    როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული, თევზის გამოსახულებიანი ქართული მონეტები ანონიმურია. მიუხედავად ამისა, დ. კაპანაძემ ეს მონეტები სავსებით მართებულად მესხეთის ზარაფხანას დაუკავშირა. მას მხარი დაუჭირა გ. დუნდუამ. მეტიც: გ. დუნდუამ სპეციალურად განიხილა თევზის გამოსახულებიანი ანონიმური მონეტების ატრიბუცია-დათარიღების საკითხი და, განძების კომპლექსების ანალიზისა და ამ მონეტების დიდი მსგავსების საფუძველზე ყვარყვარეს სახელიან მონეტებთან, დაასკვნა, რომ მათი ემისია ყვარყვარე ათაბაგს ეკუთვნის, ოღონდ ისინი მოჭრილია მისი მოღვაწეობის შედარებით ადრეულ პერიოდში, ვიდრე ის მეფე გიორგის ტყვედ აიყვანდა 1465 წელს.
    გორის და მნას განძებში ყველაზე მრავლად წარმოდგენილია კონსტანტინე II-ის (1478-1505 წწ.) მონეტები. ისინი ორ ვარიანტად იყოფა, როგორც ტექნიკური შესრულების, ასევე მონეტაზე კონსტანტინეს სახელის გადმოცემის თვალსაზრისით. პირველ ვარიანტს ეკუთვნის ორმხრივად სიქანაკრავი მონეტები, რომლებზედაც კონსტანტინეს სახელს თან ახლავს ტიტული „მეფე“. მეორე ვარიანტს ცალმხრივად სიქანაკრავი მონეტები შეადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში, კონსტანტინეს სახელს თან ახლავს ტიტული „მეფე“, ზოგიერთ შემთხვევაში კი არა (კონსტანტინე II-ის მონეტები).

     პირველი ვარიანტის მონეტების აღწერილობა ასეთია:

ბილონი. რემედიუმი: 0,43 გრ.-0,62 გრ.
შუბლი: ორსტრიქონიანი ასომთავრული ზედწერილი – ႫႴႤ/ႩႱႤ (ზოგჯერ – ႫႴ/ႩႤ), „მეფე კონსტანტინე“, გაყოფილია ურთიერთგადამკვეთი ორი ჰორიზონტალური ხაზით.
ზურგი: მარცხნივ მიმავალი უცნობი მხეცი, გრძელი აშვერილი და ზურგისკენ გადახრილი კუდით (ზოგჯერ გამოსახულების ქვემოთ ან ზემოთ – ჯვარი).

    ამავე ვარიანტს მიეკუთვნება გორის განძში აღმოჩენილი ოთხი მონეტა.

ბილონი. წონა – მაგ. 0,57 გრ.
შუბლი: ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა – ႫႴ/ႩႲ – „მეფე კონსტანტინე“, გაყოფილია ურთიერთგადამკვეთი ორი ჰორიზონტალური ხაზით. ოთხივე მონეტა გაცვეთილია.
ზურგი: მზის გამოსახულება

    ცალმხრივად სიქანაკრავ მონეტებზე კონსტანტინეს სახელის სხვადასხვა შემოკლებები გვხვდება: ႫႴႤ/ႩႲႬႤ, ႫႤ/ႩႤ, ႫႤ/ႩႱ, „მეფე კონსტანტინე“, ან ტიტულის გარეშე – ႩႱ/ႲႬႤ, „კონსტანტინე“. დ. კაპანაძეს ეს მონეტები ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელად მიაჩნია. წარწერები ამ მონეტებზე, როგორც ორმხრივად სიქანაკრავ მონეტებზე, გაყოფილია ურთიერთგადამკვეთი ორი ჰორიზონტალური ხაზით (ბილონი, რემედიუმი: 0,47 გრ.-0,64 გრ.).
    მასალის სიმცირის და სირთულის გამო, შეიძლება ითქვას, რომ XVI საუკუნის ქართული მონეტები ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი. ნუმიზმატიკის განყოფილების ძველი თანამშრომლების გადმოცემით, თავის დროზე თ. ლომოურს პუბლიკაციისთვის მოუმზადებია უკვე არაერთგზის მოხსენიებული მნას განძი, რომლის შემადგენლობაშიც, ძირითადად, დავით X-ის (1505-1525 წწ.) მონეტები შედის. სამწუხაროდ, ეს გამოკვლევა თვალს მიეფარა. ამრიგად, მნას განძი გამოუქვეყნებელია, რაც გარკვეულ უხერხულობას და სირთულეს ქმნის. ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში გ. დუნდუამ, XV საუკუნის მასალაზე მუშაობის პარალელურად, მნას განძის მონეტებიც გადაათვალიერა და დარწმუნდა იმაში, რომ დავით X-ის მონეტების უმრავლესობა ზუსტი ასლია ვახტანგ IV-ის I ვარიანტის ფულისა. შეცვლილია მხოლოდ მეფის სახელი. თუ ვახტანგ IV-ის მონეტის შუბლის და ზურგის ლეგენდა იკითხება ასე: „ღმერთო, გაუმარჯოს//მეფესა ვახტანგს“, დავითის მონეტების ზედწერილს კი ასეთი სახე აქვს: „ღმერთო, გაუმარჯოს//მეფესა დავითს“. ცხადია, მნას განძში დავითის მონეტების სხვადასხვა ვარიანტი შედის (დავით X-ის მონეტები).
    XVI საუკუნის ქართული მონეტების ისტორია ამით ამოიწურებოდა, რომ, საბედნიეროდ, 1946 წელს ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაიშში არ აღმოჩენილიყო ვერცხლის მონეტების საკმაოდ მოზრდილი განძი, რომლის შემადგენლობაში შემავალი ფულები, სამწუხაროდ, თითქმის მთლიანად მიმოიფანტა. გადარჩა მხოლოდ 18 მონეტა. განძის გადარჩენილმა ამ მცირე ნაწილმაც კი საშუალება მისცა თ. ლომოურს ნაწილობრივ შეევსო XVI საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის ხარვეზი. 18 მონეტიდან 5 ქართულია, 4 თურქული და 9 ირანული. ყველა მათგანი ვერცხლისაა.
    5 ქართული მონეტა სამ სხვადასხვა ტიპს იძლევა:

I ტიპი (გიორგი იმერთა მეფის მონეტები. პირველი ტიპი).
გფ. №5288. წონა – 0,62 გრ. d=11 მმ.
შუბლი: წვერულვაშიანი მამაკაცის თავის სქემატური გამოსახულება პირდაპირ, ძვირფასი თვლებით შემკული სამეფო თავსაბურით. მარცხნივ – მცენარეული ორნამენტი, ირგვლივ – ხაზოვანი და წერტილოვანი რკალები.
ზურგი: დაქარაგმებული ქართული ასომთავრული წარწერა: ႫႴႤႢႨ – „მეფე გიორგი“, მარჯვნივ მცენარეული ორნამენტი.

