ქვეჯგუფი: არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები
ტიპი: ქვეჯგუფი: არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები

აღწერა, ფოტო:
ვერცხლი.

რემედიუმი 1,2-2,78 გრ. d=21-26 მმ.

შუბლი: დამახინჯებული არაბული ლეგენდები, გარშემორტყმული ორმაგი წერტილოვანი ან ხაზოვანი რკალით.

ზურგი: დამახინჯებული არაბული ლეგენდები და კვლავ რკალი. მეცნიერთა ნაწილი მინაბაძებზე  ქართულ ასოებსაც კითხულობს.

სამეცნიერო კომენტარი:
    თბილისში მოჭრილი არაბული დირჰემები და მათი იმიტაციები სამონეტო ჯგუფის სახელია. აქედან, ყველაზე ადრეულია ომაიანთა დირჰემები. მათ ქრონოლოგიურად მოსდევს აბასიანთა და თბილისის ჯაფარიან ამირათა დირჰემები. სწორედ ამ უკანასკნელთა მსგავსია არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები.
    VII საუკუნის მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ძვრებმა მახლობელ აღმოსავლეთში თავისი ასახვა პოვა ეკონომიკასა და ფულად მიმოქცევაში. ირანი და ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში მოექცა. VIII საუკუნის პირველი ნახევრიდან არაბებმა ფეხი საქართველოშიც მოიკიდეს.
    პირველი არაბული მონეტა თბილისის ზარაფხანაში ჰიჯრ. 85 წელს (=704 წ.) მოიჭრა, ხალიფა აბდ ალ-მალიქის (685-705 წწ.) დროს, და, როგორც სახალიფოს ყველა სხვა ზარაფხანის დირჰემები, ისიც ანონიმურია. თბილისში მოჭრილი ომაიანთა დირჰემი სულ ოთხი ცალის რაოდენობით არის ცნობილი. ერთი ბერლინის მუზეუმშია დაცული, მეორე – კატარის ეროვნულ მუზეუმში, მესამე – ეშმოლის მუზეუმში, ხოლო მეოთხე – კერძო კოლექციაში. ე.ი. 704 წელს არაბებს თბილისი ხელთ ეპყრათ.

შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا اله الا/الله وحده/ لا شريك له
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.
ირგვლივ:
بسم الله ضرب هذا الدرهم بتفليس سنة خمس و ثمنين
სახელითა ალლაჰისა, იჭედა ეს დირჰემი თბილისს 85 წელს (=704 წ.).
ირგვლივ შერწყმული წერტილებისგან შემდგარი სამმაგი რკალი.
ზურგი: ცენტრში ოთხ სტრიქონად არაბული ზედწერილი:
لله احد الله/ الصمد لم يلد/ و لم يولد و لم يكن/ له كفوا احد
იგია ალლაჰი ერთადერთი, ალლაჰი მარადი, არცა უშვია და არცა შობილა, არცა მოზიარედ ჰყოლია არავინ.
შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი და ირგვლივ:
محمد رسول الله بالهدى و دين الحق ليظهره على الدين كله و لو كره المشر كون
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით, რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.

    როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, თბილისში VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა მხრიდან სამონეტო ემისიის რეალიზაცია უფრო პოლიტიკური ჟესტი იყო, ვიდრე ეკონომიკური. მონეტები ფართო ცირკულაციისთვის არ უნდა ყოფილიყო გამიზნული.
    ამის შემდეგ თითქმის 125 წლის მანძილზე თბილისის ზარაფხანა არ ფუნქციონირებს.
    მეცნიერების განკარგულებაში არსებული ფაქტობრივი მასალის მიხედვით, თბილისის ზარაფხანამ მოქმედება განაახლა ჰიჯრ. 210 წელს (=825/6 წწ.), ვინაიდან სწორედ ამ წლითაა დათარიღებული პირველი თბილურ-აბასიანური დირჰემი.

შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا اله الا/الله وحده/ لا شريك له
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.
მის ირგვლივ, ასევე არაბული ლეგენდა:
بسم الله ضرب هذا الدرهم بتفليس سنة عشر و مائتين
სახელითა ალლაჰისა, იჭედა ეს დირჰემი თბილისს 210 წელს (=825/26 წწ.).
ირგვლივ შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი.
ზურგი: ცენტრში სამ სტრიქონად არაბული ზედწერილი:
محمد/ رسول/ الله
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა.
შერწყმული წერტილებისგან შემდგარი ორმაგი რკალი და ირგვლივ:
محمد رسول الله بالهدى و دين الحق ليظهره على الدين كله و لو كره المشر كون
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით, რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.
    
