აკის სტატერი
ტიპი: აკის სტატერი

აღწერა,ფოტო:
ბაჯაღლო ოქრო. წონა – 8,45 გრ.
d=17/18 მმ.

შუბლი: ალექსანდრე მაკედონელის თავის გამოსახულება მარჯვნივ.

ზურგი: მარცხნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვენა გაშლილ ხელში გამარჯვების ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი ტახტის სახელურს ეყრდნობა. ტახტის უკან მოთავსებულია ფარი. ათენა პალადას ქვემოთ სამთითა, რომლის ორსავე მხარეს პატარა დელფინებია გამოსახული. ამ კომპოზიციის უკან ბერძნული ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ, წინ – ΑΚΟΥ.



სამეცნიერო კომენტარი:   
   ისევე როგორც ანტიკურ სახელმწიფოთა ცხოვრების ყველა სფეროში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა გადატრიალება მოახდინა სამონეტო საქმეშიც. ამ განუმეორებელი პიროვნების ფულადმა სისტემამ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა თითქმის მთელ იმდროინდელ მსოფლიოში. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი მხედართმთავრებიდან (დიადოხოსები) ერთ-ერთმა გამორჩეულმა, თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქემ ალექსანდრეს გამოსახულებით მოჭრა მონეტები, რომლებმაც ასევე დიდი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალექსანდრეს და ლისიმაქეს მონეტები იმდენად პოპულარული იყო ძველ მსოფლიოში, რომ ამ მონარქების გარდაცვალების შემდეგ ორი-სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა ორივე სამონეტო ტიპის მოჭრა მათივე სახელით, სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა იურიდიული ორგანოს (თუ პირის) მიერ.
    კოლხური თეთრის ემისიის შეწყვეტაც სწორედ ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მასობრივ შემოსვლასთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, მოგვიანებით, ძველი კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტები ტიპოლოგიურად სწორედ ალექსანდრეს და ლისიმაქეს სახელით მოჭრილ სტატერებს უკავშირდება, მათი იმიტაციაა.
    აკის სტატერი ზუსტი ასლია ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს იმ მონეტებისა, რომელთა ემისიას აწარმოებდა ქალაქი ბიზანტიონი ძვ. წ. 195 წლის შემდგომ ხანებში. სწორედ ბიზანტიონში მოჭრილ მონეტებზეა დატანილი ამავე ქალაქის ემბლემა – სამთითა, რომლის ტარი შემკულია ორი დელფინით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, აკის სტატერი ძვ. წ. 195 წლის შემდგომი პერიოდით, ძვ. წ. II საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება.
მონეტის წონა შეადგენს 8,45 გრ. ბაჯაღლო ოქროს. აკის სტატერის მარაგი 2 ცალით განისაზღვრება.
    მონეტა თავისი მხატვრული, სტილისტური და ტექნიკური თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება პროტოტიპს.
    მონეტების აღმოჩენათა ტოპოგრაფია ამტკიცებს მათ ადგილობრივ, კოლხურ წარმოშობას – აღმოჩენილია ქალაქ ტრაპეზუნტში (1865 წ.), რომელიც ძველად კოლხეთის საზღვრებში შედიოდა და ხონის რაიონის სოფ. კინჩხაში (1946 წ.).
    მონეტის რევერსზე დატანილი მეფის სახელი (ΒΑΣΙΛΕΩΣ ΑΚΟΥ) ჩასმულია ნათესაობით ბრუნვაში და ქართულად ითარგმნება, როგორც მეფე აკესისა/აკასი, ან აკოსისა (სახელობით ბრუნვაში იქნება აკა, აკესი ან აკოსი). სხვა წყაროებით ასეთი სახელის მქონე კოლხეთის მეფე არ დასტურდება. პროფესორმა დ. კაპანაძემ მეფის სახელი აკესი/აკოსი „გააქართულა“ და გადმოიტანა, როგორც აკი. ეს უკანასკნელი კი ქართულ ონომასტიკონში გავრცელებული სახელია. რუსმა მეცნიერმა ლ. ხარკომ მიიჩნია, რომ „აკუ“ იყო „ლისიმ-ახუ-ს“ დამახინჯებული ფორმა („ხ“ შეცვლილია „კ“-თი). ასეთი მოსაზრება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს – მონეტა იმდენად მაღალმხატვრულ დონეზეა მოჭრილი, რომ შეუძლებელია ხელოსანს ასოთა ასეთი აღრევა დაეშვა.
    სხვა მოსაზრების თანახმად კი „აკუ“ შეიძლება იყოს ძვ. წ. II საუკუნის ბერძენი მწერლის პოლიბიოსის მიერ მოხსენებული მეფე „აკუ-სილოხის“ შემოკლებული ფორმა. მართალია, ხსენებული ავტორი არ აზუსტებს, რომელი ქვეყნის მეფეა აკუსილოხი, მაგრამ იგი ისეთ გეოგრაფიულ ნომენკლატურაშია მოხსენიებული, რომ სრულებით არ არის გამორიცხული კოლხეთი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პოლიბიოსის ცნობით აღნიშნული მეფე მოღვაწეობდა ძვ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში, რაც ემთხვევა მონეტის ემისიის თარიღს (ძვ. წ. 195 წლის შემდგომი პერიოდი), მაშინ აკუსილოხის მოღვაწეობა და მონეტის მოჭრის სინქრონულობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. თუმცა ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ელინისტური ხანის მონეტებზე მეფის სახელის ფრაგმენტული განთავსება გამოწვეული იყო მხოლოდ მონეტის არის სიმცირით. აკის სტატერზე კი მეფის სახელის შემოკლება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, სტატერის არეზე თავისუფლად მოთავსდებოდა აკუსილოხის სრული სახელი.
    აკის სტატერის ემიტენტის საკითხის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, აღმოჩენის ტოპოგრაფიის საფუძველზე, ის კოლხურ სამყაროს უნდა დავუკავშიროთ.
დასკვნის სახით, ამ მონეტებთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: აკის სტატერი კოლხურ სამყაროს უნდა დავუკავშიროთ და თუ მომავალი აღმოჩენები ამ ფაქტს ეჭვმიუტანლად დაადასტურებს, მაშინ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი დასავლეთ საქართველოს ფარგლებში ძვ. წ. II საუკუნის 80-70-იან წლებში სამეფოს არსებობისა, ვინაიდან მონეტაზე აღნიშნული პირი მეფის ტიტულითაა მოხსენიებული.
    აკის სტატერს მოსდევს ადგილობრივ მოჭრილი ოქროს მინაბაძების მთელი სერია, ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები (ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები. შუბლი: არანატურალისტური თავის გამოსახულება მარჯვნივ. თმის სოლარული ვარცხნილობა ხშირად შემკულია ჩიტების გამოსახულებით. ზურგი: ტახტზე მჯდომი ათენას სქემატური გამოსახულება მარცხნივ/მარჯვნივ. ხელში ნიკე უჭირავს.  ქვემოთ სამთითა. ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები. შუბლი: არანატურალისტური თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი: ხარისთავიანი ან ვერძისთავიანი ნიკეს სქემატური გამოსახულება პირდაპირ). მათგან ყველაზე ადრეულია სოფელ რეყეში (ზუგდიდის რაიონი) 1920 წელს აღმოჩენილი ცალი, რომელიც ბაძავს ბიზანტიონში ლისიმაქეს სახელით მოჭრილ სტატერებს, ან თვით აკის მონეტას. მონეტის მოჭრის სავარაუდო თარიღი ძვ. წ. II საუკუნის 60-50-იანი წლებით განისაზღვრება.
    დროთა განმავლობაში მინაბაძების გამოსახულებანი თანდათან უხეშდება, სქემებად იქცევა და ძალიან სცილდება ორიგინალებს.