    პირველად ასეთი მონეტა მ. ბარათაევმა გამოაქვეყნა და სრულიად დაუსაბუთებლად ის გიორგი II-ს (1072-1089 წწ.) მიაკუთვნა. ვ. ლანგლუამ ეს ატრიბუცია არ გაიზიარა. მ. ბარათაევის მიერ გამოცემული და 1850 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი განძის ცალები მან გიორგი VIII-ს მიაკუთვნა.
    უნდა აღინიშნოს, რომ ექვ. თაყაიშვილმა პარიზში გამოცემულ ერთ-ერთ თავის ნაშრომში ეს მონეტა „გიორგაულად“ მიიჩნია, მაგრამ როდესაც პატარა ჯიხაიშის განძის შემადგენლობას გაეცნო, ამ ატრიბუციაზე უარი თქვა და მის განკარგულებაში არსებული ეგზემპლარი 1951 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადასცა (გფ. №7484). ეს ცალი პატარა ჯიხაიშის ცალისაგან განსხვავდება წონით და ზომით (წონა – 1,44 გრ., d=13/18 მმ.) და, როგორც დ. კაპანაძე ვარაუდობს, ის ორმაგი ნომინალია.
    II ტიპი (გიორგი იმერთა მეფის მონეტები. მეორე „ტიპი“). პატარა ჯიხაიშის განძის შემადგენლობაში მეორე „ტიპის“ სამი მონეტა შედის. გფ. №№5289, 5290, 5303. წონა – 0,75, 0,77, 0,79; d=6/14, 6/16, 6/15. სამივე მონეტა ერთი და იმავე სახისაა: მოგრძო, კუთხოვანი მოყვანილობის ლითონის ფირფიტაზე ორივე მხრიდან აღბეჭდილია ასომთავრული წარწერები. ორი მონეტა, №№5289 და 5303, თ. ლომოურის დაკვირვებით, ერთი და იმავე სიქით უნდა იყოს მოჭრილი, მესამე კი, №5290, ამათ ვარიანტს უნდა წარმოადგენდეს.
    №5289-ის ავერსის წარწერა ორ სტრიქონად არის განლაგებული. სტრიქონებს შუა ხაზია. პირველ სტრიქონზე წერია – ႫႤႴ, მეორეზე – ႫႴ, ე.ი. „მეფეთა მეფე“, ან „მეფე მეფეთა“. სიზუსტის დადგენაში გვეხმარება №5303. აქ წარწერა სრულად არის მოცემული – ႫႤႴႤ, რამაც თ. ლომოურს საშუალება მისცა ავერსის მთელი წარწერა ამოეკითხა, როგორც „მეფე მეფეთა“. ირგვლივ ორმაგ ხაზოვან რკალს შუა წერტილოვანი რკალი. რევერსის წარწერა ორივეზე იდენტურია: ႫႤႴႢႰႨ  – „მეფე გიორგი“.
    მესამე მონეტა (გფ. №5290) პირველი ორისგან განსხვავდება მხოლოდ ავერსის წარწერით. მოგრძო არეზე წერია: ႫႤႴႤႧ – „მეფეთ“, და რადგანაც რკალი ყველა მხრიდან დახურულია, ამ ერთი სიტყვის მეტი აქ სხვა სიტყვა არც არის სავარაუდო. რევერსი ამ მონეტისა წინა ორის იდენტურია. ამრიგად, მთელი ზედწერილი ამ ცალისა ასეთი სახისაა: ႫႤႴႤႧ ႫႤႴႢႰႨ – „მეფეთ მეფე გიორგი“.
    ორი ანალოგიური მონეტა 1850 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩენილ განძშიც ყოფილა. ისინი აღწერილი აქვს ვ. ლანგლუას, მაგრამ როგორც აღწერა, ისე ატრიბუცია მცდარია.
    III ტიპი (გიორგი იმერთა მეფის მონეტები. მესამე ტიპი). გფ. №5291. წონა – 0,82. d=8/15.
     ის მოგრძო, არასწორი ოთხკუთხედის მოყვანილობისაა. ერთ მხარეზე ჩანს ადამიანის თავი მარცხნივ. მონეტის ფირფიტის სიმცირის გამო სახე მთლიანად აღბეჭდილი არ არის. შეიმჩნევა შუბლი, მარცხენა ფართოდ გახელილი თვალი, ნაწილობრივ იკვეთება თავსაბურავი და თითქოს – წვერი. შუბლის წინ მოთავსებულია რომელიღაც ასოს მცირე ნაწილი – . ამ ნაწილის მიხედვით, ეს ასო, შესაძლოა, მთავრული Ⴈ, Ⴄ ან იყოს. მეორე მხარეს რაღაც ცხოველია გამოსახული. კარგად ჩანს ტანი და სამი ფეხი. ბუნდოვნად მოჩანს მაღლა აწეული კუდი. ცხოველი მარცხნივ არის მიმართული.
    ორი ასეთი მონეტა 1850 წელს აღმოჩენილი განძიდან გამოქვეყნებული აქვს ვ. ლანგლუას. ის მონეტის ზურგზე გამოსახულ ცხოველს ლომად მიიჩნევს. ვ. ლანგლუას მიერ ტაბულაზე №3-ით გამოქვეყნებული მონეტის ფირფიტა უფრო ფართოა, ამიტომ ადამიანის თავის წინ აღბეჭდილია სამი მთავრული ასო: ႴႤႨ.  ვ. ლანგლუა მათ კითხულობს, როგორც „მეფე გიორგი“, რასაც თ. ლომოური, გამომდინარე აღნიშნული განძის კომპლექსიდან, ეთანხმება.
