არისტარქე კოლხის დრაქმა გნეუს პომპეუსის გამოსახულებით
ტიპი: არისტარქე კოლხის დრაქმა გნეუს პომპეუსის გამოსახულებით

აღწერა, ფოტო:

ვერცხლი. რემედიუმი – 3,2-3,7 გრ.

შუბლი:  მარჯვნივ მიმართული უწვერული ადამიანის თავი გასხივოსნებული გვირგვინით (ჰელიოსი პომპეუსის სახის ნაკვთებით).

ზურგი: მარჯვნივ მიმართული მაღალზურგიან ტახტზე მჯდომი ქალღმერთი ტიხე კოშკისებური გვირგვინით თავზე. მარცხენა ხელში სფეროს მსგავსი საგანი უჭირავს, ხოლო მარჯვენათი საჭეს ეყრდნობა.  გამოსახულების ორივე მხარეს და ქვემოთ ბერძნული ზედწერილი: ΑΡΙΣΤΑΡΧΟΥ  ΤΟΥ ΕΠΙ ΚΟΛΧΙΔΟΣ/BΙ  („არისტარქესი, კოლხეთის მეფისნაცვლისა, ან კოლხეთის მმართველის, ან არისტარქესი, რომელიც კოლხეთს მართავს”), და თარიღი – 12, რაც ამ პიროვნების მმართველობის მეთორმეტე წელს, ანუ ძვ. წ. 52-51 წლებს უდრის.


სამეცნიერო კომენტარი:
   სისხლისმღვრელი ბრძოლები რომსა და პონტოს შორის ძვ. წ. I საუკუნეში რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, პონტოს მეფე მითრიდატე VI-ის (ძვ. წ. 120-63 წწ.) მარცხით დასრულდა. რომის ძლევამოსილი სარდალი გნეუს პომპეუსი ჯერ სომხეთში შევიდა და იქ პონტოს მოკავშირე ტიგრან II (ძვ. წ. 95-55 წწ.) დაამარცხა, ხოლო შემდეგ, კერძოდ, ძვ. წ. 65 წელს იბერიას მოადგა. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართლის მეფე არტაგი ბოლოს იძულებული გახდა პომპეუსს დამორჩილებოდა. იბერიიდან რომაელები კოლხეთში გადავიდნენ, სადაც პომპეუსმა ქვეყნის ეფემერულ მმართველად ძვ. წ. 63 წელს არისტარქე კოლხი დანიშნა.
   ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ვერცხლის ექვსმა მონეტამ, რომელთაგან ერთ-ერთი სოხუმის მიდამოებშია აღმოჩენილი.
   ინგლისელი და რუსი მეცნიერების ჯ. ჯენკინსისა და კ. გოლენკოს გამოკვლევების თანახმად, მონეტაზე გამოსახულია მზის ღმერთი ჰელიოსი, რომელსაც პომპეუსის ნაკვთები აქვს. ამ მოსაზრებას იმით ასაბუთებენ, რომ კოლხეთის პირველი მეფე, პლინიუსის ცნობის მიხედვით, მზის შვილი იყო, ხოლო არისტარქემ ძალაუფლება პომპეუსისგან მიიღო. ამ შემთხვევაში ერთმანეთს შეერწყა ადგილობრივი ტრადიცია და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს მოსაზრება უაღრესად ანგარიშგასაწევია.
   ზურგზე მოთავსებულია მარჯვნივ მიმართული ტახტზე მჯდომი ქალის დრაპირებული გამოსახულება კოშკურა გვირგვინით, რომელსაც მარცხენა ხელში სფეროს მსგავსი საგანი უჭირავს, ხოლო მარჯვენათი საჭეს ეყრდნობა. მონეტის ზურგზე არსებული გამოსახულების სწორი ინტერპრეტაცია ჯ. ჯენკინსმა იმის წყალობით მოახერხა, რომ მის ხელთ აღმოჩნდა შესანიშნავად დაცული ეგზემპლარი, რომელზედაც კარგად ჩანდა საჭე, შემთხვევის, ბედისა და ბედნიერების ქალღმერთის, ტიხეს აუცილებელი ატრიბუტი.
   არისტარქე კოლხის დრაქმების ისტორიული მნიშვნელობა ძალიან დიდია. მათი ლაკონური ზედწერილი იმის თვალსაჩინო ილუსტრაციაა, თუ რა უპირატესობა აქვს მონეტის ლეგენდებს რიგ შემთხვევაში ნარატიულ წყაროებთან შედარებით. საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ანტიკური ავტორი არისტარქეს მეფეს უწოდებს, თვით მონეტის წარწერაში კი, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს, ეს უკანასკნელი მმართველად/მეფისნაცვლად არის მოხსენიებული. ამრიგად, მონეტის ლეგენდის საშუალებით მთელი ქვეყნის პოლიტიკური ვითარების დადგენა ხერხდება. ცხადია, კოლხეთი ამ დროს სამეფო კი არ არის, არამედ, ფორმალურად მაინც, რომზე დამოკიდებული მხარეა.

ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: დრაქმა.
თარიღი: ძვ. წ. 52-51 წწ.
კოლექცია: ბერლინის მუზეუმი – 1 ცალი; ეშმოლის მუზეუმი (ოქსფორდი) – 1 ცალი; ბრიტანეთის მუზეუმი – 1 ცალი; პარიზის მედლების კაბინეტი – 1 ცალი; სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟი – 2 ცალი.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა.
ფული საქართველოში (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა); ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე.
ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

К. В. Голенко. Аристарх Колхидский и его монеты (К истории Колхиды I в. до н. э.). Вестник Древней Истории (ВДИ). N4. 1974.

T. Dundua. Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

G. K. Jenkins. Recent Acquisitions of Greek Coins by the British Museum. Numismatic Chronicle (N.C.). London. Vol. 19 (1959).

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

ძვ. წ. III-I საუკუნეების უცხოური მონეტები
დასავლეთ საქართველოდან

    ძვ. წ. III-I საუკუნეების კოლხეთის სამონეტო მიმოქცევაში ორი „ნუმიზმატიკური“ რეგიონი გამოიყოფა: სანაპირო ზოლი და ჰინტერლანდი. პირველის შემთხვევაში, სანიმუშოდ დიოსკურიიდან და მისი მიდამოებიდან მომდინარე მასალა გვაქვს აღებული, მეორე შემთხვევაში, უმთავრესად ვანის ნაქალაქარიდან.

დიოსკურია და მისი მიდამოები:

1. ეშერას გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ. წ. III საუკუნის სინოპური ჰემიდრაქმები: ა) შუბლზე ნიმფა სინოპეს თავის და ზურგზე არწივის გამოსახულებით, 1 ცალი (ზუსტად ასეთივე მონეტები აღმოჩენილია ფიჭვნარში (3 ცალი) და დაფნარში (1 ცალი)); ბ) შუბლი – ნიმფა სინოპეს თავი, ზურგი – გემის ცხვირი.
2. 1939 წელს სოხუმის ციხის მიდამოებში იპოვეს ძვ. წ. III საუკუნის დასასრულისა და II საუკუნის დასაწყისის ამისოს სიკლი.
3. იქვე აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 171-151 წლებში.
4. იქვე მოიძიეს ძვ. წ. II საუკუნის I ნახევრის პანტიკაპეიონის სპილენძის მონეტა შუბლზე სატირისა და ზურგზე დიოსკურების ორ ქუდს შორის მოთავსებული სიუხვის ყანწის გამოსახულებით.
5. 1949 წელს სოხუმში ზღვამ გამორიყა ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური ტეტრადრაქმა (მისი ემისია ათენში დაიწყო ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. არქაული სტილის ტეტრადრაქმებისგან განსხვავებით, მასზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ათენას თავი მუზარადში, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის უდიდესი ბერძენი მოქანდაკის, ფიდიასის ქმნილების ასლია, ხოლო ზურგზე – ამფორაზე მჯდომი ბუ და ზედწერილები, რომლებიც გადმოგვცემს ქალაქისა და მაგისტრატის სახელებს, თარიღს და ა.შ.), რომელიც ძვ. წ. 130/129 წლებშია მოჭრილი.
6. სოხუმში აღმოჩნდა რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 99-94 წლებში მარკუს სერგიუს სილუსის სახელით.
7. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე 1942 წელს შემთხვევით უპოვიათ ძვ. წ. 100-75 წლების პანტიკაპეიონის ტეტრახალკი შუბლზე აპოლონისა და ზურგზე სამფეხაზე მოთავსებული კვერთხის გამოსახულებით.
8. ეშერაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები – ტეტრახალკი და დიხალკი, გამოშვებული ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში. ერთი მათგანი მოჭრილია ამისოში (ტიპი: ომის ღმერთის, არესის პროფილი – მახვილი).
9. იმავე პუნქტში ნაპოვნია კიდევ პონტოს ქალაქების სპილენძის შვიდი მონეტა, მოჭრილი ძვ. წ. 105-90 წლებში (გორგონა – ნიკე). მონეტები ცუდადაა დაცული, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უცილობლად ამისოშია მოჭრილი, ერთიც, შესაძლებელია, ამასტრიაში (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მცირე აზიაში).
10. ქალაქ სოხუმში 1886 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამისოში ძვ. წ. 105-90 წლებში მოჭრილი სპილენძის მონეტა.
11. მითრიდატე VI ევპატორის ხანით თარიღდება ქალაქ ფარნაკიაში (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო) მოჭრილი ტეტრახალკი, აღმოჩენილი ეშერაში 1971 წელს (ტიპი: ტიხეს თავი კოშკურა გვირგვინში, ზევსი მთელი ტანით).
12. 1972 წელს აქვე მიაკვლიეს ნეოკესარიაში (ქალაქია მცირე აზიაში) მოჭრილ თანადროულ დიხალკს (ტიპი: დიონისეს თავი – კვერთხი).
13. ეშერაში აღმოჩნდა ძვ. წ. 80-70 წლებში ამისოში( ?) მოჭრილი ტეტრახალკი (ტიპი: ზევსი – არწივი).
14. 1936 წელს სოხუმის მიდამოებში აღმოჩნდა მითრიდატე VI ევპატორის ორი ტეტრადრაქმა. ერთ-ერთი მათგანი მოჭრილი იყო ძვ. წ. 74 წელს.
15. სოხუმის სანაპიროზე იპოვეს ძვ. წ. 87 წლით დათარიღებული რომის რესპუბლიკური დენარი.
16. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. 83 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
17. ეშერაში აღმოჩნდა სიცილიაში ძვ. წ. 49 წელს მოჭრილი რომის რესპუბლიკური დენარი.
18. სოხუმის მიდამოებში იპოვეს რომის რესპუბლიკური დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 48 წელს.

ვანის ნაქალაქარი:

1. ძვ. წ. II-I(?) საუკუნეების სპილენძის სამი მონეტა.
2. ე.წ. „ახალი სტილის“ ათენური მონეტები: ა) დრაქმა მოჭრილი ძვ. წ. 146/5 წლებში და ბ) ტეტრადრაქმა დათარიღებული ძვ. წ. 125/4 წლებით.
3. ვერცხლის მცირე ზომის მონეტა, მოჭრილი როდოსში ძვ. წ. 166-88 წლებში ჰელიოსისა და ვარდის გამოსახულებით. ესაა როდოსული მონეტის საქართველოში აღმოჩენის პირველი და ერთადერთი შემთხვევა.
4. კაპადოკიის (მცირე აზიაში) მეფეთა დრაქმები: ა) არიარათ VI (ძვ. წ. 130-116 წწ.) – 1; ბ) არიარათ VII (ძვ. წ. 116-101 წწ.) – 1; გ) არიარათ IX (ძვ. წ. 101-87 წწ.) – 2; დ) არიობარძანე I (ძვ. წ. 96-63 წწ.) – 3.
5. რესპუბლიკური ხანის რომაული დენარები – 2 (ერთი მოჭრილი ძვ. წ. 119-110 ან 90-80 წწ., ერთიც – ძვ. წ. 64 წ.); კვინარიუსი (დენარის ნახევარი) – 1, დათარიღებული ძვ. წ. 102 წლით.
6. მითრიდატე VI ევპატორის ეპოქის პონტოს ქალაქების სპილენძის მონეტები:
ა) ძვ. წ. 111-105 წლებით დათარიღებული, ტიპი: არესი – მახვილი – 1 ეგზემპლარი;
ბ) ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლები – 14, ტიპი – იგივე. ამისოს ზარაფხანა – 5, არ იკითხება – 9;
გ) ძვ. წ. 105-90 წლები – 1. ტიპი: ათენა – პერსევსი (ბერძნული მითოლოგიის გმირი, გორგონას მკვლელი), ამისოს ზარაფხანა;
დ) 105-90 წლები, ტიპი: გორგონა – ნიკე, ამისო – 7, ამასტრია – 3, განუსაზღვრელი ზარაფხანა – 14. სულ 24 ცალი;
ე) ძვ. წ. 90-80 წლები – 1. ტიპი: დიონისე – კისტა (ან ცისტა – სარიტუალო კალათი) – ამისო;
ვ) ძვ. წ. 80-70 წლები – 5. ტიპი: ზევსი – არწივი, ამისო – 2; დაუდგენელი ზარაფხანა – 3;
ზ) ძალიან ცუდად დაცული სპილენძის მონეტები, მაგრამ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მოჭრილი მითრიდატე VI-ის ეპოქის პონტოს ქალაქებში – 9.
ამრიგად, სულ 55 ეგზემპლარი, აქედან: 47 – ტეტრახალკი, 6 – დიხალკი, 1 – ობოლი (სპილენძის მონეტის ნომინალებია).
7. მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმა, დათარიღებული ძვ. წ. 74-3 წლებით. შუბლი – მითრიდატე ევპატორის თავის გამოსახულება გაშლილი თმებით მარჯვნივ (მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს). ზურგი – მარცხნივ მიმართული ირმის გამოსახულება, რომელიც ბალახს ძოვს. ირმის ზემოთ, მითრიდატიდების დინასტიური ემბლემა – ნახევარმთვარე და ვარსკვლავი. ზედწერილი – ΒΑΣΙΛΕΩΣ ΜΙΘΡΑΔΑΤΟΥ ΕΥΠΑΤΟΡΟΣ – მეფე მითრიდატე ევპატორისა, თარიღი და მონოგრამები.
8. ამავე მონარქის კიდევ ერთი ტეტრადრაქმა აღმოჩნდა ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს, ოღონდ მის ზურგზე ფრთოსანი პეგასია გამოსახული.
9. პართული (სამეფო კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემდგომ ის მთელ ირანს მოიცავდა) დრაქმები: სინათრუქისა (ძვ. წ. 77-70 წწ.) და ოროდ II-ისა (ძვ. წ. 57-38/7 წწ.) – თითო-თითო ცალი.
10. პერგამონში (ქალაქი და სამეფო მცირე აზიაში) ძვ. წ. 50-49 წლებში მოჭრილი კისტაფორი (ვერცხლის დიდი ზომის მონეტა. ასე მას ეწოდება იმიტომ, რომ მის ზურგზე გამოსახულია სარიტუალო კალათა – კისტა).

ჰინტერლანდის სხვა რაიონები:

11. 1914 წელს ზუგდიდის რაიონში შემთხვევით უპოვიათ სომხეთის მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წ. 95-55 წწ.) ტეტრადრაქმა.
12. ანტიოქიის (სირია) ზარაფხანაში ძვ. წ. 83-69 წლებში მოჭრილი ტიგრან II-ის ტეტრადრაქმა აღმოჩენილია ჭიათურის მიდამოებში.
13. 1930 წელს გალის რ-ნის სოფელ ღუმურში შემთხვევით იპოვეს ვერცხლის სამი მონეტა. ერთი, ა. ზოგრაფის განსაზღვრით, ტიტუს კარიზიუსის დენარი ყოფილა, მოჭრილი ძვ. წ. 45 წელს.
14. სოფელ საზოდელავოში (სენაკის რ-ნი) 1897 წელს შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის რომაული დენარების განძი 23 ცალის რაოდენობით.