ვანში (?) მოჭრილი სპილენძის ანონიმური მონეტები ლოტოსის და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით
ტიპი: ვანში (?) მოჭრილი სპილენძის ანონიმური მონეტები ლოტოსის და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
სპილენძი.
რემედიუმი: ჰემიხალკი 0,8 გრ.-1,1 გრ., ხალკი 1,2 გრ.-2,1 გრ. ჰემიხალკისთვის d=12-13/14-15 მმ., ხალკისთვის d=11/13-16 მმ.

შუბლი: ეგვიპტური ნაყოფიერების ღვთაების ისიდას თავსამკაულის – სტილიზებული ლოტოსის გამოსახულება.

ზურგი: რვაქიმიანი რელიეფური ვარსკვლავი (რომელიც, ნახევარმთვარის გამოსახულებასთან ერთად, მითრიდატიდების დინასტიურ ემბლემად ითვლებოდა).




სამეცნიერო კომენტარი:   
    ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს 1967 წელს მოზაიკურიატაკიანი ტაძრის საკურთხევლის წინ აღმოჩნდა 119 სპილენძის მონეტისგან შემდგარი განძი, რომელიც, როგორც ჩანს, მოთავსებული იყო ქისაში. განძის 118 მონეტა იდენტურია, ამ ტიპის მონეტების აღწერილობა ზემოთ უკვე მივუთითეთ. ფულის ზურგზე მოთავსებული რვაქიმიანი რელიეფური ვარსკვლავი მის პონტოს სამეფოსთან კავშირზე მიანიშნებს. ეს სიმბოლო პონტოს მმართველი დინასტიის, მითრიდატიდების, დინასტიურ ემბლემად ითვლებოდა. განძის 119-ე მონეტა მოჭრილია ამისოში ძვ. წ. 111-105 წლებში ან 105-90 წლებში (შუბლი: ომის ღმერთის არესის თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი: ქარქაშში ჩაგებული მახვილი). ეს მონეტა ათარიღებს განძის შემადგენლობაში შემავალ დანარჩენ ცალებსაც, კერძოდ, ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისით. ლოტოსის გამოსახულებიანი სპილენძის ანონიმური მონეტები სულ 126 ცალის ოდენობითაა ცნობილი. ამ მონეტების ემისია, პირობითად, ვანში (ანტიკური ხანის სურიონი) განხორციელდა. არგუმენტაცია ასეთია:
    1.    ვანის განძის მონეტები ისიდას სტილიზებული თავსამკაულის გამოსახულებით უნიკალურია.
    2.    მართალია, ანონიმური სპილენძის მონეტები ვარსკვლავის გამოსახულებით პონტოში იჭრებოდა, მაგრამ – არა მითრიდატე VI-ის ხანაში, არამედ ადრე და სულ სხვა ტიპოლოგიური კომბინაციით. მიუხედავად იმისა, რომ პონტოს ანონიმური საფასეები თითქმის საუკუნეა, რაც ქვეყნდება, სამეცნიერო ლიტერატურაში ვანის ცალების იდენტური მონეტები ცნობილი არაა. არაა ისინი დაცული მსოფლიოს დიდ სამუზეუმო ცენტრებში. ამიტომ ჩვენი მონეტების მიკუთვნება პონტოსადმი შეუძლებელია. შეუძლებელია აგრეთვე ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც. პონტოში მოჭრილი ანონიმური სპილენძის მონეტები თარიღდება მითრიდატე VI-ის მეფობის წინარე პერიოდით, ვანში აღმოჩენილი ცალები კი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოჭრილია ძვ. წ. I საუკუნის 80-იან წლებში. საქმე ისაა, რომ ვანის განძში შედის ამისოს ტეტრახალკი, მოჭრილი ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში. ის ძალიან ცუდადაა დაცული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განძში მოხვედრამდე დიდი ხნის მანძილზე იყო მიმოქცევაში. განძის დანარჩენი მონეტები კი შესანიშნავადაა შემონახული. ამრიგად, ვანის განძის მონეტები მითრიდატე VI-ის ეპოქას მიეკუთვნება.
    3.    ვანის ანონიმური მონეტების ემისია პონტოში გამორიცხულია შემდეგი მიზეზის გამოც: მითრიდატე ევპატორმა მოახდინა სამონეტო საქმის უნიფიკაცია. ოქროს და ვერცხლის მონეტები იჭრება მხოლოდ და მხოლოდ მეფის სახელით და მისი რეგალიის ხელყოფა სიკვდილით ისჯება. პონტოს ქალაქები, მართალია, ახორციელებდნენ სამონეტო რეგალიას, მაგრამ – საერთო, სტანდარტული ტიპით. ამრიგად, ქალაქთა სამონეტო საქმიანობაც, ფაქტობრივად, მითრიდატეს კონტროლის ქვეშაა. ასეთ პირობებში, სრულიად წარმოუდგენელია ანონიმური მონეტების ემისია პონტოს ტერიტორიაზე. ვის მისცემდა ამის უფლებას მითრიდატე VI?!