    ვ. ლანგლუაზე ადრე ასეთივე მონეტა მ. ბარათაევმა გამოსცა. მის ეგზემპლარზე კარგად ჩანს მარცხნივ მიმართული თავი, წვერულვაში, თავსაბურავი. თავი ისეა მოთავსებული მონეტის არეზე, რომ წინ და უკან, მას და მონეტის ნაპირს შუა დატოვებულია მცირე ადგილი. ამ ადგილზე მოთავსებულია ასომთავრული ზედწერილი: თავის წინ – ႫႴႤ, უკან – ႢႨ, ე.ი. „მეფე გიორგი“. ირგვლივ წერტილოვანი რკალი. რაც შეეხება რევერსის გამოსახულებას, მონეტის ცუდი დაცულობის გამო ცხოველის კონტურები კარგად არ ჩანს. მ. ბარათაევი მას გარეულ ღორს ამსგავსებს. თვით მონეტას ის გიორგი I-ის (1014-1027 წწ.) მოჭრილად მიიჩნევს.
    ვ. ლანგლუას ატრიბუციით, მისი ემისია გიორგი VIII-ს ეკუთვნის.
    საბოლოო ჯამში, ვის უნდა მიეკუთვნოს 1850 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი და პატარა ჯიხაიშის განძების შემადგენლობაში შემავალი მეფე გიორგის სახელით მოჭრილი მონეტები? საბედნიეროდ, პატარა ჯიხაიშის განძში აღმოჩნდა კარგად დათარიღებული უცხოური მონეტები, რომლებიც საზღვრავს განძის ქართულ მონეტებს. ეს არის სულთან მურად III-ის (1574-1595 წწ.) ჰიჯრ. 982 წლით (=1574-1575 წწ.) დათარიღებული ოსმალური ახჩა. თავისთავად ცხადია, რომ მეფე გიორგი XVI საუკუნის II ნახევრის პოლიტიკური მოღვაწეა.
    საინტერესო მონეტებს თავის სახელმძღვანელოში შეეხო დ. კაპანაძე. მართალია, თ. ლომოურის ატრიბუციაში მას რაიმე კორექტივი არ შეუტანია, მაგრამ გამოთქვა თავისი მოსაზრება ზემოთ აღწერილი მონეტების დიზაინთან დაკავშირებით. ის წერს: „XIV-XV საუკუნეების დანარჩენ მონეტებთან შედარებით ეს ორი აღწერილი ნიმუში (ჩვენთან I და II ტიპი – თ. დ.) ფულის მოჭრის ნამდვილი შედევრია: გამოსახულება ისე მხატვრულად არის შესრულებული (იგულისხმება I ტიპის მონეტის იკონოგრაფია – თ. დ.), რომ ხელოვნებათმცოდნე ო. სანებლიძე ამ მონეტაზე მოთავსებულ გამოსახულებას გელათის ერთ-ერთ ხატზე მოჭედილ გიორგი II გამოსახულებასა და ამავე ტაძრის ფრესკას ადარებს. ზედწერილის მოყვანილობაც განსაკუთრებით ლამაზი და მოხდენილია. სიფაქიზე და ხელოვნება, რომლებიც ხელოსანს გამოუჩენია ნახატის და წარწერების გადმოცემის დროს, იმდენად მაღალია, რომ განცვიფრებას იწვევს; საოცარია როგორ შეძლო ხელოსანმა მცირე ზომის ლითონის ფირფიტაზე ასე ლამაზად, კოხტად და მოხდენილად ასეთი მინიატურული გამოსახულებისა და წარწერის მოთავსება.
    აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მიუხედავად მძიმე პირობებისა, რომელშიც იმ დროს დასავლეთ საქართველო იმყოფებოდა, გიორგი ბაგრატის ძის მონეტები, თავისი ტექნიკური და მხატვრული ნიშნებით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე მათი თანადროული თურქული მონეტები. საინტერესოა, რომ ლითონის სინჯი და წონაც უფრო მაღალია“.
    შეიძლებოდა აქ დაგვესრულებია XVI საუკუნის ქართული მონეტების მიმოხილვა, მაგრამ მას კიდევ ერთი შტრიხი აკლია.
    მ. ბარათაევს და ვ. ლანგლუას გამოქვეყნებული ჰქონდათ ქართული მონეტების ისეთი ნიმუში, რომელზედაც იკითხებოდა სახელი  ბაგრატი (ბაგრატ იმერთა მეფის მონეტები). თავის დროზე ვერცხლის ეს მონეტა ვ. ლანგლუამ ბაგრატ III იმერთა მეფეს მიაკუთვნა. ამ მონეტის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: პირდაპირ მიმართული სქემატურად შესრულებული მეფის გამოსახულება სამრკალიანი გვირგვინით.
ზურგი: ჰორიზონტალური ხაზით გაყოფილი ორსტრიქონიანი ქართული ასომთავრული ზედწერილი, რომელიც ასე უნდა იკითხებოდეს: „მეფე ბაგრატ“.

