ბაგადატ ბიურატის ძის მონეტები. I ტიპი
ტიპი: ბაგადატ ბიურატის ძის მონეტები. I ტიპი

აღწერა,ფოტო:
ვერცხლი. წონა – 16,58 გრ.

შუბლი: ბაგადატის თავის გამოსახულება მარჯვნივ, წვერულვაშით, საყურით, შუბლსაკრავით (taenia). ახურავს სატრაპის თავსაბურავი (kyrbasia) ორმაგი თასმით უკან და ზემოთ დამაგრებული ყურებით. გარშემო წერტილოვანი რკალი.

ზურგი: ტახტზე მჯდომი ბაგადატი მარცხნივ. ატარებს სატრაპის თავსაბურავს და გრძელ მოსასხამს ცრუ-სახელოებით და სამკლავეებით. მარჯვენა ხელში გრძელი სკიპტრა უჭირავს, მარცხენაში – ყვავილი (?). მის წინ შტანდარტია დეკორით და ფოჩებით – dirēfš-i Kaviān. არამეული ლეგენდები – მარჯვნივ ზემოდან ქვემოთ, და მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ. წერტილოვანი რკალი.



სამეცნიერო კომენტარი:    
    „...ჰაიკმა შვა ძე თჳსი ბაბილონს, სახელად არამანეაკ, არამანეაკმა შვა ძენი და ასულნი, მათ შორის უფროსი – არამაის. არამაისმა შვა ძენი და ასულნი, მათ შორის უფროსი – ამასია... ამ ხალხმა შექმნა მოდგმა ბაბილონს, მათვე განვლეს არარატის მიწის ჩრდილო მხარეები. ჰაიკმა ხომ დატოვა ბაბილონი ცოლ-შვილთან და მთელ სახლეულობასთან ერთად...
    და მბრძანებლობდა მათზე ზარეჰ, არამანეაკის შვილიშვილი, კაცი ძლიერი და კარგი მოისარი; შემდგომ – არმონგ; შემდგომ – სარჰანგ; შემდგომ – შავაშ; შემდგომ – ფარნავაზ.
    ამ უკანასკნელმა შვა ბაგამ და ბაგარატ, ბაგარატმა – ბიურატ, ბიურატმა – ასპატ, ბაგარატის შვილებს მემკვიდრეობით ერგოთ დასავლეთის მიწები...
    ამავე დროს არშაკმა (პართიის მეფე – თ. დ.) ძე თჳსი, არშაკ მცირედ წოდებული, გაამეფა ქალაქ მწურნსა და სომხეთს, დაუდგინა რა საზღვრად არუასტანი ტაჯიკთა მიწა-წყლის მახლობლად, სირია და კაბადოკია კილიკიასთან დასავლეთის დიდ ზღვამდე, კავკასიონის დიდი მთა ჩრდილოეთით...
    მან (ე.ი. არშაკმა – თ. დ.) შვილი მწურნიდან დასავლეთისკენ გაგზავნა დიდი ლაშქრით... ასევე დიდი ლაშქრით მას (ე.ი. უფლისწულს – თ. დ.) შეეგება ბაგარატ ფარაზეანი, არამანეაკის ჩამომავალი და დიდი დიდებული. მან მიართვა მას (ე.ი. უფლისწულს – თ. დ.) ოქროსა და ვერცხლის საჩუქრები. მორთო კვართით და კაბით, თავს დაადგა საგვარეულო გვირგვინი. დასვა ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ოქროს ტახტზე, ცოლად შერთო ასული თჳსი.
    მეფე არშაკმა ბაგარატს ასპეტობა უბოძა სომხეთში, რაც ნიშნავს მთავრობას და ჯარის უმაღლეს სარდლობას; უწოდა მამა და ძმა და გადასცა აღნიშნული რწმუნებები“.