    ამის შემდეგ, ოცდაათ წელზე მეტი ხნის მანძილზე, ჰიჯრ. 211-247 წლებში თბილისში მოჭრილი მონეტები ცნობილი არაა. შემთხვევითია თუ არა ეს გარემოება, ამას მომავალი აღმოჩენები გვიჩვენებს.
    ჰიჯრ. 248 წელს (=862/63 წწ.) მოჭრილი თბილურ-აბასიანური დირჰემები ცნობილია სულ ექვსი ცალის რაოდენობით: სამი მათგანი დაცულია ერმიტაჟში, ორი – მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში და ერთიც – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ამ მონეტის აღწერილობა ასეთია:

შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا اله الا/الله وحده/ لا شريك له
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.
ირგვლივ არაბული ზედწერილი:
بسم الله ضرب هذا الدرهم بتفليس سنة ثمان و اربعين و مائتين
სახელითა ალლაჰისა, იჭედა ეს დირჰემი თბილისს 248 წელს (=862/63 წწ.).
ხაზოვანი რკალი და მეორე წრიული ლეგენდა:
لله الامر من قبل و من بعد و يوميذ يقرح المومنون بنصر الله
ძალაუფლება ალლაჰისაა, ადრეც და მერეც, და იმ დღეს გაიხარებენ მორწმუნენი ალლაჰის შეწევნით.
ზურგი: ცენტრში ხუთსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لله / محمد/ رسول/ لله/ المستعين بالله
ალლაჰს. მუჰამმადი მოციქული ალლაჰისა. ალ-მუსთაინ ბილლაჰი.
ირგვლივ ორმაგი ხაზოვანი რკალი, შემდეგ არაბული ლეგენდა:
محمد رسول الله بالهدى و دين الحق ليظهره على الدين كله و لو كره المشر كون
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, რომელმაც გამოაგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით, რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.

    ამის შემდეგ თბილისში მოჭრილ აბასიანურ დირჰემებზე ხალიფების სახელია მოთავსებული. იცვლება თარიღი, ხოლო ისლამური ფორმულები, ძირითადად, მეორდება. ქვემოთ, ცხრილია, სადაც წარმოდგენილია თბილისში აბასიანი ხალიფების სახელით ჰიჯრ. 249-335 წლებში განხორციელებული ძირითადი ემისიები.

    ხალიფა                           წონა          ზომა         ლითონი    თარიღი
ალ-მუსთაინ ბილლაჰი         3,06 გრ.                                   ვერცხლი    249 (=863/64 წწ.)
ალ-მუსთაინ ბილლაჰი                                                          ვერცხლი    250 (=864/65 წწ.)
ალ-მუთადიდ ბილლაჰი                                                       ვერცხლი    287 (=900 წ.)
ალ-მუქთაფი ბილლაჰი         ≈2,96-3,62 გრ. d≈25 მმ.         ვერცხლი    294 (=906/7 წწ.)
ალ-მუკთადირ ბილლაჰი
და აბულ-აბასი                        3,3 გრ.             d=26-27 მმ.    ვერცხლი    297 (=909/10 წწ.)
ალ-მუკთადირ ბილლაჰი
და [აბულ-აბასი]                     3,24 გრ.            d=26-27 მმ.    ვერცხლი    298 (=910/11 წწ.)
აღწერილობის გარეშე            3,2 გრ.              d=23 მმ.         ვერცხლი    304? (=916/17 წწ.)
აღწერილობის გარეშე                                                             ვერცხლი    306 (=918/19 წწ.)
ალ-მუკთადირ ბილლაჰი
და აბულ-აბასი                                                 d≈24 მმ.         ვერცხლი    307 (=919/20 წწ.)
ალ-მუკთადირ ბილლაჰი    2,90- 2,95 გრ.    d≈23,5 მმ.     ვერცხლი    311 (=923/24 წწ.)
ალ-მუკთადირ ბილლაჰი    2,06-3,43 გრ.     d≈23-24 მმ.   ვერცხლი    312 (=924/25 წწ.)
აღწერილობის გარეშე                                                            ვერცხლი    314 (=926/27 წწ.)
აღწერილობის გარეშე                                                            ვერცხლი    321 (=932/33 წწ.)
ალ-რადი ბილლაჰი                                                                ვერცხლი    323 (=934/35 წწ.)
ალ-მუთთაქი ლილლაჰი                                d≈24 მმ.        ვერცხლი    330 (=941/42 წწ.)
ალ-მუთთაქი ლილლაჰი    2,75-2,85 გრ.      d≈25 მმ.        ვერცხლი    331(=942/43 წწ.)
აღწერილობის გარეშე                                                            ვერცხლი    332 (=943/44 წწ.)
ალ-მუსტაქფი ბილლაჰი                                                       ვერცხლი    333/4 (=944/46 წწ.)
ალ-მუტი ლილლაჰი                                                              ვერცხლი    335(=946/47 წწ.)

