მონეტები ჯვრის გამოსახულებით საკურთხეველზე. სტეფანოს I – მეორე ემისია
ტიპი: მონეტები ჯვრის გამოსახულებით საკურთხეველზე. სტეფანოს I – მეორე ემისია

აღწერა, ფოტო:
ვერცხლი. რემედიუმი: 2,03 გრ.-3,02 გრ.

d= 25/26-28 მმ.

შუბლი: შაჰის/მმართველის გამოსახულება მარჯვნივ. ფალაური წარწერის ნაცვლად გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ ქართული ასომთავრული ლეგენდა – ႱႲႤႴ/ႠႬႭႱ (სტეფანოს). გარშემო შეერთებული წერტილებისაგან შემდგარი ორმაგი რკალი.

ზურგი:
კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი. კვარცხლბეკს ორივე მხრიდან მახვილებით შეიარაღებული ორი მცველი დარაჯობს. ფალაური წარწერა აღარ თავსდება. გარშემო შეერთებული წერტილებისაგან შემდგარი  სამმაგი რკალი.


სამეცნიერო კომენტარი:
    ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ცნობილია სასანური სამონეტო ტიპის მიხედვით მოჭრილი დრაქმები, რომელთაც ქართული წარწერები და ჯვრის გამოსახულება ამშვენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში მათ აღსანიშნავად დამკვიდრებულია ტერმინი: ქართულ-სასანური მონეტები, ან ქართლის ერისმთავართა დრაქმები. ეს არის უაღრესად საინტერესო და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ნუმიზმატიკური ჯგუფი, რომლის გენეზისის გასააზრებლად აუცილებელია პოლიტიკური ფონის გათვალისწინება.
    532 წელს ბიზანტიამ ირანთან დადო „საუკუნო ზავი“, რომლის ძალითაც მან ცნო ირანელთა უფლება აღმოსავლეთ საქართველოზე. ამით ქართლში მეფობა გაუქმდა. მთელი VI საუკუნის განმავლობაში ქართლის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა არ შეწყვეტილა და ეს პერიპეტიები უტყუარად აისახა ქართულ-სასანურ მონეტებზე. როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული, ამ პერიოდში ჩვენში მონეტები იჭრება სასანური ირანის ტიპის მიხედვით.  მონეტის შუბლზე ყოველთვის გამოსახულია ირანის შაჰის ბიუსტი, ხოლო ზურგზე – ცეცხლთაყვანისმცემელ სასანიანთა ემბლემა, საკურთხეველზე აგიზგიზებული ცეცხლი, რომელსაც ორი შეიარაღებული მცველი დარაჯობს. მეამბოხე ქართველებმა ამ შაბლონურ ტიპს შაჰის მხარს ზემოთ მიუმატეს ქრისტიანობის სიმბოლო – ჯვარი, რომელიც ამავე დროს ეროვნული სიმბოლოც იყო. ეს გახლდათ დიდი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი. ზოგჯერ მონეტების კიდეზე, მმართველის გამოსახულების ზემოთ, ვხვდებით ქართულ ასოებს ან მონოგრამებს, რომლებიც ქართველ ერისმთავართა სახელებს გვაუწყებს. მეტიც: ქართველებმა ქრისტიანობის სიმბოლო, ჯვარი, აგიზგიზებული ცეცხლის ნაცვლად საკურთხეველზე მოათავსეს და ამით ირანელთა ემბლემა დემონსტრაციულად განდევნეს ქართული მონეტიდან. ერისმთავარმა სტეფანოსმა კი თავისი სახელი მონეტის ცენტრში სრულად მოათავსა, მმართველის გამოსახულების გვერდით. აქ იშვიათი სიზუსტითაა ასახული ქართველ-ირანელთა ბრძოლის პერიპეტიები, ამ ბრძოლის დასაწყისი და მისი დასასრული.
    ვიდრე უშუალოდ ნუმიზმატიკური მასალის აღწერას შევუდგებოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ წინამორბედ მეცნიერთა, განსაკუთრებით კი ი. ბართოლომეის დიდი დამსახურება ქართულ-სასანური დრაქმების შესწავლის საქმეში. ის პირველი მეცნიერი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ-სასანური მონეტები ჰორმიზდ IV-ის (579-590 წწ.) დრაქმების იმიტაციას წარმოადგენს. ამით მან მტკიცე ქრონოლოგიური საყრდენი შექმნა მათ დასათარიღებლად.
    სტეფანოსის სახელით მოჭრილი მონეტები ორ ემისიად იყოფა.
    პირველ ემისიას ბერლინის მუზეუმის უნიკალური მონეტა განეკუთვნება. მონეტა უპასპორტოა (შუბლი: ჰორმიზდ IV-ის გამოსახულება მარჯვნივ. ფალაური ლეგენდა – ჰრმ-აფზუ (ჰორმიზდ უავგუსტესი). ყველაფერი ეს ჩასმულია შეერთებული წერტილებისაგან შემდგარ ერთმაგ მსხვილ რკალში. მონეტის კიდეზე ოთხი ქართული მთავრული ასო – ႱႴႬႱ (=სტეფანოს), შემორკალური ოთხი ნახევარმთვარით. ზურგი: კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი. კვარცხლბეკს ორივე მხრიდან მახვილებით შეიარაღებული ორი მცველი დარაჯობს. თარიღი და ზარაფხანის სახელი იმდენადაა დამახინჯებული, რომ წაკითხვა შეუძლებელია. გარშემო შეერთებული წერტილებისაგან შემდგარი ორმაგი რკალი).
    სტეფანოსის მეორე ემისია 11 ცალის რაოდენობით არის დაცული მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 3, ბერლინის მუზეუმი – 4, ერმიტაჟი – 2, მოსკოვის ისტორიული მუზეუმი – 1, ბრიტანეთის მუზეუმი – 1) და, გარდა ამისა, 10 ცალი ლიტერატურაშია მოხსენიებული. ლიტერატურაში მოხსენიებული ზოგიერთი ცალი, ცხადია, შედის ჩამოთვლილი მუზეუმების კოლექციებში. ყველა მათგანი უპასპორტოა. დაბოლოს, უნდა მოვიხსენიოთ კიდევ ერთი ასეთი მონეტა, რომელიც აღმოჩნდა არაგვის ხეობაში, ადგილ ნეძიხში, ქვა-ყუთში, არქეოლოგიური გათხრების დროს (ხელმძღვანელი პროფ. რ. რამიშვილი).
    თანამედროვე ნუმიზმატიკურ ლიტერატურაში გარკვეულ დრომდე გაბატონებული შეხედულების მიხედვით, მონეტა, რომელზედაც სტეფანოსის სახელი შემოკლებითაა გადმოცემული, ეკუთვნის ქართლის ერისმთავარს სტეფანოს I-ს (ვახუშტის ქრონოლოგიით, 600-619 წწ.), ხოლო დრაქმები, რომლებზედაც ეს სახელი სრულადაა აღბეჭდილი – სტეფანოს II-ს (639-663 წწ.).
    ბერლინის მუზეუმის მონეტის ატრიბუციას თავიდანვე არავითარი დავა არ გამოუწვევია, მაგრამ სტეფანოსის სრულ ქართულწარწერიანი დრაქმების პუბლიკაციას იმთავითვე მოჰყვა დისკუსია. ზოგი მათ სტეფანოს I-ს აკუთვნებდა, ზოგი – სტეფანოს II-ს.
    მაგრამ უკვე 1847 წელს ი. ბართოლომეი კატეგორიულად გამოვიდა სრულ ქართულწარწერიანი მონეტების სტეფანოს I-ისადმი მიკუთვნების სასარგებლოდ. მისი არგუმენტაცია მარტივი და ლოგიკური იყო. მან აღნიშნა დიდი მსგავსება სტეფანოსის სახელით მოჭრილი მონეტების ორივე ემისიას შორის, კერძოდ ის, რომ ორივე მათგანზე ჰორმიზდ IV არის გამოსახული, და არ მიიჩნია შესაძლებლად სრულ ქართულწარწერიანი დრაქმები VII საუკუნის შუა ხანებით დაეთარიღებინა. სტეფანოს II-ის ზეობის წლები დროის ხანგრძლივი ინტერვალითაა მოცილებული ჰორმიზდ IV-ის მმართველობის ხანას, ამიტომ, ი. ბართოლომეის აზრით, ამ შაჰის მონეტების მიხედვით ფულის მოჭრა მხოლოდ სტეფანოს I-ს შეეძლო.
    სამწუხაროდ, ი. ბართოლომეის, ჩვენი აზრით, ერთადერთი სწორი შეხედულება დავიწყებულ და გაბათილებულ იქნა პროფ. ევგ. პახომოვის არგუმენტაციის წყალობით, რომელთა კრიტიკული გარჩევა მხოლოდ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა.
