დემეტრე II-ის სპილენძის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“
ტიპი: დემეტრე II-ის სპილენძის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“

აღწერა,ფოტო:
სპილენძი. რემედიუმი: 1,45 გრ.-3,20 გრ.

d=16/17-23/26 მმ.

შუბლი: რთული ორნამენტული ჩარჩო, რომელიც რუსუდანის სპილენძის მონეტაზე მოთავსებული ჩარჩოს მსგავსია. ცენტრში შეწიაღებული მთავრული და, ე.ი დემეტრე; ჩარჩოს გარე ბუდეებში სხვადასხვანაირად განლაგებული ქართული წარწერები: ႫႴ (მეფე) ან ႫႴႧ (მეფეთა მეფე) და იშვიათ შემთხვევაში – , ე.ი. ქორონიკონი 500 (=1280 წ.).

ზურგი: ცენტრში ისეთივე ნიშანია, როგორიც თამარისა და დავითის მონეტაზე, ოღონდ ის აქ უფრო ლამაზად არის შესრულებული (დ. კაპანაძე მას ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშანს ეძახის). შემორკალული ნიშნის ირგვლივ ასომთავრულით დაქარაგმებული ქრისტიანული ლოცვა: ႢႥႼႫႱ ႫႠႫႨ ႻႨ ႣႠ ႱႪႨ ႼႨ, ე.ი. გვრწამს მამაი, ძეი და სული წმიდაი.



სამეცნიერო კომენტარი:
    1222-1245 წლებში საქართველოში თამარის ქალიშვილი რუსუდანი მეფობდა. მისი მმართველობა უიღბლო გამოდგა. საქართველოს თავს დაატყდა დიდი უბედურება ჯერ ჯალალ ედ-დინის, ხოლო შემდეგ – მონღოლთა შემოსევის სახით.
     რუსუდანის სამონეტო საქმიანობით ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც გამოიხატა შემდეგში: 1. შეწყდა ე.წ. უწესოდ მოჭრილი მონეტების ემისია და 2. კვლავ დაიწყო ვერცხლის ფულის გამოშვება. რა თქმა უნდა, ეს ნოვაცია მარტო ქართული მოვლენა არ გახლდათ. ისევე როგორც „ვერცხლის კრიზისი“, ისიც მახლობელი აღმოსავლეთის გლობალური მოვლენაა.
    რუსუდანის ვერცხლის მონეტები (რუსუდანის ვერცხლის მონეტები იესო ქრისტეს გამოსახულებით) კომპოზიციით ახლოს დგას ბიზანტიურ ნუმიზმატიკურ ძეგლებთან, ხოლო წონით ისეთივეა, როგორც სინქრონული აღმოსავლური დირჰემები და 2,35-2,70 გრამს შორის მერყეობს.


შუბლი:
ქრისტეს წელზევითი გამოსახულება  პირდაპირ, მოსასხამით, თავზე შარავანდედით. მარჯვენა ხელით ლოცავს, მარცხენა ხელში ბიბლია უჭირავს, რომლის ყდაზე სამი ბურთულაა. ΙC ΧC  მონეტის არეში. ირგვლივ ხაზოვანი რკალი და ასომთავრული გარშემოწერილი:  ႱႠႾႤႪႨႧႠႶႧႨႱႨႧႠႨႽႤႣႠႵჃႬ, ე.ი. სახელითა ღვთისაითა იჭედა ქორონიკონსა 450 (=1230 წ.).
ზურგი: რთული ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში, რომელიც მოგვაგონებს თამარ მეფის 1200 წლით დათარიღებულ მონეტაზე ამოკვეთილ ნიშანს (თ. ბარნაველი მას „შუბისპირის მსგავს კონტურად“ მიიჩნევს), ჩაწერილია ასომთავრული ႰႱႬ,   ე.ი. რუსუდან. ირგვლივ გარშემოვლებულია არაბული ზედწერილი:
ملكة  الملكات جلال الدنيا والدين   روسدان بنت تامار ظهير المسيح
დედოფალი დედოფალთა, დიდება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, რუსუდან, ასული თამარისა, მესიის მიმდევარი.

    ქრისტეს ბიუსტის ტიპი აღებულია ბიზანტიის იმპერატორის, ნიკიფორე III ბოტანიატის (1078-1081 წწ.) ნომისმიდან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ქართულ სიგელებში რუსუდანის დრამებს „ბოტინატი“ ან „ბოტინაური“ ეწოდება. ზოგჯერ მას „ცხუმური თეთრი“ ცვლის (თეთრი აქ საანგარიშო ერთეულია). გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსუდანის ვერცხლი ცხუმში მოიჭრა. მართლაც, თბილისი  ამ დროს ოკუპირებულია ჯალალ ედ-დინის მიერ.
    მრავალნაირ ვარიანტად წარმოდგენილი ეს მონეტები სხადასხვანაირი მახასიათებელი ნიშნებით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
    აღწერილ ვერცხლის მონეტებს ლიტერატურაში დრამას უწოდებენ. ბევრად უფრო იშვიათია ორიოდე ცალად ცნობილი დრამის წილადი – ნახევარდრამიანი, შესაბამისად მცირე ზომითა და წონით (1,25-1,30 გრ.). გარდა ამისა, მათ შუბლსა და ზურგზე მოთავსებული არ არის გარშემოვლებული ზედწერილი.
    ჯალალ ედ-დინის შემოსევებიდან მოკლე ხანში ქვეყანაში მონღოლთა ჰეგემონია დამყარდა.
    პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლამ წარუხოცელი კვალი დატოვა საქართველოს ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. მკვეთრად იცვლება მონეტის გარეგნული სახე და ზედწერილების შინაარსი. იმდროინდელი ქართული მონეტები განსაკუთრებული სიმართლით გადმოგვცემს  XIII-XIV საუკუნეებში შექმნილ მძიმე ვითარებას.
    რუსუდანის შემდგომ მოჭრილი მონეტები ორ ჯგუფად იყოფა: 1. ქართველ მეფეთა მონეტები XIII-XIV საუკუნეებში და 2. მონღოლური საოკუპაციო მონეტები.
    ამჯერად, ჩვენ მხოლოდ ქართველ მეფეთა მონეტებს შევეხებით.
    ჰიჯრ. 642 წელს (=1244/45 წწ.), იმ დროს, როდესაც თბილისის ზარაფხანაში ულუს-ბეკის სახელით ვერცხლის მონღოლური მონეტა იჭრება, დმანისის ზარაფხანა უშვებს სპილენძის ქართულ მონეტას დავითის სახელით (დავით ნარინის სპილენძის მონეტები შეწიაღებული ასოებით).

შუბლი: ცენტრში შეწიაღებული მთავრული და დავითის სახელს აღნიშნავს. ირგვლივ სპარსული ზედწერილი:
قاان بنده شاه جهان داود ملك
მსოფლიოს მფლობელის, ყაენის მონა, დავით მეფე.
ზურგი: ასევე არაბულად ოთხსტრიქონიანი წარწერა:
شهر
دمانس
عمرها الله
٢ ثنىاربعين ستمائة
ქალაქსა დმანისს, ხანგრძლივ ჰყოს იგი ღმერთმან, (წელსა) 642 (=1244/45 წწ.).

