აურეუსების მინაბაძები
ტიპი: აურეუსების მინაბაძები

აღწერა, ფოტო:
ოქრო. წონა: მაგ. 2,87 გრ., 3,37 გრ., 3,44 გრ., 3,55 გრ.
d=18 მმ., 19 მმ., 20/21 მმ.


ჟინვალის ცალის აღწერილობა


შუბლი:
ვალერიანეს ოდნავ უხეშად შესრულებული დრაპირებული ბიუსტი დაფნის გვირგვინში მარჯვნივ. გარშემო დამახინჯებული ლათინური წარწერა: პროტოტიპი – IMP. C. P. LIC. VALERIANVS AVG. წერტილოვანი რკალი.

ზურგი:
სქემატური გამოსახულება ორცხენიან ეტლზე (ბიგაზე) მდგომი მარცხნივ მიმართული ფრთოსანი ვიქტორიასი, რომელიც მათრახს უჭერს ცხენებს. გარშემო დამახინჯებულად: VICTORIA. ხაზს ქვემოთ დამახინჯებულად: AVGG.



სამეცნიერო კომენტარი:
    ახ. წ. I-IV საუკუნეებში კოლხეთში/ლაზიკაში ფული არ მოჭრილა, ქართლის/იბერიის სამონეტო აქტიურობა კი ავგუსტეს დენარების და რომაული აურეუსების მინაბაძების ემისიით შემოიფარგლა (გასათვალისწინებელია მხოლოდ ახ. წ. I საუკუნის I ნახევარი ამ დროს მოჭრილი ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძებით).
    III საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართლში რომაული ოქროს მონეტების შემოსვლის ინტენსიურობა კლებულობს, რაც უშუალო კავშირში უნდა იყოს იმპერიის მძაფრ კრიზისთან. მართლაც, თანდათან მცირდება აურეუსების წონა და თვით ემისიის მასშტაბებიც. სწორედ ამას უნდა გამოეწვია ოქროს მონეტების შემოსვლის საგრძნობი შეკვეცა იბერიაში, ხოლო ამ უკანასკნელს – რომაული ოქროს მონეტების ადგილობრივი იმიტაციების გენეზისი. მათთან ერთად იჭრებოდა ავგუსტეს დენარების იბერული მინაბაძები (შუბლი: იმპერატორის უხეშად შესრულებული ბიუსტი მარჯვნივ/მარცხნივ, დიადემით. გარშემო დამახინჯებული ლათინური წარწერა: პროტოტიპი – CAESAR AVGVSTVS DIVI F. PATER PATRIAE.  წერტილოვანი რკალის ფრაგმენტი. ზურგი: გაიუს და ლუციუს კეისრების გამოსახულება, რომლებიც ეყრდნობიან შუაში მოთავსებულ ფარებს. ფარებს უკან – შუბები. ფარებს ზემოთ – სიმპულუმი და ლიტუსი. წრიული წარწერა დამახინჯებულია: პროტოტიპი – C. L. CAESARES AVGVSTI F. COS. DESIG. PRINC. IVVENT. წერტილოვანი ან ხაზოვანი რკალი).
    აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი რომაული აურეუსების მინაბაძების კვლევა, მასალის სიმცირის გამო, დღესდღეობით არ შეიძლება გასცდეს იმ სამუშაოების ფარგლებს, რაც კ. გოლენკომ ჩაატარა. გოლენკოს პოზიცია ამ უაღრესად საინტერესო ფენომენთან დაკავშირებით ასეთია: 1. საქართველოში აღმოჩენილი რომაული აურეუსების მინაბაძები, წინააღმდეგ ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებისა, ადგილობრივაა მოჭრილი. საქართველოში აღმოჩენილი 11 მინაბაძიდან 7 ერთი და იმავე სიქითაა მოჭრილი. აქვე უნდა დავამატოთ, რომ 1974 წელს ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დუშეთის რაიონის სოფელ ჟინვალის არაგვისპირის სამაროვნის №13 სამარხში აღმოაჩინა იმპერატორ ვალერიანეს (253-260 წწ.) ოქროს მონეტა, რომლის აღწერილობა ასეთია – შუბლი: ვალერიანეს დრაპირებული ბიუსტი დაფნის გვირგვინში მარჯვნივ. გარშემო – IMP. C. P. LIC. VALERIANVS AVG.  წერტილოვანი რკალი. ზურგი: ორცხენიან ეტლზე (ბიგაზე) მდგომი მარჯვნივ მიმართული ფრთოსანი ვიქტორია მათრახს უჭერს ცხენებს. გარშემო – VICTORIA. ხაზს ქვემოთ – AVGG. იმავე სამარხში აღმოჩნდა ამ ტიპის ვალერიანეს აურეუსის იმიტაცია (აღწერილობა იხ. ზემოთ). ერთსადაიმავე სამარხში ორიგინალის და მისი ასლის პოვნა კიდევ ერთი ძლიერი საბუთია რომაული აურეუსების მინაბაძების იბერული წარმოშობის თვალსაზრისის სასარგებლოდ. დავა შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ ამ კატეგორიის მონეტათა იურიდიულმა ბუნებამ, რეგალიის საკითხმა.