    აქ წარმოდგენილია უჩვეულოდ აღრეული პასაჟი სომხური „ადრეული ისტორიიდან“. მაგრამ სხვა ისტორიული წყაროების შეჯერებით, ეს ამბები ასე დალაგდება: ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში მცხეთის მამასახლისის ძმისშვილმა ფარნავაზმა სამხრეთ-ქართული პოლიტიკური ერთეულის, არიან-ქართლის (იმავე ირანის ქართლის, ცენტრით კლარჯეთში), უფალი აზო დაამარცხა. ფარნავაზთან გამართულ ბრძოლაში აზო დაიღუპა. ამის შემდეგ ფარნავაზმა ქართლი გააერთიანა, აზოს ჩამომავლები იშვილა, და მათ კლარჯეთის ერისთავობა უბოძა. ბაგრატ (ბაგადატ) ფარნავაზიანი, ბივრატი (ბიურატ) და სუმბატი (სმბატ) ბაგრატიონთა სახლის პირველი მამასახლისები იყვნენ. მოგვიანებით, სუმბატი მცხეთის ტახტს აუჯანყდა, სუმბატს მხარი დიდი არმენიის მეფე არტაშეს I-მა (ძვ. წ. 189-160 წწ.) დაუჭირა, მისი დახმარებით შეიქმნა გუგარქის საპიტიახშო, რომელსაც სუმბატი ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ, სუმბატ ბივრიტიანის შთამომავლები მემკვიდრეობით ფლობდნენ გუგარქს. გუგარქის საპიტიახშო ქართულ მიწებს (კლარჯეთი, ჯავახეთის ნაწილი, ქვემო ქართლი) მოიცავდა, ხოლო გუგარქის პიტიახში დიდი არმენიის მეფის ვასალი იყო.
    წარმოდგენილ გენეალოგიას ავსებს და მეტ დამაჯერებლობას სძენს ნუმიზმატიკური მასალა, კერძოდ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოჩენილი ბაგადატის სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტები, რომელთაც შეცდომით ირანულ პროვინცია პერსიდას მიაწერდნენ.
    პერსიდის სამონეტო პროდუქცია (ძვ. წ. 250 წლიდან სასანიდების აღზევებამდე) ვერცხლის ტეტრადრაქმებს, დრაქმებს და მცირე ნომინალებს მოიცავს. მასზე მოთავსებული არამეული ლეგენდები თანდათან ფალაურით შეიცვალა. ჯერ კიდევ მაღალმხატვრული დონის მონეტებზე არსებული დამახინჯებული წარწერები კი იმის მაჩვენებელია, რომ ფული ბერძენ ხელოსნებს მოუჭრიათ, რომელთაც ენა არ სცოდნიათ.
    ამ სამონეტო ჯგუფის პირველი ემისიები უნდა იყოს ვინმე ბაგადატის სახელით მოჭრილი ნუმიზმატიკური ძეგლები.
    ერთი და იმავე თავის გამოსახულებიან მონეტებზე შემდეგი წარწერებია:

№1. BaGaDat FRaTaRaKA ZI ALaHIA (ბაგადატ ბიურატის ძის მონეტების I ტიპი, ტეტრადრაქმა)
№2. BIURaT FRaTaRa ZI... (ბაგადატ ბიურატის ძის მონეტების II ტიპი, ტეტრადრაქმა)
შუბლი: ბაგადატის თავის გამოსახულება მარჯვნივ, წვერულვაშით, საყურით, შუბლსაკრავით (taenia). ახურავს სატრაპის თავსაბურავი (kyrbasia) ორმაგი თასმით უკან და ზემოთ დამაგრებული ყურებით. გარშემო წერტილოვანი რკალი.
ზურგი: ცეცხლის ტაძარი პლატფორმაზე ორმაგი კარებით, პილასტრებით და არქიტრავით, ზემოთ სამი ქონგურია, თითოეული წყვილი რქით. მარცხნივ ბაგადატის გამოსახულებაა სატრაპის თავსაბურავში და გრძელ სამოსელში, მარჯვნივ. მარჯვენა ხელი ზემოთ აქვს აწეული თაყვანისცემის ნიშნად. შტანდარტი მარჯვნივ. არამეული ლეგენდები – მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, ქვემოთ, და მარცხნივ (თუკი, საერთოდ არსებობდა), სამონეტო არეს მიღმა. წერტილოვანი რკალი.
№3. BIURAT BaGaDat... (ბაგადატ ბიურატის ძის მონეტების II ტიპი, ჰემიდრაქმა)
შუბლი: ბაგადატის თავის გამოსახულება მარჯვნივ, წვერულვაშით, საყურით, შუბლსაკრავით (taenia). ახურავს სატრაპის თავსაბურავი (kyrbasia) ორმაგი თასმით უკან და ზემოთ დამაგრებული ყურებით. გარშემო წერტილოვანი რკალი.
ზურგი: ცეცხლის ტაძარი პლატფორმაზე ორმაგი კარებით, პილასტრებით და არქიტრავით, ზემოთ სამი ქონგურია, თითოეული წყვილი რქით. მარცხნივ ბაგადატის გამოსახულებაა სატრაპის თავსაბურავში და გრძელ სამოსელში, მარჯვნივ. მარჯვენა ხელი ზემოთ აქვს აწეული თაყვანისცემის ნიშნად. შტანდარტი მარჯვნივ. არამეული ლეგენდები – მარჯვნივ, შტანდარტსა და ტაძარს შორის, გარეთ წაშლილია, ქვემოთ, და მარცხნივ, წერტილოვანი რკალი.
№4. BaGaDat FRaTaRaKA BIURat ZI ALaHIA
    (Fratakara – ცეცხლის დამნთები (?),Frataraka – მამასახლისი; Zi ALaHIA – ღვთაებრივი).
    მიიჩნევენ, რომ ყველა ამ მონეტაზე ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული. წარწერებიდან ჩანს, რომ ეს ბაგადატია, ბიურატი კი მამამისია.
    ჯ. ჰილის მიხედვით, ფაქტურის ანალიზით და სხვა სტილისტური მონაცემებით, ბაგადატის სახელით მოჭრილი ფულის ემისია სირიის სელევკიდი მეფის, ანტიოქე III-ის (ძვ. წ. 223-187 წწ.) ზეობაზე ცოტა ხნით ადრე უნდა განხორციელებულიყო.
    უნდა აღინიშნოს, რომ წერილობით წყაროებში პერსიდის სატრაპი ბაგადატი არსად იხსენიება, ამიტომ მისი ირანელობა უკვე ერთგვარ ეჭვს იწვევს. თუმცა II ტიპის ტეტრადრაქმაზე და ბაგადატის ჰემიდრაქმაზე გამოსახული ცეცხლის ტაძრის ტიპოლოგია წმინდა სპარსულია. ანტიკური პერიოდის ავტორი პოლიენი (II ს.) პერსიდის სატრაპ ’`Οβορζος ასახელებს, რომელიც ვაჰუბერძი უნდა იყოს, მის მონეტაზე კი სწორედ ცეცხლის ტაძარია გამოსახული. ეს გამოსახულება პერსიდის მომდევნო მმართველებმაც შეინარჩუნეს.
    ასეთ პირობებში ამ ემისიების განცალკევება ძალიან რთული იქნებოდა. თუმცა, მონეტებზე გამოსახული არც ერთი სპარსელი ტახტზე არ ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაგადატის I ტიპის ტეტრადრაქმა კონკრეტულ სამონეტო ჯგუფში არ ჯდება, და ის უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებულია პერსიდის სხვა ფულისგან.
   წერილობითი წყაროებისა და ნუმიზმატიკური მასალის ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ძვ. წ. III საუკუნის II ნახევარში კლარჯეთის ერისთავმა ბაგრატ ფარნავაზიანმა მოჭრა მონეტები ამაყი ლეგენდით – ბაგადატი, ძე ბიურატისა, ღვთაებრივი მამასახლისი (BaGaDaT FRaTaRaKa BIURat ZI ALaHIA). ბაგადატის I ტიპის ტეტრადრაქმა ორიგინალურად არის გადაწყვეტილი, ხოლო ცეცხლის ტაძარი ნასესხებია სპარსელი ვაჰუბერძის ვერცხლის ფულებიდან. არც სატრაპის სამოსელი და არც ცეცხლის ტაძარი იბერებისათვის უცხო არ უნდა ყოფილიყო, იბერები თაყვანს სცემდნენ არმაზ-აჰურა მაზდას, და სტრაბონის (დაახლ. ძვ. წ. 64-ახ. წ. 24 წწ.) მიხედვით, ირანულ ყაიდაზეც იცვამდნენ.
    საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ბაგრატიონთა გენეალოგია, ალბათ, ასე გამოიყურება – ბივრატი (ბიურატი), აზოს ძე –> ბაგრატი (ბაგადატი), ბივრატის ძე –> ბივრატი, ბაგრატის ძე –> სუმბატ (სმბატ) ბივრიტიანი...
    „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის მეორე მეფეს, საურმაგს, საკუთარი ერისთავები აუჯანყდნენ. ბაგრატიც მათ შორის ხომ არ იყო?! ხომ არ აქცია მან საერისთავო „სამთავროდ“, ხომ არ არის მამასახლისი გვიანდელი მთავრის შესატყვისი?! ზუსტი სურათის რეკონსტრუქციისათვის, ალბათ, დამატებითი მასალაა საჭირო. ერთი რამ ცხადია: თვით ბაგრატის მონეტები, ამ ფულების ტიპოლოგიური ნატურალიზმი უახლოეს ელინურ პოლისზე მიუთითებს, როგორც ზარაფხანაზე. ემისიები სავარაუდოდ ან ფაზისს, ან ტრაპეზუნტს შეუკვეთეს.
 
ზარაფხანა: უცნობია (ფაზისი (?), ტრაპეზუნტი (?)).
ნომინალი: ტეტრადრაქმა.
თარიღი: ძვ. წ. III ს-ის II ნახევარი.
კოლექცია: კონკრეტული ეგზემპლარი დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში (№1854,0405.19).
ბიბლიოგრაფია:
თ. დუნდუა. ბაგრატი, ძე ბივრატისა. ბაგრატიონები. თბ. 2003; ბაგრატი, ძე ბივრატისა – ბაგრატიონთა წარმომავლობა. „ისტორიანი“. №8(32). აგვისტო 2013.