    ამ მონეტის შუბლის ქვედა ნაწილში ხშირად  მოთავსებულია ქორონიკონი 465, რაც 1245 წელს უდრის. ის ზოგჯერ ამავე მონეტის ზურგის მეხუთე სტრიქონშიც მეორდება.
    ამ მონეტის წყალობით დადგენილ იქნა დმანისში ზარაფხანის არსებობის ფაქტი, რომლის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდით.
    1244/45 წლებში, როდესაც დავით ნარინის სახელით დმანისში სპილენძის მონეტის ემისია განხორციელდა, ის საქართველოში არ იმყოფება, ყარაყორუმშია, სადაც გაამგზავრეს ტახტზე დამტკიცების მიზნით.
    1247 წელს მონღოლებმა საქართველოს სამეფო ტახტზე ერთდროულად ორი პრეტენდენტი დაამტკიცეს: დავით გიორგი ლაშას ძე – უფროსი, ანუ ულუ და დავით რუსუდანის ძე – უმცროსი, ანუ ნარინი. 1247 წელს ორივე დავითი საქართველოში დაბრუნდა.
    დმანისის მონეტის გამოშვებიდან სამი წლის შემდეგ, კერძოდ, ჰიჯრ. 645 წელს (=1247/48 წწ.) დავით ნარინის სახელით სპილენძის მონეტები იჭრება უკვე თბილისის ზარაფხანაში, მაგრამ ქართულ ქორონიკონს აქ აღარ ათავსებენ. ის ისეთივეა, როგორც დმანისში მოჭრილი სპილენძის მონეტა, ოღონდ განსხვავდება მისგან მოჭრის ადგილისა (თბილისი) და თარიღის (ჰიჯრ. 645 წელი) მიხედვით.
    დავით ნარინის სპილენძის მონეტის მოსაჭრელად მიმოქცევიდან გამოსულ მონეტებსაც იყენებდნენ. ზოგჯერ დავით ნარინის სიქის ქვეშ შეინიშნება რუსუდან დედოფლის მონეტის გადარჩენილი დეტალები. ამიტომ არის, რომ დავით ნარინის სპილენძის მონეტათა წონითი რემედიუმი შესამჩნევ გადახრებს იძლევა.
    1247 წელს თბილისის ზარაფხანაში დავით ნარინის სახელით ვერცხლის მონეტაც (დავით ნარინის ვერცხლის მონეტები მხედრის გამოსახულებით) იჭრება წონითი რემედიუმით 2,4-2,7 გრ.

შუბლი:  მარჯვნივ მიმართული გვირგვინოსანი მეფე-მხედრის გამოსახულება, რომელსაც მარჯვენა ხელში მათრახი უჭირავს. გამოსახულების წინ მონოგრამა, რომელიც დავითის სახელს აღნიშნავს. აქვეა თარიღი ႵႩჃჂႦ, ე.ი. ქორონიკონი 467 (=1247 წ.). მხედრის უკან ექვსქიმიანი ვარსკვლავი.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი:
بقوة خدا
دولة  كوك
قاان بنده
داود ملك
ძალითა ღვთისათა, მონა გუიუკ-ყაენის მთავრობისა. მეფე დავითი.
ზედწერილის გვერდით მარჯვენა მხარეს სპარსულადვეა მოჭრის ადგილი:
ضرب تفليس
იჭედა თბილისს.

    ცხენოსანი ფიგურის გამოსახულება საქართველოში მოჭრილ მონეტებზე პირველად გამოჩნდა ჰიჯრ. 642 წელს, ულუს-ბეკის ფულებზე, ხოლო შემდეგ – დავით ნარინის მონეტებზე. ორივე მათგანი წარმოადგენს XII საუკუნის სელჩუკთა მონეტებზე მოთავსებული მხედრის ასლს, რაც საქართველოსა და რუმის სელჩუკთა სახელმწიფოს მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირურთიერთობაზე მიუთითებს.
    თბილისშივე ჰიჯრ. 650, 651 და 652 წლებში იჭრება დავით ნარინის თანამოსაყდრის, ულუ დავითის ვერცხლის იშვიათი მონეტები (დავით ულუ „ბაგრატიონის“ 1252-1255 წლების ვერცხლის ემისიები). უნდა ითქვას, რომ მათზე ქართული წარწერები მთლიანად ქრება და მათი გარეგნული სახე ძალიან მოგვაგონებს სელჩუკურ დირჰემებს (წონა≈2,73 გრ.).

შუბლი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
داود ملك
ابن كيوركى
البقراطى
ضرب تفليس
დავით მეფე, ძე გიორგისა, ბაგრატიონი. იჭედა თბილისს.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი:
بقوة خداى
یاقبال پاد شاهی
جهان منکو قاان
و ستماية سنة خمسين
ძალითა ღვთისათა, მსოფლიოს მანგუ ყაენის ნებითა, წელსა 650 (=1252/53 წწ.).

    დავით ულუსვე უნდა ეკუთვნოდეს სპილენძის იშვიათი მონეტები (დავით ულუს სპილენძის მონეტები მხედრის გამოსახულებით). მათი აღწერილობა ასეთია:

შუბლი: გვირგვინოსანი მხედრის მარჯვნივ მიმართული ფიგურა. გამოსახულების ორივე მხარეს – ასომთავრული და , რაც დავითის სახელის დაქარაგმებაა.
ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
الملك الملوك
داود بن كيوركى
حسام المسيح
მეფეთა მეფე დავით, ძე გიორგისა, მესიის მახვილი.

    მონეტის ზუსტი ატრიბუცია პოლემიკის საგანია. მეცნიერთა ნაწილის აზრით, მონეტა დავით აღმაშენებელს უნდა მოეჭრა, უმრავლესობა კი მას დავით ულუს აკუთვნებს იმ ძლიერი არგუმენტის საფუძველზე, რომ სადისკუსიო მონეტა ზუსტი ასლია რუმის სელჩუკიდის, ქაიხოსრო I-ის (1192-1200 წწ.) სპილენძის ფულების იკონოგრაფიისა. ამიტომ, მისი ემისია დავით აღმაშენებლის მიერ წარმოუდგენელია.
    1270 წელს გარდაიცვალა დავით ულუ და ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე დაამტკიცა მისი მცირეწლოვანი ვაჟი დემეტრე II (1270-1289 წწ.). 1280 წლიდან, მონღოლური საოკუპაციო მონეტების პარალელურად, დემეტრე II იწყებს წმინდა ნაციონალური ხასიათის სპილენძის მონეტების ემისიას (დემეტრე II-ის სპილენძის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“).
    დემეტრე II-ის ქართულწარწერიან სპილენძის მონეტაზე მოთავსებული ლოცვა თითქმის ისეთივეა, როგორც ქართლ-ჰულაგუიდურ დირჰემებზე და მათი სინქრონულობა უეჭველია. ამ სამონეტო ტიპის ვარიანტთა რიცხვი საკმაოდ მრავალია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცნობილია დემეტრე II-ის მონეტების ერთი ეგზემპლარი, რომელზეც  მოთავსებულია ქორონიკონი 506 (=1286 წ.) (დაცულია თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).
    დემეტრე II-ის სპილენძის მონეტების წონა 1,45-3,20 გრამებში მერყეობს.
    1292 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ილხანმა ქეღათუმ  დემეტრე II-ის ვაჟი დავით VIII (1293-1311 წწ.) დაამტკიცა. მისი მეფობის პირველ წლებში აღმოსავლეთ საქართველოსა და ირანის ილხანთა სახელმწიფოს ურთიერთობა ნორმალურად ვითარდებოდა. მაგრამ, როდესაც ილხანთა ტახტისათვის ბრძოლაში ყაზანმა ბაიდუ დაამარცხა (1295 წ.), რომელსაც მხარს დავით VIII უჭერდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამწვავდა. თუმცა, იმის შიშით, რომ დავით VIII ოქროს ურდოს არ მიმხრობოდა, ყაენი ხშირად ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა.
    დავით VIII სხვადასხვა წლებში ჭრიდა როგორც ვერცხლის, ასევე სპილენძის მონეტებს. ვერცხლის მონეტების (დავით VIII-ის ვერცხლის მონეტები ქრისტიანული ლოცვით) აღწერილობა ასეთია:

შუბლი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
پادشاه اعظم
سلطان محمود
غازان خان
خلد الله ملکه
ფადიშაჰი უზენაესი, სულთანი მაჰმუდ ყაზან ყაანი, ხანგრძლივ ჰყოს ღმერთმა მეფობა მისი.
ზურგი: კვადრატულ ჩარჩოში არაბულად გადმოცემულია ოთხსტრიქონიანი  ქრისტიანული ლოცვა, როგორც ქართულ-ჰულაგუიდურ მონეტებზე:
بسم الاب
والابن وروح
القدس الاه
واحد
სახელისა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, ღვთისა ერთისა. აქ ჯვრის ნაცვლად მოთავსებულია დაქარაგმებული ქართული წარწერა:  ႫႴႣ, ე.ი. მეფე დავითი. კვადრატსა და გარეთა რკალს შორის სეგმენტებში თარიღია, რომელიც შერჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, ჰიჯრ. 696 წელს (=1296/97 წწ.) აღნიშნავს. მონეტაზე მოთავსებული თვეების მიხედვით გაირკვა, რომ ამ მონეტების ემისია გრძელდებოდა  696 წლის ოთხი თვის განმავლობაში – მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე თვის მანძილზე, რაც 1297 წლის აპრილ-ივლისს შეესატყვისება.

    მონეტის საშუალო წონა – 2,44 გრ.
    როცა ურთიერთობა ყაზან-ყაენსა და დავით VIII-ს შორის ძალიან დაიძაბა, მეფე  მთიულეთში, ან ხევში გაიხიზნა და იქიდან განაგრძობდა ბრძოლასაც და სამონეტო საქმიანობასაც. საპასუხოდ, ყაზან-ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ მისი ძმა, ვახტანგ III დაამტკიცა, რომელიც ასევე ჭრიდა მონეტებს. ეს მონეტები, მართალია, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს დავით VIII-ის სპილენძის ფულს, მაგრამ სჯობს, ჯერ ეს უკანასკნელნი განვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ დავით VIII-ის სპილენძის მონეტები დემეტრე II-ის მონეტის თითქმის სრულ ანალოგს წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ ისინი უფრო მცირე ზომისა და წონისაა (დავით VIII-ის სპილენძის მონეტები „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშნით“).

შუბლი: ორნამენტული ჩარჩოს ცენტრში შეწიაღებული მთავრული და , ე.ი დავითი. ხოლო ბუდეებში ქართულივე დაქარაგმებული წარწერა: ႫႴႫႴ, ე.ი. მეფეთა მეფე. ქვემოთ ზოგჯერ ႴႪ, ე.ი. ქორონიკონი 530 (=1310 წ.).
ზურგი: მოხდენილად გამოყვანილი „ბაგრატიონთა საგვარეულო ნიშანი“, რომელსაც შემოვლებული აქვს ასომთავრულით შესრულებული ქრისტიანული ლოცვა: ႢႥႼႫႱ ႫႠႫႨ ႻႨ ႣႠ ႱႪႨ ႼႨ, ე.ი. გვრწამს მამაი, ძეი და სული წმიდაი. ზოგჯერ ამ ნიშნის გვერდით, მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულია ႵႩ  ႴႪ, ე.ი ქორონიკონი 530 (= 1310 წ.).

    ამრიგად, ზოგ ცალზე თარიღი მონეტის შუბლზეა, ზოგზე კი – ზურგზე. გვხვდება ისეთებიც, რომლებზეც თარიღი სულ არ არის.
    უაღრესად საინტერესოა იმ პუნქტის ლოკალიზაცია, სადაც მთებში გახიზნული დავითის სპილენძის მონეტები იჭრებოდა, რადგან დადგინდება საქართველოში კიდევ ერთი ზარაფხანის არსებობის ფაქტი. სამწუხაროდ, თვით მონეტაზე გამოშვების ადგილი დაფიქსირებული არ არის, მაგრამ უეჭველია, რომ მათი ემისია სადღაც მთაში, ჟინვალში ან სტეფანწმინდაში წარმოებდა, როგორც ამას თ. ლომოური ვარაუდობდა.
    ამრიგად, დავით VIII-ის ვერცხლის მონეტები იჭრებოდა 1297 წელს, ხოლო სპილენძის – 1310 წელს. ამ წლებს შორის ხარვეზი შევსებულია ასევე ეროვნული სამონეტო ემისიებით, რომელიც დავითის ძმას, ვახტანგ III-ს ეკუთვნის. ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული ქრონოლოგიის თანახმად, ის 1302-1308 წლებში მეფობდა, მაგრამ, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ეს თარიღი აშკარად მოითხოვს კორექტივს. ვახტანგ III, ისევე როგორც მისი ძმა, ჭრის ვერცხლისა და სპილენძის მონეტებს. ვერცხლის მონეტები ძირითადად ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემის მსგავსია, თუმცა მის სახესხვაობას წარმოადგენს (ვახტანგ III-ის მონეტები ქრისტიანული ლოცვით).

შუბლი: ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი: დიდი ხაკანის ნაცვალის ყაზანის სახელით ნაჭედი.
ზურგი: კვადრატის შიგნით მორკალული ჯვრის ნიშანი, რომლის ირგვლივ არაბულად ქრისტიანული ლოცვაა:
بسم الاب
والابن وروح
القدس الاه
واحد
სახელისა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა, ღვთისა ერთისა; და მოცემულია ასომთავრული ნიშნების ორი მონოგრამა, რომლებიც იშიფრება როგორც  ႥႬႢ ႫႴ, ე.ი. ვახტანგ მეფე. კვადრატსა და რკალს შორის გარეგან სეგმენტებში არაბულად აღნიშნულია თარიღი: იჭედა წელსა 698  (=1298/99 წწ.) და მონეტის გამოშვების ერთ-ერთი თვე.

