I ტიპის ჰემიდრაქმა
ტიპი: I ტიპის ჰემიდრაქმა

აღწერა, ფოტო:
ვერცხლი. რემედიუმი 1,7-2,6 გრ.

d=11/12-12/13 მმ.

შუბლი: დაღრენილი ლომის თავის მარჯვენა პროფილი (ქობულეთში აღმოჩენილ მონეტაზე ლომის თავი მარცხნივაა მიმართული)

ზურგი: quadratum incusum-ში  (ჩაჭდეულ კვადრატში) მოთავსებული მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა.


სამეცნიერო კომენტარი:
    კოლხური თეთრი სამონეტო ჯგუფის სახელია. პირველად სახელწოდება „კოლხური თეთრი“ მეორე ტიპის ჰემიდრაქმებს (იგივე ტრიობოლი. შუბლი: ხაზოვან ან წერტილოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავი მარჯვნივ/მარცხნივ. ზურგი: ასევე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი, რომელიც ხაზოვან რკალშია ჩასმული) ეწოდა. ისინი ათასობითაა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მათი კოლხური გენეზისი ეჭვგარეშეა.
    I ტიპის ჰემიდრაქმის მსოფლიო მარაგი 4 ცალით განისაზღვრება, ამასთან ყველა მათგანი დასავლეთ საქართველოშია მიკვლეული (ახალსოფელსა და ქობულეთში).
    I ტიპის ჰემიდრაქმის შუბლზე გამოსახული ლომის თავი ტიპოლოგიურად და სტილისტურად მსგავსია I ტიპის დიდრაქმის (შუბლი: მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომის გამოსახულება მარჯვნივ/მარცხნივ, რომელსაც თავი უკან აქვს მიბრუნებული. ზურგი: quadratum incusum-ში მოთავსებული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალის ფიგურა მარჯვნივ/მარცხნივ) შუბლზე გამოსახული ლომის თავის. I ტიპის დიდრაქმის 9 ცალიდან 5 დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, მათგან 3 – ფოთის და ახალსოფლის (ზუგდიდის რაიონი) კოლხური მონეტების განძებში. ამ განძებში აღმოჩენილი ფულის უმრავლესობა II ტიპის ჰემიდრაქმებს (შუბლი: ხაზოვან ან წერტილოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავი მარჯვნივ/მარცხნივ. ზურგი: მარჯვნივ მიმართული ხარის თავი, რომელიც ხაზოვან რკალშია ჩასმული) წარმოადგენს. ამ უკანასკნელის კოლხური გენეზისი კი ეჭვგარეშეა. I ტიპის დიდრაქმის აღმოჩენის ტოპოგრაფია (დასავლეთ საქართველო) მიუთითებს მის კოლხურ გენეზისზე.
    I ტიპის ჰემიდრაქმის შუბლზე გამოსახული ლომის თავი იდენტურია ე.წ. ტეტრადრაქმის (შუბლი: იშვიათი ხელოვნებით შესრულებული დაღრენილი ლომის თავის გამოსახულება მარცხნივ/მარჯვნივ. ზურგი: quadratum incusum-ში მოთავსებული ფრთოსანი რაშის პროტომა მარჯვნივ) შუბლზე გამოსახული ლომის თავის.
    მიუხედავად იმისა რომ, ე.წ. დრაქმის (შუბლი: ლომის თავის გამოსახულება an face. ზურგი: quadratum incusum-ში მოთავსებული მარჯვნივ მიმართული ხარის თავი) შუბლზე გამოსახული ლომის თავი an face ანალოგიის გარეშეა, ის სტილისტურად დაკავშირებულია I ტიპის ჰემიდრაქმაზე გამოსახული ლომის იკონოგრაფიასთან. ქუთაისის მუზეუმის კუთვნილი უპასპორტო ე.წ. დრაქმა კი, ალბათ, სადმე იქვეა აღმოჩენილი. ლოკალურ მუზეუმში ეს უნიკალური მონეტა სხვანაირად ვერ მოხვდებოდა.