Catalogue of the Greek Coins of Arabia, Mesopotamia and Persia (Nabataea, Arabia Provincia, S. Arabia, Mesopotamia, Babylonia, Assyria, Persia, Alexandrine Empire of the East, Persis, Elymais, Characene) by G. F. Hill. London. 1922.

T. Dundua. Bagrat, Son of Bivrat (Towards a Genesis of the Georgian Royal Family – the Bagratids). Tb. 2001; Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

R. Göbl. Antike Numismatik. Band 2. München. 1978.

D. R. Sear. Greek Imperial Coins and Their Values. The Local Coinages of the Roman Empire. Printed and Bound by Bookcraft (Bath) LTD. 1997; Greek Coins and Their Values. Volume II. Asia and North Africa. Printed in England by the Bath Press, Bath.1998.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

სამონეტო მიმოქცევა ელინისტური ხანის იბერიაში
(ძვ. წ. III-I სს.)

    იბერიის ტერიტორიაზე ძვ. წ. III-II საუკუნეების მონეტების აღმოჩენის შემთხვევები არცთუ ისე ხშირია.

1. 1940 წელს ზემო ავჭალის რკინიგზის სადგურის მახლობლად, ხიდის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა ცუდად დაცული ეგვიპტური სპილენძის მონეტა პტოლემაიოს III (?) (ძვ. წ. 247-222 წწ.). შუბლი – ზევსის თავი. ზურგი – ელვაზე მჯდომი არწივი.
2. 1950 წელს ცნობილმა არქეოლოგმა პროფესორმა ბ. კუფტინმა ცხინვალთან ახლოს სამარხში მიაკვლია სპილენძის მცირე ზომის მონეტას შუბლზე დაფნისგვირგვინიანი პროფილის გამოსახულებით, ხოლო ზურგზე – ხარის თავისა, რომლის რქებს შორის მოთავსებულია ასოები. თავის საველე დღიურში ბ. კუფტინი წერდა, რომ ასოები არამეულია. მონეტის შესწავლამ თითქოს დაადასტურა, რომ წარწერა ბერძნულია, თუმცა მისი ზუსტი წაკითხვა არ ხერხდება. მონეტა უდიდეს ინტერესს იწვევს. ბ. კუფტინი და დ. კაპანაძე ფიქრობდნენ, რომ ეს უნიკალური ცალი, რომლის მსგავსი არც ერთ სპეციალურ გამოკვლევაში გამოქვეყნებული არ არის, შესაძლებელია იბერიაში იყოს მოჭრილი.
3. XIX საუკუნეში გორის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. III-II საუკუნეების პართული დრაქმების განძი. მისი ზუსტი შემადგენლობა და რაოდენობა ცნობილი არ არის. მაგრამ ვიცით, რომ ი. ბართოლომეიმ ამ განძიდან შეიძინა 30 ეგზემპლარი.
4. კაპადოკიის მეფის არიარათ IV-ის (ძვ. წ. 220-163 წწ.) დრაქმა აღმოჩნდა აღაიანის (კასპის რაიონი) არქეოლოგიური გათხრების დროს. კაპადოკიური მონეტების ტიპი სტანდარტულია, იცვლება მხოლოდ სათანადო ზედწერილი და მეფის პორტრეტი. სანიმუშო ცალის აღწერილობა: შუბლი – არიარათ IV-ის თავის გამოსახულება დაფნის გვირგვინში მარჯვნივ. ზურგი – მარცხნივ მიმართული ათენა მთელი ტანით, მარცხენა ხელში შუბი და გორგონას გამოსახულებიანი ფარი უჭირავს, ხოლო მარჯვენაში – ნიკე.
5. გორის მიდამოებში (როდის და რა ვითარებაში, ცნობილი არ არის) შემთხვევით იპოვეს პართიის მეფის მითრიდატე I-ის (ძვ. წ. 171-138 წწ.) დრაქმა. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა ნასტაკისის (კასპის რაიონი) არქეოლოგიური გათხრების დროს 1979 წელს.
6. 1939 წელს სოფ. დიღომში შემთხვევით იპოვეს სირიის მეფე დემეტრე I სოტერის (ძვ. წ. 150-145 წწ.) სპილენძის მონეტა. შუბლი – მარჯვნივ მიმართული დემეტრეს თავის გამოსახულება. ზურგი – ომფალოსზე მჯდომი აპოლონი ხელში მშვილდისრით.
7. 1943 წელს ქალაქ ცხინვალში საკარმიდამო მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა სელევკიდური ვერცხლის მონეტა ანტიოქე ევერგეტისა (ძვ. წ. 138-129 წწ.).
8. პართიის მეფის მითრიდატე II-ის (ძვ. წ. 123-88 წწ.) ექვსი დრაქმა აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ პუნქტებში: გორში, ყორნისის რაიონში, მცხეთასა და აღაიანში. პართული მონეტებიც სტანდარტული ტიპისაა: შუბლი – მარცხნივ მიმართული პართიის მეფის ბიუსტი ან თავის გამოსახულება. ზურგი – ტახტზე მჯდომი არშაკი (პართიის სამეფო დინასტიის ფუძემდებელი) ხელში მშვილდისრით მარჯვნივ. გამოსახულების გარშემო სათანადო ბერძნული ზედწერილი.
9. 1979 წელს ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთ-ერთ სამარხში მიაკვლია ძვ. წ. 118 წელს მოჭრილ რომის რესპუბლიკის დენარს. შუბლი – რომას გამოსახულება მარჯვნივ. ეს ღვთაება ასახიერებდა რომის სახელმწიფოს. ზურგი – კვადრიგაზე (ოთხცხენიანი ეტლი) მდგომი ფრთოსან ვიქტორიას გამოსახულება, რომელსაც მარჯვენა ხელში გვირგვნინი უჭირავს. ქვემოთ ლათინური წარწერა.
10. XIX საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ქალთა გიმნაზიის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ძვ. წ. II საუკუნის (?) ვერცხლის ექვსი ბაქტრიული (ბაქტრია მოიცავდა ახლანდელი უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის ტერიტორიის ნაწილს) მონეტა. მათი ადგილსამყოფელი დღეისათვის უცნობია.
11. იმავე საუკუნის 90-იან წლებში თბილისში შემთხვევით იპოვეს ძვ. წ. II-I საუკუნეების ქალაქ სოლის (კილიკია, მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი) მონეტა.

    ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისიდან იბერიაში უაღრესად ჭრელი სამონეტო ბაზარი ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. I საუკუნის I ნახევრის 65 მონეტაა მოძიებული. მათი დიფერენცირება სადაურობის მიხედვით უაღრესად საინტერესო სურათს გვაძლევს.
    65 მონეტიდან 39 პართული დრაქმაა. 11 ეკუთვნის არტაბან II-ს (ძვ. წ. 88-77 წწ.), პოვნის ადგილი: მცხეთა, ხაშურის რაიონი, გურჯაანის რაიონი, აღაიანი; 9 – სინათრუქს (ძვ. წ. 77-70 წწ.) – მცხეთა, დიღომი, ყორნისი, აღაიანი; 13 – ფრაატ III-ს (ძვ. წ. 70-57 წწ.) – მცხეთა, ქარელის რაიონი, ყორნისი; 6 – მითრიდატე III-ს (ძვ. წ. 57-54 წწ.) – მცხეთა, ჯავის რაიონი. უნდა აღინიშნოს, რომ პართული დრაქმების დიდი ნაწილი აღმოჩენილია მცხეთაში და აღაიანში.
    რაოდენობით მეორე ადგილზეა რესპუბლიკური ხანის რომაული დენარები – 12 ეგზემპლარი:
1. აღაიანში არქეოლოგიური გათხრების დროს ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა იტალიის რომელიღაც ზარაფხანაში ძვ. წ. 93-92 წლებში მოჭრილი რესპუბლიკური დენარი. შუბლი – ორსახოვანი იანუსის თავის გამოსახულება. ზურგი – რომას დრაპირებული გამოსახულება მთელი ტანით, რომელსაც თავზე მუზარადი ახურავს. მარცხენა ხელში მას სკიპტრა უჭირავს, მარჯვენათი ტროპეუმზე (ნადავლზე) გვირგვინს ამაგრებს. ნადავლის საფუძველზე ორი მოგრძო ფორმის გალური ფარი და საყვირები. რომას თავს ზემოთ ვარსკვლავი.
2. რომის ზარაფხანაში ძვ. წ. 87 წელს მოჭრილი დენარი აღმოჩენილია აღაიანში. შუბლი – საბინების (იტალიკური ტომი) მეფის ტატიუსის წვეროსანი თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი – თმაგაშლილი ტარპეას გამოსახულება, რომელიც ცდილობს თავი დაიცვას ორი ჯარისკაცისაგან. ისინი ფარებით ცდილობენ მის გასრესას (ტარპეა – რომაულ მითოლოგიაში მოღალატე ქალი, რომელმაც საბინების წინააღმდეგ ომის დროს რომის ერთ-ერთი ციტადელის კარი გაუღო მტერს. მაგრამ, მიუხედავად ამ „დამსახურებისა“, მოწინააღმდეგეთა მეფემ ბრძანა მოღალატე ფარებით ჩაექოლათ).
3. იმავე პუნქტში ნაპოვნია რომის ზარაფხანაში ძვ. წ. 87 წელს გამოშვებული დენარი. შუბლი – როგორც №2. ზურგი –ორი მეომრის გამოსახულება, რომლებიც საბინების ტომის ქალს იტაცებენ.
4. იმავე პუნქტში აღმოჩნდა რომში ძვ. წ. 87 წელს მოჭრილი დენარი. შუბლი – როგორც №2. ზურგი როგორც – №3.
5. იმავე პუნქტში ნაპოვნია რომის ზარაფხანაში ძვ. წ. 87 წელს მოჭრილი დენარი. შუბლი – წვეროსანი იუპიტერის თავის გამოსახულება დაფნის გვირგვინში მარჯვნივ. ზურგი – კვადრიგა, რომელზედაც ვიქტორია დგას გვირგვინით ხელში.
6. იქვე აღმოჩნდა იმავე ზარაფხანასა და იმავე წელს მოჭრილი დენარი. შუბლი – როგორც №2. ზურგი – როგორც №3.