    2. კ. გოლენკოს ყველაზე დიდი დამსახურება მინაბაძების შესწავლის საქმეში ისაა, რომ მან საქართველოში აღმოჩენილ ყველა ცალს მოუძებნა პროტოტიპი, გამოავლინა, ხშირ შემთხვევაში, მათი ჰიბრიდული ხასიათი, დაამტკიცა, რომ მათი გარკვეული ნაწილის ემისია წარმოებდა არა ერთი, არამედ რამდენიმე სხვადასხვა მონეტის მიხედვით და საკმაოდ დამაჯერებლად დაასაბუთა იმიტაციების მოჭრის შესაძლებლობა 250/260-285 წლებში.
    არც IV საუკუნე გამოირჩევა ქართლში სამონეტო მიმოქცევის ინტენსიურობით. ასე, მაგალითად, მცხეთა-აღაიანის მიდამოებში აღმოჩენილია IV საუკუნის მხოლოდ ორი სოლიდი (კონსტანტინე I-ის (306-337 წწ.), მოჭრილი ნიკომედიის ზარაფხანაში და კონსტანციუს II-ის (337-361 წწ.), ანტიოქიის ზარაფხანა) და ერთი ვერცხლის მონეტა (ვალენტისა (364-378 წწ.), ანტიოქიის ზარაფხანა). გარდა ამისა, შეგვიძლია კიდევ ორი შემთხვევითი აღმოჩენა დავასახელოთ აღმოსავლეთ საქართველოდან: 1. კონსტანციუს ხლორუსის (293-306 წწ.) ოქროს მონეტა ნაპოვნია ახალქალაქის რაიონში და 2. ლისის ტბის მიდამოებში (თბილისი) 1963 წელს აღმოჩნდა კონსტანციუს II-ის სპილენძის მონეტა, მოჭრილი კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღაიანის სამაროვანზე კონსტანტინე I სოლიდთან ერთად აღმოჩნდა ნუმერიანეს (283-284 წწ.) აურეუსის მინაბაძი.
    I საუკუნის შუა ხანები ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძების ემისიის უკანასკნელი ეტაპია. ორსაუკუნოვანი შესვენების შემდგომ კი იბერიამ კვლავ განაახლა ქმედება ამ თვალსაზრისით. გარკვეულმა ეკონომიკურმა კონიუნქტურამ ხელი შეუწყო ქართლის სამონეტო ბაზრის რომაული დიფერენტების რემინისცენციური ფენომენის გენეზისს. ამ მოვლენის ეგზისტენციის ქრონოლოგია სამარხეული კომპლექსების, კონკრეტული პროტოტიპების და სხვა უფრო ზოგადი მომენტების გათვალისწინების საფუძველზე, ძირითადად, III საუკუნის II ნახევრით იფარგლება.
    სამონეტო ტიპოლოგიის ევოლუცია თითქმის ნატურალისტური კონცეფციების სქემით შეცვლის ჩვეულებრივი პროცესია.
    კონკრეტული პერიოდის იბერიის სამონეტო მიმოქცევასთან დაკავშირებით შესაძლებელია რამდენიმე დებულების კონსტრუქცია: 1. იმპერიის მძაფრი ეკონომიკური კრიზისი და ირანის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია აკუმულაციური დეფიციტის საფუძველი შეიქმნა. ავტოხტონური ემისიის საკითხი აქტუალური უნდა გამხდარიყო; 2. ეს და თვით იმიტაციების სპეციფიური ჰაბიტუსი გამორიცხავს მათ იატაკქვეშა წარმოებას; 3. მაგრამ რეგალიის დაუფიქსირებლობა წყაროთმცოდნეობითი ბაზისის არსებულ დონეზე გაუგებარია; 4. იმიტაციების მცირე რაოდენობა, სამარხეულ კომპლექსებში მათი არადომინირებული კონდიცია, წონის და, აუცილებლად, სინჯადობის თანდათანობითი დაცემა, თითქმის ბიმეტალიზმი და ნომინალური გაწვრილება; დამატებით, IV საუკუნის დაცემული სამონეტო ბაზრის პერცეფცია წინა პერიოდის დერივატად – ყოველივე საკმაოდ მძაფრი და ხანგრძლივი კრიზისული პროცესის დანახვის საფუძველს გვაძლევს. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც მეტად ფრთხილი სამუშაო ჰიპოთეზის სახით უნდა იქნას ჩამოყალიბებული – ფეოდალური ურთიერთობის პრიმატისთვის აუცილებელი სოციალური სტრუქტურის შექმნის პროცესის მიმდინარეობის შედარებით ნელი ტემპები კონკრეტული კუთხით დასაშვები მიზეზთაგანია.

ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: რემედიუმი: 2,87 გრ.-3,55 გრ.
თარიღი: ახ. წ. III ს-ის მეორე ნახევარი.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 11 ცალი, გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №№9155-9156, გფ. №9157, გფ. №9339, გფ. №9340, გფ. №12179, გფ. №12181 გფ. №12215, გფ. №14592, გფ. №14595, გფ. №14596.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006. (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); სამონეტო მიმოქცევა იბერიაში I-IV საუკუნეებში (ზოგადი მიმოხილვა). იბერია-კოლხეთი. საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგიურ გამოკვლევათა კრებული. ოთარ ლორთქიფანიძე 75. თბ. 2005

თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997; ფული საქართველოში (გ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); რომაული ფული საქართველოში. თბ. 2006; ანტიკური პერიოდის კავკასიის ნუმიზმატიკის საკითხები. თბ. 2009 (გ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

მ. შეროზია. რომაული აურეუსების ადგილობრივი (იბერიული) იმიტაციების ახალი ნიმუშები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია. №2. (47-B). 2011.

К. В. Голенко. Монеты найденные в селении Згудери (Грузинская СССР) в 1964-1965 гг. Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1968 (დ. კაპანაძესთან თანაავტორობით); Заметки об обращении римской монеты в Закавказье. Вестник Древней Истории (ВДИ). №4. 1971.

Г. Ф. Дундуа. Монетное дело и монетное обращение в Грузии в античную эпоху (VI в. до н. э.-IV в. н. э.). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. თბ. 1982.

Л. Н. Казимова.
Подражания римским золотым монетам II-III вв. Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1964 (ვ. კროპოტკინთან თანაავტორობით).

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955; Монетные находки мцхетской экспедиции. Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1955; Ауреусы армазского некрополя. Советская археология (СА). №3. 1957; О продолжительности обращения денариев Августа и драхм Готарза в древней Иберии. Советская археология (СА). №4. 1962; Новые находки подражании римским ауреусам в Грузии. Вестник Древней Истории (ВДИ). №4. 1970.

T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Catalogue of Georgian Coins. Tb. 1999; Influx of the Roman Coins in Georgia. Tb. 2005; Influx of Roman Coins in Georgia. Roman Coins Outside the Empire. Ways and Phases, Contexts and Functions. Proceedings of the ESF/SCH Exploratory Workshop. Radziwill Palace, Nieborow (Poland). 3-6 September 2005. Moneta 82. Wetteren, Belgium. 2008; Georgia within the European Integration. Part 2. Romans and the Georgians. Tb. 2012; Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


სამონეტო  მიმოქცევა  ქართლში/იბერიაში I-IV საუკუნეებში


    შესაბამის ხანაში იბერიაში რომაული და პართული მონეტების მოზღვავებაა. ჩვენ სანიმუშო მასალად ვიღებთ აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე პუნქტიდან მომდინარე მონეტებს. ისინი არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა მიკვლეული (ამდენად მეცნიერულად სრულიად სანდო) და ასე თუ ისე, კომპაქტურადაა თავმოყრილი. ეს მასალა სრულად იძლევა სამონეტო ცირკულაციის სურათს იბერიის მთელ ტერიტორიაზე. ეს პუნქტებია: მცხეთა-აღაიანი-ნასტაკისი, ზღუდერი (ქარელის რაიონი), ერწო-მაგრანეთი-ქუშანაანთ გორა (თიანეთის რაიონი) და ჟინვალი (დუშეთის რაიონი). ვიძლევით ამ პუნქტებში აღმოჩენილი I-IV საუკუნეების მონეტების სიას.