    ვახტანგ მეფის ჰიჯრ. 699 წლით (=1299/1300 წწ.) დათარიღებული ვერცხლის მონეტა ზემოაღწერილისაგან უმნიშვნელო დეტალით განსხვავდება: ჯვრის ტოტებს შორის აქ ჩასმულია თითო წერტილი ან ვარსკვლავი.
    როგორც წესი, ვახტანგ III-ის ვერცხლის მონეტებზე მოჭრის ადგილი არ აღინიშნებოდა, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ეგზემპლარმა წარწერით: იჭედა თბილისს.
    აღნიშნული მონეტები ძვირფასი ისტორიული წყაროა, ვინაიდან ის აზუსტებს ვახტანგ III-ის ტახტზე ასვლის ნამდვილ თარიღს. ამას ყურადღება მიაქცია ჯერ კიდევ თ. ლომოურმა და ნუმიზმატიკური მონაცემების საფუძველზე შეიტანა კიდეც სათანადო კორექტივი ჩვენ მეფეთა ქრონოლოგიაში. მისი აზრით, ვინაიდან ვახტანგი 1298/99 წლებით დათარიღებულ ვერცხლის მონეტაზე უკვე მეფედ იხსენიება, ის ტახტზე ავიდა არა 1302, არამედ – 1298/99 წლებში. მეტიც: ეს თარიღიც მოითხოვს გადასინჯვას. საქმე ის გახლავთ, რომ ც. ღვაბერიძემ მიაკვლია ვახტანგ III-ის სახელით მოჭრილ ვერცხლის მონეტას, რომელიც ჰიჯრ. 697 წელსაა (=1297/98 წწ.) მოჭრილი. ამრიგად, ვახტანგ III-ის გამეფების ჭეშმარიტი თარიღი გახლავთ 1297 წელი.
    ვახტანგ III-ის აღნიშნული ვერცხლის ფულების ანალოგიურია სპილენძის ემისიაც, თუმცა ამ მონეტებზე თარიღი შემორჩენილი არ არის. ზოგადად, ისინი შესაძლოა 1297-1304 წლებით დათარიღდეს (ვახტანგ III ტახტზე 1297 წელს ავიდა, ყაზან ყაენი კი 1304 წელს გარდაიცვალა).
    გარდა ამისა,  ვახტანგ III-ის სხვანაირი სპილენძის მონეტებიც არსებობს (ვახტანგ III-ის    სპილენძის მონეტები მონოგრამებით).

შუბლი: სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
يادشاه
جهان خزان
مخمود خلد ملكه
ხელმწიფე მსოფლიოსი, ყაზან მაჰმუდ, ხანგრძლივ იყოს მეფობა მისი. მესამე სტრიქონქვეშ ასომთავრულით შესრულებული ორი მონოგრამა, რომლებიც იშიფრება როგორც ႥႬႢ ႫႴ, ე.ი. ვახტანგ მეფე.
ზურგი: შემორკალულ ჩარჩოში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا لله الا
الله وحده
لا شريك له
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.

შუბლი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
...السلطان ا
غياث الدنيا و الدين
خدابنده محمد
خلد الله ملكه
სულტანი უმაღლესი, ღიას ედ დუნია ვედდინი, ხუდაბენდე მუჰამად, ხანგრძლივ ჰყოს ღმერთმა მეფობა მისი. ზედწერილი მოთავსებულია კვადრატულ ჩარჩოში. ჩარჩოს გარეთ გაურკვეველი წარწერაა.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი არაბული ლეგენდა:
الله
لااله الا
محمد
رسول الله
არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. ქვემოთ ვახტანგის სახელი, გადმოცემული სამი მთავრული ასოსგან (ႥႬႢ) შემდგარი მონოგრამით.

    აღწერილ მონეტებზე თარიღი შემორჩენილი არ არის. პირველის ემისია 1297-1304 წლებით უნდა დათარიღდეს (ვახტანგ III 1297 წელს გამეფდა, ყაზან ყაენი 1304 წელს გარდაიცვალა), ხოლო მეორე – 1304-1308 წლებით (ხუდაბენდე მუჰამადი (ოლჯაითუ) ტახტზე 1304 წელს ავიდა, ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა).
    ვახტანგის სპილენძის მონოგრამებიანი მონეტების მეორე ემისიის იდენტურია კიდევ ერთი მონეტა, რომელიც განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ ვახტანგის მონოგრამა აქ შეცვლილია ასო , რაც, ალბათ, გიორგის ინიციალია. ისტორიული წყაროების მონაცემებით, ასეთი პიროვნება ამ ხანებში მართლაც არსებობს. ეს გახლავთ დავით VIII-ს ვაჟი გიორგი VI მცირე, რომელიც 1309 წელს დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე. ბუნებრივია, ეს მონეტაც მას დაუკავშირეს.
    ქრონოლოგიურად კონკრეტულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს უნდა მოსდევდეს ორ ცალად ცნობილი მონეტა. ილხან აბუსაიდის სახელით თბილისში მოჭრილ სპილენძის ამ მონეტებზე სტანდარტული არაბული ზედწერილია, შუბლის არეზე კი თითქოს მოთავსებულია ქართული მხედრული ასო – „გ“.
    ილხან აბუსაიდის თანამედროვე ქართველი მეფე გიორგი ბრწინვალე (1318-1346 წწ.) იყო და შესაძლებელია მხედრული „გ“-ს მსგავსი ორნამენტი გიორგის სახელის ინიციალს წარმოადგენდეს.
    დ. კაპანაძე ცდილობს ქართული ნუმიზმატიკის სფეროში შემოიტანოს ვერცხლის ანონიმური მონეტები, რომელთაც ის წონის, ზომის, ფაქტურის და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, XIV ს-ის II ნახევარს აკუთვნებს. ზოგიერთ ასეთ მონეტაზე ფრინველია გამოსახული, ზოგიერთზე კი – ლომი, ან ჯიხვი. არაბული წარწერები დამახინჯებულია. დ. კაპანაძე თვლის, რომ ჯიხვის გამოსახულებიან მონეტების 2 თუ 3 ცალზე, გამოსახულების ირგვლივ, ასომთავრული წარწერის ძალიან მცირე ნაწილია გადარჩენილი, რომელიც თითქოს ბაგრატის სახელში შემავალ ასოებს შეიცავს. ეს მხოლოდ წინასწარი დაკვირვებაა და თუ შემდეგში დადასტურდება, მაშინ მონეტები შესაძლებელია ბაგრატ V-ს (1360-1393 წწ.) მიეკუთვნოს.
    ასევე არსებობს რამდენიმე სპილენძის მონეტა, რომლებიც შესაძლებელია ბაგრატ V-ს მიერ იყოს მოჭრილი (წონა≈5,48 გრ.).

