ე.წ. სავლაკის მონეტები, III ტიპი
ტიპი: ე.წ. სავლაკის მონეტები, III ტიპი

აღწერა, ფოტო:
ვერცხლი(?), სპილენძი. წონა: ბრიტანეთის მუზეუმის ცალი  – 1,75 გრ., ბერლინის მუზეუმის ცალი – 1,83 გრ.

რემედიუმი: 1,75 გრ.-1,83 გრ. d≈12/13 მმ.

შუბლი: მამაკაცის თავის გამოსახულება სხივანა გვირგვინში პირდაპირ.

ზურგი: ფრთოსანი ელვა, რომლის ზემოთ და ქვემოთ წარწერაა: ΒΑΣΙ... ΣΑΥ...

სამეცნიერო კომენტარი:
    კოლხეთში ძვ. წ. II საუკუნეში სამეფოს არსებობის დადასტურების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე ზომის სპილენძის, ბილონის და ვერცხლის მონეტების სწორ ატრიბუციას. ჩვენამდე მათ მოაღწიეს რვა ცალის რაოდენობით და ყველა ეგზემპლარი, ერთის გარდა, საზღვარგარეთაა დაცული: მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში – 3, ბერლინის მუზეუმში – 3, ბრიტანეთის მუზეუმში – 1, ვანის მუზეუმში – 1. ეს მონეტები იყოფა სამ ტიპად. III ტიპის აღწერილობა მოცემულია ზემოთ. დანაჩენი ორი ტიპის აღწერილობა ასეთია:
    I ტიპი.
შუბლი: მარჯვნივ მიმართული მამაკაცის პროფილი სხივანა გვირგვინში.
ზურგი: მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. გამოსახულების ზემოთ და ქვემოთ ბერძნული ზედწერილი – ΒΑΣΙ... ΣΑΥΛ ან ΣΑΥΜ... ე.ი. მეფე სავლაკისა ან სავმაკისა. მეფის სახელი მონეტაზე ფრაგმენტულად არის ამოკვეთილი, ხოლო უკანასკნელი ასოს მიჩნევა შეიძლება როგორც “Λ”-დ, ასევე “Μ”-დ.
    II ტიპი.
შუბლი: მარჯვნივ მიმართული მამაკაცის პროფილი სხივანა გვირგვინში.
ზურგი: ვარდის გამოსახულება, რომლის ზემოთ და ქვემოთ ბერძნული ლეგენდაა – ΒΑΣΙΛΕ...  ΣΑΥΛ ან ΣΑΥΜ... ე.ი. მეფე სავლაკისა ან სავმაკისა.
    როგორც ვხედავთ, არც ერთ მონეტაზე მეფის სახელი სრულად არაა დაწერილი, რამაც მათი გენეზისის საკითხი მწვავე დისკუსიის საგნად აქცია საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. საკამათოა მონეტის რევერსზე მოცემული მეფის სახელის მეოთხე ასოს მოხაზულობა. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას “Λ”-დ კითხულობს, აქედან გამომდინარე, წარწერა იშიფრება, როგორც ΒΑΣΙΛΕΩΣ ΣΑΥΛ(ΑΚΟΥ) – მეფე სავლაკის, ვინაიდან კოლხეთის მეფეთა რიგში ასეთი სახელი ფიგურირებს. თუმცა მკვლევართა მეორე ჯგუფის აზრით, მონეტის რევერსზე სადავო სიტყვის მეოთხე ასო წაკითხული უნდა იქნას, როგორც “Μ”. რ. ვაილის აზრით, “Μ”-ს  მარჯვენა  კიდურის ზემო ნაწილის დაბოლოება ბერლინის მუზეუმის ცალზე აშკარად ჩანს.   ბოლო, ვანში აღმოჩენილი ეგზემპლარის მიხედვით, გ. დუნდუა ფიქრობს, რომ მონეტის ზურგზე ასო “Μ” იკითხება. აქედან გამომდინარე, მკვლევართა ამ ჯგუფის მიხედვით, მონეტაზე სახელი უნდა წაკითხულ იქნას, როგორც  ΒΑΣΙΛΕΩΣ ΣΑΥΜ(ΑΚΟΥ) – მეფე სავმაკის, ვინაიდან ასეთი მეფე ცნობილია ბოსფორის სამეფოს ისტორიაში. ეს რაც შეეხება მონეტაზე დაფიქსირებული წარწერის ანალიზს. ამის გარდა, საკამათოა საკითხის ირგვლივ არსებული მთელი რიგი ისტორიული თუ ნუმიზმატიკური ნიუანსები.
