ქვეჯგუფი: თამარ მეფის მონეტები მისი ხელრთვით
ტიპი: ქვეჯგუფი: თამარ მეფის მონეტები მისი ხელრთვით

აღწერა,ფოტო:
სპილენძი. წონა – მაგ. 14, 97 გრ., 16,24 გრ.

d≈23/41 მმ., 26/31 მმ.

შუბლი: წნული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში თამარის ხელრთვა. ორნამენტის გარშემო დაქარაგმებულია ასომთავრული ზედწერილი: ႵႱႾႪႨႧႠႶႧႠႨႵႬႠႽႣႠႨႥႺႾႪႱႨႠႫႱႵႰႩႬჃႦ სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407 (=1187 წ.)
 
ზურგი: ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
الملكة المعظمة
جلال الدنيا والدين
تامار بنت كيوركى
ظهير المسيح
اعز الله انصاره
დედოფალი დიდებული,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  თამარ, ასული გიორგისა,  მესიის მიმდევარი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი.
ირგვლივ რკალი და არაბულადვე გარშემოვლებული მეორე ზედწერილი:
ضاعف الله جلالها ومدّ ظلالها وايد اقبالها  
განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი.



სამეცნიერო კომენტარი:
       ქართული საკრედიტო ფულის (XII საუკუნე-XIII საუკუნის ოციანი წლები) განხილვას ვიწყებთ დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.)  სპილენძის მონეტებით და ვამთავრებთ რუსუდანის (1222-1245 წწ.) სპილენძის ნუმიზმატიკური ძეგლებით. დროის ეს მონაკვეთი ქართულ ნუმიზმატიკაში მკვეთრად გამოხატული „სპილენძის ხანაა“. ე.წ. ვერცხლის კრიზისი მახლობელ აღმოსავლეთში თავის ზენიტშია და ყოველივე საქართველოს სამონეტო საქმეზეც ახდენს ზეგავლენას. დემეტრე I-ის დროიდან მოკიდებული რუსუდანის მეფობამდე   ქართული მონეტები იჭრება მხოლოდ და მხოლოდ სპილენძისგან. ეს სამონეტო საქმის  ერთი თავისებურებაა. მეორე თავისებურება ის გახლავთ, რომ XII საუკუნეში  მონეტის  გარეგნული სახე მკვეთრად შეიცვალა – აქამდე მიღებულ კანონზომიერ მოყვანილობას, სიმრგვალეს, მონეტა კარგავს. ამიერიდან ფულის უმეტესი ნაწილი შემთხვევითი ფორმის სპილენძის ფირფიტების სახით იჭრება. ხშირად, ფირფიტის სიმცირის გამო, სიქის ანაბეჭდი მასზე მთლიანად ვერ თავსდებოდა.  მონეტის მოჭრის ეს წესი თავდაპირველად  აღმოსავლეთის ქვეყნებში იქნა დანერგილი და ჩვენშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილ მონეტებს ვაჭრობის დროს ღებულობდნენ უკვე წონის და არა თვლის ანგარიშით. „უწესოდ“ მოჭრილი ფულის პარალელურად, რა თქმა უნდა, იჭრებოდა მრგვალი ფორმის მონეტებიც.

     დემეტრე I-ის ემისიები.
    სპილენძი, სხვადასხვა ფორმის, წონის და ზომის. მაგ., 0,72 გრ., 2,13 გრ., 6,11 გრ.  d≈8 მმ., 15/16 მმ., 21/22 მმ.

1. შუბლი: ცენტრში მოთავსებული ასომთავრული  Ⴃ, რომელიც დემეტრეს სახელის ინიციალს წარმოადგენს.
ზემოთ და ქვემოთ არაბული ზედწერილი:
ملك الملوك 
მეფეთა მეფე. ირგვლივ რკალი და გაურკვეველი არაბული წარწერა.
ზურგი: ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
محمود بن محمد
მაჰმუდ იბნ მუჰამმადი (1118-1131 წწ.). გარშემო ასევე არაბული ლეგენდა, რომელიც ძნელად იკითხება.

2. შუბლი: რვაკუთხედ ფიგურიან ჩარჩოს ცენტრში ასომთავრული  Ⴃ. ჩარჩოს გარეთ  არაბული წარწერა:
ملك الملوك
حسام المسيح
მეფეთა მეფე, მესიის მახვილი  – სტილიზებულია და ჩარჩოს ნაწილს წარმოადგენს.
ზურგი: ხუთღერძიანი ვარდულის შინაგან ბუდეებში მოთავსებული არაბული წარწერა გვამცნობს არაბთა ხალიფას ალ-მუქთაფი ლი-ამრ ალლაჰის (1136-1160 წწ.) სახელს, ხოლო გარეგან ბუდეებში არაბულივე ზედწერილი – სელჩუკთა სულთნის ღიას ედ-დინ მასუდის (1133-1152 წწ.) სახელს.
    დემეტრე I-ის კონკრეტული ემისიების თარიღი მონეტაზე მოცემული მუსლიმი მმართველების წლების მიხედვით უნდა  დავადგინოთ.  გამოდის, რომ დემეტრე I ემისიებს  1125-1131, 1136-1152 წლებში ახორციელებდა.

