დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტები დიოსკურების ქუდების და კვერთხის გამოსახულებით
ტიპი: დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტები დიოსკურების ქუდების და კვერთხის გამოსახულებით

აღწერა, ფოტო:
სპილენძი.
რემედიუმი:  ხალკი მაგ. 1,3-3,1. გრ., დიხალკი  მაგ. 3,7-5 გრ., ტეტრახალკი მაგ. 6,1 გრ. d≈14 მმ.

შუბლი: დიოსკურების, ტყუპი ძმების, პოლიდევკესა და კასტორის ემბლემის – ორი ფრიგიული ქუდის გამოსახულება, რომელთა ზემოთ მოთავსებულია ექვსი ან რვაქიმიანი ვარსკვლავები.

ზურგი: მონეტის ცენტრში კვერთხის გამოსახულება, მის ორივე მხარეს სამ სტრიქონად ბერძნული ზედწერილი: ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ.

სამეცნიერო კომენტარი:    
    დასავლეთ საქართველოში მითრიდატე VI ევპატორის (ძვ. წ. 120-63 წწ.) ეპოქის პონტოური მონეტების აღმოჩენის ფაქტები პონტო-კოლხეთის ინტენსიურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მიანიშნებს. ამ კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კოლხეთის ტერიტორიაზე მოჭრილი, ადგილობრივი მონეტები. მათ შორისაა ქალაქ დიოსკურიის  სპილენძის საქალაქო მონეტები წარწერით – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტების გამოშვების ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენას პრინციპული მნიშვნელობა აქვს კოლხეთის ისტორიის ზოგიერთი მომენტის დასაზუსტებლად, კერძოდ, იმ თარიღის განსაზღვრისათვის, თუ როდის მოხდა პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის მიერ კოლხეთის დამორჩილება. ყოველივე ეს, კონკრეტული დროის მითითების გარეშე, დადასტურებულია წერილობით წყაროებში. აღნიშნული მონეტები ტიპოლოგიურად უკავშირდება პონტოს სპილენძის საქალაქო მონეტებს. კერძოდ, შუბლის მოტივი (დიოსკურების ორი ქუდი) აღებულია ამისოს იმ მონეტებიდან, რომლებიც იჭრებოდა ძვ. წ. 120-111 წლებში, ხოლო ზურგისა (დიონისეს, ე.ი. მითრიდატე ევპატორის კვერთხი) ასევე ნასესხებია სამხრეთ და ჩრდილო შავიზღვისპირეთის საქალაქო ნუმიზმატიკიდან, იმ მონეტებიდან, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. 105-90 წლებით. ამრიგად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, დიოსკურიაში მოჭრილი მონეტები ძვ. წ. II საუკუნის დასასრულითა და I-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. შესაბამისად, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს შეერთება თავის სამფლობელოსთან მითრიდატე VI-მ ზუსტად ამ დროს განახორციელა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიან. დიოსკურიაში, ჩანს, მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა.

ზარაფხანა: დიოსკურია.
ნომინალი: ხალკი – მაგ. 1,3-3,1. გრ., დიხალკი – მაგ. 3,7-5 გრ., ტეტრახალკი – მაგ. 6,1 გრ.
თარიღი: ძვ.წ. II-I საუკუნეების მიჯნა.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 12 ცალი, ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №51, ქფ. №№1701-1703, ქფ. №3149, ქფ. №3766, ქფ. №4029, ქფ. №№4030-4034; ერმიტაჟი – 11 ცალი, ერმიტაჟის ნუმიზმატიკის განყოფილება, №1, №2, №3, №4, №5, №6, №6а, №7, №9, №10, №11; მოსკოვის ისტორიული მუზეუმი – 11 ცალი, მოსკოვის ისტორიული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილება, კარადა №8, თარო №36.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ფული საქართველოში (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995.

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

К. В. Голенко. Монеты из случайных находок в Патрэе (1947-1950). Вестник Древней Истории (ВДИ). №3. 1952; К датировке  монет Диоскуриады. Нумизматический сборник. Тб. 1977.

Г. Ф. Дундуа. Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Г. А. Лордкипанидзе. К некоторым вопросам истории Колхиды II-I вв. до н. э. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №2. თბ. 1965;  К истории древней Колхиды.  Тб. 1970.

K. Golenko. Kolchis. Chiron. №2. München. 1972.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. III-I საუკუნეების უცხოური მონეტები
დასავლეთ საქართველოდან

    ძვ. წ. III-I საუკუნეების კოლხეთის სამონეტო მიმოქცევაში ორი „ნუმიზმატიკური“ რეგიონი გამოიყოფა: სანაპირო ზოლი და ჰინტერლანდი. პირველის შემთხვევაში, სანიმუშოდ დიოსკურიიდან და მისი მიდამოებიდან მომდინარე მასალა გვაქვს აღებული, მეორე შემთხვევაში, უმთავრესად ვანის ნაქალაქარიდან.