    რაში მდგომარეობს ევგ. პახომოვის შეხედულებათა არსი? მისი აზრით, სტეფანოსის სახელით მოჭრილი მონეტები მკვეთრად განირჩევა ერთმანეთისაგან და ამიტომ მათი ემისია ორ სხვადასხვა პირს უნდა მიეწეროს. სტეფანოს I-ს ის მიაკუთვნებს ბერლინის უნიკალურ მონეტას და მისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს შემდეგ ნიშნებს: 1. ფალაური ლეგენდა შაჰის ბიუსტთან (აქედან მისი დასკვნა: მონეტაზე მოთავსებული პორტრეტი ირანის შაჰისაა და არა ქართლის ერისმთავრის); 2. ქართლის ერისმთავრის სახელი დაქარაგმებულია არა მონეტის ცენტრალურ ადგილას, არამედ – არეზე (ევგ. პახომოვის აზრით, ზემოთქმული გარკვევით მიუთითებს, რომ მონეტა მოჭრილია არა დამოუკიდებელი მმართველის, არამედ ირანის შაჰის ვასალის მიერ); 3. მონეტის შუბლზე მოთავსებულია ერთმაგი რკალი; 4. მონეტის ზურგზე – ორმაგი; 5. მონეტის რევერსზე ისევ ფალაური ლეგენდებია დამახინჯებული სახით.
    ამ ფორმალური ნიშნების გამოყოფის შემდეგ, ევგ. პახომოვი ბერლინის მუზეუმის უნიკალურ მონეტას უდარებს ჰორმიზდ IV-ისა და ხოსრო II-ის (590/1-628 წწ.) ორიგინალურ დრაქმებს და ამ გზით ცდილობს სტეფანოსის მონეტის ქრონოლოგიური ჩარჩოს დადგენას.
    ქართველმა ოსტატმა, ევგ. პახომოვის ვარაუდით, პროტოტიპად აიღო ჰორმიზდ IV-ის დრაქმა, რაზედაც მიუთითებს წარწერა, მეფის ბიუსტი და ერთმაგი რკალი მონეტის შუბლზე. მაგრამ მონეტის ზურგზე ორმაგი რკალი უდავოდ აღებულია ხოსრო II-ის საფასეებიდან (ვინაიდან ჰორმიზდ IV ერთრკალიან მონეტას ჭრიდა). აქ შეიძლება კონტრარგუმენტის წამოყენება: საქმე ისაა, რომ ხოსრო II-ის დრაქმებზე ამოკვეთილია სამმაგი რკალი და არა ორმაგი. მაგრამ ამ საბუთს არ შეიძლება მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხელოსანს ადვილად შეეძლო რკალების რაოდენობის აღრევა.
    ამგვარად, ასკვნის ევგ. პახომოვი, ბერლინის მუზეუმის კუთვნილი უნიკალური ცალის ემისია შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ მაშინ, როდესაც: 1. ქართლი დამოკიდებული იყო ირანზე; 2. აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში ძირითადად ჰორმიზდ IV-ის მონეტები მიმოიქცეოდა, ხოლო ხოსრო II-ის დრაქმები ის-ის იყო ერთვებოდა ბრუნვაში (ამაზე მიუთითებს დამატებითი რკალი ქართული მონეტის ზურგზე).
    სრულ ქართულწარწერიანი მონეტებისათვის კი დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: 1. ფალაური ლეგენდის სრული უგულებელყოფა; 2. ქართული ზედწერილის მოთავსება მმართველის ბიუსტის გვერდით; 3. ორმაგი რკალი მონეტის შუბლზე; 4. სამმაგი – მონეტის ზურგზე.
    პირველი ორი მომენტი, ევგ. პახომოვის აზრით, მიანიშნებს, რომ მონეტები მოჭრილია დამოუკიდებელი მმართველის მიერ, რომელიც აღარ ემორჩილება შაჰს. ასეთი კი იყო სტეფანოს II და არა სტეფანოს I. ამასთან ერთად, ორმაგი რკალი მონეტის შუბლზე და სამმაგი რკალი ზურგზე გვხვდება არა ჰორმიზდ IV-ის საფასეებზე, არამედ ხოსრო II-ის მონეტებზე და, ამდენად, სრულ ქართულწარწერიანი მონეტები ხოსრო II-ის დრაქმების იმიტაციას წარმოადგენს. ხოსრო II-ის მეფობის წლები (590/1-628 წწ.) კი ემთხვევა (?! – ავტ.) სტეფანოს II-ის ზეობის (639-663 წწ.) წლებს.
    ასეთია ევგ. პახომოვის პოზიცია.
    ევგ. პახომოვის კონცეფციაში რამდენიმე შესანიშნავი დაკვირვებაა, რომელსაც უნდა გაეწიოს ანგარიში (მისი დიდი დამსახურებაა, მაგალითად, ბერლინის მუზეუმის უნიკალური მონეტის ზურგზე მოთავსებული დამატებითი რკალის პროტოტიპის მითითება და, განსაკუთრებით, დადგენა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტისა, რომ სრულ ქართულწარწერიანი მონეტები ხოსრო II-ის დრაქმების იმიტაციაა), მაგრამ მისი ატრიბუცია ხელოვნურია.
    სამწუხაროდ, მიუხედავად აშკარა სუსტი ადგილებისა, ეს კონცეფცია ნუმიზმატიკურ ლიტერატურაში გარკვეულ დრომდე თავიდან ბოლომდე იყო გაზიარებული.
    როგორია ჩვენი პოზიცია სტეფანოსის სახელით მოჭრილ მონეტებთან დაკავშირებით? ორივე ემისიას ჩვენ მივაკუთვნებთ სტეფანოს I-ს და ვათარიღებთ 593/595-600 (?) წლებით (± ერთი ან ორი წელი). რის საფუძველზე? კონკრეტული მასალის შესწავლის საფუძველზე, ქართულ-სასანური და ორიგინალური სასანური დრაქმების შედარების საფუძველზე.
    უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ გაბათილდეს დებულება სტეფანოს II-ისადმი ერთ-ერთი ემისიის მიკუთვნების შესახებ. საამისოდ არსებობს უმარტივესი და ეფექტური გზა.
    როგორც ცნობილია, სტეფანოსის სახელით მოჭრილი სრულ ქართულწარწერიანი მონეტები წარმოადგენს ხოსრო II-ის დრაქმების სრულ იმიტაციას. ევგ. პახომოვის ეს დაკვირვება შეურყეველია. მაგრამ ისმის კითხვა: ხოსრო II-ის რომელ სამონეტო ტიპს ბაძავს აღნიშნული მონეტები? ირკვევა, რომ მხოლოდ იმ დრაქმებს, რომელთა ემისია წარმოებდა ხოსრო II-ის მმართველობის 1-2 წელს (ე.ი. 590/1-592 წწ.).
    ხოსრო II-მ თავისი ხანგრძლივი მეფობის მანძილზე ძირითადად ორი ტიპის მონეტა მოჭრა. მონეტის პირველი ტიპი, რომელიც თარიღდება მისი მმართველობის 1-2 წლებით, შაჰის გამოსახულებისა და მისი გვირგვინის მიხედვით (აგრეთვე სხვა დეტალების მიხედვითაც) აბსოლუტურად იდენტურია ჰორმიზდ IV-ის დრაქმებისა. ერთადერთი სიახლე, რაც ხოსრომ შეიტანა თავის ადრეულ მონეტებში, არის ის, რომ შუბლის გამოსახულება მოთავსებულია ორმაგ, ხოლო ზურგისა – სამმაგ რკალში.
    შემდეგ წლებში ხოსრო II-მ კარდინალურად შეცვალა თავისი სამონეტო ტიპი. აქ მოთავსებული წვეროსანი შაჰის ბიუსტი და მისი გვირგვინი დიამეტრულად განსხვავდება ხოსრო II-ის ადრეულ დრაქმებზე ამოკვეთილი გამოსახულებისაგან. განსხვავება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის ჩვენ გვათავისუფლებს ამ ორი სამონეტო ტიპის სკრუპულოზური აღწერისაგან (იხ. ზემოთ, ფოტო).
    ახლა დავსვათ კითხვა: განა ლოგიკურია, რომ სტეფანოს II-ს (რომლის მოღვაწეობის ხანა VII საუკუნის შუა ხანებზე მოდის) თავისი მონეტების ნიმუშად აეღო ფულის ის ნიშანი, რომელიც თითქმის 50 წლის წინათ მოიჭრა?! ცხადია, არა. სტეფანოს II-ს თავისი დრაქმები უნდა მოეჭრა ხოსრო II-ის იმ მონეტების მიხედვით, რომელთა ემისია წარმოებდა გვიან – VII საუკუნის ოციან წლებში. ნუმიზმატიკური თვალსაზრისით, ამ დებულების გაბათილება ძალიან გაჭირდება.
    ამრიგად, სტეფანოს II უნდა ამოიშალოს იმ ქართველ მმართველთა სიიდან, რომელთა მონეტებმა ჩვენს დრომდე მოაღწია.