შუბლი:
ცენტრში მოთავსებული ასომთავრული შემოვლებულია ხაზოვანი რკალით. რკალს გარეთ კიდეებზე განლაგებულია ასომთავრული ზედწერილი, რომელიც ქარაგმების გახსნის შემდეგ იკითხება: სახელითა ღვთისაითა.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი დამახინჯებული არაბული ზედწერილი.

    საკითხი სადისკუსიოა და შემდგომ კვლევას მოითხოვს, რათა დადგინდეს, რომელ ბაგრატს ეკუთვნის ეს მონეტები, ბაგრატ V-ს თუ, საერთოდ, ბაგრატ IV-ს, ვინაიდან რამდენიმე ანალოგიური ცალი უწესოდ არის მოჭრილი.  
    გიორგი VII-ს  (1393-1407 წწ.) უნდა ეკუთვნოდეს იშვიათი ვერცხლის მონეტები (გიორგი VII-ის მონეტები „გახელილი თვალის გამოსახულებით“), რომელთა აღწერილობა ასეთია:
 
შუბლი: მონეტის ცენტრში მსხვილი წერტილია. ამ წერტილის მარცხნივ და მარჯვნივ გაუგებარი ნიშნებია, რომლებიც მოგვაგონებს გადაბრუნებულ მუსლიმურ ღვთისმსახურებით წარმონათქვამს – „უფალს“, ეს ყველაფერი ჩასმულია წვეტიან ოვალში და ამრიგად იქმნება ადამიანის გახელილი თვალის შთაბეჭდილება. მონეტის კიდეებზე ასომთავრული წარწერა: ႫႤႴႤႧ/ႫႴႤ ႢႨ, ე.ი.მეფეთა მეფე გიორგი.
ზურგი: რამდენადმე დამახინჯებული არაბული წარწერა (სუნიტური რელიგიური სიმბოლო).

შუბლი: ადამიანის გახელილი თვალის გამოსახულება. მონეტის ცენტრში მსხვილი მთავრული ასოებია მოთავსებული: და , ე.ი. მეფე. ჩარჩოს გარეთ ტალღისებური ხაზები და თითო წერტილი.
ზურგი: სამსტრიქონიანი დამახინჯებული არაბული წარწერა (უნდა იყოს სუნიტური რელიგიური სიმბოლო).

შუბლი: მონეტის ცენტრში მსხვილი წერტილია, რომელსაც მარცხნივ და მარჯვნივ კიდევ თითო წერტილი უზის. წერტილები ჩასმულია წვეტიან ოვალში. ზემოთ და ქვემოთ ტალღისებური ხაზები და თითო წერტილია. ყველაფერ ამას შემოვლებული აქვს ორმაგი რკალი – ხაზოვანი და წერტილოვანი.  
ზურგი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი დამახინჯებული არაბული ზედწერილი სუნიტური რელიგიური სიმბოლოა, რომელიც ისეთივე რკალებით არის შემოვლებული, როგორიც მონეტის შუბლზე გვაქვს.

    დ. კაპანაძის აზრით, აღნიშნულ მონეტები მოჭრილია გიორგი ბრწყინვალეს (1318-1346 წწ.) მიერ. დღეს ამ იშვიათ მონეტებს გიორგი VII-ს მიაკუთვნებენ.
    პირველი საბუთი ასეთი ატრიბუციის სასარგებლოდ იმ განძების დაფლობის ხანაა, რომელთა შემადგენლობაშიც ეს მონეტები შედიოდა. დუშეთის განძი 1389/90 წლების შემდეგ არის ჩამარხული, ხოლო ალის განძი – XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე.
    მეორე საბუთი ამ ფულის წონაა. მონეტების საშუალო წონა ერთ გრამსაც კი არ აღწევს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ცალების წონა 0,85-0,99 გრამებს შორის მერყეობს  და უახლოვდება გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილი მონეტების წონას (რემედიუმი – 0,57-0,80 გრ., შედარებისათვის, გიორგი ბრწყინვალეს დროს თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ორიანი დირჰემის წონა 3,5 გრამია).
    გიორგი VII-ის მონეტებიდან ყველაზე საინტერესოა 1861 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი განძის შემადგენლობაში შემავალი ცალები, რომლებიც იმავე წელს ვ. ლანგლუამ გამოაქვეყნა, მაგრამ მან ზედწერილები სწორად ვერ წაიკითხა. ამ მონეტების წონა მერყეობს 0,57-0,80 გრამებს შორის. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირველი, რომელმაც ყოველმხრივ შეისწავლა ეს მონეტები, ბოლომდე გამოამჟღავნა ვ. ლანგლუას შეცდომები და მოუძებნა მათ ვიწრო ქრონოლოგიური ჩარჩოები, იყო თ. ლომოური. ამაში მას დიდი დახმარება გაუწია 1925 წელს ხაშურის რაიონის სოფ. ალში აღმოჩენილმა ფულადმა განძმა, რომელიც 471 ცალ ვერცხლის მონეტას შეიცავდა, აქედან 249 – ჩვენთვის საინტერესო მონეტაა (გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის ვერცხლის მონეტები) (მონეტების ატრიბუცია თ. ლომოურს ეკუთვნის). ვიძლევით სანიმუშო ცალის აღწერილობას:

შუბლი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
سلطان
احمد خان ملكه
ملك  غازى كيركر
ضرب تفليس
სულტან აჰმად, ხანგრძლივი იყოს მეფობა მისი, მეფე გამარჯვებული გიორგი, იჭედა თბილისს.
ზურგი: ორმაგ ხაზოვან კვადრატში, რომელსაც გარს უვლის ჯერ ხაზოვანი, შემდეგ კი წერტილოვანი რკალი არაბული წარწერაა:
لا اله الا
الله
محمد
رسول الله
არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა. კვადრატსა და რკალს შუა სეგმენტებში ოთხი ხალიფას სახელი.

    ალის განძში შემავალი გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილი 249 მონეტა, როგორც დაცულობის, ასევე ტექნიკური შესრულების მხრივ, ერთნაირი არ არის. მათი უმცირესობა (28 ც.) წესიერად არის მოჭრილი და წარწერებიც გარკვევით იკითხება. 89 ცალი პირველებს შინაარსით შეესიტყვება, მაგრამ ტექნიკურად ბევრად უფრო მდარე ღირსების არის – წარწერები მათზე გაურკვევლადაა აღბეჭდილი. მესამე ჯგუფი, 74 ცალის რაოდენობით, ამ უკანასკნელთაგან უნდა მომდინარეობდეს, მაგრამ მათზე ზედწერილები შებრუნებითაა გამოყვანილი. დანარჩენები გაცვეთილია და მათზე არაფერი ირკვევა.
    მონეტები მოიჭრა ალინჯის ციხესთან თემურ-ლენგის ჯარებზე გიორგი VII-ისა და აჰმედ ჯალაირის გამარჯვების აღსანიშნავად XIV საუკუნის მიწურულს.
    ზემოაღწერილი მონეტების სინქრონულია კიდევ ორი მონეტა, რომლებიც უფრო იშვიათად გვხვდება.