    I ტიპის დიდრაქმის ზურგის იკონოგრაფია ტიპოლოგიურად მსგავსია ე.წ. დრაქმის, III ტიპის დიდრაქმის (შუბლი: ხაზოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავის პროფილი მარჯვნივ. ზურგი: ხარის ორი თავის გამოსახულება ერთმანეთის საპირისპიროდ ორ quadratum incusum-ში. ეს უკანასკნელი, ტიპოლოგიურად და სტილისტურად მსგავსია II ტიპის დიდრაქმის, რომელზეც ადამიანის სამი თავია გამოსახული. შუბლი: ხაზოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავის პროფილი მარჯვნივ (ზუსტად ისეთივე, როგორც მეორე ტიპის ნახევარდრაქმაზე). ზურგი: ორ quadratum incusum-ში ადამიანის ასეთივე თავები ერთმანეთის საპირისპიროდ) და II ტიპის ჰემიდრაქმის ზურგზე გამოსახული ხარის თავების. II ტიპის ჰემიდრაქმები ათასობითაა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოს (ძველი კოლხეთი) როგორც ზღვისპირა, ისე შიდა ტერიტორიაზე. II ტიპის დიდრაქმის ნაწილია კოლხეთში აღმოჩენილი, ისევე როგორც – III ტიპის დიდრაქმა. იკონოგრაფიის ტიპოლოგიურ-სტილისტურ და სემანტიკური კავშირი, მონეტების აღმოჩენათა ტოპოგრაფია მათ საერთო, კოლხურ გენეზისზე მიუთითებს.
სამონეტო ჯგუფის, კოლხური თეთრის, ფარგლებში რვა ტიპი გამოიყოფა. რვავე ტიპის ლოკალური გენეზისის საკითხი პუნქტობრივად ასე უნდა გადაწყდეს:
    1) ჰემიდრაქმის II ტიპი (ადამიანის თავის გამოსახულება/Rv. ხარის თავი) კოლხეთში იჭრებოდა. აღმოჩენათა ტოპოგრაფია სწორედ ამაზე მეტყველებს – ათასობით არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში; მის ფარგლებს გარეთ კი მხოლოდ რამდენიმე ათეული ცალია დაფიქსირებული.
    2) III ტიპის დიდრაქმა (ადამიანის თავი/Rv. ხარის თავები ორ quadratum incusum-ში) ადამიანის და ხარისთავიანი ძეგლების ტიპოლოგიური პროტოტიპია, ჰემიდრაქმა მისი გამარტივებული ვარიანტია – აქ ხარის თავია ორის მაგივრად. ორივე ტიპის არქაისტული სტილიც მათ ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირებს – ეს კოლხეთის ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონის ელინური პოლიტიკური ორგანიზმის პროდუქციაა.
    3) II ტიპის დიდრაქმა (ადამიანის არქაისტული თავი/Rv. ასეთივე თავები ორ quadratum incusum-ში) წინას მსგავსია. ზურგის მხარეები თითქოს განსხვავებულია, მაგრამ ცოტა ქვემოთ აღვნიშნავთ ქალის და ხარის ტიპოლოგიურ სინთეზს I ტიპის დიდრაქმის რევერსზე; ე.ი. ქალი და ხარი სინონიმური კატეგორიებია. არქაისტული ადამიანის თავის ტიპოლოგია და აღმოჩენათა ტოპოგრაფია კვლავ და კვლავ კოლხეთის ელინურ პოლისებზე უნდა ამახვილებდეს კონკრეტული ასპექტით ჩვენს ყურადღებას.
    4) ჰემიტეტარტემორიონები ფიჭვნარიდან (არქაისტული თავი/Rv. წერო) თემატურ ჰარმონიაშია დანარჩენ ნომინალებთან და აი, რატომ:
    ა) II ტიპის დიდრაქმაზე ტრიომორფული ჰეკატეა.
    ბ) III ტიპის დიდრაქმაზე – ტრიომორფული და ზოომორფული ჰეკატე.
    გ) II ტიპის ჰემიდრაქმის ტიპოლოგიაც მსგავსია.
    ე. ი. ყველგან მთვარის ატრიბუტებია.
    ჰემიტეტარტემორიონის ტიპოლოგიასთან მიმართებაში მეტად სიმპტომატურია მაღალფეხებიანი ფრინველის და ლოტოსის კვიპროსული (კერამიკაზე) სინთეზი; ეს უკანასკნელი ნაყოფიერების ღვთაების ატრიბუტია, წერო კი მისი სინონიმი ყოფილა. ნაყოფიერების ღვთაება კოლხეთში ამავე დროს ჰეკატეცაა.