    დავით V-ის (1155 წ.) „უწესოდ“ მოჭრილ  სპილენძის მონეტას (დავით V-ის ემისია) ადრე  მკვლევარები დავით აღმაშენებელს (1089-1125 წწ.) მიაწერდნენ, რადგან ზურგის მხარის არაბული ზედწერილი წაკითხულ იქნა როგორც  მუჰამმად  სულტანი უმაღლესი  ბარქ [იარუკ]. სულთანი ბარქიარუქი კი სწორედ რომ დავით აღმაშენებლის თანამედროვე იყო. გ. ჯაფარიძემ ამ მონეტის ზურგი მხარის ლეგენდა შემდეგნაირად წაიკითხა: მუჰამმადი სულტანი [უდიდესი] ძე მაჰ [მუდისა]. აღნიშნული სულთანი, ერაყის სელჩუკიანი მმართველი მუჰამმად იბნ მაჰმუდი (1153-1159 წწ.), დავით V-ის თანამედროვეა. ამრიგად, ამ მონეტის კუთვნილება მისადმი საეჭვო აღარ არის.

შუბლი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი, რომლის შემდეგი ფრაგმენტებია შემორჩენილი:
[م]لك...[الملوك]
[حسام الم[سيح
[داو[د
მეფეთა მეფე, მესიის მახვილი   დავით ..., მარჯვნივ ვერტიკალურად მოთავსებული გაურკვეველი ნიშანი. წრიულ ხაზოვანი რკალის ფრაგმენტი და წრიული ლეგენდის ნაშთი.
ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
محمد
[السلطان [الاعظم
[بن مح[مود
მუჰამმადი  სულტანი [უდიდესი]  ძე მაჰ [მუდისა].

    გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტები (გიორგი III-ის ემისიები მთავრული ნიშნით) დემეტრე I-ის ზემოთ აღწერილ მონეტის ვარიანტს წარმოადგენს და განსხვავდება მეფის სახელის ინიციალით. ასომთავრული დონის ნაცვლად აქ გიორგის ინიციალია ამოკვეთილი ასომთავრულითვე. არ შეიძლება გაკვირვება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ გაერთიანებული საქართველოს ძლიერი მეფე გიორგი III თავის მონეტაზე არაბულ ზედწერილებსა და ხალიფას სახელს ათავსებს. ზოგიერთი მკვლევარი ამას იმით ხსნის, რომ საქართველოს მეფე რაღაც ფორმით დამოკიდებული იყო მუსლიმ მფლობელზე. მაგრამ ასეთი მოსაზრება ყოვლად უსაფუძვლოა. დემეტრესა და გიორგი III-ის ასეთი კონკრეტული ჟესტი ნაკარნახევი იყო წმინდა ეკონომიკური მოტივებით, რადგან ქართულ მონეტებს გზა უნდა გაეკვლია მახლობელი აღმოსავლეთის ბაზრისკენ, ამას კი არაბული ლეგენდა და ხალიფას სახელის მოხსენიება უთუოდ უწყობდა ხელს. ამავე დროს წარწერის შინაარსი იმასაც ატყობინებდა მუსლიმურ სამყაროს, რომ, ვთქვათ, გიორგი III „მეფეთა მეფე“ და „მესიის მახვილი“ იყო.

შუბლი: ხვეული ხაზებისგან შემდგარი ვარდულის ცენტრში მოთავსებული გიორგის სახელის აღმნიშვნელი ასომთავრული ინიციალი ,
ვარდულის ბუდეებში არაბულად:
كيوركى، ملك الملوك، حسام المسيح
მეფეთა მეფე გიორგი, მესიის მახვილი.
ზურგი: ხვეული ვარდულის ბუდეებში არაბული ზედწერილი:
المقتفى/لامر/لله/ امير/ المومنين
ალ-მუქთაფი ლი-ამრ ალლაჰი, მართლმორწმუნეთა მბრძანებელი.

    კონკრეტული ემისიები 1156-1160 წლებში ხორციელდებოდა.
   
    გიორგი III „უწესოდ“ მოჭრილი მონეტების პარალელურად იწყებს აგრეთვე მრგვალი მოყვანილობის (გიორგი III-ის მონეტები – მეფე შევარდენით ხელში)  მონეტების ემისიასაც. გიორგი III-ის მონეტაზე პირველად ქართული სამონეტო საქმის ისტორიაში თავსდება მხედრული წარწერა. გარდა ამისა, კვლავ ჩნდება თარიღი, რომელიც XI საუკუნის პირველი მესამედის შემდეგ ჩვენში მოჭრილ მონეტებზე აღარ თავსდებოდა. მაგრამ ეს თარიღი უკვე ქართული ქორონიკონითაა მოცემული.