    აბასიანი ხალიფების სახელით მონეტების ემისიას ახორციელებდა თბილისში მჯდომი ნაცვალი – ამირა. ამირას ინსტიტუტი საქართველოში VIII საუკუნის შუა ხანებიდან დამკვიდრდა. ცნობილია თბილისელი ამირების სამი დინასტია: შუაბიანები, შაიბანიანები და ჯაფარიანები. პირველი ორი დინასტიის წარმომადგენლები მონეტებს ჭრიდნენ მხოლოდ და მხოლოდ ხალიფების სახელით, რაც ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მათ სრულ ლოიალობაზე, სრულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
    ჯაფარიანთა დინასტიის წარმომადგენლები კი უკვე საკუთარი სახელით ჭრიან მონეტებს. ჯაფარიანთა სახელით თბილისში მოჭრილი დირჰემების საშუალებით ვიგებთ, თუ როდის დაგვირგვინდა წარმატებით თბილისის საამიროს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; აგრეთვე ვადგენთ ჯაფარიანთა გენეალოგიურ ტაბულას (მაგ., მანსურ იბნ ჯაფარი და ჯაფარ იბნ მანსური არც ერთ წერილობით წყაროში არ იხსენებიან, მათი სახელები მხოლოდ მონეტებზეა).
    ჯაფარიანთა (ბანუ ჯაფარ) არაბული დინასტია თბილისში დაახლოებით IX საუკუნის 80-იან წლებში დამკვიდრდა და ქალაქს ორი საუკუნის მანძილზე ფლობდა.
    ჯაფარიანთა დინასტიის პირველი ამირა, რომლის მონეტამაც ჩვენამდე მოაღწია, გახლავთ მანსურ იბნ ჯაფარი.

შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا اله الا/الله وحده/ لا شريك له
არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.
მის ირგვლივ, ასევე არაბული ლეგენდა:
بسم الله ضرب هذا الدرهم بتفليس سنة اثنى و اربعين و ثلثمائة
სახელითა ალლაჰისა, იჭედა ეს დირჰემი თბილისს 342 წელს (=953/54 წწ.).
ყოველივე გარშემორტყმულია არაბული ლეგენდით:
لله الامر من قبل و من بعد و يوميذ يقرح المومنون بنصر الله
ძალაუფლება ალლაჰისაა, ადრეც და მერეც, და იმ დღეს გაიხარებენ მორწმუნენი ალლაჰის შეწევნით.
ირგვლივ შემოუყვება ორმაგი ხაზოვანი რკალი.
ზურგი: შუაში ხუთსტრიქონიანი არაბული წარწერა:
لله/ محمد/رسول الله/ المطيع لله/ منصور بن جعفر
ალლაჰს. მუჰამმადი მოციქული ალლაჰისა. ალ-მუტი ლილლაჰი. მანსურ იბნ ჯაფარი.
ირგვლივ ორმაგი ხაზოვანი რკალი, რომლის გარეთაც არაბული ლეგენდაა:
محمد رسول الله بالهدى و دين الحق ليظهره على الدين كله و لو كره المشر كون
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, რომელმაც გამოგზავნა ის სწორი გზითა და რჯულით ჭეშმარიტით, რათა აღამაღლოს ყველა სარწმუნოებაზე, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.

    ქვემოთ, ცხრილში მოცემულია ყველა ის ძირითადი მონეტა, რომელიც იჭრებოდა თბილისში ჯაფარიანი ამირების სახელით ჰიჯრ. 342-418 წლებში.