ზარაფხანა: უცნობია
ნომინალი: სტატერი (8,45 გრ.).
თარიღი: ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისი (80-იანი წლები).
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 1 ცალი (ხონის რაიონის სოფ. კინჩხაში აღმოჩენილი ცალი), გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №4872; პარიზი, მედლების კაბინეტი – 1 ცალი (ტრაპეზუნტში აღმოჩენილი ცალი).
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
საქართველოში გავრცელებული ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილი მონეტები. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების სერია. №1. თბ. 1973; ფული საქართველოში (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

Г. Ф. Дундуа.
Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

А. Н. Зограф. Античные золотые монеты Кавказа. Известия Государственной Академии Истории Материальной Культуры (ИГАИМК). вып. 110. 1935;  Распространение находок античных монет на Кавказе. Труды Отдела Нумизматики Государственного Эрмитажа (ТОНГЭ). т. I. Л. 1945.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. ч. I. СПб. 1910; Монеты Грузии. ч. I-II. Тб. 1970.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. IV-III საუკუნეების უცხოური ოქროს ფული

ქართულ სამონეტო ბაზარზე

ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი მონეტები

ა) ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი სტატერები:
1. ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ოქროს მონეტები აღმოჩენილია სვანეთში (სხვადასხვა ადგილას) – 367 ცალი (მათი უმრავლესობა განძებში იყო თავმოყრილი), რეყეში (ზუგდიდის რაიონი) – 2, ვანში – 2, თითო-თითო ცალი – ფიჭვნარში, ლენტეხში, ფარცხანაყანევში (წყალტუბოს რაიონი), გულრიფშის რაიონში, ჭიორასა (ონის რაიონი) და მცხეთაში. შუბლი – გრძელთმიანი ათენას თავის გამოსახულება კორინთულ მუზარადში მარჯვნივ. მუზარადზე ზოგჯერ დაკლაკნილი გველია გამოსახული. ასევე ზოგჯერ, ქალღმერთს ყელზე მძივები უკეთია და ყურებზე საყურე ჰკიდია. ზურგი – გრძელ ქიტონში ჩაცმული ფრთოსანი ნიკეს გამოსახულება მთელი ტანით მარცხნივ. მარჯვენა ხელში მას გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში – სტილიდა. ადრეულ ცალებზე მის უკან მოთავსებულია ბერძნული ზედწერილი: ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. მოგვიანო ცალებზე გამოსახულების წინ – ΒΑΣΙΛΕΩΣ, უკან – ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. გარდა ამისა, მონეტის არეზე ამოკვეთილია სხვადასხვა მონოგრამები და სიმბოლოები, რომელთა მეშვეობით ხერხდება ზარაფხანების დადგენა (საშუალო წონა – 8,50 გრ. ბაჯაღლო ოქრო).