    დ. კაპანაძე შენიშნავს: „პატარა ჯიხაიშის განძიდან შემორჩენილ ნაწილში ბაგრატის სახელით აღბეჭდილი მონეტა არ აღმოჩნდა, მაგრამ არსებული ნიმუშების დაპირისპირება და ტიპების შედარება შესაძლებლობას იძლევა ამავე პერიოდს დავუკავშიროთ და 1510-1565 წლებით დავათარიღოთ ქვემომოყვანილი (იგულისხმება ზემოთ აღწერილი ფული – თ. დ.) ვერცხლის წვრილი მონეტა“.
    ეს, რაც შეეხება XVI საუკუნის საკუთრივ ქართულ მონეტებს. მაგრამ საკითხი ამით არ ამოიწურა. საქართველოს ერთ-ერთ ზარაფხანაში იმავე XVI საუკუნეში უცხო ქვეყნის მმართველის სახელით ვერცხლის მონეტები იჭრება. ეს ზარაფხანა არის ზაგემი. მისი ფუნქციონირების ფაქტი დადასტურდა პანკისის ხეობის სოფ. ბირკიანში (ახმეტის რ-ნი) 1967 წელს აღმოჩენილი სპარსული ვერცხლის მონეტების განძის შემადგენლობით. ამ განძში შედიოდა შაჰ სეფი I-ის (1629-1642 წწ.), სეფიანის, სახელით ზაგემში მოჭრილი ორი აბაზიანიც, დათარიღებული ჰიჯრ. 1039 წლით (=1629 წ.). თ. ქუთელიას გამოკვლევის თანახმად, რომელმაც მონოგრაფიულად შეისწავლა საქართველოსა და სეფიანთა ირანის ურთიერთობა ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, დადგინდა, რომ სამონეტო ემისიას ზაგემის ზარაფხანა XVI საუკუნეშიც ახორციელებდა.
    ზაგემი მდებარეობდა მდ. ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ისტორიული კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, გრემიდან შირვანში მიმავალ გზაზე. საისტორიო წყაროების მიხედვით, XVI-XVII საუკუნეებში ზაგემი, გრემსა და თელავთან ერთად, კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს წარმოადგენდა.
    თ. ქუთელიამ სხვადასხვა მუზეუმში მუშაობის პროცესში მიაკვლია 26 ვერცხლის მონეტას, რომელთა ემისია განხორციელდა ზაგემის ზარაფხანაში სეფიანი შაჰის, თაჰმასპ I-ის (1524-1576 წწ.) სახელით. მან ზოგიერთ ცალზე მათი მოჭრის თარიღიც ამოიკითხა: ჰიჯრ. 963 წელი (1555-1556 წწ.), 975 წელი  (1567-1568 წწ.), 977 წელი (1569-1570 წწ.). ეს მონეტები მცირე ზომისა და მოგრძო ფორმისაა. მათი სიგრძე 11-13 მმ. მერყეობს, ხოლო სიგანე – 8-9 მმ. თ. ქუთელიამ წონის მიხედვით დაადგინა, რომ ისინი ბისტს, ან ნახევარშაჰებს წარმოადგენდა. ბისტის წონაა 0,91 გრ., ხოლო ნახევარშაჰის – 1,05 გრ. ამ მონეტებზე, ცხადია, ქართული არაფერია. მათ შუბლზე არაბულად მოთავსებულია შიიტური რწმენის სიმბოლო, ხოლო ზურგზე – ზარაფხანის სახელი და თარიღი. ქვემოთ წარმოდგენილია სანიმუშო ცალის აღწერილობა:

შუბლი: არაბულად, შიიტური რწმენის სიმბოლო სამ სტრიქონად: „არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, ალი თანაგამზრახია ალლაჰისა“.
ზურგი: სპარსული ზედწერილი: „მოიჭრა ზაგემს 963 წელს (=1555/1556 წწ.).

    კახეთში სეფიანთა სახელით მოჭრილი მონეტები მოწმობს ამ სამეფოს პოლიტიკურ დამოკიდებულებას უცხო ქვეყანაზე, ირანის შაჰის უზენაესობის ცნობას.
    დაბოლოს, როგორც ფაქტობრივი მასალა ადასტურებს, საქართველოში იჭრება თაჰმასპ I-ის მონეტების იმიტაციები (შაჰ თაჰმასპის ბისტების მინაბაძები).
    უკვე გვქონდა აღნიშნული, რომ ჩვენთვის ცნობილი პატარა ჯიხაიშის განძის შემადგენლობიდან სულ 18 მონეტა გადარჩა. აქედან 5 ქართულია, 4 – თურქული, ხოლო 9 – ირანული, ან ირანულის მიმბაძველობა (ამ უკანასკნელთა საინვენტარო №№5292-5300). თ. ლომოურის აღწერით, „ . . . გარეგნულად ესენი წარმოადგენენ მოგრძო არასწორ ოთხკუთხედ ფირფიტებს დიამეტრით 6/11 მილიმეტრიდან 13/16 მილიმეტრამდე და წონით 0,42 გრამიდან 0,75 გრამამდე. ფირფიტების ორივე მხარეს აღბეჭდილია არაბული წარწერები. ერთი მხარის წარწერა ჩვეულებრივი მუსლიმანური სიმბოლო უნდა იყოს, ხოლო მეორე მხარისა სრულიად გაურკვეველია. არც ერთ მათგანზე თარიღი არ ჩანს, მაგრამ სხვადასხვა ნიშნების შემწეობით მათი ზოგადი დათარიღება მაინც შესაძლებელია . . . საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტში დაცულია მოზრდილი კოლექცია – რიცხვით 692 ცალი, რომელიც, მცირედის გამოკლებით, შედგება ამავე ტიპის ფულებისგან. წარწერები მეტწილად გაურკვეველია. ორ ცალზე №№5059, 5200 შესაძლებელი გახდა თარიღის ჰიჯრით 963 წლის (=1555 წ.) ამოკითხვა“. ეს წელი კი შედის თაჰმასპ I-ის მმართველობის ხანაში.
    ასეთივე მონეტები შედიოდა აგრეთვე 1909 წელს ამბროლაურის მახლობლად აღმოჩენილი დიდი განძის შემადგენლობაშიც. ამ კომპლექსის ერთი ნახევარი შაჰ-აბას I-ის (1589-1629 წწ.) მონეტები იყო, ხოლო მეორე – მოგრძო ოთხკუთხედი ფორმის წვრილი ფული დამახინჯებული არაბული წარწერებით. ევგ. პახომოვი თვლიდა, რომ ეს ამოუცნობი მონეტები ფორმით და ზომით მსგავსია თაჰმასპ I-ის მონეტების და მათი ემისია დასავლეთ საქართველოშია სავარაუდო. იმერეთის ზარაფხანის პროდუქციად მიიჩნევდა მათ დ. კაპანაძეც.
    ცხადია, სრულიად აშკარაა, რომ თაჰმასპ I-ის მონეტების მინაბაძებს საქართველოში სპარსეთიდან არავინ შემოიტანდა, ის ადგილობრივი ემისიაა, მაგრამ ვის მიერ ხორციელდება ეს ღონისძიება, ან სად? პატარა ჯიხაიშის განძის შემადგენლობაში ჰიჯრ. 982 წლით (1574-1575 წწ.) დათარიღებული ოსმალური ახჩაც შედიოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო მონეტებიც შესაბამისი პერიოდით უნდა დათარიღდეს. ამ დროს კი იმერეთის ტახტზე გიორგი II (1565-1585 წწ.) ზის, რომელიც თვითონ ჭრის მონეტებს საკუთარი სახელით. რაში სჭირდებოდა მას იმიტაციების ემისია? ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, ვინაიდან საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში ოსმალური ახჩების და სპარსული მონეტების მინაბაძების აქტიური როლი განძების (გორის, მნას, ამბროლაურის სამონეტო კომპლექსები) შემადგენლობით კარგად დასტურდება.
ზარაფხანა: თბილისი (?).
ნომინალი: ბილონი. წონა – მაგ. 0,65 გრ., 0,88 გრ.
თარიღი: 1442-1446 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №№3142-3150, №№3154-3157.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა. სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში. თბ. 1964; სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი XV საუკუნის საქართველოში (ისტორიულ-ნუმიზმატიკური ნარკვევი). ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი. თბ. 1965; ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006, ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011  (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); XV-XVI საუკუნეების ქართველ მეფე-მთავართა ემისიები. თბ. 2011 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969; XV საუკუნის ქართული ფულის გორის განძი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. X-B. 1940.

თ. ლომოური. პატარა ჯიხაიშში აღმოჩენილი XVI ს-ის განძის გამო. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XVII-Б. 1953.

ც. ღვაბერიძე. ახალციხის ზარაფხანა (XIV-XVI სს.). ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში. №19. თბ. 2010.

М. П. Баратаев. Нумизматические факты Грузинского царства. СПб. 1844.

Г. Ф. Дундуа. Монетное обращение и торгово-экономические связи Грузии XV века (ист.-нумизмат. очерк). Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата исторических наук. Институт  истории, археологии и этнографии им. И. А. Джавахишвили. Тб. 1965.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Т. С. Кутелия. Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики). Тб. 1979.