I. მცხეთა-აღაიანი-ნასტაკისი:

ა) რომაული მონეტები:
1. ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) დენარები, მოჭრილი ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში გალიის ზარაფხანაში (ლუგდუნუმში) – 158 ცალი.
2. ტიბერიუსი (ახ. წ. 14-37 წწ.) – ლუგდუნუმში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი, ლუგდუნუმში ან გალიის სხვა ზარაფხანაში მოჭრილი დენარები – 3 ცალი, სულ 4 ცალი.
3. კალიგულა (37-41 წწ.) – 37-38 წლების კესარიული დრაქმა – 1 ცალი.
4. ნერონი (54-68 წწ.) – 64-68 წლებში რომში მოჭრილი აურეუსები – 6 ცალი.
5. გალბა (68-69 წწ.) – რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი;
6. ვიტელიუსი (69 წ.) – რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
7. ვესპასიანე (69-79 წწ.)– რომში 77-78 წლებში და ლუგდუნუმში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი.
8. ტიტუსი (79-81 წწ.) – 73, 76 წლებში, ვესპასიანეს დროს, და  80 წელს რომში მოჭრილი აურეუსები – 4 ცალი.
9. დომიციანე (81-96 წწ.) – 76 წელს, ვესპასიანეს დროს, რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი, და 77/78 წლებში, ვესპასიანეს დროს, მოჭრილი დენარები – 3 ცალი, სულ 4 ცალი.
10. ტრაიანე (98-117 წწ.) – რომში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი, ერთ-ერთი 106 წლის ემისიაა. 103-111 წლებში, 98 -117 წლებში და 112-117 წწ. მოჭრილი დენარები – 3 ცალი, კესარიული ჰემიდრაქმა – 1 ცალი, სულ 6 ცალი.
11. ადრიანე (117-138 წწ.) – 119-122, 125-128, 119-138 და 134-138 წლებში რომში მოჭრილი აურეუსები – 8 ცალი, 125-128, 134-138 წლებში რომში მოჭრილი დენარები – 3 ცალი, სულ 11 ცალი.
12. ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) – 149/150, 155/156 წლებში რომში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი, 140-144, 155-156 წლებში მოჭრილი დენარები – 2 ცალი, სულ 4 ცალი.
13. ფაუსტინა უფროსი (პიუსის დროს) – 141 წელს რომში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი, 141 წლის მერე მოჭრილი დენარი – 1 ცალი, სულ 3 ცალი.
14. ფაუსტინა უმცროსი (პიუსის დროს) – რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი, დენარები – 2 ცალი; და 161-177 წლებში მოჭრილი დენარი – 1 ცალი.
15. მარკუს ავრელიუსი (პიუსის დროს) – 151/152, 156/157 წლებში რომში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი.
16. კომოდუსი (180-192 წწ.) – რომში (?) მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
17. სეპტიმიუს სევერუსი (193-211 წწ.) – 201 წლის აურეუსები (რომი) – 2 ცალი, კესარიული დრაქმა – 1 ცალი, სპილენძის მონეტები – 2 ცალი, სულ 5 ცალი.
18. გორდიანე III (238-244 წწ.) – აურეუსები – 2 ცალი.
19. ფილიპე უფროსი (244-249 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.
20. ფილიპე უმცროსი (247-249 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.
21. დეციუს ტრაიანე (249-251 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.
22. ვალერიანე (253-260 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.
23. კარინე (283-285 წწ.) – სპილენძი – 1 ცალი.
24. კონსტანტინე I (306-337 წწ.) – ნიკომედიაში მოჭრილი სოლიდი – 1 ცალი.
25. კონსტანციუს II (337-361 წწ.) – ანტიოქიაში მოჭრილი სოლიდი – 1 ცალი.
26. ვალენსი (364-378 წწ.) – ანტიოქიაში გამოშვებული სილიკვა – 1 ცალი.

ბ) პართული მონეტები:
1. ე.წ. გოტარზეს (40/1-51 წწ.) დრაქმა – 102 ცალი.
2. ვოლოგეზ I-ის (51-77/8 წწ.) დრაქმა – 2 ცალი.

გ) ბოსფორის სამეფოს მონეტები:
1. კოტის I-ის (45-62 წწ.)  სპილენძის მონეტა – 1 ცალი.