    5) ასეთი ფუნქციური სინთეზის იკონოგრაფია I ტიპის დიდრაქმის ზურგის მხარეზეა წარმოდგენილი:
    ა) ქალის შიშველი ფიგურა ნაყოფიერების კულტთან არის დაკავშირებული;
    ბ) ხარის თავი მთვარის ატრიბუტია;
    გ) ამასთან ჰინტერლანდში ὁ Μείς კულტია, ზღვისპირეთში – ἡ Ἑκάτη. ბილინგვიზირებული ფაზისის ვარიანტია ჰერმაფროდიტული სინთეზი – მთვარის სქესობრივი აღქმის მოტანილი და ადგილობრივი შტრიხების შერწყმა.
    ტიპოლოგიური მიმართებანი, აღმოჩენათა ტოპოგრაფია, ასტრალური თემატიკა (შუბლის მხარეზე გამოსახული ლომი, აპოლონ/ჰელიოსის სიმბოლო; მისი ჰერმაფროდიტიზაცია კი უკვე აპოლონის მზექალასთან შერწყმის პერიპეტიაა. ლომი ნამდვილად ჰერმაფროდიტია – ხვადის ფაფრითა და ძუძუებით. ეს ორი სქესობრივი კატეგორია იკონოგრაფიულად რეალისტურად აისახებოდა, მაგალითისთვის იხ. კოლხური ჰემიდრაქმების I ტიპი; ან კი – საკუთრივ მილეტური ნუმიზმატიკა) კონკრეტულ ტიპს უცილობლად უკავშირებს ზემოაღნიშნულ მასალას.
    6) კოლხური ე.წ. დრაქმა (ლომის თავი an face/Rv. ხარის თავის გამოსახულება), ქუთაისის მუზეუმის უპასპორტო ცალი, ტიპოლოგიურ-თემატურ კავშირშია განხილულ დიდრაქმასთან.
    7) იგივე შეიძლება ითქვას I ტიპის ჰემიდრაქმის (ლომის თავი/Rv. ძუ ლომის პროტომა) მიმართაც – აქ მზის ჰერმაფროდიტული აღქმის იდეაა დაფიქსირებული; აღმოჩენათა ტოპოგრაფიაც მის კოლხურ გენეზისს ეთანხმება.
    8) ე.წ. ტეტრადრაქმები უპასპორტოა. მაგრამ ტიპოლოგიური პარალელი ჰემიდრაქმების I კატეგორიასთან აშკარაა; თემატიკა ტრადიციულია: აპოლონი-ლომი-მზე/პეგასი-მთვარე.
I ტიპის ჰემიდრაქმის იკონოგრაფიას პირდაპირი ანალოგი გააჩნია მილეტის (მდებარეობს მცირე აზიაში, ითვლება ფაზისის მეტროპოლიად) ნუმიზმატიკაში. ამ მონეტაზე გამოსახული ლომის თავი ყველა დეტალში იმეორებს მილეტურ მონეტაზე ამოტვიფრულ ლომის თავს. მათი იდენტურია აგრეთვე ე.წ. ტეტრადრაქმაზე და I ტიპის დიდრაქმაზე ამოკვეთილი ლომის თავები.
    ცნობილია, რომ მილეტის მთავარი ღვთაება აპოლონი იყო (ეს მრავალსახა ღვთაებაა, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ იგი აღიარებულია გზების, მგზავრებისა და მეზღვაურების მფარველად და აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად). ისიც ცნობილია და დავას არ იწვევს, რომ კოლონიას თავის დამაარსებელ ქალაქთან აკავშირებდა რელიგიური კულტი; კოლონიაში იგივე ღვთაებას სცემდნენ თაყვანს, როგორსაც მეტროპოლიაში. ლომი მილეტის სახელმწიფოებრივი ემბლემაა და გამოსახულია მის მონეტებზე. ლომის მოტივი ძალიან ხშირია ბერძნულ ნუმიზმატიკაში და მას სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტში განსხვავებული ფუნქციები აკისრია. მაგრამ მილეტის ნუმიზმატიკაში, როგორც ამას სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, ის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაკავშირებულია აპოლონის კულტთან. გარდა ამისა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ მილეტის კოლონიების მონეტებზე ყველგან ლომია გამოსახული (მაგ., პანტიკაპეიონის – თანამედროვე ქერჩის – მონეტებზე).