 ხალიფა; ამირა                 წონა          ზომა            ლითონი    თარიღი
ალ-მუტი ლილლაჰი;
მანსურ იბნ ჯაფარი           3,53 გრ.           d=29-31 მმ.    ვერცხლი    342 (=953/54 წწ.)
ალ-მუტი ლილლაჰი;
მანსურ იბნ ჯაფარი           ≈2,5-3,12 გრ.  d≈30-31 მმ.    ვერცხლი    343 (=954/55 წწ.)
ატ-ტაი ლილლაჰი;
ჯაფარ იბნ მანსური           2,76-3,51 გრ.  d≈28 მმ.          ვერცხლი    364 (=974/75 წწ.)
ატ-ტაი ლილლაჰი;
ჯაფარ იბნ მანსური          2,67 გრ.           d=29 მმ.          ვერცხლი    366 (=976/77 წწ.)
ატ-ტაი ლილლაჰი;
ჯაფარ იბნ მანსური          ≈2,18 გრ.        d≈19-20 მმ.      ვერცხლი    367 (=977/78 წწ.)
ატ-ტაი ლილლაჰი;
ჯაფარ იბნ მანსური         2,10-3,04 გრ.   d=26-28 მმ.     ვერცხლი     370 (=980/81 წწ.)
ატ-ტაი ლილლაჰი;
ალი იბნ ჯაფარი              ≈3,84-4,62 გრ. d≈27-28 მმ.     ვერცხლი     386 (=996/97 წწ.)
ალ-კადირ ბილლაჰი;
ალი იბნ ჯაფარი              4,12 გრ.           d=23 მმ.           ვერცხლი    394 (=1003/4 წწ.) ან 404 (=1013/14 წწ.)
ალ-კადირ ბილლაჰი;
ალი იბნ ჯაფარი             ≈3,4-5,29 გრ.   d≈22-28 მმ.     მოვერცხლილი    413 (=1022/23 წწ.)
ალ-კადირ ბილლაჰი;
ალი იბნ ჯაფარი            ≈3,94-6,36 გრ.  d≈23-27 მმ.     მოვერცხლილი    418 (=1027/28 წწ.)

    ფულს ჭრიდნენ, ალბათ, შიდა ქართლის ფეოდალური სახლებიც. ეს საფასეები არაბული დირჰემების ქართული მინაბაძების სახელით არის ცნობილი. აღნიშნული მონეტები ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური თვალსაზრისით ახლოს დგას თბილურ-აბასიანურ და ჯაფარიანთა დირჰემებთან. არაბული დირჰემების ქართული მინაბაძები საკმაო რაოდენობითაა აღმოჩენილი. თითოეულ ამ ეგზემპლარს შორის განსხვავება მხოლოდ ცალკეულ დეტალებშია.
    არაბულ დირჰემებს ბაძავს ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) მონეტაც, რომელიც 1863 წელს თბილისის მიდამოებში იქნა აღმოჩენილი. ის შეიძინა ი. ბართოლომეიმ და ერმიტაჟში გადააგზავნა. ვიძლევით მის აღწერილობას:

ნახევარი დრამა. წონა – 1,78 გრ.

შუბლი: მონეტის ცენტრში სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი:
لا اله الا/الله وحده/ لا شريك له
არ არს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, არ ჰყავს მას მოზიარე.
ირგვლივ დამახინჯებული არაბული წარწერა, რომლის გაშიფვრა ვერ ხერხდება.
ზურგი: ცენტრში არაბული ლეგენდა:
محمد رسول الله
მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, რომელსაც გარს ქართული დაქარაგმებული ასომთავრული ზედწერილი შემოუყვება: ႵႤႠႣႤႡႢႰႲႠႴႾႦႧႠႫႤႴႤ (ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე).

    ბაგრატი შიდა ქართლში 975 წელს, ხოლო აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) 978 წელს გამეფდა. ქართლში მან თავისი დედა, გურანდუხტი დატოვა და თავად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მაგრამ როდესაც ბაგრატი საქმეების მოსაგვარებლად აფხაზეთიდან კვლავ აღმოსავლეთ საქართველოში მოინდომებს გადასვლას, ქართლის საზღვარზე მას დიდგვაროვნები ხვდებიან და წინააღმდეგობას უწევენ. ბაგრატმა იარაღის ძალით აღიდგინა ქართლში საკუთარი უფლებები. სწორედ ამ დროს, 980 წელს, უნდა მოეჭრა მას თავისი მონეტა ქართლის რეზიდენციაში – უფლისციხეში. ეს მონეტა ბაგრატს უფრო გვიან რომ მოეჭრა, მასზე სხვა ტიტულებიც დაფიქსირდებოდა, კერძოდ, კურაპალატი, მეფე ქართველთა, რანთა და კახთა.
    მონეტის ტიპის (არაბული დირჰემი) შერჩევით და მასზე „აფხაზთა მეფის“ ტიტულის მოთავსებით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთი პოლიტიკური რეგიონია, რომ სამონეტო ემისიის რეგალია ქართლში ბაგრატ III-ის კომპეტენციაა.

ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: ნახევარი დირჰემი (?), დირჰემი.
თარიღი: X საუკუნის მეორე ნახევარი (?).
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 1 ცალი; სოხუმის მუზეუმი – 105 ცალი, №№2-106; სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟი – 12 ცალი, №1271, №1364, №№11614-11616, №№14210-14216; ამერიკის ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექცია – 3 ცალი.
ბიბლიოგრაფია:
მ. ანთაძე.
ქვახვრელის განძი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XXXVIII. თბ. 1986.

გ. დუნდუა. ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. X-XII საუკუნეების ქართული მონეტები და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია). ტ. 310. თბ. 1992; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997.

დ. კაპანაძე. X საუკუნის თბილური დრამა ალი ბენ ჯაფარისა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XII. თბ. 1944; ქართული ნუმიზმატიკის სიახლენი. კრ. კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბ. 1966; ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

ირ. ჯალაღანია. ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში. თბ. 1972; საქართველოს სამონეტო განძები. I. თბ. 1976.

გ. ჯაფარიძე. აბასელთა სახალიფოს ზარაფხანები. კრ. მახლობელი აღმოსავლეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევები. თბ. 1968; ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.). თბ. 1973; თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარის მონეტები. კრ. ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები. თბ. 1991.

М. П. Баратаев. Нумизматические факты Грузинского царства. 1844.

И. Л. Джалаганиа. Иноземная монета в денежном обращении Грузии V-XIII вв. Тб. 1979; Клад подражаний арабским дирхемам из Цебельды. Археологические исследования в Цебельде (результаты раскопок 1977 г.). Тб. 1983 (ო. ბღაჟბასთან და ი. ვორონოვთან თანაავტორობით).

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955; Клад монет начала ХI в. Тбилисского эмира Али ибн Джафара. Эпиграфика Востока. Т. ХIV. 1961.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. ч. I. СПб. 1910; Монеты Грузии. ч. I-II. Тб. 1970; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. I-IX. Баку. 1926-66.

T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Catalogue of Georgian Coins. Tbilisi. 1999.

M. G. Klat. Catalogue of the Post-Reform Dirhams: the Umayyad Dynasty. London. 2002.

D. M. Lang.
Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New York. 1955.

V. Langlois. Essai de classification des suites monétaires de la Géorgie depuis l`antiquité jusqu`à nos jours. Paris. 1860.

N. D. Nicol. Sylloge of Islamic Coins in the Ashmolean. Vol. 2. Early Post-Reform Coinage. Oxford. 2009.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:
VII-X საუკუნეების უცხოური მონეტები
 აღმოსავლეთ საქართველოდან