7. ძვ. წ. 72 წელს დათარიღებული რომაული დენარი აღმოჩნდა აღაიანში. შუბლი – ვირტუტის (ვირტუსის) ბიუსტი მუზარადში მარჯვნივ (ლათინთა ღვთაება ვირტუსი, გამარჯვების მფარველი, ის მარსის თანამგზავრად ითვლებოდა). ზურგი – კონსულ მანიუსის აკვილიუსის გამოსახულება მთელი ტანით, რომელსაც მარცხენა ხელით ფარი უჭირავს, ხოლო მარჯვენათი ფეხზე წამოდგომაში ეხმარება ნახევრადშიშველ ქალს, რომელიც სიცილიას ასახიერებს.
8. სოფელ არადეთში (ქარელის რაიონი) ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა ძვ. წ. 67 წელს რომის ზარაფხანაში მოჭრილი დენარი. შუბლი – ძველ საბინთა მოსავლიანობის ქალღმერთის, ვაკუნას ბიუსტი მუზარადში მარჯვნივ. ზურგი – ელვაზე მჯდომი არწივი.
9. 1965 წელს მარნეულის რაიონში სამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. 60 წელს რომში გამოშვებული დენარი. შუბლი – მოკლეწვერიანი მარსის დრაპირებული ბიუსტი მუზარადში მარჯვნივ. გამოსახულების უკან ნადავლი. ზურგი – მარჯვნივ მიმართული მხედარი, რომელიც გალ მეომარს კლავს. ამ უკანასკნელს ხელთ მახვილი და ოვალური ფარი უჭირავს. იქვეა უკვე განგმირული მოწინააღმდეგის გვამი. მხედრის წინ – წვეტიანი მუზარადი და ოვალური ფარი.
10. აღაიანში არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს ძვ. წ. 60 წელს რომის ზარაფხანაში მოჭრილ დენარს. შუბლი – კონკორდია – მოქალაქეთა, ქალაქთა, სახელმწიფოთა და სხვათა თანხმობის რომაული ქალღმერთი. ზურგი – ორსართულიანი სვეტებიანი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა.
11. 1948 წელს ქალაქ თბილისში, ნიკოლაძის ჩიხის №5 ეზოში, იპოვეს რომში ძვ. წ. 59 წელს გამოშვებული დენარი. შუბლი – მარჯვნივ მიმართული წვეროსანი პატრიციუსის – ლუციუს იუნიუს ბრუტუსის თავის გამოსახულება, ბრუტუსის, რომელმაც რომში მეფეთა ხელისუფლება დაამხო და რესპუბლიკა დააარსა. ზურგი – კონსულ გაიუს სერვილიუს აჰალას წვეროსანი თავის გამოსახულება მარჯვნივ.
12. გალიის (ისტორიული მხარე ევროპაში, მოიცავდა ახლანდელ ჩრდილოეთ იტალიას, საფრანგეთს, ლუქსემბურგსა და ბელგიას, აგრეთვე ნიდერლანდებისა და შვეიცარიის ნაწილს) ზარაფხანაში ძვ. წ. 54-51 წლებში გაიუს იულიუს კეისრის სახელით მოჭრილი დენარი აღმოჩნდა აღაიანში. შუბლი – მარჯვნივ მიმართული ხორთუმაწეული სპილოს გამოსახულება. ზურგი – ქურუმის ემბლემა, რომელიც სხვადასხვა სამსხვერპლო ინსტრუმენტისაგან შედგება.
    რამდენადმე მოულოდნელია იბერიის ტერიტორიაზე მითრიდატე VI ევპატორის (ძვ. წ. 120-63 წწ.) ეპოქის პონტოს საქალაქო სპილენძის მონეტების აღმოჩენა.
1. 1951 წელს ახალციხე-ბოგდანოვკის (ნინოწმინდა) გზაზე შემთხვევით იპოვეს დასახელებული ეპოქის ამისოს მონეტა შუბლზე პერსევსისა და ზურგზე პეგასის გამოსახულებით.
2. 1939 წელს მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძალიან ცუდად დაცული პონტოს ერთ-ერთ ქალაქში ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში მოჭრილი ტეტრახალკი არესისა და მახვილის გამოსახულებით.