შუბლი: ორსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
ضرب تفليس
ملك غازاى كيركر
იჭედა თბილისს, მეფე გამარჯვებული გიორგი.
ზურგი: სამსტრიქონიანი არაბული წარწერა:
سلطان
احمد
خان
სულტანი აჰმად ხანი.

შუბლი: ხაზოვანი რკალით შემოვლებულ კვადრატში მოთავსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: ႫႴႧႫႴႤ/ႢႰႢႨ, ე.ი. მეფეთა მეფე გიორგი.
ზურგი:  სამსტრიქონიანი არაბული წარწერა:
سلطان
احمد
خان
სულტანი აჰმად ხანი.
ზარაფხანა: თბილისი (?).
ნომინალი: სპილენძი. 1,45 გრ.-3,20 გრ.
თარიღი: 1280-1286 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №№298-301, ქფ. №1591, ქფ. №№2254-2257, ქფ. №№2259-2274, ქფ. №3450; გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №10964, გფ. №11412, გფ. №№11502-11504, გფ. №12130; ერმიტაჟი (სანკტ-პეტერბურგი) – 10 ცალი.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006, ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011  (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); XIV საუკუნის აღმოსავლურქართული ემისიები. თბ. 2010 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

თ. ლომოური. ქოდალას განძი. აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). XIV-B. თბ. 1947; ქოდალას განძი. II ნაწილი. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; საქართველოსა და ოქროს ურდოს შორის ურთიერთობის საკითხისათვის XIV ს. (ალის განძის ჯუჩიდური ფულები). კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; აჰმედ ჯალაირის და გიორგი VII-ის მონეტები. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005; უკანასკნელი ილხანების ფული საქართველოში. კრ. ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში. თბ. 2005.

ც. ღვაბერიძე. საქართველოს ურთიერთობა ილხანთა ირანთან და ჯელაირთა სახელმწიფოსთან. თბ. 1986.

И. Л. Джалаганиа. Из истории монетного дела в Грузии XIII века. Тб. 1958.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Тб. 1970; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. I-IX. Баку. 1926-66.

D. M. Lang. Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New York. 1955.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი XIII-XIV საუკუნეების იმპორტული მონეტები


    აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი ამ პერიოდის იმპორტული მონეტების მიმოხილვისას ყურადღებას, ძირითადად, სამონეტო კომპლექსების ჩამოთვლაზე გავამახვილებთ, ვინაიდან მათი შემადგენლობა რელიეფურად წარმოაჩენს უცხოეთიდან შემოტანილი მონეტების ცირკულაციის სურათს აღმოსავლეთ საქართველოში.
    1. ქოდალას განძი. მოქ. ი. მოსულიშვილის საშუალებით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში სამ წყებად (1940, 1941 და 1948 წლებში) შევიდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც შედგება 502 მონეტისგან. განძი ნაპოვნია სოფ. ქოდალაში (გურჯაანის რაიონი).
    ქოდალას განძი შეისწავლა და გამოაქვეყნა თ. ლომოურმა, ხოლო ზოგი რამ დააზუსტა ც. ღვაბერიძემ.
    თ. ლომოურის ატრიბუციით, განძი შეიცავს ყაზან ყაენის (1295-1304 წწ.) და სულთან ოლჯაითუს (1304-1316 წწ.) სახელით გამოშვებულ ფულს, აგრეთვე ერთ სელჩუკურ მონეტას, რომელიც ეკუთვნის რუმის სულთან ქაიხოსრო II-ს (1236-1245 წწ.).
    განძში შემავალი მონეტების უმრავლესობა (491 ც.) დირჰემებია, 10 მონეტა წარმოდგენილია სხვა ნომინალის – ორიანი დირჰემის სახით. განძის ძირითად ნაწილს ყაზან ყაენის სახელით მოჭრილი მონეტები წარმოადგენს.
    განძის ხელმეორედ გადათვალიერების შემდეგ დადგინდა-დაზუსტდა თარიღები და ზარაფხანის სახელები. განძში შემდეგ ზარაფხანებში მოჭრილი მონეტებია: თბილისი (166 ც.), თავრიზი (62 ც.), ახალციხე (18 ც.), სივასი (20 ც.), ჯეზირე (16 ც.), სამსუნი (3 ც.), ბაზარი (12 ც.), ნახჭევანი (12 ც.), ხლათი (9 ც.), ნისა (13 ც.), ირბილი (9 ც.), ბარდავი (8 ც.), ბაღდადი (7 ც.), ერზინჯანი (7 ც.), სინჯარი (6 ც.), მოსული (5 ც.), თოკათი (4 ც.), ერზერუმი (3 ც.), ისპაჰანი (3 ც.), ანისი (3 ც.), ამასია (7 ც.), ბექ-ბაზარი (8 ც.), ჰილე (2 ც.), მაიაფარიკინი (2 ც.), ჰიდლისი (1 ც.), განჯა (1 ც.), სავე (1 ც.), ვასიტი (1 ც.), არმინია (?) (1 ც.), შირაზი (1 ც.), ჰამადანი (1 ც.), ქაშანი (1 ც.), რავია (1 ც.), ნიშაბური (1 ც.), შუსთერი (3 ც.).
    თ. ლომოურის მიერ ყაზან ყაენის უნიფიცირებული დირჰემის რამდენიმე ცალზე ამოკითხულ ზარაფხანის სახელწოდებაში ც. ღვაბერიძემ ეჭვი შეიტანა. თ. ლომოური კითხულობს ზარაფხანის სახელს „სამსუნი“. ზარაფხანის სახელის მოხაზულობის მიხედვით კი ეს უნდა იყოს „ნისა“, ქალაქი კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქარავნო გზაზე, აშხაბადიდან 20 კმ. დაშორებით.
    განძის მესამედს შეადგენს თბილისის ზარაფხანის პროდუქცია; მეორე ადგილზე დგას თავრიზის, შემდეგ სივასის, ახალციხის და აშ. აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნილებას ძირითადად აკმაყოფილებდა თბილისის ზარაფხანა.
    თ. ლომოურმა ქოდალას განძი დაათარიღა ჰიჯრ. 694-715 წლებით (1294-1315/16 წწ.). ც. ღვაბერიძემ განძი გადაათარიღა ჰიჯრ. 696-705 წლებით (1296-1306 წწ.). განძის ჩამარხვა ჰიჯრ. 705 წლის (1306 წ.) შემდეგ მოხდა.
    2. 1979 წელს სოფ. ფოკაში (ნინოწმინდის რაიონი) ფარავნის ტბის პირას შემთხვევით იპოვეს ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. განძის ნაწილი დაიკარგა და მხოლოდ 155 ცალია დაცული სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. კომპლექსი შეიცავს ოლჯაითუს სახელით მოჭრილ მონეტებს (ორიანი და ერთიანი დირჰემები) შემდეგი ზარაფხანებიდან: თბილისი (27 ც.), ანისი (14 ც.), სამსუნი (?) (11 ც.), თავრიზი (8 ც.), ბაზარი (3 ც.), ბარდავი (1 ც.), გარნისი (1 ც.), ბაღდადი (1 ც.), სულთანია (1 ც.), ერზინჯანი (1 ც.). განძის ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 709 წლით (1309/1310 წწ.), უგვიანესი – ჰიჯრ. 715 წლით (1315/1316 წწ.). ფოკას განძი დაფლული უნდა იყოს 1316 წლის შემდეგ. ფოკას განძის მონეტების რეატრიბუციის შედეგად, ზარაფხანების მიხედვით დირჰემების რაოდენობრივი გადანაწილება რამდენადმე განსხვავებულია.
    3. 1968 წელს სოფ. ურაველში (ახალციხის რაიონი) საკარმიდამო ნაკვეთში ძველი შენობის დანგრევისას ნაპოვნია XIII-XIV საუკუნეების ვერცხლის მონეტები. განძის შემადგენლობა ასეთია: ა) რუმის სელჩუკთა XIII საუკუნის 20-30-იანი წლების დირჰემები – 5 ც., ბ) „ყაანური“ I „ტიპი“ – 1 ც., გ) „ყაანური“ II „ტიპი“ – 2 ც., დ) ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემები  – 4 ც., ე) მეფე ვახტანგ III-ის (1297-1308 წწ.) ჰიჯრ. 698 წლის (1298/99 წწ.) დრამები, თბილისის ზარაფხანა – 4 ც., ვ) ჰულაგუიდ ყაზან ყაენის დირჰემები – 2 ც., ზ) ჰულაგუიდ აბუსაიდის დირჰემი – 1 ც. განძი ჩამარხული უნდა იყოს 1333 წლის შემდეგ. ის დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    4. 1958 წელს სოფ. დარჩიეთში (გურჯაანის რაიონი) საყანე მიწის დამუშავების დროს ნაპოვნი ვერცხლის მონეტების განძიდან 3 ცალი შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში: 1. ქაიხოსრო სელჩუკიდის (?) დირჰემი, გამოშვებული ჰიჯრ. 628 წელს (1230/1231 წწ.); 2. აბაღა ჰულაგუიდის (1265-1282 წწ.) დირჰემი და 3. აბუსაიდის ორიანი დირჰემი, მოჭრილი ჰიჯრ. 724 წელს (1323/1324 წწ.) თავრიზში.
    5. 1979 წელს სოფ. ჯანდარაში (მარნეულის რაიონი) ტრაქტორით მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების პატარა განძი (11 ც.). 3 მონეტა ოლჯაითუს სახელით თბილისში არის მოჭრილი, ორი მათგანი – ჰიჯრ. 714 წელს (1314/1315 წწ.). 1 მონეტა ანისის ზარაფხანას მიეკუთვნება და ჰიჯრ. 711 წლით (1311/1312 წწ.) თარიღდება. 7 ორიანი დირჰემი ილხან აბუსაიდს (1316-1335 წწ.) ეკუთვნის, აქედან 4 თბილისშია მოჭრილი ჰიჯრ. 727 წელს (1326/1327 წწ.). ორ მონეტაზე ზარაფხანა არ იკითხება, ხოლო ერთი სულთანიაშია გამოშვებული ჰიჯრ. 724 წელს (1323/1324 წწ.). სავარაუდოდ, განძი XIV საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს არის ჩამარხული. მონეტები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    6. 1948 წელს სოფ. გრიგოლათის მიდამოებში (ხარაგაულის რაიონი) აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი მპოვნელებმა დაინაწილეს. მოხერხდა 3 ეგზემპლარის შემოწმება. სამივე მათგანი ილხან აბუსაიდის ორიანი დირჰემი იყო.
    7. 1936 წელს დმანისის რაიონის სოფ. პატარა გომარეთში წვიმების შედეგად გადარეცხილ ნიადაგში აღმოჩნდა თიხის ქოთანი, რომელშიც 92 ვერცხლის მონეტა იყო. ისინი ეკუთვნის უკანასკნელ ჰულაგუიდებს: მუჰამედი (1335-1338 წწ.) – 2 ც., სათი ბეგი (1338-1340 წწ.) – 5 ც., ტუღათემური (1336-1340 წწ.) – 1 ც., სულეიმანი (1339-1346 წწ.) – 80 ც. 4 ცალი გაურკვეველია. დირჰემები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: ბაზარი, თბილისი, თავრიზი, შირვანი (?), ბარდავი, სულთანია, ანისი. განძი უნდა ჩაემარხათ XIV საუკუნის 40-იანი წლების შემდეგ.
    8. 1862 წელს სოფ. სართიჭალაში (საგარეჯოს რაიონი) იპოვეს უკანასკნელი ჰულაგუიდების ვერცხლის მონეტები (243 ც.). განძი აღმოჩნდა ძველებურ აკლდამაში ჩადგმულ ფერადი ფაიანსის ქილაში. მისი შემადგენლობა ასეთია: სათი ბეგ ხათუნის ფული (ჰიჯრ. 739 წ.=1338/1339 წწ.) მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში – არდებილი, ბაზარი, ბელაქანი, ხოი და ზოგი გაურკვეველი; სულეიმანის მონეტები (ჰიჯრ. 740 წ.=1339/1340 წწ.) – შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი, ბაზარი, ბაქო (?), ბაიბურთი, ბარდავი, ბელაქანი, ქაშანი, კალისტუვანი, ნახიჩევანი, ჰამადანი, თავრიზი, მარაღა, სულთანია, ხოი, სალმასი. განძი XIV საუკუნის შუა ხანებში უნდა იყოს ჩამარხული.