1. 1960 წელს ახმეტის რაიონში (ბახტრიონის გორაზე) VIII საუკუნის არაბულ დირჰემებთან ერთად აღმოჩნდა ხოსრო II-ის (591-628 წწ.) სასანიდური დრაქმა.
2. 1937 წელს თელავის რაიონის სოფელ ფშაველის მიდამოებში აღმოჩნდა ქუფური მონეტების განძი (რაოდენობა 150 ცალი), რომლის შემადგენლობაში შედის: ხოსრო II-ის ერთი მონეტა და ერთიც, 672 წელს მოჭრილი არაბულ-სასანიდური. განძში შემავალი მონეტებიდან უგვიანესი მოჭრილია 807/8 წლებში, ე.ი. განძი IX საუკუნის დასაწყისშია ჩამარხული.
3. 1962 წელს ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში იპოვეს VIII-IX საუკუნეების არაბული დირჰემების განძი (300 ცალი), რომლის შემადგენლობაში ერია თითო ეგზემპლარი სასანიდური დრაქმებისა – ჰორმიზდ IV-ის (579-589 წწ.) და ხოსრო II-ისა. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია VI საუკუნის დასასრული-IX საუკუნის პირველი მეოთხედი.
4. 1924 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში აღმოჩნდა 171 ცალი ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი განძი. მის შემადგენლობაში ქუფური მონეტების გარდა შედის: ა) ხოსრო II-ის დრაქმა; ბ) VII საუკუნის დასასრულის არაბულ-სასანიდური დირჰემი და გ) ექვსი მონეტა მოჭრილი პროვინცია ტაბარისტანში.
5. 1921 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ კავშირთან იპოვეს სასანიდური და ქუფური ვერცხლის მონეტების განძი (ჩვენამდე მოაღწია 38 ეგზემპლარმა). მის შემადგენლობაში შედის: ა) ხოსრო II-ის დრაქმა და ბ) ტაბარისტანში VIII საუკუნეში მოჭრილი დირჰემი.
6. 1924 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენთან აღმოჩნდა სასანური და ქუფური მონეტების განძი (394 ცალი). განძი შერეულია და შეიცავს ჩვენთვის საინტერესო შემდეგ მონაცემს: ა) ჰორმიზდ IV-ის დრაქმას – 1 ცალი; ბ) ხოსრო II-ის დრაქმებს – 16; გ) VII-VIII საუკუნეებში მოჭრილ არაბულ-სასანურ დირჰემს – 20 ცალი; განძში შემავალი ყველაზე ადრეული მონეტა ჰორმიზდ IV-ის ხანას განეკუთვნება, გვიანდელი კი მოჭრილია ჰიჯრ. 218 წელს (=833/34 წწ.)
7. 1949 წელს ყოფილ ბოგდანოვკის (ამჟამად ნინოწმინდას) რაიონის სოფელ დილიფში (დლივში) აღმოჩნდა ქუფური მონეტების განძი (განძის მონეტები მომოიფანტა, ჩვენამდე მოაღწია 14 მთელმა მონეტამ და 19 ნატეხმა), რომლის შემადგენლობაში აგრეთვე შედის: ა) ხოსრო II-ის დრაქმა – 1 ცალი და ბ) VIII საუკუნეში მოჭრილი არაბულ-სასანური ორი დირჰემი; განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 620-833/34 წლები.
8. 1900 წელს ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში იპოვეს განძი, რომლის დიდი ნაწილი გაიფანტა (ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ 11 ეგზემპლარმა). გადარჩენილ ნაწილში შედიოდა: ა) ხოსრო II-ის დრაქმა და ბ) ტაბარისტანული ვერცხლის მონეტა მოჭრილი 778 წელს; განძის ადრეული მონეტა 591 წელსაა მოჭრილი, ხოლო გვიანდელი – 861/62 წლებში.
9. 1960 წელს ახმეტის რაიონის სოფელ ფიჩხოვანში აღმოჩნდა ქუფური მონეტების განძი (108 ეგზემპლარი). მის შემადგენლობაში შედის: ა) ხოსრო II-ის დრაქმა – 1 ცალი და ბ) არაბულ-სასანური მონეტები მოჭრილი VII-VIII საუკუნეებში – 2; განძში თავმოყრილი მონეტებიდან, ხოსრო II-ისა მოჭრილია არაუადრეს 590 წლისა, ხოლო გვიანდელი – არაუგვიანეს 901/2 წლებისა. განძის ჩამარხვის თარიღად X საუკუნის პირველი მეოთხედი უნდა მივიჩნიოთ.
10. 1924 წელს ზემოავჭალის ელსადგურის მშენებლობის დროს მდინარე მტკვარზე, სხვა ქუფურ მონეტებთან ერთად, აღმოჩნდა იშვიათი ომაიანური დირჰემი, დათარიღებული 700/1 წლებით.
11. მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიდამოებში, 1963 წელს იპოვეს 717/18 წლებში მოჭრილი ომაიანური დირჰემი.
12. 1937 წელს ლაგოდეხის მიდამოებში აღმოჩნდა ომაიანური ვერცხლის მონეტა დათარიღებული 718/19 წლებით.
13. სოფელ მატაანში (ახმეტის რაიონი) 1964 წელს იპოვეს ორი ომაიანური დირჰემი, მოჭრილი 710/11 და 721/22 წლებში.
14. თბილისის მიდამოებში XIX საუკუნის მეორე მეოთხედში აღმოჩენილია ომაიანური დირჰემები, მათ შორის ერთი მოჭრილია 721/22 წლებში.
15. ფშაველის განძის შემადგენლობაში (იხ. №2) შედის შემდეგი ქუფური მონეტები: VIII საუკუნის შუა ხანების ომაიანთა დირჰემები – 4 ცალი, ესპანეთის ომაიანთა დირჰემი – 1 (770/71 წწ.), აბასიანთა დირჰემების – 118 ეგზემპლარი, VIII-IX საუკუნეების აღლაბიანთა დირჰემი – 2 ცალი (802, 804/5 წწ.). განძის გვიანდელი მონეტა მოჭრილია ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის (786-809 წწ.) დროს – 807/8 წლებში.
16. მთისძირის განძის (იხ. №3) შემადგენლობაში შედის: ომაიანთა მონეტები (VIII ს.) – 15 ცალი, ესპანეთის ომაიანების (782/83 წწ.) – 1. განძის ბირთვს შეადგენს VIII-IX საუკუნეების აბასიანთა დირჰემები – 282 ცალი. გვიანდელი მონეტა მოჭრილია 819/20 წლებში.
17. ლელიანის განძის (იხ. №4) შემადგენლობა შეიცავს VIII საუკუნის 12 ომაიანურ დირჰემს და აბასიანთა ვერცხლის მონეტებს, რომელთაგან გვიანდელი დათარიღებულია 819 წლით.
18. კავშირის განძის (იხ. №5) შემადგენლობაში შედის: VIII საუკუნის პირველი ნახევრის ომაიანური მონეტები – 7 ცალი და აბასიანური დირჰემები. განძის გვიანდელი მონეტა 828/29 წლებით თარიღდება.
19. აფენის განძის (იხ. №6) მონეტების ძირითადი ნაწილი მოჭრილია ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის (786-809 წწ.) სახელით. განძი ჩამარხულია 833/34 წლების შემდეგ.
20. დილიფი (დლივის) განძის (იხ. №7) შემადგენლობაში შედის: ომაიანთა 5 (VIII ს.) და 25 აბასიანური დირჰემი, მათ შორის გვიანდელია 833/34 წლებში მოჭრილი ცალი.
21. ჭიკაანის განძიდან (იხ. №8) ჩვენამდე მოღწეულია 11 ცალი, აქედან ხუთი – აბასიანური დირჰემია, მათ შორის გვიანდელი მოჭრილია 861/62 წლებში.
22. ფიჩხოვანი განძში (იხ. №9) შედის: ომაიანთა მონეტები – 8 ცალი, ესპანეთის ომაიანები – 1 (785/86 წწ.), იდრისიანები – 2 და 90 აბასიანთა დირჰემი. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა მოჭრილია არაუგვიანეს 901/2 წლებისა.
23. 1857 წელს თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში აღმოჩენილია ქუფური დირჰემები (200 ცალამდე). ქრონოლოგიური ჩარჩოები განძისა IX საუკუნის ბოლო მეოთხედი-X საუკუნის პირველი ნახევარია. ამრიგად, ეს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაბული მონეტების ერთ-ერთი გვიანდელი განძია.
24. 1961 წელს თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, აღმოჩნდა განძი – ქუფური მონეტების წვრილი ნატეხები, საერთო წონით 428,16 გრამი (განძის შემადგენლობაში რამდენიმე მთელი ეგზემპლარიც ერია). მოხერხდა ზოგიერთის განსაზღვრა: ა) ბიზანტიის იმპერატორ იოანე ციმისხეს (969-976 წწ.) მონეტის ნატეხი; ბ) აბასიანთა მონეტები მოჭრილი 939/40 წლებში – 2 ცალი, ნატეხი აბასიანური დირჰემისა, თარიღი – 990/91 წელი; გ) თბილისის ამირა ჯაფარ იბნ მანსურის მიერ 977/78 წლებში მოჭრილი მონეტა. განძის ჩამარხვის თარიღად უნდა მივიჩნიოთ X საუკუნის დასასრული-XI საუკუნის დასაწყისი. ჩვენში ნაპოვნ ქუფური მონეტების განძებს შორის ეს კომპლექსი ჯერჯერობით უგვიანესია.