3. 1939 წელს სამთავროს სამაროვანზე მიაკვლიეს სინოპურ ტეტრახალკს, რომელიც ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებით თარიღდება. შუბლი – როგორც წინა. ზურგი – ქარქაშში ჩაგებული მახვილი.
4. 1968 წელს მცხეთაშივე, ქალაქის ძველ კარიბჭესთან, აღმოჩნდა პონტოს ერთ-ერთ ქალაქში ძვ. წ. 111-105 ან 105-90 წლებში გამოშვებული სპილენძის მონეტა.
5. იმავე პერიოდის ირმის გამოსახულებიანი ამისოს მონეტა აღმოჩენილია 1945 წელს არმაზის გათხრების დროს.
6. 1961 წელს თბილისში, მტკვრის კალაპოტში, იპოვეს ქალაქ ამასტრიაში ძვ. წ. 105-90 წლებში მოჭრილი მონეტა. ტიპი: გორგონა-ნიკე.
7. 1945 წელს ბაგინეთის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილა ქალაქ ამისოში ძვ. წ. 80-70 წლებში გამოშვებული მონეტა ზევსისა და არწივის გამოსახულებით.
8. 1958 წელს ქალაქ მცხეთაში მოიძიეს პონტოს ერთ-ერთ ქალაქში ძვ. წ. 80-70 წლებში მოჭრილი დიხალკი ზევსისა და არწივის გამოსახულებით.
დიდ ინტერესს იწვევს აღაიანში არქეოლოგიური გათხრების დროს ძვ. წ. 72 წლით დათარიღებული თვით მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმის აღმოჩენის ფაქტი. ეს ერთადერთი შემთხვევაა ქართლის ტერიტორიაზე პონტოს მეფის მონეტის აღმოჩენისა. აღწერილობა:
შუბლი – მითრიდატე ევპატორის მარჯვენა პროფილი გაშილილი თმებით (მას ალექსანდრე მაკედონელის სახის ნაკვთები აქვს).
ზურგი – მარცხნივ მიმართული ირმის გამოსახულება, რომელიც ბალახს ძოვს, მის წინ ნახევარმთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულება (მითრიდატიდების დინასტიური ემბლემა). ლეგენდა: ზემოთ – ΒΑΣΙΛΕΩΣ, ქვემოთ –ΜΙΘΡΑΔΑΤΟΥ ΕΥΠΑΤΟΡΟΣ, და თარიღი.
    აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილი პონტოს ნუმიზმატიკური მასალის კონტექსტში უნდა განვიხილოთ აგრეთვე აღაიანში აღმოჩენილი მითრიდატე VI ევპატორის მოკავშირის, სომხეთის მეფის, ტიგრან II-ის სამი ტეტრადრაქმა. სამივე მათგანი მოჭრილია ორონტის ანტიოქიაში ძვ. წ. 83-69 წლებში. შუბლი – ტიგრან II-ის ბიუსტი თავზე სომხური ტიარით. ტიარის ცენტრში ორი არწივი, რომელთა შორის რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. ზურგი – მარჯვნივ მიმართული ტიხე ხელში პალმის შტოთი, თავზე კოშკურა გვირგვინი ხურავს. მის ქვემოთ მოცურავე ადამიანი მდინარე ორონტს განასახიერებს. ბერძნული ზედწერილი: ΒΑΣΙΛΕΩΣ ΤΙΓΡΑΝΟΥ.
    გარდა ამისა, იბერიის საზღვრებში, კერძოდ, ფასანაურთან ახლოს, შემთხვევით აღმოჩნდა ტეტრადრაქმის ძვ. წ. I საუკუნის სოგდური (სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში) მინაბაძი.
    დაბოლოს, 1969 წელს მცხეთაში არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს კაპადოკიის მეფის არიობარძანე I-ის (ძვ. წ. 96-63 წწ.) დრაქმა.
    ამრიგად, იბერიაში მიკვლეული ძვ. წ. I საუკუნის I ნახევრის 65 მონეტიდან უმრავლესობა კონცენტრირებულია მცხეთა-აღაიანის მიდამოებში.