V. Langlois. Essai de classification des suites monétaires de la Géorgie depuis l`antiquité jusqu`à nos jours. Paris. 1860.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

XV საუკუნის უცხოური ფული
აღმოსავლეთ საქართველოდან

    1. 1830-32 წლებში ლორეში აღმოჩნდა ფულადი განძი. ეს კომპლექსი თავის დროზე პეტერბურგის აზიურ მუზეუმში მოხვდა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გ. დუნდუა ამაოდ შეეცადა აღედგინა ამ განძის ერთიანი კომპლექსი. საქმე ის არის, რომ განძში შემავალი მონეტები, მათი სადაურობის მიხედვით, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, სხვადასხვა ფონდებში გაუტარებიათ. მაგრამ ლორეს განძი რომ ნამდვილად პეტერბურგის აზიურ მუზეუმში შევიდა, ეს არ უნდა იყოს საეჭვო. ლორეს განძში 67 ქართული მონეტა იყო. ყოფილი აზიური მუზეუმის ნუმიზმატიკურ ფონდებში დღესაც ამდენივე ქართული მონეტა არის დაცული.
    განძის აღმოსავლური მონეტების ემისიის უკიდურესი თარიღებია 1343-1426 წლები, 1426 წელი არის კომპლექსის დაფლობის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი. მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ განძი კიდევ უფრო გვიან უნდა იყოს ჩამარხული. ამას გვაფიქრებინებს ლორეს განძში 67 ქართული მონეტის აღმოჩენა. ალექსანდრე I-მა ლორე 1431 წელს აიღო. ძნელი დასაჯერებელია, XV საუკუნის გაუფასურებული და, ფაქტობრივად, არავითარი ღირებულების მქონე ქართული მონეტა ასეთი რაოდენობით გასულიყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და სრულფასოვან მონეტებთან ერთად მოხვედრილიყო განძში. ჩვენი აზრით, უფრო სწორი იქნება განძის დაფლობა 1431 წლის შემდეგ ვივარაუდოთ, როდესაც ლორე საქართველოს შემოუერთდა და, ბუნებრივია, ქართულმა მონეტებმა იქ ტრიალი იწყო.
    ლორეს განძის 503 მონეტიდან 13 ჯუჩიდურია, 22 – ჰულაგუიდური, 9 – ჯალაირიდული, 16 – თემურის და სხვადასხვა პირის (სიურღათმიში, მაჰმუდი) მიერ მოჭრილი, 47 – თემურიდების, 50 – შირვანშაჰების, 8 – ოსმალების, 3 – მამლუქების, 90 – ყარა-ყოინლუს და 9 – აყ-ყოინლუსი.
    ლორეს განძის შემადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ თემურიდების და შირვანშაჰების მონეტებს საკმაოდ ფართო გავრცელება უნდა ჰქონოდა საქართველოში. ძნელი სათქმელია, რამდენად იყო ჩვენში ამ დროს გავრცელებული ოსმალების და მამლუქების მონეტები, მაგრამ განძის შემადგენლობაში მათი მოხვედრა უკვე თავისთავად იმსახურებს დიდ ყურადღებას.
    2. 1964 წლის აპრილში სოფ. ახალი საქობოს (ლაგოდეხის რ-ნი) მახლობლად შემთხვევით იპოვეს თიხის ქოთანი, რომელშიც მოთავსებული იყო ვერცხლის მონეტები. მონეტები გაიფანტა, გადარჩა მხოლოდ 46 ცალი, რომლებიც დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდში – გფ. №№11415-11460. განძის ყველა მონეტა შირვანული ანონიმური თანგაა და მიეკუთვნება ჰალილულაჰ I-ის (ჰიჯრ. 820-867 წწ.=1417-1462 წწ.) მმართველობის პერიოდს. განძის 46 მონეტიდან 44 მოჭრილია შემახიაში, 2 – ბაქოში. მონეტებზე მოთავსებული თარიღის მიხედვით, განძის ჩამარხვა 1426-1427 წლების შემდეგ არის სავარაუდო.
    3. 1951 წლის შემოდგომაზე სოფ. თამარაშენში (ცხინვალის რ-ნი) შემთხვევით იპოვეს თიხის კოჭობი ვერცხლის მონეტებით. კომპლექსი მპოვნელებმა ერთმანეთს შორის გაინაწილეს. ცხინვალის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამ განძიდან მომდინარე 37 მონეტაა დაცული, ხოლო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში – 8 (გფ. №№11414, 12140-12146). განძის შემადგენლობაში შემავალი სპილენძის ერთი მონეტა მოჭრილია საქართველოს მეფის დავით VIII-ის (1293-1311 წწ.) სახელით. განძის 44 შირვანული თანგა მიეკუთვნება ჰალილულაჰ I-ის ეპოქას. კომპლექსი ჩამარხული უნდა იყოს 1462-1463 წლების შემდეგ. თანგები ძალიან გაცვეთილია და ზარაფხანები ცუდად იკითხება. 18 ეგზემპლარი შეიძლება შემახიაში იყოს მოჭრილი.
    4. 1928 წელს სოფ. დიდხორხში (დუშეთის რ-ნი) აღმოჩნდა თიხის ქოთანი ვერცხლის მონეტებით. ევგ. პახომოვს განძის აღმოჩენის არც თუ ისე ზუსტი კოორდინატები აქვს მითითებული და არც განძის შემადგენლობაში შემავალი მონეტების ზუსტი რიცხვი აქვს დასახელებული: « . . . около 68 тенег начало XV в. . . .» სინამდვილეში, განძი შეიცავს 66 შირვანულ თანგას და 20 ქართულ მონეტას (ეს რიცხვი ევგ. პახომოვს სწორად აქვს დაფიქსირებული). შირვანული თანგები მიეკუთვნება ჰალილულაჰ I-ის ხანას, რომელთაგან ყველაზე გვიანდელის ემისიის წელია ჰიჯრ. 834 (=1430-1431 წწ.). ისინი მოჭრილია შემახიაში, ბაქოსა და დარუბანდში. მაგრამ შირვანული მონეტების მიხედვით განძის დაფლობის თარიღს ვერ დავადგენთ. ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული თევზისგამოსახულებიანი ანონიმური ქართული მონეტების ატრიბუციასთან, რომელთა ემისია, სავარაუდოდ, სამცხის ათაბაგს ყვარყვარეს მიეწერება. განძის ჩამარხვის ხანად XV საუკუნის მეორე ნახევარი უნდა ვიგულისხმოთ.
    5. 1971 წელს ხაშურის რ-ნის სოფ. ალში, გომიდან (ქართლი) საჩხერისაკენ (იმერეთი) მიმავალი გზის მონაკვეთის სიახლოვეს, ვენახში მუშაობის დროს, შემთხვევით აღმოჩნდა თიხის კოჭობი ვერცხლის მონეტებით. განძი გაიფანტა. 55 ცალი ხაშურის მუზეუმში შევიდა, ხოლო 4 – სოფ. ქორეთის (საჩხერეს რ-ნი) სასკოლო მუზეუმში. განძი შეიცავს ჰალილულაჰ I-ის დროის ანონიმურ თანგებს, 6 ცალი, და ფარუხ იასარის (ჰიჯრ. 867-906 წწ. =1462-1500 წწ.) წვრილ მონეტებს – 53 ცალი. განძის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია ჰიჯრ. 834 წელს (=1430-1431 წწ.), გვიანდელი – ჰიჯრ. 898 წელს (=1492-1493 წწ.). განძი, როგორც ჩანს, ჩამარხულია XV საუკუნის დასასრულს. ალის განძის მონეტები გაცვეთილია, მხოლოდ ზოგიერთ ცალზე იკითხება ზარაფხანის სახელი – შემახია.
    ამრიგად, ზემოთ მოხსენიებული განძების შემადგენლობის ანალიზი სრულ უფლებას  გვაძლევს დავასკვნათ, რომ XV საუკუნის მთელ სიგრძეზე აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში პრევალირებული ადგილი შირვანულ თანგებს ეკავა, რომ ქართულ წყაროებში მოხსენიებული თანგების ქვეშ უცილობლად ამ ქვეყნის მონეტებია ნავარაუდევი.
    გარდა შირვანული თანგებისა, XV საუკუნის ქართული საბუთების მიხედვით, ვენეციური დუკატების გავრცელება საქართველოში უცილობელი ფაქტია. წერილობითი ცნობების გარდა, ამას ფაქტობრივი მასალაც ადასტურებს.
    1947 წელს ლეხურას ხეობაში (ახალგორს და მეჯვრისხევს შუა) აღმოჩენილ XVI საუკუნის ოსმალურ ალთუნებს და ვენეციურ დუკატებს შორის XV საუკუნის სამი ვენეციური ოქროს მონეტაც იყო, მოჭრილი შემდეგი დოჟების სახელით: ფრანჩესკო ფოსკარი (1423-1457 წწ.), პასკუალე მალპიერო (1457-1462 წწ.) და ქრისტოფორო მორო (1462-1471 წწ.). ეს ფულები, შესაძლოა, საქართველოში იტალიური სავაჭრო ფაქტორიებიდან – კაფა და ტანა – შემოდიოდა.
    გარდა ამისა, სრულიად უდავოა, რომ XV საუკუნეში ცირკულაციას განაგრძობს, განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში, კირმანეული თეთრი, რაც დასტურდება ფაქტობრივი მასალით.
    გიორგი VIII-ის მეფობის ბოლო წლებში და ბაგრატ VI-ის მეფობის დროს სამცხე-საათაბაგოში, შესაძლოა, მის ფარგლებს გარეთაც, როგორც ჩანს, მიმოიქცევა ოთმანური ფული, როგორც ფლური (ე.ი. ოქროს მონეტები), ასევე თეთრიც. ოთმანური, ცხადია, ოსმალურს ნიშნავს. საქართველოში ოსმალური მონეტების გავრცელების ფაქტს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადასტურებს თუნდაც ის, რომ XV საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ მონეტებს ოსმალური ნუმიზმატიკის ძლიერი გავლენა ემჩნევა. ამაზე მიუთითებს აგრეთვე გორის და მნას განძების შემადგენლობა, სადაც ოსმალური მონეტების მინაბაძების გარდა ორიგინალებიც ურევია.