შუბლი: აზიურ-ბიზანტიურ სამოსელში გამოწყობილი გიორგი III მარცხენა (ზოგჯერ მარჯვენა) ხელით დოინჯშემოყრილი ფეხმორთხმით ზის პირდაპირ. მას მეორე გაწვდილ ხელზე შევარდენი უზის. თავს საიმპერატორო სტემა უმშვენებს. მონეტის არეზე გაფანტულია ქართული მხედრული წარწერა, რომელიც იუწყება მეფის სახელს (შემოკლებულად – გი, ზოგან ამას ემატება ႢႨ-ს მონოგრამა) და ასომთავრული წარწერა ႵႰႩႲႯႣ ქორონიკონსა 394 (= 1174 წ.).
ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
ملك الملوك
كيوركى بن ديمطرى
حسام المسيح
მეფეთა მეფე  გიორგი, ძე დემეტრესი,  მესიის მახვილი.

    1178 წელს გიორგი III-მ თავისივე სიცოცხლეში თანამოსაყდრედ თამარი აკურთხა. როგორც ჩანს, მათი ერთობლივი მმართველობის ხანას  ეკუთვნის ქვემოთ აღწერილი სპილენძის „უწესოდ“ მოჭრილი მონეტები (გიორგი III-ის და თამარის მონეტები). ეს მასალა ერთგვარი გამონაკლისია ქართულ ნუმიზმატიკაში, ვინაიდან მასზე მოთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართული ლეგენდები. მონეტები 1178-1184 წლებს შორის უნდა მოეჭრათ.

შუბლი: გრეხილორნამენტული ნასკვებით გამოყვანილი ექვსბუდიანი ვარდულის ცენტრში ორი ასომთვარული ნიშანი ႢႨ (გიორგი). ვარდულის გარეგან ბუდეებში ასომთავრულითვე: ႠႣႨ/ႣႬ/ႶႬ/ႫႴ/ႫႴႤ  ადიდენ ღმერთმან მეფეთა მეფე.
ზურგი: ისეთივე, ოღონდ რვაბუდიანი ვარდულის ცენტრში თამარის ასომთავრული ინიციალი, ან მისი სახელის სხვადასხვანაირი დაქარაგმება – ႧႰ, ႧႫႰ, ႧႫ (თრ, თმრ, თმ). ვარდულის გარეგან რვა ბუდეში მოთავსებული ასომთვარული ზედწერილი: ႠႣႣ/ႬႶႬ/ႫႴႤ/ႣႠ/ႣႤ/ႣႭ/ႪႨ ადიდენ ღმერთმან მეფე და დედოფალი.

    1184 წლიდან თამარი ერთპიროვნული მმართველია და ჭრის საკუთარ ფულს (თამარ მეფის მონეტები მისი ხელრთვით). ზემოთ აღწერილი  მონეტები რამდენიმე თვალსაზრისით იქცევს ყურადღებას. ჯერ ერთი, ასეთი მედიდური წარწერა არაბულად არცერთ ქართულ მონეტებზე არ მოთავსებულა. საქართველოს არნახული ძლიერების სურათის აღდგენა მარტო ამ მონეტების ლეგენდის საშუალებითაც კი შეიძლება. მეორეც, სპილენძის მონეტას აწერია „ ... იქნა ჭედაი ვერცხლისი...“, აქ ე.წ. „ვერცხლის კრიზისის“ პერიპეტიები უნდა იყოს ასახული.  სხვა ვარიანტზე მოთავსებულია თარიღი ქორონიკონი 430  (=1210 წ.). უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილი ნუმიზმატიკური ძეგლები ჩვენამდე  ათასობითაა მოსული.
     უნიკალურია ქვემოთ აღწერილი „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის მონეტა (მონეტები წარწერით „თამარ დედოფალი“), რომელიც მ. ბარათაშვილის კოლექციის შემადგენლობაში შედიოდა.

შუბლი: ხუთი ნახევარწრისგან შემდგარ ფიგურიან ჩარჩოში მოთავსებული სამი ასომთავრული ნიშანი – ႧႰႣ – თრდ, თამარ დედოფალი.  წარწერის ზემოთ მომცრო ჯვარია გამოსახული.
ზურგი: მონეტის მთელ არეზე გაბნეული მსხვილი წერტილები.

    როგორც ცნობილია, 1188 წელს თამარმა ხელმეორედ იქორწინა დავით სოსლანზე. მათი სახელითაა მოჭრილი ქვემოთ აღწერილი „წესიერი“ ფორმის სპილენძის მონეტები (თამარისა და დავითის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“), რომლებმაც ჩვენამდე დიდი რაოდენობით მოაღწია.

    რემედიუმი: 4 გრ.-10 გრ.