    იბერიის ეკონომიკის ძირითადი მიმართულება უცვლელია აგრეთვე ძვ. წ. I საუკუნის II ნახევარშიც. აქ აღმოჩენილი მონეტების სტატისტიკა და ტოპოგრაფია ასეთ სურათს იძლევა: პართული დრაქმები – 135 ეგზემპლარი, მათგან 119 ცალი მოჭრილია ოროდ II-ის (ძვ. წ. 57-38/37 წწ.) დროს; ფრაატ IV-ს (ძვ. წ. 38/37-3/2 წწ.) ეკუთვნის 16 ეგზემპლარი. 135 მონეტიდან 55 კონცენტრირებულია მცხეთაში, 44 – აღაიანში.
    ამავე პერიოდის რომაული დენარები აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში აღმოჩენილია 12 ცალის რაოდენობით:
1. 1934 წელს ქარელის რაიონ სოფელ აბისში იპოვეს ძვ. წ. 47 წელს რომში მოჭრილი დენარი. შუბლი – გორგონას გამოსახულება პირდაპირ. ზურგი – კვადრიგაზე მდგომი ფრთოსანი ავრორას (განთიადის ქალღმერთი) გამოსახულება, რომელიც მზისკენ მიფრინავს. ხელში პალმის რტო უჭირავს.
2. კავთისხევში (კასპის რაიონი) აღმოჩნდა ძვ. წ. 46 წელს რომის ზარაფხანაში გამოშვებული მონეტა. შუბლი – ტყუპი ძმების დიოსკურების პროფილი. ზურგი – მარცხნივ მიმართული ვენერას გამოსახულება, რომელსაც მარჯვენა ხელში სასწორი უჭირავს, ხოლო მარცხენაში – სკიპტრა. მის უკან კუპიდონი.
3. 1967 წელს მცხეთაში არქეოლოგიური გათხრების დროს ქალაქის ძველ კარიბჭესთან აღმოჩნდა რომის ზარაფხანაში ძვ. წ. 36-24 წლებში მოჭრილი დენარი. შუბლი – დიადემით შემკული მარჯვნივ მიმართული პაქსის (მშვიდობის რომაული ღვთაება) თავის გამოსახულება. ზურგი – მარცხნივ მიმავალი ოქტავიანე მთელი ტანით, რომელსაც მარცხენა ხელში შუბი უჭირავს, ხოლო მარჯვენა წინ აქვს გაშვერილი.
4. აღაიანში არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს ძვ. წ. 39 წლით დათარიღებული რომაული მონეტა. შუბლი – პრეტორ (სახელმწიფო თანამდებობა რომში) ლუციუს რეგულუსის წვეროსანი თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი – საკრალური სკამის გამოსახულება.
5.6.7. აღაიანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთის ზარაფხანაში მარკუს ანტონიუსის სახელით ძვ. წ. 32-31 წლებში მოჭრილი სამი იდენტური დენარი. შუბლი – მარჯვნივ მიმართული სამხედრო ხომალდი მენიჩბეებით. ხომალდის ცხვირზე შტანდარტი. ზურგი – სამი შტანდარტისა და სალეგიონო არწივის გამოსახულება.
8. ამავე პუნქტში აღმოჩნდა ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) დენარი, მოჭრილი ძვ. წ. 14-12 წლებში გალიის ზარაფხანაში. შუბლი – მარჯვნივ მიმართული ავგუსტეს თავის გამოსახულება. ზურგი – მარქენალი ხარი მარჯვნივ.
9. ნასტაკისის არქეოლოგიური გათხრების დროს მოიძიეს ესპანეთის ერთ-ერთ ზარაფხანაში ავგუსტეს სახელით ძვ. წ. 19-16 წლებში მოჭრილი დენარი. შუბლი – ინსიგნიების (უმაღლესი ხელისუფლების ნიშნები) გამოსახულება. ზურგი – მარჯვნივ მიმართული კვადრიგა, რომელზედაც ვიქტორია დგას.
10. ნასტაკისშივე აღმოჩნდა ძვ. წ. 19-12 წლებით დათარიღებული რომაული დენარი.
11. 1900-იან წლებში გორში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით იპოვეს რამდენიმე მონეტა, რომელთა შორისაც იყო ანტონიუსისა და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას (ძვ. წ. 69-30 წწ.) სახელით ანტიოქიაში მოჭრილი ტეტრადრაქმა.
12. თბილისიდან 17 კმ-ის დაცილებით, ტყეში გზის გაყვანის დროს იპოვეს ძვ. წ. 28-27 წლებით დათარიღებული ოქტავიანეს დენარი.