ბ) ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტები (სხვადასხვა ნომინალები):
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ალექსანდრე მაკედონელის ვერცხლის მონეტებიდან ორი დრაქმაა და ერთი ტეტრადრაქმა. გავრცელების ტოპოგრაფია ასეთია: ქუთაისი, ყვირილას მიდამოები და კაჭრეთი (გურჯაანის რაიონი). შუბლი – ახალგაზრდა ჰერაკლეს თავის გამოსახულება ლომის ტყავში მარჯვნივ. მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს. ზურგი – ტახტზე მჯდომი ზევსის გამოსახულება მარცხნივ. მას მარჯვენა ხელზე არწივი უზის. გამოსახულების უკან მოთავსებულია ბერძნული ზედწერილი: ΑΛΕΞΑΝΔΡΟΥ. მონეტის არეზე სხვადასხვა მონოგრამები და სიმბოლოები.


მაკედონიის მეფის ფილიპე III-ის (ძვ. წ. 323-316 წწ.) ოქროს სტატერები:

3. საქართველოს ტერიტორიაზე ფილიპე III-ის ორი მონეტაა ნაპოვნი, ერთი შემთხვევით, აგუძერაში (აფხაზეთი) ზღვის ნაპირას, და მეორე – ვანში, არქეოლოგიური გათხრების დროს. მაკედონიის მეფე ფილიპე III-ის ოქროს მონეტა უცვლელად იმეორებს ალექსანდრე მაკედონელის სტატერის ტიპს, განსხვავებაა მხოლოდ ლეგენდაში: ΦΙΛΙΠΠΟΥ.


ლისიმაქეს (თრაკია-მაკედონიის მეფე – ძვ. წ. 306-282 წწ.) სახელით მოჭრილი სტატერები და ვერცხლის მონეტები (ისინი ერთტიპიურია):

4. საქართველოს ტერიტორიაზე ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ექვსი სტატერია ნაპოვნი. აქედან ორი მონეტა მიკვლეულია სვანეთში, ორი – ვანში, თითო-თითო – ეკსა (სენაკის რაიონი) და გულრიფშში. ვერცხლის ორი მონეტიდან ერთი აღმოჩენილია ვანში და ერთიც მაკრიალასთან (ადრე შედიოდა ბათუმის ოლქში, ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). შუბლი – მარჯვნივ მიმართული ალექსანდრე მაკედონელის თავის გამოსახულება დიადემაში. ზურგი – მარცხნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ათენა პალადა, რომელსაც მარჯვენა გაშლილ ხელში ქალღმერთი ნიკე უჭირავს, ხოლო მარცხენათი შუბსა და ფარს ეყრდნობა. გამოსახულების უკან ბერძნული ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ, წინ – ΛΙΣΙΜΑΧΟΥ. მონეტის ზურგზე დამატებითი სიმბოლოები და მონოგრამებია მოთავსებული იმის მიხედვით, თუ რომელ ზარაფხანაშია მოჭრილი ესა თუ ის ცალი.


პანტიკაპეიონის (თანამედროვე ქერჩი) სტატერები (ძვ. წ. IV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი):

5. პანტიკაპეიონის სტატერები, დაახლოებით 30-32 ცალი, აღმოჩნდა სვანეთში განძის სახით, ხოლო ერთი – სამეგრელოს რეგიონში. შუბლი – მარცხნივ მიმართული წვეროსანი სატირის თავის გამოსახულება სუროს გვირგვინში. ზურგი – მარცხნივ მიმართული ლომისთავიანი გრიფონის გამოსახულება, მის ქვემოთ პურის თავთავი. ბერძნული ზედწერილი: ΠΑΝ – გადმოცემს ქალაქის სახელს.


სირაკუზი (სიცილია), ჰიერონ II-ის (ძვ. წ. 275/4-216 წწ.) ნახევარსტატერი:

6. ეს ოქროს მონეტა აღმოჩნდა ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა შორეული სიცილიის მონეტების აღმოჩენისა საქართველოში. შუბლი – მარცხნივ მიმართული პერსეფონეს თავის გამოსახულება. ზურგი – მარჯვნივ მიმართული გამარჯვების ქალღმერთი ნიკე ორცხენიან ეტლზე. ბერძნული ლეგენდა ჰიერონის სახელით.