შუბლი: მონეტის ცენტრში მოთავსებულია რთული აგებულების ნახაზი – ნიშანი, რომელსაც დ. კაპანაძე ნაკვეთს ეძახის და ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნად მიიჩნევს. მარცხნივ და მარჯვნივ ასომთავრულით დაქარაგმებულია თამარისა და დავითის სახელები – ႧႰ და ႣႧ. ზემოთ და ქვემოთ ასომთავრულითვე  ႵႩჃႩ ქორონიკონსა  420 (=1200 წ.).
ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
ملكة الملكات
جلال الدنيا والدين
تامار ابنة كيوري
ظهير المسيح
დედოფალი დედოფალთა,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  თამარ, ასული გიორგისა,  მესიის მიმდევარი.

    რაც შეეხება თამარისა და დავითის მონეტის შუბლზე მოთავსებულ რთულ ფიგურულ ნიშანს, რომელსაც დ. კაპანაძე ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნად მიიჩნევს, მისი მნიშვნელობა გახსნა ქართული პალეოგრაფიის შესანიშნავმა მცოდნემ, თ. ბარნაველმა. მისი აზრით, მონეტაზე მოთავსებულ ფიგურულ ნიშანში მოცემულია მონოგრამულად შერწყმული ქართული ასოები, რომლებიც გადმოცემს თამარისა და დავითის სახელებს. დაბოლოს, გაკვრით შევეხებით თამარის გარდაცვალების თარიღს, რამდენადაც ამ თარიღის დადგენისას მნიშვნელოვან როლს სწორედ ნუმიზმატიკური ძეგლები ასრულებს. თამარის გარდაცვალების თარიღად მკლევარები განსხვავებულ წლებს ასახელებენ. ყველაზე მისაღები  1210 წელია, რასაც ნუმიზმატიკური მასალა ავლენს. საქმე ის გახლავთ, რომ თამარი მონეტებს  1210 წელს ჭრიდა, და ამავე დროს ცნობილია 1210 წლით დათარიღებული გიორგი IV ლაშას მონეტები წარწერით „გიორგი, ძე თამარისა“ და   გიორგი IV ლაშას მონეტები – მეფე საიმპერატორო სამოსელში. აქედან დასკვნა: თამარი გარდაიცვალა 1210 წელს და იმავე წელს ტახტზე მისი ვაჟი ასულა.      
     გიორგი IV ლაშას „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის ფული (გიორგი IV ლაშას მონეტები წარწერით „გიორგი, ძე თამარისა“).

შუბლი: წნული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში მოთავსებული ასომთავრული ზედწერილი:  ႢႨႻႤ/ႧႫႰႱႠ  გიორგი, ძე თამარისა.  ჩარჩოს შემოვლებული აქვს ასომთავრული ზედწერილი: ႵႱႾႤႪႨႧႠႶႧႠႨႵႬႽႤႣႠႥႺႾႪႱႠႫႱႵႩႱჃႪ სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 430 (=1210 წ.).
ზურგი: ცენტრში მოთავსებული ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდა:
الملك الملوك
جلال الدنيا والدين
كيوركى بن تامار
حسام المسيح
მეფეთა მეფე,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისა,  მესიის მახვილი.
 გარშემო რკალი. რკალს გარეთ სპარსული ზედწერილი:
 بنام خداى پاك اين سيمرا زده اند بتاريح چهار صی وسی سا   
უწმინდესი ღმერთის სახელით  იჭედა ეს ვერცხლი 430 წელს.

          საინტერესო დეტალია ის ფაქტი, რომ „უწესოდ“ მოჭრილ ამ ფულს სპარსული წარწერა ამშვენებს. გიორგი IV ლაშას  მონეტებს შორის ურევია ფრიად ორიგინალური ნიმუშებიც. ასეთია, მაგ. ის ცალი, რომლის შუბლზე თამარის ვენზელია ამოკვეთილი, ხოლო ზურგზე – ისეთივე ზედწერილი, როგორც ზემოაღწერილ მონეტებზე. დ. კაპანაძე ამას იმით ხსნის, რომ ერთსა და იმავე ზარაფხანაში მუშაობის დროს ხელოსნებს აერიათ 1210 წლით დათარიღებული თამარისა და გიორგის მონეტების სიქები.
        გიორგი IV ლაშას „წესიერად“ მოჭრილი მონეტები (გიორგი IV ლაშას მონეტები წარწერით „გიორგი მეფისა ... ჯავახთუფლისა“) უფრო ნაკლები რაოდენობითაა ცნობილი. რემედიუმი: მაგ. 4,5 გრ.-6,5 გრ.

შუბლი: ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ႵႢႨႫ/ႴႱႠ ႧႫႰႱႻ/ႱႠႱႠႿႠႥ/ႾႧႳႨႠ გიორგი მეფისა, თამარის ძისასა, ჯავახთუფლისა.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
الملك المعظم
جلال الدنيا والدين
كيوركى بن تامار
حسام المسيح
მეფე უმაღლესი,  დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა,  გიორგი, ძე თამარისა,  მესიის მახვილი.