    4.    მაგრამ დავუშვათ ვანის განძის ანონიმური სპილენძის მონეტების და პონტოს ანონიმური სპილენძის მონეტების სინქრონულობა; შევუდაროთ ისინი ერთმანეთს: ა) პონტოს ანონიმური მონეტებისათვის ძირითადი დამახასიათებელი ნომინალია ტეტრახალკი, ობოლი იშვიათად იჭრებოდა, ხოლო დიხალკი და ხალკი იჭრებოდა ეპიზოდურად. ვანის განძის მონეტებში შეიძლება ორი ნომინალის გამოყოფა: ხალკის და ჰემიხალკის. არც ერთი და არც მეორე არაა დამახასიათებელი პონტოს მონეტებისთვის; ბ) პონტოს არც ერთ ანონიმურ მონეტაზე არაა გამოსახული ისიდას სიმბოლო; გ) მართალია, ორივე ჯგუფის მონეტების ზურგზე მოთავსებულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, მაგრამ პონტოს ადრეულ სპილენძზე მას აუცილებლად თან ახლავს ორი ნახევარმთვარე, ხოლო გვიანდელზე – მშვილდისრის გამოსახულება. ვანის განძის მონეტებზე ეს დეტალები არ შეიმჩნევა. პონტოს მონეტების ზოგიერთ სერიაზე ამოტვიფრულია მონოგრამები და წარწერები. ვანის ცალები ანეპიგრაფიკულია. ამრიგად, ეს ორი სამონეტო ჯგუფი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
    5.    ამ მონეტების კოლხეთის გარდა სხვაგან აღმოჩენის არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული. ძირითადი მასა ვანშია აღმოჩენილი, რამდენიმე ცალი ეშერაშია ნაპოვნი. სპილენძის მონეტების მოჭრის ცენტრის ლოკალიზაციის თვალსაზრისით (მით უმეტეს, ასეთი უკნინესი ერთეულისა), ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
    ამრიგად, თითქოს არის საფუძველი ლოტოსის გამოსახულებიანი სპილენძის ანონიმური მონეტების ემისია ვანის ზარაფხანას დავუკავშიროთ. რა ისტორიული ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ფაქტს?
    მითრიდატემ კოლხეთი ძვ. წ. 105-90 წლებში დაიპყრო. თავდაპირველად კოლხეთი პონტოს სატრაპიას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგში, აპიანეს თანახმად, კოლხები აჯანყებულან და მითრიდატესათვის მოუთხოვიათ, რომ მას კოლხეთში მისი შვილი, მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსი გაემეფებინა. მითრიდატე ევპატორმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. დასავლეთ საქართველოში გამეფდა მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსი. აღნიშნული მოვლენა, როგორც ირკვევა, ძვ. წ. 85 წელს უნდა მომხდარიყო. ამ ხნიდან მოკიდებული, კოლხეთი ნომინალურად პონტოს ვასალური სახელმწიფოა. მაგრამ კოლხეთის ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მითრიდატემ თავის შვილს ღალატში დასდო ბრალი და ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 84 წელს სიკვდილით დასაჯა.
    სამწუხაროდ, მამა-შვილის კოლიზიების დეტალები უცნობია. შეიძლება, მითრიდატე ფილოპატორ-ფილადელფოსმა მართლაც წააქეზა კოლხები აჯანყებისკენ. საკუთარი ანეპიგრაფიკული ემისიებით კი ის მამას თავს ერთგულ „სატრაპად“ აჩვენებს. მისთვის, როგორც სამეფო ოჯახის წევრისთვის, კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი სპილენძის ანონიმური ემისიების იურიდიული ბუნება და ტიპოლოგია. ამ კატეგორიის მონეტებს, რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით, პონტოს მეფეთა ნაცვლები ჭრიდნენ მითრიდატე VI ევპატორამდე. აი, ამიტომაა გამოსახული ვანში აღმოჩენილი მონეტების რევერსზე რელიეფური ვარსკვლავი, ის მთელი ანონიმური სერიის აუცილებელი თანამგზავრია და სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერპრეტირებულია, როგორც პონტოს მეფეთა დინასტიური ემბლემა.
    მაგრამ, რა შუაშია მონეტის ავერსზე ამოტვიფრული ისიდას სიმბოლო? რას უნდა დავუკავშიროთ ის? როგორც ვარაუდობენ, ქალაქ ვანის/სურიონის კარიბჭესთან უნდა მდგარიყო ნაყოფიერების ღვთაების (დემეტრა/ისიდა) ქანდაკება. ეს იყო ქალაქის მფარველი ღვთაება. მითრიდატე უმცროსის რეზიდენცია კოლხეთში ვანი უნდა ყოფილიყო. ვინ, ან რა უნდა გამოესახა მას თავისი მონეტის შუბლზე, თუ არა ქალაქის მფარველი ღვთაება ან მისი სიმბოლო?
    ასეთია ის ლოგიკური გზა, რომელიც საშუალებას იძლევა, ვამტკიცოთ ვანში მონეტის მოჭრის შესაძლებლობა.