დიოსკურია და მისი მიდამოები:

1. ეშერას გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ. წ. III საუკუნის სინოპური ჰემიდრაქმები: ა) შუბლზე ნიმფა სინოპეს თავის და ზურგზე არწივის გამოსახულებით, 1 ცალი (ზუსტად ასეთივე მონეტები აღმოჩენილია ფიჭვნარში (3 ცალი) და დაფნარში (1 ცალი)); ბ) შუბლი – ნიმფა სინოპეს თავი, ზურგი – გემის ცხვირი.
2. 1939 წელს სოხუმის ციხის მიდამოებში იპოვეს ძვ. წ. III საუკუნის დასასრულისა და II საუკუნის დასაწყისის ამისოს სიკლი.
3. იქვე აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 171-151 წლებში.
4. იქვე მოიძიეს ძვ. წ. II საუკუნის I ნახევრის პანტიკაპეიონის სპილენძის მონეტა შუბლზე სატირისა და ზურგზე დიოსკურების ორ ქუდს შორის მოთავსებული სიუხვის ყანწის გამოსახულებით.
5. 1949 წელს სოხუმში ზღვამ გამორიყა ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური ტეტრადრაქმა (მისი ემისია ათენში დაიწყო ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. არქაული სტილის ტეტრადრაქმებისგან განსხვავებით, მასზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ათენას თავი მუზარადში, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის უდიდესი ბერძენი მოქანდაკის, ფიდიასის ქმნილების ასლია, ხოლო ზურგზე – ამფორაზე მჯდომი ბუ და ზედწერილები, რომლებიც გადმოგვცემს ქალაქისა და მაგისტრატის სახელებს, თარიღს და ა.შ.), რომელიც ძვ. წ. 130/129 წლებშია მოჭრილი.
6. სოხუმში აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 99-94 წლებში მარკუს სერგიუს სილუსის სახელით.
7. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე 1942 წელს შემთხვევით უპოვიათ ძვ. წ. 100-75 წლების პანტიკაპეიონის ტეტრახალკი შუბლზე აპოლონისა და ზურგზე სამფეხაზე მოთავსებული კვერთხის გამოსახულებით.
8. ეშერაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები – ტეტრახალკი და დიხალკი, გამოშვებული ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში. ერთი მათგანი მოჭრილია ამისოში (ტიპი: ომის ღმერთის, არესის პროფილი – მახვილი).
9. იმავე პუნქტში ნაპოვნია კიდევ პონტოს ქალაქების სპილენძის შვიდი მონეტა, მოჭრილი ძვ. წ. 105-90 წლებში (გორგონა – ნიკე). მონეტები ცუდადაა დაცული, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უცილობლად ამისოშია მოჭრილი, ერთიც, შესაძლებელია, ამასტრიაში (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიაში).
10. ქალაქ სოხუმში 1886 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამისოში ძვ. წ. 105-90 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტა.
11. მითრიდატე VI ევპატორის ხანით თარიღდება ქალაქ ფარნაკიაში (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) მოჭრილი ტეტრახალკი, აღმოჩენილი ეშერაში 1971 წელს (ტიპი: ტიხეს თავი კოშკურა გვირგვინში, ზევსი მთელი ტანით).
12. 1972 წელს აქვე მიაკვლიეს ნეოკესარიაში (ქალაქია მცირე აზიაში) მოჭრილ თანადროულ დიხალკს (ტიპი: დიონისეს თავი – კვერთხი).
13. ეშერაში აღმოჩნდა ძვ. წ. 80-70 წლებში ამისოში( ?) მოჭრილი ტეტრახალკი (ტიპი: ზევსი – არწივი).
14. 1936 წელს სოხუმის მიდამოებში აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ორი ტეტრადრაქმა. ერთ-ერთი მათგანი მოჭრილი იყო ძვ. წ. 74 წელს.
15. სოხუმის სანაპიროზე იპოვეს ძვ. წ. 87 წლით დათარიღებული რომის რესპუბლიკური დენარი.
16. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. 83 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
17. ეშერაში აღმოჩნდა სიცილიაში ძვ. წ. 49 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
18. სოხუმის მიდამოებში იპოვეს რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 48 წელს.