XVI საუკუნის უცხოური ფული
საქართველოდან

    XVI საუკუნის საქართველოში სამონეტო მიმოქცევის მთლიანი სურათის აღსადგენად აუცილებელია უცხო მონეტათა აღმოჩენების სრული რეესტრის შედგენა. დავიწყოთ ოქროს მონეტათა აღმოჩენების ტოპოგრაფიით:
    1. 1949 წელს სოფ. ჯორჯიაშვილში (თეთრიწყაროს რ-ნი) აღმოჩნდა თაჰმასპ I-ის (1524-1576 წწ.) ეპოქის ნახევარაშრეფი დათარიღებული ჰიჯრ. 941 წლით (=1534-1535 წწ.).
    2. 1947 წელს მდ. ლეხურას ხეობაში (მდ. მტკვრის მარცხენა შენაკადი, კასპის რ-ნი) აღმოჩნდა განძი, რომელიც 23 ოქროს მონეტას შეიცავდა. აქედან 13 ვენეციური დუკატია, 8 – ოსმალური ალთუნი და ორი ირანული ნახევარაშრეფი. ვენეციური დუკატები მოჭრილია შემდეგი დოჟების სახელით: ფრანჩესკო ფოსკარი (1423-1457 წწ.), პასკუალე მალპიერო (1457-1462 წწ.), ქრისტოფორო მორო (1462-1471 წწ.); ამ დუკატების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით სათანადო ადგილას, როდესაც XV საუკუნის საქართველოს ნუმიზმატიკის საკითხებს ვიხილავდით; ანდრეა გრიტი (1523-1539 წწ.), პიეტრო ლანდო (1539-1545 წწ.). ალთუნები ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I-ის (1520-1566 წწ.) სახელს ატარებს (8 ცალი), ნახევარაშრეფები კი – სეფიანი შაჰის თაჰმასპ I-ის, დათარიღებული ჰიჯრ. 953 წლით (=1546-1547 წწ.) და 955 წლით (=1548-1549 წწ.).
    ამრიგად, ლეხურას განძი XVI საუკუნის 50-60-იან წლებშია ჩამარხული.
    3. 1932 წელს ადიგენის რ-ნის სოფ. უდეს ძველი ციხის ნანგრევებში იპოვეს XVI-XVII საუკუნეების მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაში აღმოჩნდა 28 ვერცხლის ფული და მურად III-ის (1574-1595 წწ.) ერთი ოსმალური ალთუნი.
    4. დაახლოებით 1970 წელს მცხეთის რ-ნის სოფ. ხეკორძულაში იპოვეს სელიმ I-ის (1512-1520 წწ.) სახელით მოჭრილი ალთუნი, დათარიღებული ჰიჯრ. 918 წლით (=1512-1513 წწ.).
    5. 1920-იან წლებში გორის რ-ნის სოფ. ატენის მიდამოებში აღმოჩენილა ოქროს მონეტების განძი. განძის მონეტები ნაწილ-ნაწილ გაუყიდიათ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ამ განძიდან სხვადასხვა დროს ორი ჰოლანდიური დუკატი შემოვიდა (გფ. №№10515, 11071). ერთ-ერთ მათგანი ფრისლანდიის პროვინციის 1588 წლის დუკატია, მეორე – 1646 წელს მოჭრილი.
    მოტანილი მასალა ცხადყოფს, რომ საქართველოში სპარსული ოქროს მონეტები არ თამაშობდა რაიმე მნიშვნელოვან როლს. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან თვით ირანში ოქროს მონეტების ემისია არ ატარებდა რეგულარულ ხასიათს და სავაჭრო ბრუნვაში ოქრო ჩართული არ იყო. რაც შეეხება ვენეციურ დუკატებს და ოსმალურ ალთუნებს, მათი ცირკულაცია საქართველოში ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ამასთანავე, ლიტერატურაში გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება: მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნიდან, ოსმალეთის აგრესიის გამო, იტალიურ სავაჭრო ფაქტორიებთან ეკონომიკური ურთიერთობა წყდება, ვენეციური დუკატები საქართველოში მაინც შემოდის, ოღონდ სხვა გზით, ოსმალეთის და ირანის გავლით.
    გადავდივართ საქართველოში აღმოჩენილ XVI საუკუნის უცხოურ ვერცხლის მონეტებზე: პატარა ჯიხაიშის, ამბროლაურის, რაჭის და უპასპორტო მონეტების შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით (როგორც ლიტერატურაშია აღნიშნული, ორი უკანასკნელი, შესაძლებელია, ამბროლაურის კომპლექსის ნაწილი იყოს). მართალია, ზოგიერთი განძი XVII საუკუნეშია ჩამარხული, მაგრამ მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის თაჰმასპ I-ის (1524-1576 წწ.) მონეტების იმიტაციები და, ჩანს, თვით ორიგინალებიც. ზოგიერთი ცალზე თ. ქუთელიამ ზაგემის ზარაფხანის სახელი ამოიკითხა. ამ განძების შემადგენლობის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ XVI საუკუნის შუა ხანების შემდეგ, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ფარგლებში, სპარსული მონეტების ცირკულაციას ინტენსიური ხასიათი აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ამ თვალსაზრისით მაინც და მაინც ზაგემის ზარაფხანაში მოჭრილ მონეტებს ეკავა პრევალირებული ადგილი. ისინი მიმოიქცევა სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც მოწმობს აქ მიკვლეული აშტარაკსისა და შახბუზის განძები.
    მივმართოთ სხვა აღმოჩენებს.
    უპირველს ყოვლისა, საჭიროა დავასრულოთ საუბარი XVI საუკუნის სპარსული მონეტების შესახებ. გარდა ჩვენ მიერ მოყვანილი მასალისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნია თაჰმასპ I-ის ერთეული ცალები მოჭრილი სხვადასხვა ზარაფხანაში, მაგრამ ეს პრინციპულად არ ცვლის საერთო სურათს. ამიტომ მათ არ ჩამოვთვლით.
    ოსმალური მონეტები.
    1. 1952 წელს ბორჯომის რ-ნის სოფ. ახალდაბის მახლობლად, მტკვრის  მარჯვენა ნაპირზე, კლდის აფეთქების დროს აღმოჩნდა სელიმ I-ის (1512-1520 წწ.) ოთხი ახჩა.
    2. პატარა ჯიხაიშის განძში იყო 4 ოსმალური ახჩა, მოჭრილი სელიმ II-ის (1566-1574 წწ.) და მურად III-ის (1574-1595 წწ.) სახელით.
    3. 1945 წელს ოზურგეთის რ-ნის სოფ. ლიხაურში აღმოაჩინეს ვერცხლის ფულის განძი, რომელიც შეიცავდა XVI-XVII საუკუნეების ასიოდე ოსმალურ ახჩას, ახჩას ათასზე მეტ მინაბაძს და ოცამდე სხვადასხვა ზომის ფირფიტას. სამწუხაროდ, უცნობია XVI საუკუნის მონეტების რაოდენობა.
    4. 1895 წელს ქუთაისში აღმოუჩენიათ განძი, რომლის შემადგენლობაში XVI-XVII საუკუნეების ოსმალური და ირანული მონეტები ყოფილა თავმოყრილი, აგრეთვე – ტრაპიზონის ფულებიც, სულ 500 ცალი.
    5. 1903 წელს სოხუმის ოლქში, ოტობაიების სასაფლაოზე, სხვა ნივთებთან ერთად, იპოვეს XV საუკუნის ჯუჩიდური, XVI საუკუნის ოსმალური და XVI საუკუნის დავერცხლილი ესპანური მონეტები.
    მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, XVI საუკუნის ოსმალური მონეტების აღმოჩენის შემთხვევები თითქოს მცირეა, მათი მიახლოებითი რაოდენობაც კი არ ვიცით, ოსმალური ვერცხლის ფულის ფართო ტრიალი საქართველოში სრულიად უდავოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის პირდაპირი დადასტურებაა მათი იმიტაციების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია განძებში. ბუნებრივია, მინაბაძების ემისიას წინ ორიგინალების ინტენსიური ცირკულაცია უძღოდა. სხვა შემთხვევაში, მინაბაძი არ მოიჭრებოდა.
    გადავდივართ XVI საუკუნის ევროპული მონეტების ჩამონათვალზე:
    1. 1940 წელს ბოგდანოვკის (ნინოწმინდის) რ-ნის სოფ როდიონოვკასთან იპოვეს ფრანკონიაში ჰოჰენცოლერნთა სამფლობელოების (ბაირეტ-ანსბახი) მარკგრაფ ალბერტის 1549 წელს ერლანგენის ზარაფხანაში მოჭრილი ტალერი.
    2. 1959 წელს ყვარლის რ-ნში მარმარილოს კარიერის აფეთქების დროს აღმოჩნდა ევროპული მონეტების განძი, რომელიც მპოვნელებმა დაინაწილეს. თელავის მხარეთმცოდნეობითმა მუზეუმმა მოახერხა მხოლოდ 9 მონეტის შეძენა. განძის გადარჩენილი ნაწილი შედგება ნიდერლანდების დაალდერების და ჩეხეთის, ზალცბურგის და საქსონიის ტალერებისგან. განძის გადარჩენილი ადრეული მონეტა იმპერატორ კარლ V-ს (1519-1555 წწ.) ეკუთვნის, ხოლო ყველაზე გვიანდელი, რომელიც 1572 წელს არის მოჭრილი – საქსონიის ჰერცოგ ავგუსტს. განძის ჩამარხვა 1572 წელზე ადრე არ უნდა მომხდარიყო.
    3. 1953 წლის ივნისში მახარაძეში (თანამედროვე ოზურგეთი), საბავშვო სახლის ტერიტორიაზე საცდელი ნაკვეთის დამუშავების დროს, იპოვეს სპილენძის ჭურჭელში ჩაყრილი 414 ვერცხლის ევროპული მონეტა, საერთო წონით – 8,5 კგ. აქედან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა 270 ცალი, ხოლო ოზურგეთის მხარეთმცოდნეობით მუზეუმს – 144. განძი შეისწავლა და გამოაქვეყნა რ. ქებულაძემ. ხსენებული კომპლექსი შემადგენლობის მხრივ სამ ნაწილად იყოფა. ის შედგება ავსტრიული, იტალიური და ესპანური მონეტებისგან. განძის ყველაზე ადრეული მონეტა, ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი, 1564-1595 წლებშია მოჭრილი, ხოლო ყველაზე გვიანდელი, ფილიპე IV-ის პესო – 1628 წელს. გვიანდელი მონეტის მიხედვით, განძი XVII საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ უნდა ჩაემარხათ. ამ განძის შესახებ დაწვრილებით XVII საუკუნის მასალის განხილვის დროს ვისაუბრებთ. ამჟამად, ჩვენთვის ის არის საინტერესო, თუ XVI საუკუნის რამდენი მონეტა შედის მის შემადგენლობაში. ქვემოთ წარმოდგენილია მათი სია:
    ა) ტიროლის საგრაფო, ჰალეს ზარაფხანა – 6, ენსისჰაიმის – 1. ტალერი. ერცჰერცოგი ფერდინანდი (1564-1595 წწ.) – 7 ცალი.
    ბ) ვენეციის რესპუბლიკა, დოჟი პასკუალე ჩიკონია (1585-1595 წწ.). ვერცხლი. უთარიღო დუკატო.
    გ) ესპანეთი და მისი კოლონიები ამერიკაში. ფილიპე II (1556-1598 წწ.) – 2 ცალი.
ამრიგად, ოზურგეთის განძის შემადგენლობაში XVI საუკუნის 10 მონეტა შედის. თუმცა, ცხადია, გამორიცხული არ არის, რომ ისინი XVII საუკუნის მასალასთან ერთად შემოვიდა საქართველოში.
    4. XX საუკუნის 50-იან წლებში წითელწყაროს (დედოფლისწყაროს) რ-ნის სოფ ქვემო ქედში იპოვეს ერცჰერცოგ ფერდინანდის 1575 წლის ტალერი.
    5. 1965 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემოვიდა XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის ორი ჰოლანდიური ლევენდაალდერი (ვერცხლი, უთარიღო).
    6. 1932 წელს ადიგენის რ-ნის სოფ. უდეს ძველი ციხის ნანგრევებში აღმოჩნდა XVI-XVII საუკუნეების მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 28 ვერცხლის და 1 ოქროს მონეტა. ოქროს მონეტა მურად III-ის (1574-1595 წწ.) ალთუნია, დანარჩენი მონეტები კი ევროპულია. ეს ნაწილი შედგება: ავსტრიული და უნგრული ტალერებისგან, ჰოლანდიური არენდსდაალდერების, რიკსდაალდერების, ახტენტვინტიგებისაგან და ესპანური პესოებისგან.
    უდეს განძის ყველაზე ადრეული მონეტა, ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი, 1564-1595 წლებშია მოჭრილი, გვიანდელი, ფილიპე III-ის პესო – 1598-1621 წლებში. განძის ჩამარხვა XVII საუკუნის 20-იან წლებზე ადრე არ უნდა მომხდარიყო.
    უდეს განძის შემადგენლობაში XVI საუკუნის სამი მონეტა შედის: ესენია, 1-2. ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი, ტიროლის საგრაფო, ჰალეს ზარაფხანა და 3. უნგრეთი, იმპერატორ რუდოლფ II-ის (1576-1612 წწ.) 1594 წელს მოჭრილი ტალერი, კრემნიცის ზარაფხანა.
    7. 1965 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემოვიდა კახეთში ნაპოვნი ნიდერლანდური დაალდერი და უნგრული ტალერი: 1. ნიდერლანდები ესპანეთის მფლობელობის დროს, ზუტფენის საგრაფო, გრაფი ვილჰელმ III ბერგელი (+1586 წელი); 2. უნგრეთი, იმპერატორ რუდოლფ II-ის ტალერი, მოჭრილი კრემნიცის ზარაფხანაში 1591 წელი
    8. 1903 წელს გალის რ-ნის სოფ. ოტობაიას სასაფლაოზე იპოვეს ვერცხლის მონეტების განძი, სადაც XV საუკუნის ჯუჩიდურ და XVI საუკუნის ოსმალურ ახჩებთან ერთად XVI საუკუნის ესპანური მონეტებიც შედიოდა.
    9. 1955 წელს ოჩამჩირის რ-ნის სოფ. ურთაში აღმოჩნდა XVI-XVII საუკუნეების ესპანური პესოები.
    ჩვენ უკვე ვწერდით, რომ საქართველოში აღმოჩენილი XVI საუკუნის ევროპული მონეტების ნაწილი, შესაძლებელია, XVII საუკუნეშია შემოსული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენოთ მათი ცირკულაცია XVI საუკუნის საქართველოში. რ. ქებულაძის დასკვნით, „საქართველოში ტალერული მონეტების გავრცელების თარიღად XVI საუკუნის შუა წლები უნდა მივიჩნიოთ“. გარდა ამისა, ხსენებული მეცნიერი იმასაც ვარაუდობს, რომ ჩვენში ტალერული მონეტები, ძირითადად, მაინც ირანიდან და ოსმალეთიდან შემოდიოდა. ეს ქვეყნები მჭიდროდ იყო დაკავშირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით ევროპის სახელმწიფოებთან და ტალერული მონეტების ხვედრითი წონა მათ სამონეტო ბაზარზე მნიშვნელოვანი იყო.
    თუ შევაჯამებთ ყველაფერს, რაც ზემოთ ითქვა, შემდეგ სურათს მივიღებთ: XVI საუკუნეში ქართველი  მეფეები საკუთარი სახელით ახორციელებენ სამონეტო რეგალიას – დავით X (1505-1525 წწ.) ქართლში, გიორგი II იმერთ მეფე (1565-1585 წწ.) და, შესაძლებელია, ასევე იმერთ მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.). გარდა ამისა, დაუდგენელი ემიტენტის მიერ საქართველოში იჭრება და ინტენსიურად მიმოიქცევა თურქული ახჩების და სპარსეთის შაჰის, თაჰმასპ I-ის (1524-1576 წწ.) მონეტების იმიტაციები.
    რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა ჩვენში ვენეციური ოქროს დუკატების და ოსმალური ალთუნების ცირკულაცია. ამავე დროს XVI საუკუნეში ფუნქციონირებას იწყებს ზაგემის ზარაფხანა კახეთში და აქ მოჭრილი ირანული ყაიდის მონეტები ასევე ტრიალებს საქართველოს ფარგლებში. 
    დაბოლოს, ეჭვს გარეშეა ჩვენში ევროპული ვერცხლის მონეტების ცირკულაციაც, ოღონდ ამ ეპოქაში მათი შემოსვლის გზები, ძირითადად, მაინცდამაინც ოსმალეთსა და სპარსეთზე უნდა გადიოდეს.