ზარაფხანა: ვანი (?).
ნომინალი: ჰემიხალკი – რემედიუმი 0,8 გრ.-1,1 გრ., ხალკი – რემედიუმი 1,2 გრ.-2,1 გრ.
თარიღი: ძვ. წ. 85-84 წლები.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №11114, და სხვ.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა. იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში? მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №2. თბ. 1974;  მონეტები ვანიდან. ვანი III. თბ. 1977 (გ. ლორთქიფანიძესთან თანაავტორობით); ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; კოლხების აჯანყება და მითრიდატე უმცროსი. თსუ შრომები (ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია). 321. თბ. 1996.

Г. Ф. Дундуа. Денежное обращение централной Колхиды в V-I вв. до н. э. (по материалам Ванского городища). Тб. 1983 (გ. ლორთქიფანიძესთან თანაავტორობით); Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

T. Dundua. Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. III-I საუკუნეების უცხოური მონეტები
დასავლეთ საქართველოდან

    ძვ. წ. III-I საუკუნეების კოლხეთის სამონეტო მიმოქცევაში ორი „ნუმიზმატიკური“ რეგიონი გამოიყოფა: სანაპირო ზოლი და ჰინტერლანდი. პირველის შემთხვევაში, სანიმუშოდ დიოსკურიიდან და მისი მიდამოებიდან მომდინარე მასალა გვაქვს აღებული, მეორე შემთხვევაში, უმთავრესად ვანის ნაქალაქარიდან.

დიოსკურია და მისი მიდამოები:

1. ეშერას გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ. წ. III საუკუნის სინოპური ჰემიდრაქმები: ა) შუბლზე ნიმფა სინოპეს თავის და ზურგზე არწივის გამოსახულებით, 1 ცალი (ზუსტად ასეთივე მონეტები აღმოჩენილია ფიჭვნარში (3 ცალი) და დაფნარში (1 ცალი)); ბ) შუბლი – ნიმფა სინოპეს თავი, ზურგი – გემის ცხვირი.
2. 1939 წელს სოხუმის ციხის მიდამოებში იპოვეს ძვ. წ. III საუკუნის დასასრულისა და II საუკუნის დასაწყისის ამისოს სიკლი.
3. იქვე აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 171-151 წლებში.
4. იქვე მოიძიეს ძვ. წ. II საუკუნის I ნახევრის პანტიკაპეიონის სპილენძის მონეტა შუბლზე სატირისა და ზურგზე დიოსკურების ორ ქუდს შორის მოთავსებული სიუხვის ყანწის გამოსახულებით.
5. 1949 წელს სოხუმში ზღვამ გამორიყა ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური ტეტრადრაქმა (მისი ემისია ათენში დაიწყო ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. არქაული სტილის ტეტრადრაქმებისგან განსხვავებით, მასზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ათენას თავი მუზარადში, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის უდიდესი ბერძენი მოქანდაკის, ფიდიასის ქმნილების ასლია, ხოლო ზურგზე – ამფორაზე მჯდომი ბუ და ზედწერილები, რომლებიც გადმოგვცემს ქალაქისა და მაგისტრატის სახელებს, თარიღს და ა.შ.), რომელიც ძვ. წ. 130/129 წლებშია მოჭრილი.
6. სოხუმში აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 99-94 წლებში მარკუს სერგიუს სილუსის სახელით.
7. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე 1942 წელს შემთხვევით უპოვიათ ძვ. წ. 100-75 წლების პანტიკაპეიონის ტეტრახალკი შუბლზე აპოლონისა და ზურგზე სამფეხაზე მოთავსებული კვერთხის გამოსახულებით.
8. ეშერაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები – ტეტრახალკი და დიხალკი, გამოშვებული ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში. ერთი მათგანი მოჭრილია ამისოში (ტიპი: ომის ღმერთის, არესის პროფილი – მახვილი).
9. იმავე პუნქტში ნაპოვნია კიდევ პონტოს ქალაქების სპილენძის შვიდი მონეტა, მოჭრილი ძვ. წ. 105-90 წლებში (გორგონა – ნიკე). მონეტები ცუდადაა დაცული, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უცილობლად ამისოშია მოჭრილი, ერთიც, შესაძლებელია, ამასტრიაში (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიაში).
10. ქალაქ სოხუმში 1886 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამისოში ძვ. წ. 105-90 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტა.
11. მითრიდატე VI ევპატორის ხანით თარიღდება ქალაქ ფარნაკიაში (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) მოჭრილი ტეტრახალკი, აღმოჩენილი ეშერაში 1971 წელს (ტიპი: ტიხეს თავი კოშკურა გვირგვინში, ზევსი მთელი ტანით).
12. 1972 წელს აქვე მიაკვლიეს ნეოკესარიაში (ქალაქია მცირე აზიაში) მოჭრილ თანადროულ დიხალკს (ტიპი: დიონისეს თავი – კვერთხი).
13. ეშერაში აღმოჩნდა ძვ. წ. 80-70 წლებში ამისოში( ?) მოჭრილი ტეტრახალკი (ტიპი: ზევსი – არწივი).
14. 1936 წელს სოხუმის მიდამოებში აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ორი ტეტრადრაქმა. ერთ-ერთი მათგანი მოჭრილი იყო ძვ. წ. 74 წელს.
15. სოხუმის სანაპიროზე იპოვეს ძვ. წ. 87 წლით დათარიღებული რომის რესპუბლიკური დენარი.
16. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. 83 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
17. ეშერაში აღმოჩნდა სიცილიაში ძვ. წ. 49 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
18. სოხუმის მიდამოებში იპოვეს რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 48 წელს.

ვანის ნაქალაქარი:

1. ძვ. წ. II-I(?) საუკუნეების სპილენძის სამი მონეტა.
2. ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური მონეტები: ა) დრაქმა მოჭრილი ძვ. წ. 146/5 წლებში და ბ) ტეტრადრაქმა დათარიღებული ძვ. წ. 125/4 წლებით.
3. ვერცხლის მცირე ზომის მონეტა, მოჭრილი როდოსში ძვ. წ. 166-88 წლებში ჰელიოსისა და ვარდის გამოსახულებით. ესაა როდოსული მონეტის საქართველოში აღმოჩენის პირველი და ერთადერთი შემთხვევა.
4. კაპადოკიის (მცირე აზიაში) მეფეთა დრაქმები: ა) არიარათ VI (ძვ. წ. 130-116 წწ.) – 1; ბ) არიარათ VII (ძვ. წ. 116-101 წწ.) – 1; გ) არიარათ IX (ძვ. წ. 101-87 წწ.) – 2; დ) არიობარძანე I (ძვ. წ. 96-63 წწ.) – 3.
5. რესპუბლიკური ხანის რომაული დენარები – 2 (ერთი მოჭრილი ძვ. წ. 119-110 ან 90-80 წწ., ერთიც – ძვ. წ. 64 წ.); კვინარიუსი (დენარის ნახევარი) – 1, დათარიღებული ძვ. წ. 102 წლით.
6. მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები:
ა) ძვ. წ. 111-105 წლებით დათარიღებული, ტიპი: არესი – მახვილი – 1 ეგზემპლარი;
ბ) ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლები – 14, ტიპი – იგივე. ამისოს ზარაფხანა – 5, არ იკითხება – 9;
გ) ძვ. წ. 105-90 წლები – 1. ტიპი: ათენა – პერსევსი (ბერძნული მითოლოგიის გმირი, გორგონას მკვლელი), ამისოს ზარაფხანა;
დ) 105-90 წლები, ტიპი: გორგონა – ნიკე, ამისო – 7, ამასტრია – 3, განუსაზღვრელი ზარაფხანა – 14. სულ 24 ცალი;
ე) ძვ. წ. 90-80 წლები – 1. ტიპი: დიონისე – კისტა (ან ცისტა – სარიტუალო კალათი) – ამისო;
ვ) ძვ. წ. 80-70 წლები – 5. ტიპი: ზევსი – არწივი, ამისო – 2; დაუდგენელი ზარაფხანა – 3;
ზ) ძალიან ცუდად დაცული სპილენძის მონეტები, მაგრამ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოჭრილი მითრიდატე VI-ის ეპოქის პონტოს ქალაქებში – 9.
ამრიგად, სულ 55 ეგზემპლარი, აქედან: 47 – ტეტრახალკი, 6 – დიხალკი, 1 – ობოლი (სპილენძის მონეტის ნომინალებია).
7. მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმა, დათარიღებული ძვ. წ. 74-3 წლებით. შუბლი – მითრიდატე ევპატორის თავის გამოსახულება გაშლილი თმებით მარჯვნივ (მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს). ზურგი – მარცხნივ მიმართული ირმის გამოსახულება, რომელიც ბალახს ძოვს. ირმის ზემოთ, მითრიდატიდების დინასტიური ემბლემა – ნახევარმთვარე და ვარსკვლავი. ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ ΜΙΘΡΑΔΑΤΟΥ ΕΥΠΑΤΟΡΟΣ – მეფე მითრიდატე ევპატორისა, თარიღი და მონოგრამები.
8. ამავე მონარქის კიდევ ერთი ტეტრადრაქმა აღმოჩნდა ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს, ოღონდ მის ზურგზე ფრთოსანი პეგასია გამოსახული.
9. პართული (სამეფო კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემდგომ ის მთელ ირანს მოიცავდა) დრაქმები: სინათრუქისა (ძვ. წ. 77-70 წწ.) და ოროდ II-ისა (ძვ. წ. 57-38/7 წწ.) – თითო-თითო ცალი.
10. პერგამონში (ქალაქი და სამეფო მცირე აზიაში) ძვ. წ. 50-49 წლებში მოჭრილი კისტაფორი (ვერცხლის დიდი ზომის მონეტა. ასე მას ეწოდება იმიტომ, რომ მის ზურგზე გამოსახულია სარიტუალო კალათა – კისტა).

ჰინტერლანდის სხვა რაიონები:

11. 1914 წელს ზუგდიდის რაიონში შემთხვევით უპოვიათ სომხეთის მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95-55 წწ.) ტეტრადრაქმა.
12. ანტიოქიის (სირია) ზარაფხანაში ძვ. წ. 83-69 წლებში მოჭრილი ტიგრან II-ის ტეტრადრაქმა აღმოჩენილია ჭიათურის მიდამოებში.
13. 1930 წელს გალის რ-ნის სოფელ ღუმურში შემთხვევით იპოვეს ვერცხლის სამი მონეტა. ერთი, ა. ზოგრაფის განსაზღვრით, ტიტუს კარიზიუსის დენარი ყოფილა, მოჭრილი ძვ. წ. 45 წელს.
14. სოფელ საზოდელავოში (სენაკის რ-ნი) 1897 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის რომაული დენარების განძი 23 ცალის რაოდენობით.