    პირველი ტიპის კოლხურ დიდრაქმაზე გამოსახული ლომი, როგორც ეს არაერთგზისაა აღნიშნული სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში, ყველა დეტალში იმეორებს მილეტურ მონეტებზე ამოტვიფრულ ლომს. მათი იდენტურია აგრეთვე კოლხურ ტეტრადრაქმაზე და პირველი ტიპის ნახევარდრაქმაზე ამოკვეთილი ლომის თავები.
    1899 წელს მდ. ყუბანის ნაპირას ხუტორ ზუბოვკაში აღმოჩნდა ვერცხლის თასი წარწერით: „აპოლონ-წინამძღოლისა ვარ, რომელიც ფაზისში არის“. წარწერა თარიღდება ძვ. წ. V საუკუნის დასასრულით, ან IV საუკუნის დასაწყისით. ამის საფუძველზე ყველა მკვლევარი ერთხმად აღიარებს, რომ ფაზისში არსებობდა აპოლონის ტაძარი ან სამლოცველო და ეს ნივთი მისთვის იყო შეწირული. ამრიგად, ფაზისში, ისევე როგორც ყველა თავის კოლონიაში, მილეტელებს გადმოუტანიათ და დაუნერგავთ აპოლონის კულტი. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ფაზისში აპოლონ-წინამძღოლის-ჰეგემონის ტაძარი იყო, ე.ი. სწორედ კოლონისტების კულტი იყო გადმოტანილი.
    მართალია, კოლხურ თეთრზე ამოკვეთილი ლომების კავშირი აპოლონის კულტთან თითქოს უეჭველია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველური სამყაროს პანთეონის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება იყო სწორედ მზე. მზის სიმბოლოდ კი საზოგადოდ ლომია მიჩნეული. ამავე დროს, ქართველური ტომების რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, მზე მდედრობით სქესისაა. ახლა თუ გავიხსენებთ იმას, რომ პირველი ტიპის კოლხურ დიდრაქმაზე გამოსახულია ჰერმაფროდიტი ლომი (ფაფრით და ძუძუებით), მაშინ ჩნდება კიდევ ერთი ჰიპოთეზის წამოყენების შესაძებლობა: ხომ არ მოჭრეს ბერძნებმა ისეთი ტიპის მონეტა, რომლის შუბლის გამოსახულება თანაბრად აკმაყოფილებდა ორივე ეთნიკური ჯგუფის (კოლხური და ბერძნული) ინტერესებს, რადგან ლომის გამოსახულება სემანტიკურად უკავშირდება როგორც აპოლონის, ასევე ქართველური ტომების ერთ-ერთი მთავარი ღვთაების – მზის კულტს.
ფული ჰერმაფროდიტი ლომის გამოსახულებით ჯერ მოიჭრა როგორც სპარსული სისტემის სტატერი. ამავე ემისიას განეკუთვნება სიკლიც, ე.წ. დრაქმა. მომდევნო ემისიაა სპარსული სტატერი ადამიანის თავების გამოსახულებით. ჰერმაფროდიტი ლომის გამოსახულების რესტავრაცია უკვე ატიკური სისტემის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული – იჭრება დიდრაქმა ლომისგამოსახულებიან ჰემიდრაქმასთან ერთად. ამას მოჰყვა ადამიანის თავების გამოსახულებიანი ფული, როგორც ატიკური სტანდარტის დიდრაქმა. II ტიპის ჰემიდრაქმა (ადამიანის არქაისტული თავი/ხარის თავი), ერთის მხრივ, აშკარად ატიკური სისტემის მიხედვით არის მოჭრილი, მეორეს მხრივ, ის არის III ტიპის დიდრაქმის (ადამიანის არქაისტული თავი/ხარის თავები) გამარტივებული ვარიანტი. აქედან კი ასეთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი – III ტიპის დიდრაქმა უნდა ჩაითვალოს ატიკური სისტემის მსხვილ ნომინალად, რომელიც ქალისგამოსახულებიან ჰემიდრაქმასთან ერთან ქმნის ერთ ემისიას. ეს უკანასკნელი ტიპი შემდგომ ძალზედ ხანგრძლივ სერიას მიესადაგა.
    სხვა ქვეყნების პარალელების, სტილისტური, ფაქტურული და მეტროლოგიური მონაცემების საფუძველზე, I ტიპის ჰემიდრაქმები შეიძლება ძვ. წ. V საუკუნით დავათარიღოთ.
 