VIII-X საუკუნეების უცხოური მონეტები
 დასავლეთ საქართველოდან

1. ბიჭვინთაში ნაპოვნია ტიბერიუს III აფსიმარის (698-705 წწ.) მონეტა – 1 ცალი.
2. მისივე ფული ნაპოვნია სოხუმის ციხის ნანგრევებში – 1 ცალი.
3. გუდაუთის მიდამოებში აღმოჩნდა კონსტანტინე V-ისა (741-775 წწ.) და მისი ვაჟის, ლეონის მონეტა – 1 ცალი.
4. ლეონ V-ის (813-820 წწ.) სპილენძის ერთი მონეტა ნაპოვნია ქობულეთში.
5. თეოფილეს (829-842 წწ.) სპილენძის ერთი მონეტა აღმოჩნდა სოფელ ბობოყვათში (ქობულეთის რაიონი).
6. მისივე ერთი სპილენძის მონეტა ნაპოვნია საკუთრივ ქობულეთში.
7. ბობოყვათში აღმოჩნდა ბასილ I-ის (867-886 წწ.) და ბასილ I-ის და კონსტანტინეს სახელით მოჭრილი სპილენძის ორი მონეტა.
8. ლეონ VI-ის (886-912 წწ.) რამდენიმე ვერცხლის მონეტა იპოვეს ოპიზაში (ბათუმის ოლქი).
9. ლეონ VI-ის სპილენძის ორი მონეტა ერია ოჩამჩირეში აღმოჩენილი „განძის“ შემადგენლობაში, რომელიც, როგორც ჩანს, სხვადასხვა სამონეტო კომპლექსის ურთიერთშერევის შედეგადაა წარმოქმნილი.
10. მისივე სპილენძის მონეტა აღმოჩნდა სოფელ ფსირცხაში (გუდაუთის რაიონი).
11. მისივე სპილენძის მონეტა იპოვეს ციხისძირში.
12. მისივე სპილენძის მონეტა აღმოჩნდა ქობულეთში.
13. მისივე სპილენძის მონეტა მოიძიეს ბობოყვათში
14. მისივე სპილენძის მონეტა აღმოჩნდა აგრეთვე სოხუმში.
15. 1903 წელს ოჩამჩირეში აღმოჩენილი „განძის“ შემადგენლობაში ერია კონსტანტინე VII-ის (913-959 წწ.) სპილენძის ერთი მონეტა.
16. ივერიის მთაზე (ახალი ათონი, გუდაუთის რაიონი) იპოვეს კონსტანტინე VII-ის სპილენძის მონეტა.
17. 1902 წელს ქობულეთის მიდამოებში აღმოჩნდა კონსტანტინე VII-ის ერთი სპილენძის მონეტა.
18. 1926 წელს ქობულეთში აღმოჩნდა რომანოზ I-ის (920-944 წწ.) სპილენძის მონეტა.
19. ბობოყვათში 1962-1963 წლებში იპოვეს რომანოზ I-ის სპილენძის ორი მონეტა.
20. 1903 წელს ოჩამჩირეში აღმოჩენილი „განძის“ შემადგენლობაში რომანოზ I-ის სპილენძის ორი მონეტაც იყო.
21. 1956 წელს სოფელ ბობოყვათში იპოვეს კონსტანტინე VII-ისა და რომანოზ I-ის სპილენძის მონეტა.
22. ციხისძირში 1930 წელს აღმოჩნდა იოანე ციმისხეს (969-976 წწ.) სპილენძის მონეტა.
23. ახალ ათონში 1958 წელს აღმოჩნდა იოანე ციმისხეს სპილენძის ფული.
24. მისივე სპილენძის მონეტა აღმოჩნდა სოფელ ბობოყვათში.
25. იმავე ბობოყვათში 1962-1963 წლებში იპოვეს იოანე ციმისხეს სპილენძის მონეტა.
26. 1903 წელს ოჩამჩირეში აღმოჩენილი „განძის“ შემადგენლობაში ერია იოანე ციმისხეს სამი სპილენძის მონეტა.
27. ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ნაპოვნია იოანე ციმისხეს სპილენძის მონეტა.
28. 1957-1958 წლებში ანაკოფიის ციხის ტერიტორიაზე (ახალი ათონი) იპოვეს X საუკუნის პირველი ნახევრის სპილენძის ცამეტი მონეტა.
29. სოხუმში აღმოჩნდა რომანოზ I-ის ორი ფოლისი, ხოლო „შუქურასთან“ – იოანე ციმისხეს სპილენძი.
30. 1935 წელს ახალ ათონში იპოვეს იოანე ციმისხეს სპილენძი.
31. მისივე მონეტა აღმოჩნდა სოფელ აჩანდარაში (გუდაუთის რაიონი).
32. 1955 წელს სოხუმში იპოვეს კონსტანტინე VII-ის ორი და იოანე ციმისხეს სპილენძის ხუთი მონეტა.
33. 1950 წელს სოფელ მერჯევში (საჩხერის რაიონი) აღმოჩნდა ომაიანური დირჰემი, დათარიღებული 718/19 წლებით.
34. 1965 წელს საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, „ალავიძეების უბანში“, მიწის გადაბრუნებისას აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი ვერცხლის მონეტებით. განძის შემადგენლობიდან გადარჩა მხოლოდ 68 ეგზემპლარი, ერთი ომაიანური და 67 აბასიანური დირჰემი. განძის გადარჩენილი ნაწილის ქრონოლოგიური დიაპაზონია 740/41-792/93 წლები.