    თამარისა და გიორგი IV ლაშას სამონეტო საქმე კომენტარს საჭიროებს: 1. საქართველო კარგავს აკუმულაციური ფულადი ბაზრის ჰაბიტუსს. მაშინ სახეზე უნდა იყოს ყოველწლიური ემისიები?! 1187 და 1210 წლები ამ ასპექტით უპირისპირდება ლოგიკურ ეკონომიკურ კონიუნქტურას. როგორ უნდა აიხსნას კონკრეტული დივერგენცია?! სსრკ 1961 წლის დენომინაცია კონკრეტული ასპექტით სიმპტომატური პარალელია. ე.ი. თამარის შესაბამისი მონეტები იჭრება ყოველწლიურად, მაგრამ – ძველი თარიღით; 2. ლაშა ჯავახთუფალი თამარის თანამოსაყდრეა და მის სიცოცხლეშივე ახორცილებს  ფულის ემისიას. ე.ი. 1207-1209 წლებში სპეციფიური საუფლისწულო ატრიბუტი დიარხიის მასშტაბით თამარის ძის სუბორდინირებულ პოზიციაზე მიგვანიშნებს. სხვა დიარხიის დროსაც, მაგ. დავით ულუსა და დავით ნარინის, ემისიაზე ერთ-ერთის სახელი თავსდება მხოლოდ და მხოლოდ; 3. მონეტა სამი მთავრული ნიშნით – ႧႰႣ – ასე გავიაზრეთ: ფული 1187 წლის შემდეგ ვერ მოიჭრებოდა. სოსლანი კი თამარს შერთეს 1188 წელს, ე.ი. ეს მონეტა  სინამდვილეში პირველია, ის კონკრეტული მონარქის სამონეტო რეგალიის რეალიზაციის ადრეული ნიმუშია. ლეგენდა ასე უნდა იქნას წაკითხული – თამარ დედოფალი. ემისია განახორციელდა 1184-1186 წლებში.
       გიორგი IV ლაშას  სპილენძის უნიკალური მონეტა (გიორგი IV ლაშას მონეტები – მეფე საიმპერატორო სამოსელში). წონა – 5,6 გრ. d=23/24მმ.

შუბლი: მთელი ტანით პირდაპირ მდგარი მეფის გამოსახულება საიმპერატორო გვირგვინით (სტემა), ლაბარუმით მარჯვენა ხელში და ე.წ. ანექსიკაკიით – მტვრიანი პერგამენტის შეკვრა, მოკვდავის სიმბოლო – მარცხენაში. გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ შემორჩენილია ასომთავრული ლეგენდის ფრაგმენტები, რომელიც ასე იკითხება: ႢႨႻႤ/ႧႫ/ႱႨ/.../.../...Ⴊ  გიორგი, ძე თამარისი ... 30  ე.ი. ქორონიკონსა 430 (=1210 წ.).
ზურგი: ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებული არაბული წარწერა:
سنة / ست/ وست/ مائة 
606 წელს (=1209/1210 წწ.).
ფურცლებს შორის სეგმენტებში მეორე არაბული ზედწერილი:
كيوركى بن تامار حسام المسيح
მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისა, მესიის მახვილი. ირგვლივ რკალი.   

        რუსუდანის მეფობა რთული საგარეო ვითარებით აღინიშნა. თბილისი   ოკუპირებულ იქნა ხორეზმშაჰის, ჯალალ ედ-დინის მიერ. რუსუდანი ქუთაისში გადადის. ამ შემოსევებმა ქართულ ნუმიზმატიკაშიც პოვა ასახვა. როგორც ჩანს, ჯალალ ედ-დინს ხელში ჩაუვარდა სახელმწიფო ხაზინა, რომელიც საკუთარი მონეტების მოსაჭრელად გამოიყენა. ქართულ მონეტებს ახალი სიქა დაარტყეს.
       რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ქართულ ნუმიზმატიკის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. შეწყდა ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი მონეტების ემისია და 2. კვლავ დაიწყო ვერცხლის ფულის გამოშვება. ამჯერად, ვიძლევით რუსუდანის სპილენძის მონეტების აღწერლობას.

    რუსუდანის „წესიერად“ მოჭრილი სპილენძის მონეტები. რემედიუმი: მაგ. 3,66 გრ.-9,49 გრ.