    9. 1954 წელს ცხინვალ-ხეითის გზის გაფართოების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი. განძი გაიფანტა. გადარჩენილი 22 ცალი ეკუთვნოდა ილხანებს – სათი ბეგსა და სულეიმანს.
    10. სოფ. ლელიანში (ლაგოდეხის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს თიხის ქოთანში აღმოჩნდა ილხანთა მონეტების განძი, რომელიც მპოვნელებმა დაიტაცეს. გადარჩენილი 5 მონეტა 1962 წელს შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ხუთივე მონეტა მოჭრილია სულეიმანის სახელით ჰიჯრ. 741 წელს (1340/1341 წწ.) სხვადასხვა ზარაფხანაში – თავრიზი, ბარდავი, თბილისი. ორ მონეტაზე ზარაფხანის სახელი გადაშლილია.
    11. 1933 წელს სოფ. ლიკანში (ბორჯომის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების მოზრდილი განძი. აქედან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მხოლოდ 2 ცალი შევიდა. მონეტები სულეიმან ჰულაგუიდის ორიანი დირჰემებია, მოჭრილი ჰიჯრ. 742 წელს (1341/1342 წწ.).
    12. 1953 წელს სიღნაღის რაიონის საბჭოთა მეურნეობის საცდელი სადგურის ტერიტორიაზე (სადგურ წნორისწყალთან) აღმოჩნდა ვერცხლის ფულის განძი, რომელიც მპოვნელებმა დაინაწილეს. ერთი ცალი ილხან სულეიმანის მონეტა იყო.
    13. 1952 წელს სოფ. ფოდაანთან (ლაგოდეხის რაიონი) შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი ვერცხლის მონეტებით, დაახლოებით 150 ეგზემპლარი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, განსაზღვრის მიზნით, მიიტანეს ორი მონეტა, ილხანების სულეიმანის და ანუშირვანის (1344-1356 წწ.) სახელით მოჭრილი. სულეიმანის მონეტა თბილისის ზარაფხანის პროდუქციაა.
    14. 1940 წელს სოფ. ყარაღაჯში (წითელწყაროს/დედოფლისწყაროს რაიონი) იპოვეს ჰულაგუიდების ვერცხლის მონეტების განძი. სიძველეთა დაცვის კომიტეტის მეშვეობით, ის გადაეცა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ მუზეუმს. განძი შედგება სულეიმანის და ანუშირვანის მონეტებისგან. ერთის გამოკლებით, ყველა ერთიანი დირჰემია. სულეიმანის მონეტები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: თავრიზი, სულთანია, 6 ცალზე ქალაქის სახელი არ იკითხება. ანუშირვანის მონეტები მოჭრილია შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი, ბაზარი, თავრიზი, ყარაღაჯი, მარაღა, ბარდავი, გუშტასბი, განჯა, თბილისი, შირვანი. გარკვეულ ცალებზე ქალაქის სახელი არ იკითხება. განძი ჩამარხული უნდა იყოს XIV საუკუნის მესამე მეოთხედის დასაწყისში.
    15. 1957 წელს წითელწყაროში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, მიწის დამუშავების დროს იპოვეს ილხან ანუშირვანის ვერცხლის მონეტების განძი. განძი ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. განძი შედგება 6 ორიანი დირჰემისგან. განძის ყველაზე ადრეული მონეტა განეკუთვნება ჰიჯრ. 747 წელს (1346/47 წწ.), გვიანი – ჰიჯრ. 755 წელს (1354 წ.).
    16. იმავე ყარაღაჯში 1949 წელს ნიადაგის შესწავლის დროს იპოვეს 24 ვერცხლის მონეტა, მოჭრილი ჰულაგუიდ ანუშირვანის სახელით. წარმოდგენილია შემდეგი ზარაფხანები: ანისი, შირვანი, განჯა, თავრიზი, ბაზარი, მარაღა. განძის ადრეული მონეტა განეკუთვნება ჰიჯრ. 748 წელს (1347/1348 წწ.), გვიანი – ჰიჯრ. 753 წელს (1352/1353 წწ.). მისი ჩამარხვა შეიძლება მომხდარიყო XIV საუკუნის მესამე მეოთხედში. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    17. 1860 წელს თბილისის მახლობლად აღმოჩნდა 60-მდე ვერცხლის მონეტა მოჭრილი ჰულაგუიდების, ჯუჩიდების, ჯალაირიდების და მუზაფარიდების სახელით ჰიჯრ. 740-759 წლებში (1339/40-1357/58 წწ.). განძის ერთი ნაწილი სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟს გადაეცა.
    18. 1861 წელს თბილისის მიდამოებში იპოვეს განძი, რომელიც 160 ვერცხლის მონეტას შეიცავდა. განძი შედგებოდა ჰულაგუიდების, ჯუჩიდების, ჯალაირიდების და გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით თბილისში მოჭრილი წვრილი მონეტებისგან. განძი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს ჩამარხული.
    19. 1955 წელს სოფ. ძუკატში (ახალგორის რაიონი) გზის გაყვანის დროს იპოვეს თიხის ჭურჭელი, რომელშიც 83 ცალი ვერცხლის წვრილი მონეტა იყო. მონეტები ერთნაირია და მოჭრილია ჯალაირიდი შეიხ ოვეისის (1356-1375 წწ.) მიერ თბილისის ზარაფხანაში.
    20. 1900-იან წლებში თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი განძებიდან ე. პახომოვს შემოწმებული აქვს შეიხ ოვეისის (3 ც.) და აჰმედის (19 ც.) მონეტები. ისინი თითქოს მინაბაძები ყოფილა.
    21. 1948 წელს სოფ. ბოშურას (გორის რაიონი) მიდამოებში მწყემსებს უპოვიათ თიხის ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული ყოფილა 300-მდე ვერცხლის ფული. განძის მონეტები მპოვნელებმა დაინაწილეს. მოხერხდა ერთი მათგანის ატრიბუცია. ის გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილი მონეტა აღმოჩნდა.
    22. 1950 წელს სოფ. ფაცვისხევთან (გორის რაიონი) ნაპოვნი იყო ვერცხლის წვრილი ფულის განძი, რომელიც მპოვნელებმა დაირიგეს. გორის მუზეუმმა მოგვიანებით 72 ცალს მოუყარა თავი. ეს ნაწილი შემდეგ მონეტებს შეიცავს: 1. გაურკვეველი ქართული მონეტა ცხოველის გამოსახულებით – 1 ც., 2. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის ვერცხლის მონეტები, არაბულ ზედწერილით – 68 ც., 3. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის ვერცხლის მონეტები, ქართული ზედწერილით – 3 ც.
    23. 1900-იან წლებში ახალციხის რაიონში აღმოჩენილი კირმანეული თეთრის განძიდან ე. პახომოვს ოციოდე ცალი შეუმოწმებია.
    24. 1905 წელს დუშეთში ნაპოვნი იყო განძი, რომელიც მაშინვე დაიფანტა. გადარჩენილი 4 მონეტა კირმანეული ყოფილა.
    25. 1900 წელს გორის რაიონში აღმოჩნდა ჯუჩიდური მონეტების განძი, რამდენიმე ქართული მონეტა და კირმანეული.
    26. ე. თაყაიშვილის ცნობით, 1905 წელს დუშეთის რაიონში აღმოჩენილა განძი, რომელიც 960 ვერცხლის მონეტას შეიცავდა. განძი გაიფანტა. გადარჩენილი 4 მონეტა, ე. პახომოვის განსაზღვრით, შემდეგია: 1. „მეფეთა მეფე გიორგი“, ე.წ. „გიორგაული“ (გიორგი VII-ის მონეტები „გახელილი თვალის გამოსახულებით“), 2. კირმანეული თეთრი, 3. ორი ჯუჩიდური, თოხთამიშის სახელით მოჭრილი ურდოში. ერთ მათგანზე იკითხება თარიღი ჰიჯრ. 792 წელი (1389/90 წწ.).
    27. 1925 წელს სოფ. ალში (ხაშურის რაიონი) აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც 471 ვერცხლის მონეტას შეიცავს. ის დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. განძი შედგება შემდეგი მონეტებისგან: 1. 204 ც. ოქროს ურდოსი, 2. ჯალაირიდების – 4 ც., 3. კირმანეული – 1 ც., 4. გიორგი VII-ის და აჰმედ ჯალაირის – 249 ც., 5. გაურკვეველი ქართული – 10 ც., 6. გაცვეთილი – 2 ც. განძი ჩამარხული უნდა იყოს XIV საუკუნის მიწურულს, ან XV საუკუნის დასაწყისში.