    იმისათვის, რომ დავადგინოთ სტეფანოსის სახელით მოჭრილი I და II ემისიის ქრონოლოგია, თავდაპირველად შევუდაროთ ერთმანეთს ჰორმიზდ IV-ისა და ხოსრო II-ის მონეტები, მოჭრილი მისი მმართველობის 1-2 წლებში. მათი იდენტურობა ეჭვს გარეშეა. განსხვავებაა რკალთა რაოდენობაში: ჰორმიზდ IV-ის მონეტის როგორც შუბლის, ასევე ზურგის გამოსახულება ერთმაგ რკალშია ჩასმული, ხოლო ხოსრო II-ის მონეტის შუბლზე ორმაგი რკალია მოცემული, ზურგზე კი – სამმაგი.
    ახლა მათ შევუდაროთ სტეფანოსის დრაქმა არასრული ქართული წარწერით. გვირგვინის ტიპის მიხედვით, ის სრული ანალოგიაა ორივე მათგანის. ამასთანავე, შუბლზე ამოკვეთილი რკალის მიხედვით, იმეორებს ჰორმიზდ IV-ის სამონეტო ტიპს, მაგრამ ზურგზე უკვე სიახლე აქვს: ორმაგი რკალი. ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია ევგ. პახომოვის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ამ მონეტების ემისია უნდა განხორციელებულიყო მაშინ, როდესაც ქართლში, ძირითადად, ჰორმიზდ IV-ის მონეტები მიმოიქცეოდა, მაგრამ ის-ის იყო ფეხს იკიდებდა ხოსრო II-ის დრაქმები, ვინაიდან დამატებითი რკალი ხელოსანს მხოლოდ აქედან შეეძლო აეღო. აქედან გამომდინარე, სრულიად აშკარაა, რომ ისინი მოჭრილია მას შემდეგ, რაც ტახტზე უკვე აღარ ზის ჰორმიზდ IV, მაგრამ ხოსროც დიდი ხანი არაა, რაც ამ პრეროგატივით აღიჭურვა. ამრიგად, ამ მონეტის ემისია ძალიან არ უნდა მოვაცილოთ ჰორმიზდ IV-ის მმართველობის უკანასკნელ და ხოსრო II-ის მეფობის პირველ წლებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ახალი ტიპის ორიგინალური სასანური მონეტების აღმოსავლეთ საქართველომდე მოღწევას და ბრუნვაში ჩართვას გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა, ჩვენი აზრით, ამ მონეტის ემისიის დროდ, მეტ-ნაკლები სიზუსტით, შეიძლება მივიჩნიოთ 593 წელი, ან შემდგომი ხანა, მაგრამ არა უგვიანეს 595 წლისა.
    დაბოლოს, ერთმანეთს შევუდაროთ სტეფანოსის სრულ ქართულწარწერიანი და ორიგინალური სასანური დრაქმები. სრულიად აშკარაა, რომ ქართული მონეტა ბაძავს ხოსრო II-ის დრაქმას, მოჭრილს მისი ზეობის 1-2 წლებში (ამაზე მეტყველებს გვირგვინის ტიპი, მმართველის გამოსახულება, რკალთა რაოდენობა მონეტის შუბლსა და ზურგზე) და ოდნავი მსგავსებაც არ გააჩნია მის გვიანდელ დრაქმებთან. აქედან დასკვნა: ის მოჭრილია მაშინ, როდესაც ხოსრო II-ის მონეტების პირველმა ტიპმა ფართოდ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე ტიპი ჯერ კიდევ არაა გამოჩენილი ჰორიზონტზე. როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული, ხოსრო II-ის პირველი ტიპის დრაქმები 590/1-592 წლებში იჭრებოდა. ხუთი (თუნდაც მეტი!) წელი განა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ისინი ფართოდ გავრცელებულიყო აღმოსავლეთ საქართველოში? ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მონეტები სრული ქართული ლეგენდით 595-600/602 წლებით უნდა დათარიღდეს.
    მოტანილი ნუმიზმატიკური ექსკურსი სრულიად აშკარას ხდის ვახუშტის ქრონოლოგიის (რომლის თანახმადაც სტეფანოს I ქართლის ერისმთავრად 600-619 წლებში იყო) გადასინჯვის აუცილებლობას.
    სტეფანოსის სახელით მოჭრილი მონეტები გვიანდელია ქართულ-სასანურ დრაქმებს შორის. მათგან, ალბათ, პირველია გურგენის მონეტები. გურგენის სახელით მოჭრილი მონეტები სამეცნიერო ლიტერატურაში ექვსი ცალის რაოდენობითაა ცნობილი (სამი ინახება ბერლინის მუზეუმში, ერთი – ერმიტაჟში, ორი – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში). გურგენის სახელით მოჭრილი დრაქმები ჰორმიზდ IV-ის მონეტების სრული მიბაძვითაა მოჭრილი. ერთადერთი განმასხვავებელი დეტალია ორი ქართული მთავრული ასო (ან მონოგრამა) მონეტის შუბლზე, შაჰის გამოსახულების ზევით: ႢႬ (ან მათი ლიგატურა), ე.ი. – გურგენ. მონეტის ზურგზე ამოკვეთილია დამახინჯებული თარიღი, რომელიც ჰგავს 7-ს (ე.ი. ჰორმიზდ IV-ის მეფობის მეშვიდე წელი, 579 + 7 = 586 წ.). ცხადია, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ გურგენის მონეტა მაინცდამაინც ჰორმიზდ IV-ის მეფობის მეშვიდე წელსაა მოჭრილი (ის მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ქართლის ერისმთავრის დრაქმა მოჭრილია ჰორმიზდ IV-ის მეფობის მე-7 წლით დათარიღებული მონეტის მიხედვით, მისი მიბაძვით), მაგრამ სრულიად აშკარად მიგვანიშნებს, რომ მისი ემისია არ შეიძლებოდა განხორციელებულიყო 586 წელზე ადრე.
    ჩვენი აზრით, გურგენსავე უნდა ეკუთვნოდეს ძალიან იშვიათი მონეტები (ერთი მათგანი ინახება ბერლინის მუზეუმში, ერთიც – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში), რომლებზედაც ამოტვიფრულია ქართული მონოგრამა და რომლის დაშლა შეიძლება როგორც ორ, ისე სამ ასომთავრულ ნიშნად: ႢႬ და ႥႬႢ. პირველ შემთხვევაში, მონოგრამა გაიხსნება როგორც გურგენ, ხოლო მეორე შემთხვევაში – როგორც ვახტანგ. ვინაიდან გვიანდელ ქართულ მონეტებზე, კერძოდ, ვახტანგ III-ის დრაქმებზე, რომელთა თარიღია 1298/99, 1299/1300 წლები, მსგავსი (მაგრამ ზუსტად ასეთი არა) მონოგრამა გვხვდება, ამიტომ ევგ. პახომოვი თვლის, რომ განსახილველ ფულზე ვახტანგის სახელია მოცემული.
    მაგრამ თუ დაკვირვებით შევუდარებთ ერთმანეთს გურგენის სახელით მოჭრილ და ამ უკანასკნელ მონეტაზე ამოკვეთილ ასოთა პალეოგრაფიულ მოხაზულობას, ჩვენი აზრით, ეჭვს არ უნდა იწვევდეს მათი გრაფიკული და შინაარსობლივი იდენტურობა. საკვლევ მონეტაზე და უბრალოდ შეერთებულია. ესეც არ იყოს, გაჭირდება კიდევ ერთი უცნობი ერისმთავრის – ვახტანგის (ქვემოთ ვნახავთ, რომ გურგენსა და სტეფანოსს შორის არის წერილობითი წყაროებით უცნობი ერისმთავარი, ჯუანშერი) მოთავსება გურგენსა და სტეფანოსს შორის.
    ვინ არის ეს გურგენი?
    ქართულ საისტორიო ლიტერატურაში გურგენი გაიგივებულია ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ გუარამთან. ვახუშტის მიხედვით, ის ქვეყანას მართავდა 575-600 წლებში.
    მაგრამ ქართული წერილობითი წყაროები გვიანდელია. უცხოურ სინქრონულ წერილობით წყაროებში კი იხსენიება არა გუარამი, არამედ – გურგენი.
    ე.ი რეალური პიროვნება აშკარად გურგენია და არა გუარამი.
    ჩვენი აზრით, გურგენს თავისი სამონეტო რეგალია უნდა განეხორციელებინა 589 წლის ბოლოს და 590 წლის გაზაფხულზე, როცა ირანში არეულობა იყო.
    ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს აგრეთვე სხვა წყაროებით უცნობი ქართლის ერისმთავრის, ჯონბერის, ან ჯუანშერის სახელით მოჭრილი უნიკალური მონეტა. ის ისეთივეა, როგორც გურგენის მონეტები, ოღონდ შაჰის გამოსახულების თავზე გურგენის აღმნიშვნელი ასოები შეცვლილია ორი ასომთავრული ნიშნით: ႿႭ.