შუბლი: რთული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში მოთავსებულია რუსუდანის ასომთავრულით დაქარაგმებული სახელი – ႰႱႬ (რსნ). მის ზემოთ ამოკვეთილია მცირე ზომის ხვეული, რომელიც  თ. ბარნაველის განმარტებით, ასევე რუსუდანის მონოგრამაა. დ. კაპანაძე ამ მონოგრამას დედოფლის „ხელრთვას“, „ფაქსიმილეს“ უწოდებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თ. ბარნავლის ინტერპრეტაციით, ასევე რუსუდანის მონოგრამას წარმოადგენს მონეტაზე მოთავსებული რთული ორნამენტული ჩარჩო, რომლის გარე ხვეულების გახსნა გვაძლევს შემდეგ ასოებს: ႰႭႱႬ ე.ი. რუსუდან. ორნამენტის ბუდეებში შემოკლებით თარიღია: ႵႩႬჃႫႦ ქორონიკონსა 447 (=1227 წ.)
ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
الملكة لملوك و الملكات
جلال الدنيا والدين
روسدان بنت تامار ظهير المسيح
اعز الله انصاره
დედოფალი მეფეთა და დედოფალთა,  დიდება ქვეყნისა, სამეფოსი და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის მიმდევარი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი. გარშემო რკალი.

      ზემოთ აღწერილ მონეტებთანთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად მათი მრავალრიცხოვნებისა, ყველა მათგანს თარიღად 1227 წელი უზის. ეს იმას ნიშნავს, რომ 1227 წელი გახლავთ კონკრეტული ნიმუშის შემოღების და არა ემისიის წელი.
      ამ მონეტებთან დაკავშირებით ასევე საინტერესოა მათი ემისიის ცენტრის დადგენის საკითხი. თბილისი ჯალალ ედ-დინმა პირველად  1226 წლის მარტში აიღო. იმავე 1226 წელს ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს და ხელმეორედ მხოლოდ 1227 წლის ბოლოს დათმეს. ასე რომ, 1227 წლით დათარიღებული მონეტების ემისია დედაქალაქის ზარაფხანაში სავსებით შესაძლებელია.  
     როგორც აღვნიშნეთ, კარგა ხნის მანძილზე საქართველოში სამონეტო მეტალის ფუნქციას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ სპილენძი. ვერცხლის დროებითი მატერიალური დეფიციტის ჰიპოთეტური ეგზისტენცია ალოგიკურად მიგვაჩნია. საქმე ეხება ფეოდალურ სამყაროს, სადაც სანედლეულო შიმშილის შესაძლებლობის დაშვება კონკრეტულ ეტაპზე უბრალოდ აბსურდია. ხომ არ ხდება ასეთი რამ: ევოლუციის რაღაც ეტაპზე აღმოსავლეთში ვერცხლის სასაქონლო აკუმულაცია საერთო სასაქონლო მასასთან მიმართებაში შეფარდებითად მცირეა, რაც ვალუტის შეფარდებითად და არარენტაბელურად მაღალი კურსის საფუძველია. სოციალური დისტრიბუციული წესრიგი ორგანიზაციასა და წარმოებას შორის მოითხოვს ნომინალის გაწვრილებას იმ დონემდე, რასაც ცირკულაციის ასპექტით უამრავი სირთულე მოჰყვებოდა. ვერცხლის უკნინესი ერთეული უდრის რაციოზე გადაყვანილ სპილენძს. საფუძველი ეყრება საკრედიტო ფულს. მაინც, რას უნდა გამოეწვია ასეთი სპეციფიური სავალუტო კონიუნქტურა?! საწარმოო ძალების განსაკუთრებული კონცენტრაცია შავი მეტალურგიის და აგრარულ სექტორებზე მოითხოვდა გარკვეულ შეზღუდვებს ფერადი მეტალურგიის სფეროში. ვერცხლის რეცეპციის ტექნოლოგიური სირთულე (Ag2S და  უფრო ხშირად, პლუს სხვა სულფიდიებიც. ერთმანეთისგან განცალკევებას ახორციელებს Pb. და Zn.) კი შრომითი კადრების ნაწილს  სპილენძის წარმოებაზე გადართავდა, რაც ფერადი მეტალურგიის პროდუქციის საერთო მოცულობის შეფარდებით სტაბილიზაციას ემსახურებოდა. სარწყავი ზონა ძაბავს საკუთარ ძალებს. დუალური საქართველო კი ყოველივეს საკრედიტო ავტოპროტექციონიზმით პასუხობს. აღმოსავლური ლეგენდები სწორედ აზიურ საკრედიტო სისტემაში ჩართვის ინდიკატორია. დემეტრე I-ის დროიდან მოკიდებული რუსუდანის მეფობაში გატარებულ ფულის რეფორმამდე საქართველოში მუდმივად ხორციელდება ე.წ. „უწესოდ“ მოჭრილი სპილენძის ნუმიზმატიკური ძეგლების ემისია. უკანასკნელი ტექნიკური სიახლე; 1. ზოგავს ხარჯებს და მუშახელს; 2. ნიშანია საკრედიტო კატეგორიისა.
ზარაფხანა: თბილისი.
ნომინალი: სპილენძი. მაგ. 14, 97 გრ., 16,24 გრ.
თარიღი: 1187 წ., 1210 წ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №133, ქფ. №№117-124, ქფ. №№126-128, ქფ. №№130-133, ქფ. №3295, ქფ. №3158; რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – 5 ცალი; ყაზბეგის ეთნოგრაფიული მუზეუმი – 3 ცალი. აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმი – №4292, №4295, №5984, №11372, №13021, №13087, №13169, №13171, №13694, №20827; ერმიტაჟი (სანკტ-პეტერბურგი) – უნომრო 126 ცალი მთავარი კოლექციიდან და 10 ცალი აზიური მუზეუმიდან.
ბიბლიოგრაფია:
თ. ბარნაველი.
ფიგურული ნიშნები განვითარებული შუა საუკუნეების ქართულ მონეტებზე. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია. № 3. 1974.