ზარაფხანა: ფაზისი.
ნომინალი: ატიკური სისტემის ჰემიდრაქმა.
თარიღი: ძვ. წ. V ს.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – 4 ცალი, მაგ., გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №4810, №4811, №10587.
ბიბლიოგრაფია:
გ. დუნდუა. ლომისგამოსახულებიანი კოლხური თეთრის გენეზისისათვის. მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. №1. თბ. 1972; კოლხური თეთრის გენეზისის საკითხები. მაცნე. ისტორიის... სერია. №4. თბ. 1978, მაცნე. ისტორიის... სერია. №2. თბ. 1979 (ა. კახიძესთან თანაავტორობით); გურიის ნუმიზმატიკური მასალა. გურია I. თბ. 1996; ანტიკური ხანის უცხოური მონეტების განძები კოლხეთიდან (ძვ. წ. VI-ახ. წ. IV სს.). გურია II. თბ. 1997; კოლხური თეთრი (ზოგადი მიმოხილვა). იბერია-კოლხეთი. საქართველოს ანტიკური პერიოდის არქეოლოგიურ გამოკვლევათა კრებული. №1. თბ. 2003; ქართული ნუმიზმატიკა. I. თბ. 2006 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).
 
თ. დუნდუა. კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1993; საქართველო და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. წ. I-II. თბ. 1995; ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997; კოლხური თეთრი და კოლხეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი. თბ. 2002; ფული საქართველოში (გ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით). თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა).