    არსებობს ႿႭ-ს გაშიფვრის სხვადასხვა ვარიანტი („ჯავახეთი“, „ჯვარო“), თუმცა, ჩვენი აზრით, ყველაზე მისაღებია მისი გაიდენტურება ჯონბერ-ჯუანშერთან.
    ამრიგად, ჯონბერ//ჯუანშერი წერილობითი წყაროებით უცნობი ერისმთავარია, რომელიც გურგენის შემდეგ ჩანს სამოღვაწეო ასპარეზზე, მაგრამ – მეტად ხანმოკლე დროით, შეიძლება ერთი წლით, ან რამდენიმე თვითაც კი (მონეტის უნიკალურობა ამის მოწმობაა).
    ჯონბერ//ჯუანშერის მონეტაზე მოთავსებული დამახინჯებული თარიღი (და სხვა დეტალებიც) ადასტურებს, რომ ის უკვე გურგენის დრაქმის მინაბაძია და არა ორიგინალური სასანური მონეტისა. დრო მისი ემისიისა 590-591 წლებით უნდა შემოიფარგლოს.
    590 თუ 591 წელს კეისარ მავრიკეს (582-602 წწ.) რაზმების დახმარებით ხოსრო II ილაშქრებს „ტირანის“, ბაჰრამ ჩუბინის წინააღმდეგ და 591 წლის დასაწყისში იბრუნებს ტახტს.
    591 წლის გაზაფხულზე რატიფიცირებული იქნა საზავო ხელშეკრულება ბიზანტიასა და ირანს შორის. ხოსრო II-ს დიდი კომპენსაციის გაღება მოუხდა ბიზანტიის სასარგებლოდ. მან დათმო თავისი ჰეგემონობა სომხეთის დიდ ნაწილსა და ქართლზე თბილისამდე. გარდა ამისა, ხოსრო II-მ ირანის ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიების მშენებლობის ნება დართო. უფრო მეტიც: ქრისტიანობამ ხოსრო II-ის მმართველობისას ისეთი პრივილეგიები მოიპოვა,  რომ ის მაზდეანობის მეტოქედ იქცა თვით ირანის იმპერიის შიგნით.
    ათი წლის განმავლობაში ბიზანტიისა და ირანის ზავი არ დარღვეულა.
    ამ ხანებში, კონკრეტულად 591-593 წლებში, უნდა იყოს მოჭრილი ქართულ-სასანური მონეტების ანონიმური სერიის ორი ტიპი: პირველი – ანონიმური მონეტები ჯვრის გამოსახულებით შუბლზე; მეორე – ანონიმური მონეტები კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრით.
    ორივე ტიპი მონეტებისა ხუთ-ხუთი ცალის რაოდენობითაა ჩვენამდე მოღწეული (დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და ერმიტაჟში, შესაბამისად, 4+3; 1+2). კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრისგამოსახულებიანი მეექვსე მონეტა აღმოჩენილია 1900 წელს ძველი ბაბილონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს მიკვლეული უზარმაზარი განძის შემადგენლობაში.
    სასანური ტიპის მონეტებზე ჯვრის მოთავსება რევოლუციური აქტია და ის, ალბათ, გაცილებით უფრო გაბედული ნაბიჯია, ვიდრე ქართული ასოების ამოკვეთა შაჰის გამოსახულებასთან (?). ამ ღონისძიებით, ფაქტობრივად, ქართლმა საქვეყნოდ გამოაცხადა თავისი ეროვნული პრეტენზიები. კიდევ მეტი: ქართლის რომელიღაც რადიკალურად განწყობილმა ერისმთავარმა მაზდეანობის ემბლემა – წმინდა ცეცხლი, საერთოდ განდევნა მონეტიდან და მის ადგილზე (კვარცხლბეკზე) დემონსტრაციულად ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო – ჯვარი აღმართა. ეს შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართლი ბიზანტიის ეგიდის ქვეშ მოექცა, ე.ი. 591 წელს და მის შემდგომ ხანებში.
    ახლა, თუ გავიხსენებთ სტეფანოსის მონეტის ზურგის კომპოზიციას – კვარცხლბეკზე ამაყად აღმართული ჯვარი, ისეთივე როგორც ქართულ-სასანური ანონიმური დრაქმების ერთ-ერთ ტიპზე – თავისთავად დგება საკითხი ჯვრისგამოსახულებიანი ანონიმური მონეტების სტეფანოსისადმი მიკუთვნების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, კვარცხლბეკზე აღმართული ჯვრისგამოსახულებიანი ანონიმური მონეტები არ შეიძლებოდა სხვა ვინმეს მოეჭრა, თუ არა სტეფანოსს (?). ამის სასარგებლოდ მიუთითებს მონეტათა ზურგის საერთო ტიპი (კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი).
    შესაძლოა, ყველაფერი ასე მოხდა: თავდაპირველად სტეფანოსმა, პოლიტიკური კონიუნქტურის შეცვლის დასაწყის ხანაში, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკური ზონდაჟი ჩაატარა. მან თავის მონეტაზე, შაჰის გამოსახულებასთან, მინიატურული ჯვარი მოათავსა. ეს, ალბათ, უნდა მომხდარიყო ირან-ბიზანტიის ზავის დადების პირველ ხანებში, როდესაც ზავის პირობები, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ არ იყო რელიეფურად გამოკვეთილი. შემდეგ კი მას უნდა მოეჭრა ანონიმური მონეტები ჯვრის გამოსახულებით კვარცხლბეკზე და წარწერიანი დრაქმები.
    აღსანიშნავია, რომ აკად. გ. ჩუბინაშვილმა, სწავლობდა რა ქართული ხელოვნების ისტორიის კარდინალურ პრობლემებს, სტეფანოს I-ის მმართველობის საწყისად 590 წელი მიიჩნია. ეს მოსაზრება ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. შეიძლება ეს არ მოხდა მაინცდამაინც 590 წელს, არამედ – 591 წელს (აღსანიშნავია, რომ ვ. ჯობაძის მიხედვითაც, სტეფანოსის მმართველობის ხანა 591-601 წლებს შორის უნდა ვივარაუდოთ), მაგრამ, ვფიქრობთ, ამას ამჯერად პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
    სამონეტო ჯგუფის კლასიფიკაციის ალტერნატიული ვარიანტი ასეთია: 1. რეგალიის მატარებლის პერსონიფიკაცია, გვერდით ჯვრის გამოსახულება; 2. ჯვარი ორივე მხარეს; 3. ჯვარი საკურთხეველზე; 4. გურგენის სახელის ილუსტრაცია ლიგატურით; 5. იგივე, ოღონდ დაქარაგმებული – ႢႬ; 6. ემისია ასომთავრული ნიშნით – ႿႭ (=ჯუანშერ); 7. ჰორმიზდ IV-ის და ხოსრო II-ის ადრეული ნუმიზმატიკური ძეგლების ჰიბრიდი. ჯვარი კვარცხლბეკზე, ლეგენდა – ႱႴႬႱ (=სტეფანოს); 8. ხოსრო ფარვიზის ადრეული დრაქმების ავტოხტონური რეალიზაცია. ჯვარი კვარცხლბეკზე, ლეგენდა – ႱႲႤႴ/ႠႬႭႱ. ჯგუფის სავარაუდო terminus post quem non 586 წელია. ბევრად უფრო მყარია ზედა ქრონოლოგიური შტრიხი – 592 წელი.
    აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილს გამოკვლეული აქვს, რომ მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის მშენებლობა VI საუკუნის 90-იან წლებში იწყება. ყველა ნიშნის მიხედვით,    ჯვრისგამოსახულებიანი მონეტების ემისია და ტაძრის მშენებლობის დაწყება-დამთავრება სინქრონულია. თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით (სხვა ასპექტებს ჩვენ, ცხადია, არ ვეხებით) ეს ორი მომენტი (მონეტის მოჭრა და ტაძრის მშენებლობა) ტოლფასოვანი ღონისძიებანია. ორივე მათგანს, მინიატურულ მონეტას და გრანდიოზულ ტაძარს, ერთი და იგივე პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფუნქცია აკისრია: საქვეყნოდ განცხადება მაზდეანობის აღსასრულისა ქართლში და ქრისტიანული რელიგიის (მაშასადამე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი პოლიტიკის) აპოთეოზისა.

ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: დრაქმა. 2,03 გრ.-3,02 გრ.
თარიღი: 595-600/602 წწ., ან 592 წ. (?).
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 3 ცალი, ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №1710, ქფ. №4059, ქფ. №5870; ბერლინის მუზეუმი – 4 ცალი; ერმიტაჟი (სანკტ-­პეტერბურგი) – 2 ცალი; მოსკოვის ისტორიული მუზეუმი – 1 ცალი; ბრიტანეთის მუზეუმი – 1 ცალი (ყველა უპასპორტო).
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ე.წ. ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №№1, 3. თბ. 1976; ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I ნაწილი. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).
 
დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

М. П. Баратаев. Нумизматические факты Грузинского царства. СПб. 1844.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Ч. I. СПб. 1910.

D. M. Lang. Notes on Caucasian Numismatics. The Numismatic Chronicle  (N.C.). Vol. XVII. 1957. London.

V. Langlois. Essai de classification des suites monétaires de la Géorgie depuis l`Antiquité jusqu`à nos jours. Paris. 1860.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


სამონეტო მიმოქცევა აღმოსავლეთ საქართველოში V საუკუნეში - VII საუკუნის პირველ ნახევარში


V საუკუნის ბიზანტიური მონეტები:
1. იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450 წწ.) სოლიდები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ პუნქტებში: თელავი, თეთრიწყაროს რაიონი, მცხეთა, წინანდალი, ურბნისი – თითო-თითო ცალი. მისივე სპილენძის მონეტა ნაპოვნია დმანისში; 2. კეისარ მარკიანეს (450-457 წწ.) მეუღლის, პულხერიას სოლიდი აღმოჩენილია დმანისის რაიონში; 3. ლეონ I-ის (457-474 წწ.) სოლიდები მიკვლეულია ბოლნისის რაიონში – 2 ცალი, ხიდისთავში (გორის რაიონი), ახალგორის რაიონში; მისივე ვერცხლის მონეტების მინაბაძი სამი ცალის რაოდენობით აღმოჩენილია მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს.