გ. დუნდუა. ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997; ფული საქართველოში (გ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

ირ. ჯალაღანია. თბილისის არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს მოპოვებული ნუმიზმატიკური მასალა. კრ. ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები. II. თბ. 1974.

გ. ჯაფარიძე. ქართული მონეტები არაბული ზედწერილებით. დავით V-ის სპილენძის მონეტები. მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია. № 4. 1974.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Ч. 1. СПб. 1910.

T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Catalogue of the Georgian Coins. Tb. 1999.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

XII საუკუნის-XIII საუკუნის დასაწყისის უცხოური მონეტების მიმოქცევა  საქართველოში


1. 1948-49 წლებში თბილისში, 300 არაგველის სახელობის ბაღის მახლობლად („განჯის კარი“), არქეოლოგიური გათხრების დროს, მიცვალებულის ჯიბესა თუ ქისაში აღმოჩნდა 133 სპილენძის მონეტა, ქართული და სხვა ქვეყნების ფულები. მათ შორისაა შირვანშაჰ მენუჩეხრ I კესრანიდის (XII ს.)  ერთი მონეტაც.
2. 1961 წელს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, რომელიც 1460 ცალს შეიცავდა. განძის ქრონოლოგიური დიაპაზონია XII საუკუნე - XIII საუკუნის პირველი მეოთხედი. განძი შეიცავს ქართულ და აღმოსავლურ მონეტებს, მათ შორის 19 შირვანულს. ორი მათგანი მიეკუთვნება ფერიბურზ II იბნ აფრიდუნს (1187/88-1203/04 წწ.), ხოლო 17 – გერშასპ იბნ ფერუხზადს (1203/04-1224 წწ.).
3. დუშეთის რაიონის სოფელ ბერუაანთკარში აღმოჩნდა პატარა ზომის სპილენძის ძალიან გაცვეთილი  მონეტა(თარიღი ცნობილი არაა), რომელიც ევგ. პახომოვის ატრიბუციით, ეკუთვნოდა შირვანშაჰების მეორე დინასტიას,  კესრანიდებს.
4. 1956-1957 წლებში თბილისის არქეოლოგიური გათხრების დროს ერეკლე II-ის მოედანსა და შავთელის აღმართზე იპოვეს  სპილენძის ოთხი პატარა მონეტა, რომლებიც შირვანშაჰ კესრანიდებს მიეკუთვნება. უფრო ზუსტი ატრიბუცია ვერ ხერხდება.
5. გარდაბნის რაიონის სოფელ პატარა ლილოში 1937 წელს აღმოჩნდა სპილენძის მონეტების დიდი განძი. მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები XII საუკუნის მეორე ნახევრით და XIII საუკუნის პირველი მეოთხედით შემოიფარგლება. განძში ქართულ მონეტებთან ერთად სხვა ქვეყნების მონეტებიც შედის, მათ შორის ორი მიეკუთვნება დარუბანდის ემირებს და XII საუკუნით თარიღდება.
6. უკვე მოხსენებულ ნიჩბისის განძში (იხ. №2) არის სპილენძის ერთი მონეტა, რომელიც მიეკუთვნება დარუბანდის ემირ მუზაფფარ იბნ მუჰამედ იბნ ხალიფეს.
7. სხვადასხვა დროს თბილისის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია. მისი დამუშავების შედეგად გამოიყო XII საუკუნის სპილენძის ორი მონეტა, რომელიც დარუბანდში უნდა იყოს მოჭრილი.
8. რუსთავის არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც მიმდინარეობდა 1949-50, 1959-62, 1965, 1972-75 წლებში, ასევე მიკვლეულ იქნა მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია. მონეტების საერთო რიცხვიდან მოხერხდა დარუბანდში მოჭრილი სპილენძის ხუთი ეგზემპლარის გამოყოფა. ხუთივე ცუდადაა დაცული და ამიტომ მათი ზუსტი განსაზღვრა ვერ ხერხდება.
9. დმანისის არქეოლოგიური გათხრების დროს, სხვა მონეტებთან ერთად, აღმოჩნდა დარუბანდის ემირების სპილენძის ფულებიც, მაგრამ მათი ცუდი დაცულობის გამო ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია.