დ) პონტოს სამეფოს მონეტები:
1. პოლემონ II-ის (38-63 წწ.) დრაქმა – 2 ცალი.

ე) სასანიანთა მონეტები:
1. შაპურ I-ის (241-272 წწ.) დრაქმა – 2 ცალი.

ვ) განუსაზღვრელი მონეტები:
1. II საუკუნის დასასრულისა და III საუკუნის  I ნახევრის განუსაზღვრელი მონეტები: ვერცხლი – 2 ცალი (ერთ-ერთი მათგანი კესარიაშია მოჭრილი), სპილენძი – 2 ცალი, სულ 4 ცალი.

    აღსანიშნავია, რომ მცხეთა-აღაიანი-ნასტაკისის მიდამოებში ამ უცხოურ ფულებთან ერთად აღმოჩენილია რომაული საფასეების შემდეგი ადგილობრივი მინაბაძები:
1. II საუკუნის რომაული აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი;
2. ფილიპე უფროსის აურეუსის მინაბაძი – 2 ცალი;
3. ჰოსტილიანეს (251 წ.) აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი;
4. ნუმერიანეს (282-284 წწ.) აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი.

II. ზღუდერი:

ა) რომაული მონეტები:
1. ავგუსტე (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) – ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში ლუგდუნუმში მოჭრილი დენარები – 32 ცალი.
2. დომიციანე  – ვესპასიანეს დროს: 77/78 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
3. ანტონინუს პიუსი (138-161 წწ.) – 150/151 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
4. ფაუსტინა უფროსი – პიუსის დროს: 141 წლის შემდგომ რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი, და 141 წლის შემდგომ რომში მოჭრილი დენარი – 1 ცალი;
5. მარკუს ავრელიუსი (161-180 წწ.) და კომოდუსი – 175/176 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
6. კომოდუსი (180-192 წწ.) – 190 წელს რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
7. კარაკალა და გეტა-სეპტიმიუს სევერუსის დროს: 198/199 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
8. კარაკალა – სეპტიმიუს სევერუსის დროს: 204 წელს რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
9. ელაგაბალუსი (218-222 წწ.) – 218/219 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი, 220-222 წლების აურეუსები – 2 ცალი, 218/219 წლებში აღმოსავლეთის ზარაფხანაში მოჭრილი აურეუსები – 3 ცალი, სულ 6 ცალი.
10. ალექსანდრე  სევერუსი (222-235 წწ.) – 226  და 228 წლებში რომში მოჭრილი აურეუსები – 2 ცალი.
11. გორდიანე III  (238-244 წწ.) – 240 წელს რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.

ბ) პართული მონეტები:
1. ე.წ. გოტარზე I-ის (40/1-51 წწ.) დრაქმები, ეკბატანას ზარაფხანა – 12 ცალი.

III. ერწო, მაგრანეთი, ქუშანაანთ გორა:

ა) რომაული მონეტები:
1. ავგუსტე (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) – ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში ლუგდუნუმში  მოჭრილი დენარები – 12 ცალი.
2. ალექსანდრე სევერუსი (222-235 წწ.) – 225 წელს რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
3. გორდიანე III (238-244 წწ.) – აურეუსები – 2 ცალი.
4. კარუსი (282-283 წწ.) – ანტიოქიაში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
5. დიოკლეტიანე (284-305 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.

ბ) პართული მონეტები:
1. ე.წ. გოტარზე I-ის (40/1-51 წწ.) დრაქმები – 14 ცალი.

    აქვეა აღმოჩენილი:
1. ალექსანდრეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძი – 1 ცალი;
2. კომოდუსის აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი.
3. ფილიპე უფროსის აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი.

IV. ჟინვალი:

ა) რომაული მონეტები:
1. ავგუსტე (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) – ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წწ. ლუგდუნუმში  მოჭრილი დენარები – 4 ცალი.
2. იულია დომნა  – 198-209 წლებში რომში მოჭრილი აურეუსი – 1 ცალი.
3. ვალერიანე (253-260 წწ.) – აურეუსი – 1 ცალი.

ბ) პართული მონეტები:
1. ე. წ. გოტარზე I-ის (40/1-51 წწ.) დრაქმები – 4 ცალი.

აქვეა ნაპოვნი:
1. ავგუსტეს აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი.
2. ვალერიანეს აურეუსის მინაბაძი – 1 ცალი.