    სასანური მონეტის გავრცელების ტოპოგრაფიის შესწავლამ საშუალება მისცა ირ. ჯალაღანიას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოეყო რამდენიმე ლოკალური რაიონი, სადაც ირანული დრაქმები განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობდა. ესენია: ერწო-თიანეთი, მცხეთა, ურბნისი, ქვემო ქართლი, ჰერეთი.

ერწო-თიანეთის ზონაში აღმოჩენილი სასანური მონეტები:
1. 1923 წელს სოფელ თოლენჯში (თიანეთი რაიონი) იპოვეს განძი, რომლის გადარჩენილი ნაწილის (71 ცალი) სია ასე გამოიყურება: 1. ფეროზი (459-484 წწ.) – 2 ცალი; 2. ბალაში (484-488 წწ.) – 2; 3. კავადი (488-531 წწ.) – 60; 4. ზამასპი (496-498 წწ.) – 1; 5. ხოსრო I (531-579 წწ.) – 6. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 459-541 წლები. ჩამარხვის დრო – VI საუკუნის შუა ხანები.
2. სოფელ სიმონიანთხევში (თიანეთის რაიონი) 1924 წელს იპოვეს განძი, რომელიც გაიფანტა. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ 14 მონეტამ. ესენია: 1. ფეროზის დრაქმა – 1 ცალი; 2. კავადის – 11; 3. ხოსრო I-ის – 2. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 459-536 წლები. ეს განძიც VI საუკუნის შუა ხანებშია ჩამარხული.
3. სოფელ გულელებში (თიანეთის რაიონი) მოიძიეს ფეროზის დრაქმა.
4. 1968 წელს სოფელ მაღრანეთში (თიანეთის რაიონი) აღმოჩნდა შერეული განძი 19 ცალის რაოდენობით, აქედან 12 სასანური დრაქმაა და დანარჩენი – ბიზანტიური ჰექსაგრამა (ვერცხლის მონეტები). სასანური მონეტების სია ასე გამოიყურება: 1. ხოსრო I – 2 ცალი; 2. ჰორმიზდ IV (579-590 წწ.) – 7; 3. ხოსრო II (591-628 წწ.) – 3. ბიზანტიური მონეტები მოჭრილია იმპერატორ ჰერაკლეს (610-641 წწ.) და მისი შვილის, ჰერაკლე-კონსტანტინეს მიერ 615 წლის შემდეგ. განძის ჩამარხვის თარიღად ვარაუდობენ VII საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულს.

    უაღრესად საინტერესოა სასანური დრაქმებისა და ბიზანტიური ჰექსაგრამების ერთობლივი აღმოჩენის ფაქტი, რაც უდავოდ მათ პარალელურ ცირკულაციაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ლიტერატურაში დაცული ერთი ცნობა: 1904 წელს თბილისის ძველ ნაწილში („მაიდანზე“) აღმოჩნდა ასევე შერეული განძი სასანური და ბიზანტიური მონეტებისა, რომელიც 700-800 ცალისაგან შედგებოდა. სასანური მონეტები უმთავრესად ხოსრო II-ის (591-628 წწ.) დრაქმებს წარმოადგენდა, ხოლო ბიზანტიურები – ისევ და ისევ ჰერაკლესა და ჰერაკლე-კონსტანტინეს ჰექსაგრამებს.

მცხეთაში აღმოჩენილი სასანური მონეტები:
1. 1930 წელს მცხეთის მიდამოებში აღმოჩნდა 41 სასანური დრაქმისაგან შემდგარი განძი. ის შეიცავს ბალაშის (484-488 წწ.), კავადის (488-531 წწ.) და ხოსრო I-ის (531-579 წწ.) მონეტებს. განძის ქრონოლოგიური დიაპაზონია 484-568 წლები. ის ჩამარხული უნდა იყოს VI საუკუნის ბოლოს.
2. 1953 წელს შემთხვევით იპოვეს ფეროზის დრაქმა.
3. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში მცხეთის მიდამოებში აღმოჩნდა კავადის ოთხი დრაქმა.
4. 1961 წელს „მთა-ქართლის“ არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს ჰორმიზდ IV-ის ვერცხლის მონეტას.
5. იქვე აღმოჩნდა ხოსრო II-ის (591-628 წწ.) დრაქმა.

    გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ 1827 წელს სვეტიცხოვლის მიდამოებში იპოვეს სასანური ფულის განძი, რომლის შემადგენლობაში შემავალი მონეტების ძირითადი ნაწილი მპოვნელმა გადაადნო.

ურბნისში აღმოჩენილი სასანური მონეტები:
1. 1956 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს ურბნისში აღმოჩნდა ერთმანეთზე მიჟანგული შვიდი მონეტა. ქიმიური დამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ეს მონეტებია კავადის (488-531 წწ.) ოთხი და ხოსრო I-ის (531-579 წწ.) სამი დრაქმა.
2. 1960 წელს ურბნისში იპოვეს 21 ვერცხლის სასანური მონეტისაგან შემდგარი განძი. ყველა მათგანი მოჭრილია ხოსრო II-ის (591-628 წწ.) სახელით. ყველაზე ადრეული მათ შორის მოჭრილია ხოსრო II-ის მმართველობის მეორე წელს, გვიანდელი – 24-ე წელს. ამრიგად, განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 591-613 წლები და ის ჩამარხული უნდა იყოს VII საუკუნის პირველ მეოთხედში.
3. 1960 წელსვე ურბნისის არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს შვიდ სასანურ მონეტას: ფეროზი – 1 ცალი, კავადი – 2, ხოსრო I – 4.
4. იმავე წელს ადგილობრივმა მოსახლემ შემთხვევით მოიძია თერთმეტი სასანური დრაქმისგან შემდგარი განძი. ყველა მონეტა მოჭრილია ხოსრო II-ის სახელით.
5. არქეოლოგიური გათხრების დროს ურბნისში იმავე წელს კვლავ აღმოჩნდა ხოსრო II-ის დრაქმა.

ქვემო ქართლში აღმოჩენილი სასანური მონეტები:
1. 1970 წელს ბოლნისში აღმოჩნდა ფეროზის (459-484 წწ.) სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტების განძი ოცდაცხრა ცალის რაოდენობით.
2. წალკის რაიონის სოფელ სანთაში იპოვეს კავადის (488-531 წწ.) დრაქმა.
3. 1945-50-იან წლებში სოფელ სიონში (მარნეულის რაიონი) მოიძიეს ხოსრო I-ის (531-579 წწ.) მონეტა.