10. სოფელ დიღომში 1955 წელს აღმოჩნდა XII-XIII საუკუნეების ქართული და აღმოსავლური მონეტების განძი, რომელიც 474 ერთეულს შეიცავდა. მათ შორის ერთი სპილენძის მონეტა მოჭრილია დარუბანდში.
11. საგარეჯოს რაიონში 1934 წელს აღმოჩნდა XII-XIII საუკუნეების ქართული და აღმოსავლური მონეტების განძი. მის შემადგენლობაში შედიოდა დარუბანდში მოჭრილი სპილენძის ხუთი მონეტა.
12. პატარა ლილოს განძის (იხ. №5)  შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე  სპილენძის 15 ილდეღიზიდური მონეტა, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები 1186-1225 წლებში თავსდება.
13. 1935 წელს თბილისში (კრწანისში) შემთხვევით აღმოჩნდა XII-XIII საუკუნეების სპილენძის მონეტების დიდი განძი, რომელიც ქართულ, აღმოსავლურ და ბიზანტიურ მონეტებს  შეიცავდა. განძში იყო ათაბაგ აბუბექრის (1195-1210 წწ.) სახელით მოჭრილი სპილენძის სამი მონეტა.
14. 1940 წელს თბილისში, ნარიყალას მიდამოებში, აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, სადაც ქართულ და ჯალალ ედ-დინის მონეტებთან ერთად 2 ილდეღიზიდური სპილენძის ფულიც შედიოდა. როგორც ჩანს, ისინი აბუბექრს მიეკუთვნება.
15. 1936 წელს თბილისში (ავლაბარში) აღმოჩნდა სპილენძის მონეტების დიდი განძი, რომელიც ძირითადად შედგებოდა XII-XIII საუკუნეების ქართული მონეტებისაგან. იქ იყო აგრეთვე ერთი ცალი ილდეღიზიდური სპილენძის ფული ათაბაგ უზბეკისა (1210-1225 წწ.)
16. „განჯისკარის“ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი განძის (იხ. №1) შემადგენლობაში XII-XIII საუკუნეების 35 ცალი ილდეღიზიდური სპილენძის მონეტაც იყო.
17. 1900-იანი წლების დასაწყისში სიღნაღის მახლობლად იპოვეს XII-XIII საუკუნეების ქართული მონეტების განძი, სადაც ილდეღიზიდური სპილენძის მონეტებიც ერია (ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა).
18. წყნეთში 1936 წელს აღმოჩენილ XII-XIII საუკუნეების ქართული მონეტების განძში 8 ცალი ილდეღიზიდური სპილენძის მონეტაც იყო.
19. ასევე XII-XIII საუკუნეების ქართული მონეტების განძს მიაკვლიეს 1917 წელს თბილისში, მუსლიმთა სასაფლაოზე (ბოტანიკური ბაღის ახლოს). მის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე ცალი სინქრონული ილდეღიზიდური სპილენძის მონეტაც.
20. ნიჩბისის განძში (იხ. №2) ერთი ილდეღიზიდური სპილენძის მონეტა ერია.
21. საგარეჯოს რაიონში აღმოჩენილი განძის (იხ. №11) შემადგენლობაში რამდენიმე ცალი ილდეღიზიდური სპილენძის მონეტა იყო.
22. 1936-37 წლებში დმანისის არქეოლოგიური კამპანიის დროს იპოვეს XII-XIII საუკუნეების სპილენძის 7 ილდეღიზიდური  მონეტა.
23. რუსთავის არქეოლოგიური გათხრების დროს მოიძიეს XII-XIII საუკუნეების 5 ილდეღიზიდური სპილენძის ფული.
24. რამდენიმე ასეთი მონეტა აღმოჩნდა მტკვრის კალაპოტის გაწმენდისას, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს.
25. ავლაბრის ტერიტორიაზე მიკვლეული განძის (იხ. №15) შემადგენლობაში იყო რუმის სელჩუკის, ქაიქაუს I-ის (1210-1219 წწ.) სპილენძის ერთი მონეტა.
26. „განჯისკარის“ სამონეტო კომპლექსში (იხ. №1) რუმის სულთნის ქაიქუბათ I-ის (1219-1231 წწ.)  ვერცხლის მონეტაც ერია.
27. პატარა ლილოს განძის შემადგენლობაში იყო რუმის სელჩუკების ერთი მონეტაც (იხ. №5).
28. ერთი ასეთი მონეტა იყო აგრეთვე სოფელ დიღომში აღმოჩენილი განძის შემადგენლობაში (იხ. №10).
29. რუმის სელჩუკთა ვერცხლის მონეტები, როგორც ჩანს, შედიოდა საგარეჯოს რაიონში აღმოჩენილ განძში (იხ. №11).