    მეცნიერთა იმ ნაწილს, რომელიც ამ მონეტებს კოლხეთის სამეფოს უკავშირებს, ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს I საუკუნის რომაელი ისტორიკოსის პლინიუსის ცნობა, რომლის თანახმადაც კოლხეთში ოდესღაც მეფობდა სავლაკი. მაგრამ საქმე ისაა, რომ, როგორც დაანგარიშებულია, ეს ზღაპრული სავლაკი კოლხეთში მეფობდა 1200 წლით ადრე ვიდრე ჩვენთვის საინტერესო მონეტები მოიჭრებოდა. ამ მონეტების მეორე ტიპზე გამოსახულია ვარდი, რომელიც მიახლოებით ათარიღებს  მთელ სამონეტო ჯგუფს. ეს ტიპი აღებულია როდოსის (კუნძული ეგეოსის ზღვაში) ნუმიზმატიკიდან. კერძოდ, ვარდის გამოსახულებიანი მონეტა ზუსტი ასლია როდოსის იმ მონეტებისა, რომელთა მოჭრა წარმოებდა ძვ. წ.  166-88 წლებში. ეს კი იძლევა სადისკუსიო ცალების ზუსტი დათარიღების საშუალებას ძვ. წ. II-I საუკუნეებით.  
    ასე რომ, ისტორიულად ამ პარალელის გავლებას საფუძველი არ გააჩნია. შემდეგი არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ ამ მონეტების კოლხური წარმოშობის სასარგებლოდ, გახლავთ ის, რომ პირველი ტიპის ცალების ზურგზე გამოსახულია ხარის თავი. აქედან – კავშირი კოლხურ თეთრთან. დაბოლოს, იმაზეც საუბრობენ, რომ ე.წ. სავლაკის და კოლხური მონეტები ერთად გაყიდულა სოხუმში, რაც თითქოს მათი ერთობლივი აღმოჩენის დამამტკიცებელი საბუთია. კონკრეტული მონეტების კოლხური გენეზისის სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტები არ არის ძლიერი. პირველი არგუმენტის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ასევე ვერ უძლებს კრიტიკას მეორე საბუთიც. საქმე ისაა, რომ ხარის გამოსახულების გეოგრაფია ბერძნულ სამყაროში ძალიან ფართოა, ის მრავალი ქვეყნისა და ქალაქის მონეტებს ამშვენებს და მისი დაკავშირება მაინცდამაინც კოლხურ სამყაროსთან, რბილად რომ ვთქვათ, მართებული არაა. რაც შეეხება სავლაკისა და კოლხურის მონეტების ერთად გაყიდვის ფაქტს, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მათ ერთ პუნქტში აღმოჩენას. ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომლის მოყვანაც კი შეიძლება ამ მონეტების კოლხური წარმოშობის სასარგებლოდ, გახლავთ ის, რომ დღემდე ცნობილი 8 ეგზემპლარიდან, 5 დასავლეთ საქართველოს ფარგლებშია აღმოჩენილი (სოხუმის მიდამოებში და ვანში).
    მეცნიერთა მეორე ნაწილი ზემოთ აღწერილ მონეტებს ბოსფორის სამეფოს უკავშირებს. მათი არგუმენტაცია ასეთია: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარდის გამოსახულებიანი მონეტების ტიპოლოგია აღებულია როდოსის ნუმიზმატიკური ძეგლებიდან, რომელთა მოჭრა წარმოებდა ძვ. წ.  166-88 წლებში. ამგვარად, ეს მონეტები ძვ. წ. II-I საუკუნეებით თარიღდება.  ერთადერთი ისტორიული პიროვნება ამ ხანაში, რომლის არსებობაც წყაროებით დასტურდება, არის სავმაკი. ეს ის სავმაკია, რომელიც იხსენიება მითრიდატე VI პონტოელის (ძვ. წ. 120-63 წწ.) მხედართმთავრის – დიოფანტეს საპატივცემულოდ ქერსონესში აღმართულ დეკრეტში. სავმაკმა ძვ. წ. II საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა ბოსფორის სამეფოში და მცირე ხნით დაიკავა ტახტი. სწორედ ამ დროს უნდა მოეჭრა მას ჩვენთვის საინტერესო მონეტები. ძვ. წ. 107 წელს კი ის დაამარცხა და ტყვედ იგდო უკვე მოხსენიებულმა დიოფანტემ. ყოველივე ზემოთ თქმულის გამო, სადავო მონეტები შესაძლებელია მივაკუთნოთ ბოსფორის სამეფოს ნუმიზმატიკას. ძალიან ძნელია კონტრარგუმენტის მოძებნა ამ დებულების წინააღმდეგ. თუმცა ერთი ცხადია: ვიდრე არ აღმოჩნდება ე.წ. სავლაკის (თუ სავმაკის) სრულწარწერიანი მონეტა, მანამ ეს საკითხი ყოველთვის პოლემიკის საგანი იქნება.

ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: ვერცხლი(?). 1,75 გრ. სპილენძი. 1,83 გრ.
თარიღი: ძვ. წ. II საუკუნის მიწურული.
კოლექცია: ბრიტანეთის მუზეუმი – 1 ცალი, ბერლინის მუზეუმი – 1 ცალი.
ბიბლიოგრაფია:
კ. გოლენკო.
მეფე სავ(ლაკის) მონეტის ახალი ტიპი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ. XXV. № 1. 1960.

გ. დუნდუა. სავლაკი თუ სავმაკი? კრ. „ოჩხარი“. ჯულიეტა რუხაძისადმი მიძღვნილი  ეთნოლოგიური, ისტორიული და ფილოლოგიური ძიებანი. თბ. 2002; ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995.

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

В. Ф. Гайдукевич. Еще  о восстании Савмака. Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1962; К дискуссии о восстании Савмака. Сб. Античная история и культура Средиземноморья и Причерноморья. Л. 1968.
    
К. В. Голенко. О монетах, приписываемых Савмаку. Вестник Древней Истории (ВДИ). №4. 1951; Еще  о монетах, приписываемых Савмаку. Вестник Древней Истории (ВДИ). №3. 1963.

Г. Ф. Дундуа. Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

С. А. Жебелев. Последний Перисад и скифское восстание на Босфоре. Вестник Древней Истории (ВДИ). №3. 1938.

Э. Л. Казакович. К полемике о восстании Савмака. Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1963.
    
Д. Г. Капанадзе. Несколько добавочных замечаний по поводу статьи К. В. Голенко «О монетах, приписываемых Савмаку». Вестник Древней Истории (ВДИ). № 4. 1951; Грузинская нумизматика. М. 1955.

В. В. Струве. Восстание Савмака. Вестник Древней Истории (ВДИ). № 3. 1950.

A. v. Gutschmidt. Saulaces, König von Kolchis. Zeitschrift für Numismatik. III. 1876.

A. v. Sallet. Zur griechischen Numismatik, I. Saul... oder Saum..., ein kolchischer oder scythischer König. Zeitschrift für Numismatik. III. 1876; Die Erwerbungen des Königlichen Münzkabinets. Zeitschrift für Numismatik. XVI. 1888.

R. Weil. König Saumakos. Zeitschrift für Numismatik. VIII. 1881.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. III-I საუკუნეების უცხოური მონეტები
დასავლეთ საქართველოდან

    ძვ. წ. III-I საუკუნეების კოლხეთის სამონეტო მიმოქცევაში ორი „ნუმიზმატიკური“ რეგიონი გამოიყოფა: სანაპირო ზოლი და ჰინტერლანდი. პირველის შემთხვევაში, სანიმუშოდ დიოსკურიიდან და მისი მიდამოებიდან მომდინარე მასალა გვაქვს აღებული, მეორე შემთხვევაში, უმთავრესად ვანის ნაქალაქარიდან.

დიოსკურია და მისი მიდამოები:

1. ეშერას გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ. წ. III საუკუნის სინოპური ჰემიდრაქმები: ა) შუბლზე ნიმფა სინოპეს თავის და ზურგზე არწივის გამოსახულებით, 1 ცალი (ზუსტად ასეთივე მონეტები აღმოჩენილია ფიჭვნარში (3 ცალი) და დაფნარში (1 ცალი)); ბ) შუბლი – ნიმფა სინოპეს თავი, ზურგი – გემის ცხვირი.
2. 1939 წელს სოხუმის ციხის მიდამოებში იპოვეს ძვ. წ. III საუკუნის დასასრულისა და II საუკუნის დასაწყისის ამისოს სიკლი.
3. იქვე აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 171-151 წლებში.
4. იქვე მოიძიეს ძვ. წ. II საუკუნის I ნახევრის პანტიკაპეიონის სპილენძის მონეტა შუბლზე სატირისა და ზურგზე დიოსკურების ორ ქუდს შორის მოთავსებული სიუხვის ყანწის გამოსახულებით.
5. 1949 წელს სოხუმში ზღვამ გამორიყა ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური ტეტრადრაქმა (მისი ემისია ათენში დაიწყო ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. არქაული სტილის ტეტრადრაქმებისგან განსხვავებით, მასზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ათენას თავი მუზარადში, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის უდიდესი ბერძენი მოქანდაკის, ფიდიასის ქმნილების ასლია, ხოლო ზურგზე – ამფორაზე მჯდომი ბუ და ზედწერილები, რომლებიც გადმოგვცემს ქალაქისა და მაგისტრატის სახელებს, თარიღს და ა.შ.), რომელიც ძვ. წ. 130/129 წლებშია მოჭრილი.
6. სოხუმში აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 99-94 წლებში მარკუს სერგიუს სილუსის სახელით.
7. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე 1942 წელს შემთხვევით უპოვიათ ძვ. წ. 100-75 წლების პანტიკაპეიონის ტეტრახალკი შუბლზე აპოლონისა და ზურგზე სამფეხაზე მოთავსებული კვერთხის გამოსახულებით.
8. ეშერაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები – ტეტრახალკი და დიხალკი, გამოშვებული ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში. ერთი მათგანი მოჭრილია ამისოში (ტიპი: ომის ღმერთის, არესის პროფილი – მახვილი).
9. იმავე პუნქტში ნაპოვნია კიდევ პონტოს ქალაქების სპილენძის შვიდი მონეტა, მოჭრილი ძვ. წ. 105-90 წლებში (გორგონა – ნიკე). მონეტები ცუდადაა დაცული, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უცილობლად ამისოშია მოჭრილი, ერთიც, შესაძლებელია, ამასტრიაში (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიაში).
10. ქალაქ სოხუმში 1886 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამისოში ძვ. წ. 105-90 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტა.
11. მითრიდატე VI ევპატორის ხანით თარიღდება ქალაქ ფარნაკიაში (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) მოჭრილი ტეტრახალკი, აღმოჩენილი ეშერაში 1971 წელს (ტიპი: ტიხეს თავი კოშკურა გვირგვინში, ზევსი მთელი ტანით).
12. 1972 წელს აქვე მიაკვლიეს ნეოკესარიაში (ქალაქია მცირე აზიაში) მოჭრილ თანადროულ დიხალკს (ტიპი: დიონისეს თავი – კვერთხი).
13. ეშერაში აღმოჩნდა ძვ. წ. 80-70 წლებში ამისოში( ?) მოჭრილი ტეტრახალკი (ტიპი: ზევსი – არწივი).
14. 1936 წელს სოხუმის მიდამოებში აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ორი ტეტრადრაქმა. ერთ-ერთი მათგანი მოჭრილი იყო ძვ. წ. 74 წელს.
15. სოხუმის სანაპიროზე იპოვეს ძვ. წ. 87 წლით დათარიღებული რომის რესპუბლიკური დენარი.
16. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. 83 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
17. ეშერაში აღმოჩნდა სიცილიაში ძვ. წ. 49 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
18. სოხუმის მიდამოებში იპოვეს რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 48 წელს.

ვანის ნაქალაქარი:

1. ძვ. წ. II-I(?) საუკუნეების სპილენძის სამი მონეტა.
2. ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური მონეტები: ა) დრაქმა მოჭრილი ძვ. წ. 146/5 წლებში და ბ) ტეტრადრაქმა დათარიღებული ძვ. წ. 125/4 წლებით.
3. ვერცხლის მცირე ზომის მონეტა, მოჭრილი როდოსში ძვ. წ. 166-88 წლებში ჰელიოსისა და ვარდის გამოსახულებით. ესაა როდოსული მონეტის საქართველოში აღმოჩენის პირველი და ერთადერთი შემთხვევა.
4. კაპადოკიის (მცირე აზიაში) მეფეთა დრაქმები: ა) არიარათ VI (ძვ. წ. 130-116 წწ.) – 1; ბ) არიარათ VII (ძვ. წ. 116-101 წწ.) – 1; გ) არიარათ IX (ძვ. წ. 101-87 წწ.) – 2; დ) არიობარძანე I (ძვ. წ. 96-63 წწ.) – 3.
5. რესპუბლიკური ხანის რომაული დენარები – 2 (ერთი მოჭრილი ძვ. წ. 119-110 ან 90-80 წწ., ერთიც – ძვ. წ. 64 წ.); კვინარიუსი (დენარის ნახევარი) – 1, დათარიღებული ძვ. წ. 102 წლით.
6. მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები:
ა) ძვ. წ. 111-105 წლებით დათარიღებული, ტიპი: არესი – მახვილი – 1 ეგზემპლარი;
ბ) ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლები – 14, ტიპი – იგივე. ამისოს ზარაფხანა – 5, არ იკითხება – 9;
გ) ძვ. წ. 105-90 წლები – 1. ტიპი: ათენა – პერსევსი (ბერძნული მითოლოგიის გმირი, გორგონას მკვლელი), ამისოს ზარაფხანა;
დ) 105-90 წლები, ტიპი: გორგონა – ნიკე, ამისო – 7, ამასტრია – 3, განუსაზღვრელი ზარაფხანა – 14. სულ 24 ცალი;
ე) ძვ. წ. 90-80 წლები – 1. ტიპი: დიონისე – კისტა (ან ცისტა – სარიტუალო კალათი) – ამისო;
ვ) ძვ. წ. 80-70 წლები – 5. ტიპი: ზევსი – არწივი, ამისო – 2; დაუდგენელი ზარაფხანა – 3;
ზ) ძალიან ცუდად დაცული სპილენძის მონეტები, მაგრამ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოჭრილი მითრიდატე VI-ის ეპოქის პონტოს ქალაქებში – 9.
ამრიგად, სულ 55 ეგზემპლარი, აქედან: 47 – ტეტრახალკი, 6 – დიხალკი, 1 – ობოლი (სპილენძის მონეტის ნომინალებია).
7. მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმა, დათარიღებული ძვ. წ. 74-3 წლებით. შუბლი – მითრიდატე ევპატორის თავის გამოსახულება გაშლილი თმებით მარჯვნივ (მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს). ზურგი – მარცხნივ მიმართული ირმის გამოსახულება, რომელიც ბალახს ძოვს. ირმის ზემოთ, მითრიდატიდების დინასტიური ემბლემა – ნახევარმთვარე და ვარსკვლავი. ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ ΜΙΘΡΑΔΑΤΟΥ ΕΥΠΑΤΟΡΟΣ – მეფე მითრიდატე ევპატორისა, თარიღი და მონოგრამები.
8. ამავე მონარქის კიდევ ერთი ტეტრადრაქმა აღმოჩნდა ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს, ოღონდ მის ზურგზე ფრთოსანი პეგასია გამოსახული.
9. პართული (სამეფო კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემდგომ ის მთელ ირანს მოიცავდა) დრაქმები: სინათრუქისა (ძვ. წ. 77-70 წწ.) და ოროდ II-ისა (ძვ. წ. 57-38/7 წწ.) – თითო-თითო ცალი.
10. პერგამონში (ქალაქი და სამეფო მცირე აზიაში) ძვ. წ. 50-49 წლებში მოჭრილი კისტაფორი (ვერცხლის დიდი ზომის მონეტა. ასე მას ეწოდება იმიტომ, რომ მის ზურგზე გამოსახულია სარიტუალო კალათა – კისტა).

ჰინტერლანდის სხვა რაიონები:

11. 1914 წელს ზუგდიდის რაიონში შემთხვევით უპოვიათ სომხეთის მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95-55 წწ.) ტეტრადრაქმა.
12. ანტიოქიის (სირია) ზარაფხანაში ძვ. წ. 83-69 წლებში მოჭრილი ტიგრან II-ის ტეტრადრაქმა აღმოჩენილია ჭიათურის მიდამოებში.
13. 1930 წელს გალის რ-ნის სოფელ ღუმურში შემთხვევით იპოვეს ვერცხლის სამი მონეტა. ერთი, ა. ზოგრაფის განსაზღვრით, ტიტუს კარიზიუსის დენარი ყოფილა, მოჭრილი ძვ. წ. 45 წელს.
14. სოფელ საზოდელავოში (სენაკის რ-ნი) 1897 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის რომაული დენარების განძი 23 ცალის რაოდენობით.