ისტორიული ჰერეთის საზღვრებში აღმოჩენილი სასანური მონეტები:
1. 1939 წელს სოფელ ბაისუბნის ახლოს (ლაგოდეხის რაიონი) მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა თიხის ქოთანი სასანური ვერცხლის მონეტებით. განძი გაიფანტა. მოხერხდა მხოლოდ ორი მონეტის განსაზღვრა – ერთი ეკუთვნოდა კავადს (488-531 წწ.) და მეორე – ჰორმიზდ IV-ს (579-590 წწ.).
2. 1958 წელს სოფელ ვაშლოვანში (ლაგოდეხის რაიონი) ასევე მიწის სამუშაოების დროს იპოვეს ხოსრო I-ის (531-579 წწ.) დრაქმა.
3. 1977 წელს წითელწყაროს (დღევანდელი დედოფლისწყაროს) რაიონის სოფელ ოზაანის სავარგულებში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა სასანური ვერცხლის მონეტების დიდი განძი. მოხერხდა 1278 ცალის შეგროვება, თუმცა განძის პუბლიკაციის შემდეგ კიდევ ათიოდე ცალი შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში. შესწავლილი მონეტებიდან 1268 ცალი სასანური დრაქმაა, ხოლო 10 – ბიზანტიური ჰექსაგრამა. მმართველების მიხედვით ისინი ასეთნაირად ნაწილდება: 1. ხოსრო I – 96 ეგზემპლარი; 2. ჰორმიზდ IV – 743; 3. ხოსრო II (591-628 წწ.) – 429; 4. ჰერაკლე და ჰერაკლე-კონსტანტინე (615-631 წწ.) – 8; 5. ჰერაკლე, ჰერაკლე-კონსტანტინე, ჰერაკლიონი (632-641 წწ.) – 2. სასანური დრაქმების ქრონოლოგიური ჩარჩოები თითქმის საუკუნით განისაზღვრება, სჭარბობს ჰორმიზდ IV-ის მონეტები. ბიზანტიური ჰექსაგრამები გამოშვებულია 615-641 წლებში. განძი, ალბათ, VII საუკუნის შუა ხანებში ან მეორე ნახევრის დასაწყისშია ჩამარხული. დაბოლოს, ამ განძთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს – კერძოდ, ზარაფხანების შესახებ. განძის შემადგენლობაში შემავალი მონეტები მოჭრილია სასანური იმპერიის 42 ზარაფხანაში, რომელთაგან თერთმეტის ლოკალიზაცია ვერ ხერხდება.
4. 1970 წელს შრომაში (ლაგოდეხის რაიონი) აღმოჩნდა ხოსრო II-ის დრაქმა.

აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში მიკვლეული VI საუკუნის - VII საუკუნის პირველი ნახევრის ბიზანტიური მონეტები:
1. 1940-იან წლებში ნოსტეს (კასპის რაიონი) მიდამოებში იპოვეს იმპერატორ ანასტასი I-ის (491-518 წწ.) სპილენძის მონეტა.
2. 1872 წელს მცხეთაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა იუსტინე I-ის (518-527 წწ.) სპილენძის მონეტა.
3. ასეთივე მონეტა აღმოაჩინა 1936 წელს დმანისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
4. 1950 წელს რუსთავის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ასეთივე მონეტა.
5. 1959 წელს ურბნისის გათხრების დროს აღმოჩნდა იუსტინე I-ის სპილენძის მონეტა.
6. მისივე სპილენძის მონეტა ნაპოვნია თბილისში 1961 წელს გორის ქუჩაზე.
7. 1961 წელს მცხეთაში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქვის სამარხში იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) ვერცხლის მონეტა იპოვა.
8. 1961 წელს მცხეთის მიდამოებში „მთა-ქართლის“ ექსპედიციამ მავრიკე ტიბერიუსის (582-602 წწ.) სპილენძის მონეტა იპოვა.
9. 1902 წელს მცხეთის მიდამოებში ნავთსადენის გაყვანის დროს ნაპოვნია ჰერაკლეს (610-641 წწ.) და ჰერაკლე-კონსტანტინეს სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა.
10. 1936 წელს სოფელ წინწყაროში (თეთრიწყაროს რაიონი) ნაპოვნ მონეტებში ერთი ჰერაკლეს და ჰერაკლე-კონსტანტინეს სახელით მოჭრილი ჰექსაგრამაც იყო. ასეთივე მონეტა აქ აღმოჩნდა 1937 წელსაც.
11. 1936 წელს დმანისში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ჰერაკლე კეისრის სპილენძის მონეტა.
12. ჰერაკლეს და ჰერაკლე-კონსტანტინეს სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა იპოვეს 1937 წელს მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს არმაზისხევის უბანზე.
13. 1952 წელს სოფელ ჭანდრების (ქარელის რაიონი) ეკლესიაში მოიძიეს ჰერაკლეს და ჰერაკლე-კონსტანტინეს ჰექსაგრამა.
14. 1962 წელს სოფელ ჟებოტაში (თიანეთი რაიონი) წვიმისგან გადარეცხილ სამარხთან იპოვეს ჰერაკლეს ვერცხლის მონეტა.


სამონეტო მიმოქცევა დასავლეთ საქართველოში V-VII საუკუნეებში

პიტიუნტ-ბიჭვინთაში აღმოჩენილი მონეტები:
    V საუკუნის მონეტები: არკადიუსი (395-408 წწ.) – 8 ცალი, თეოდოსი II (409-450 წწ.) – 1 და ერთიც მისი მეუღლის – ევდოკიასი (ყველა მათგანი სპილენძისაა).
    პიტიუნტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია VI საუკუნის 100-ზე მეტი ბიზანტიური მონეტა, რომელთაგან უმრავლესობა საუკუნის პირველ ნახევარშია მოჭრილი. ყველა მათგანი სპილენძისაა. იმპერატორების მიხედვით ეს ნუმიზმატიკური მასალა ასე ნაწილდება: 1. ანასტასი I (491-518 წწ.) – 5; 2. იუსტინე I (518-527 წწ.) – 72; 3. იუსტინიანე I (527-565 წწ.) – 15; 4. იუსტინე II (565-578 წწ.) – 4; 5. მავრიკე ტიბერიუსი (582-602 წწ.) – 4.
    ნუმიზმატიკური თვალსაზრისით, ბიჭვინთაში აღმოჩენილი მონეტების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება 1961 წელს აღმოჩენილ იუსტინე I-ის ხუთნუმიანი მონეტების განძს, რომელიც 55 ცალისაგან შედგება. იდენტური მონეტების აღმოჩენის შემთხვევები საქართველოს სხვა პუნქტებში აღრიცხული არ არის. ბიჭვინთაში კი, ცალკეულად კიდევ 11 ასეთი მონეტაა ნაპოვნი. სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, მათი რიცხვი არც თუ ისე დიდია. ბიჭვინთის განძის მონეტები, როგორც ჩანს, მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანის I და II სახელოსნოებში.
    საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭვინთაში აღმოჩენილ ბიზანტიურ მონეტებში სჭარბობს კონსტანტინოპოლის ზარაფხანის პროდუქცია (86 ცალი). გარდა იმპერიის დედაქალაქში მოჭრილი მონეტებისა, პიტიუნტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია აგრეთვე ანტიოქია-თეოპოლისში (2), ნოკომედიაში (1), კართაგენსა (1) და თესალონიკში (2) გამოშვებული ფულები. კართაგენსა და თესალონიკაში, მოჭრილი მონეტების აღმოჩენა ბიჭვინთაში იმ მხრივ იმსახურებს ყურადღებას, რომ საქართველოს საზღვრებში ეს მათი ფიქსირების ერთადერთი შემთხვევაა. იგივე უნდა ითქვას თეოპოლისის პროდუქციის შესახებაც. ანტიოქიას 538 წლის მიწისძვრის შემდეგ იუსტინიანემ თეოპოლისი შეარქვა. საქართველოში სწორედ ბიჭვინთაა ერთადერთი პუნქტი, სადაც თეოპოლისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა აღმოჩნდა.

დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აღმოჩენილი V საუკუნის ბიზანტიური მონეტები:
1. 1959 წელს სახუმის ციხის ტერიტორიაზე იპოვეს არკადიუსის (395-408 წწ.) სპილენძის მონეტა.
2. 1903 წელს გაგრის სამაროვანზე აღმოჩნდა დასავლეთ რომის იმპერიის იმპერატორის, ჰონორიუსის (395-426 წწ.) ოქროს მონეტა.
3. 1937 წელს მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში გეოლოგიური სამუშაოების დროს იპოვეს ლეონ I-ისა (457-474 წწ.) და ანასტასი I-ის (491-518 წწ.) თითო ოქროს მონეტა.

დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აღმოჩენილი VI საუკუნის ბიზანტიური მონეტები:
1. სოხუმში აღმოჩენილი სპილენძის მონეტები იმპერატორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ანასტასი I (491-518 წწ.) – 2 ცალი; იუსტინე I (518-527 წწ.) – 1; იუსტინიანე I (527-565 წწ.) – 4.
2. VI საუკუნის ბიზანტიური მონეტები აღმოჩენილია წებელდას (სიბილე) მიდამოებში (გულრიფშის რაიონი), არქეოლოგიური გათხრების შედეგად: იუსტინიანე I (527-565 წწ.) – 6 მონეტა, აქედან, 2 – სპილენძის, 3 – ვერცხლის და 1 – ოქროს.
3. VI საუკუნის ბიზანტიური მონეტები ნაპოვნია ციხისძირში, აქ აღმოჩნდა ანასტასი I-ის, იუსტინე I-ის და იუსტინე II-ის (565-578 წწ.) 10-15 სპილენძის მონეტა.
4. 1903 წელს ოჩამჩირეში მიწის სამუშაოების დროს თითქოს უპოვიათ მონეტებით სავსე ქოთანი, რომელშიც შედიოდა VI-XI საუკუნეების ბიზანტიური სპილენძის მონეტები. ეს „განძი“ საეჭვოა თავისი დიდი ქრონოლოგიური დიაპაზონის გამო. შეუძლებელია ერთ კომპლექსში თავი მოეყარა ასეთი განსხვავებული დროის მონეტებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიდრე ეს კომპლექსი მუზეუმში მოხვდა, ამას კი ადგილი 1957 წელს ჰქონდა, მისი შემადგენლობა აირია. ასეა თუ ისე, „განძი“ ჩვენთვის საინტერესო VI საუკუნის მონეტებსაც შეიცავს. ესენია: იუსტინე I – 2 ცალი; იუსტინიანე I – 1; იუსტინე II – 2; ტიბერიუს II (578-582 წწ.) – 1; მავრიკე ტიბერიუსი (582-602 წწ.) – 2, სულ 8 ცალი.

    VI საუკუნის ბიზანტიური მონეტები დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებშიც არის მიკვლეული. მოგვყავს მათი სია კეისრების მმართველობის თანმიმდევრობის მიხედვით, ოღონდ, ძირითადად, აღმოჩენის დროისა და პირობების მითითების გარეშე: 1. ანასტასი I-ის (491-518 წწ.) სპილენძის მონეტა აღმოჩნდა ქუთაისში; 2. იუსტინე I-ის (518-527 წწ.) ექვსი მონეტა (ოთხი სოლიდი, ერთი ვერცხლის და ერთიც სპილენძის) ნაპოვნია შემდეგ პუნქტებში: ნოქალაქევი (სენაკის რაიონი), ზუგდიდი, ბათუმის მიდამოები; 3. იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) შვიდი მონეტის (სამი სოლიდი, სამი სპილენძის და ერთი ვერცხლის მონეტა) აღმოჩენათა ტოპოგრაფია ასეთია: ფსირცხა (გუდაუთის რ-ნი), ჩხალთა (სოხუმის რაიონი), ახალი ათონი, ჩხოროწყუ და ფოთი; 4. ტიბერიუს II-ის (578-582 წწ.) ოქროს მონეტა აღმოჩნდა ჩიბათში (ლანჩხუთის რაიონი) მიკვლეული განძის შემადგენლობაში (ამ განძის შესახებ ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ); 5. მავრიკე ტიბერიუსის (582-602 წწ.) სოლიდების განძი 23 მონეტის შემადგენლობით ნაპოვნია 1930 წელს ნოქალაქევის არქეოლოგიური გათხრების დროს; 6. აქვეა აღმოჩენილი VI საუკუნის სპილენძის გაცვეთილი ექვსი მონეტა.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი VII საუკუნის ბიზანტიური მონეტები:
1. 1958 წელს სოფელ ჩიბათში (ლანჩხუთის რაიონი) აღმოჩნდა ბიზანტიური ოქროს მონეტების განძი, რომლის გადარჩენილი ნაწილი ასე გამოიყურება: ტიბერიუს II (578-582 წწ.) – 1 ცალი, მავრიკე ტიბერიუსი (582-602 წწ.) – 1, ფოკა (602-610 წწ.) – 107, ჰერაკლე (610-641 წწ.) – 14.
2. ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში აღმოჩნდა 13 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი, აქედან ორი მიეკუთვნება მავრიკე ტიბერიუსს და 11 – ჰერაკლესა და ჰერაკლე-კონსტანტინეს.
3. იმპერატორ ფოკას ოქროს მონეტა აღმოჩნდა 1927 წელს სოფელ დრანდის (სოხუმის რაიონი) მიდამოებში.
4. 1952-1953 წლებში ბიჭვინთაში აღმოჩნდა იმპერატორ ჰერაკლეს სპილენძის სამი მონეტა.
5. ჰერაკლე კეისრის ოქროს მონეტა აღმოჩნდა სოფ. ჩიორაში (ონის რაიონი).
6. 1950 წელს სოფ. ქორეთში (საჩხერის რაიონი) იპოვეს ჰერაკლეს ჰექსაგრამა.
7. 1940 წელს სოფ. დიდჭყონში (მარტვილის რაიონი) იპოვეს ოქროს მონეტა, მოჭრილი ჰერაკლესა და ჰერაკლე-კონსტანტინეს სახელით.
8. კონსტანს II-ის (641-668 წწ.) ოქროს მონეტა აღმოჩნდა სოხუმის მიდამოებში.
9. 1930 წელს სოფელ ღვანკითში (თერჯოლის რაიონი) იპოვეს კონსტანს II-ის სოლიდი.
10. იუსტინიანე II-ის (685-695 წწ.) ოქროს სამი მონეტა იპოვეს 1915 წელს ბიჭვინთის მიდამოებში.

    ციხისძირში აღმოჩნდა სასანური მონეტების განძი, რომლისგანაც მხოლოდ სამი ეგზემპლარი შევიდა ბათუმის მუზეუმის საცავში. ესენია კავადის (488-531 წწ.) ორი და ხოსრო I-ის (531-579 წწ.) ერთი დრაქმა. გარდა ამისა, ორი სასანური დრაქმა აღმოჩენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე: კავადის დრაქმა წებელდაში და ხოსრო II-ის (591-628 წწ.) – სოხუმში.