ვანის ნაქალაქარი:

1. ძვ. წ. II-I(?) საუკუნეების სპილენძის სამი მონეტა.
2. ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური მონეტები: ა) დრაქმა მოჭრილი ძვ. წ. 146/5 წლებში და ბ) ტეტრადრაქმა დათარიღებული ძვ. წ. 125/4 წლებით.
3. ვერცხლის მცირე ზომის მონეტა, მოჭრილი როდოსში ძვ. წ. 166-88 წლებში ჰელიოსისა და ვარდის გამოსახულებით. ესაა როდოსული მონეტის საქართველოში აღმოჩენის პირველი და ერთადერთი შემთხვევა.
4. კაპადოკიის (მცირე აზიაში) მეფეთა დრაქმები: ა) არიარათ VI (ძვ. წ. 130-116 წწ.) – 1; ბ) არიარათ VII (ძვ. წ. 116-101 წწ.) – 1; გ) არიარათ IX (ძვ. წ. 101-87 წწ.) – 2; დ) არიობარძანე I (ძვ. წ. 96-63 წწ.) – 3.
5. რესპუბლიკური ხანის რომაული დენარები – 2 (ერთი მოჭრილი ძვ. წ. 119-110 ან 90-80 წწ., ერთიც – ძვ. წ. 64 წ.); კვინარიუსი (დენარის ნახევარი) – 1, დათარიღებული ძვ. წ. 102 წლით.
6. მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები:
ა) ძვ. წ. 111-105 წლებით დათარიღებული, ტიპი: არესი – მახვილი – 1 ეგზემპლარი;
ბ) ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლები – 14, ტიპი – იგივე. ამისოს ზარაფხანა – 5, არ იკითხება – 9;
გ) ძვ. წ. 105-90 წლები – 1. ტიპი: ათენა – პერსევსი (ბერძნული მითოლოგიის გმირი, გორგონას მკვლელი), ამისოს ზარაფხანა;
დ) 105-90 წლები, ტიპი: გორგონა – ნიკე, ამისო – 7, ამასტრია – 3, განუსაზღვრელი ზარაფხანა – 14. სულ 24 ცალი;
ე) ძვ. წ. 90-80 წლები – 1. ტიპი: დიონისე – კისტა (ან ცისტა – სარიტუალო კალათი) – ამისო;
ვ) ძვ. წ. 80-70 წლები – 5. ტიპი: ზევსი – არწივი, ამისო – 2; დაუდგენელი ზარაფხანა – 3;
ზ) ძალიან ცუდად დაცული სპილენძის მონეტები, მაგრამ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოჭრილი მითრიდატე VI-ის ეპოქის პონტოს ქალაქებში – 9.
ამრიგად, სულ 55 ეგზემპლარი, აქედან: 47 – ტეტრახალკი, 6 – დიხალკი, 1 – ობოლი (სპილენძის მონეტის ნომინალებია).
7. მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმა, დათარიღებული ძვ. წ. 74-3 წლებით. შუბლი – მითრიდატე ევპატორის თავის გამოსახულება გაშლილი თმებით მარჯვნივ (მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს). ზურგი – მარცხნივ მიმართული ირმის გამოსახულება, რომელიც ბალახს ძოვს. ირმის ზემოთ, მითრიდატიდების დინასტიური ემბლემა – ნახევარმთვარე და ვარსკვლავი. ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ ΜΙΘΡΑΔΑΤΟΥ ΕΥΠΑΤΟΡΟΣ – მეფე მითრიდატე ევპატორისა, თარიღი და მონოგრამები.
8. ამავე მონარქის კიდევ ერთი ტეტრადრაქმა აღმოჩნდა ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს, ოღონდ მის ზურგზე ფრთოსანი პეგასია გამოსახული.
9. პართული (სამეფო კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემდგომ ის მთელ ირანს მოიცავდა) დრაქმები: სინათრუქისა (ძვ. წ. 77-70 წწ.) და ოროდ II-ისა (ძვ. წ. 57-38/7 წწ.) – თითო-თითო ცალი.
10. პერგამონში (ქალაქი და სამეფო მცირე აზიაში) ძვ. წ. 50-49 წლებში მოჭრილი კისტაფორი (ვერცხლის დიდი ზომის მონეტა. ასე მას ეწოდება იმიტომ, რომ მის ზურგზე გამოსახულია სარიტუალო კალათა – კისტა).

ჰინტერლანდის სხვა რაიონები:

11. 1914 წელს ზუგდიდის რაიონში შემთხვევით უპოვიათ სომხეთის მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95-55 წწ.) ტეტრადრაქმა.
12. ანტიოქიის (სირია) ზარაფხანაში ძვ. წ. 83-69 წლებში მოჭრილი ტიგრან II-ის ტეტრადრაქმა აღმოჩენილია ჭიათურის მიდამოებში.
13. 1930 წელს გალის რ-ნის სოფელ ღუმურში შემთხვევით იპოვეს ვერცხლის სამი მონეტა. ერთი, ა. ზოგრაფის განსაზღვრით, ტიტუს კარიზიუსის დენარი ყოფილა, მოჭრილი ძვ. წ. 45 წელს.
14. სოფელ საზოდელავოში (სენაკის რ-ნი) 1897 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის რომაული დენარების განძი 23 ცალის რაოდენობით.