დ. კაპანაძე. შენიშვნები ძველი კოლხეთის ნუმიზმატიკის შესახებ.  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ XV-B. 1949; ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

ო. ლორთქიფანიძე. „კოლხური დიდრაქმის“ ΙΙ ტიპის იკონოგრაფიისათვის. „ძიებანი“. №3. თბ. 1999.

ს. მაკალათია. კოლხური დიდრაქმა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. VII. თბ. 1933; ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XIV-B. თბ. 1947.

ივ. ჯავახიშვილი. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია. ტფ. 1925.
 
К. В. Голенко. Клад синопских и колхидских монет из Кобулети (1948 г.). Вестник Древней Истории (ВДИ). №1. 1961; Четыре клада Колхидок. Нумизматика и Эпиграфика (НЭ). VI. 1966 (დ. კაპანაძესთან თანაავტორობით).

И. А. Джавахишвили. Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Христианский Восток. т. I. СПб. 1912.

Г. Ф. Дундуа. Нумизматика античной Грузии. Тб. 1987.

А. Н. Зограф. Распространение находок античних монет на Кавказе. Труды Отдела Нумизматики Государственного Эрмитажа (ТОНГЭ). т. I. Л. 1945.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.
 
Б. А. Куфтин. Материалы к археологии Колхиды. II. Тб. 1950.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. ч. I. СПб. 1910; Монеты Грузии. ч. I-II. Тб. 1970.

G. Dundua. Les Kolkhidki. Dialogues d’histoire Ancienne. №8. 1982; Les relations économiques de la Colchide aux Époques Archaïque et Classique d’ après le matériel numismatique. La Mer Noire Zone de Contacts (Actes du VIIe Symposium de Vani – 26-30. IX. 1994). Presses Universitaires Franc-Comtoises. Paris. 1994 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); Hoards of Foreign Coins of the Classical Period from Colchis (6th century B.C.-4th century A.D.) Georgian Journal of Archaeology. Tb. 2004.

T. Dundua. Georgia within the European Integration as Seen in Coinage. Small Catalogue of the Georgian Coins. Tb. 1999; Georgia within the European Integration. Graeco-Roman World, Byzantine Commonwealth, Orthodox Alliance and the Georgians. Tb. 2013.

D. M. Lang.
Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New York. 1955; Notes on Caucasian Numismatics. The Numismatic Chronicle  (N.C.). Vol. XVII. London. 1957.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:

უცხოური ფული (ძვ. წ. VI-IV სს., ალექსანდრემდე) ქართულ სამონეტო ბაზარზე

მცირეაზიური მონეტები

ა) ლიდიური (სამეფო დასავლეთ მცირე აზიაში) მონეტები:
1. 1990 წელს ვანის რაიონ სოფელ სულორში აღმოჩნდა მეორე ტიპის ნახევარდრაქმების განძი, რომლის შემადგენლობაში ერია ვერცხლის სამი უცხოური მონეტა. სამი უცხოური მონეტიდან ორის განსაზღვრა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს, მესამეს ატრიბუცია კი სათუოა. ვერცხლის ერთი მონეტა მოჭრილია ლიდიაში ძვ. წ. 561-546 წლებში. შუბლი: ერთმანეთის საპირისპიროდ გამოსახული დაღრენილი ლომის და ხარის თავები. ზურგი: ორი quadratum incusum. მცირე ზომის ვერცხლის მეორე მონეტაზე გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ფაფარიანი ლომის თავი, ხოლო ზურგზე – გამარტივებული ვარსკვლავისმაგვარი ფიგურა. შუბლის მოტივის მიხედვით, პირობითად ისიც შეიძლება ლიდიას მივაკუთვნოთ (გამორიცხული არაა მისი ემისია კარიაში) და ძვ. წ. VI საუკუნის პირველი ნახევრით დავათარიღოთ. რაც შეეხება მესამე მონეტას, ის აქემენიდურია და მას თავის ადგილას შევეხებით (იხ. №20).

ბ) კიზიკური სტატერები:
2. 1952 წელს სოფელ ფიჭვნარში შემთხვევით აღმოჩნდა მეორე ტიპის კოლხური მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაში ერია ძვ. წ. 500-460 წლებით დათარიღებული კიზიკის (ქალაქი მარმარილოს ზღვის სანაპიროზე) სტატერი გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოსახულებით, ზურგზე quadratum incusum.
3. 1968 წელს ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს, ბერძნული სამაროვნის №15 სამარხში იპოვეს კიზიკური მონეტა ტრიტონის გამოსახულებით. სტატერი თარიღდება ძვ. წ. V საუკუნის I ნახევრის დასასრულით.
4. 1967 წელს იმავე სამაროვანზე №6 სამარხში მიკვლეულ იქნა კიზიკური სტატერის ნიმფა კლიტეს (კლიტიას) გამოსახულებით. მონეტა თარიღდება ძვ. წ. 460/430 წლებით.
5. ლიტერატურაში დაცული ცნობის თანახმად, ერთი კიზიკური მონეტა აღმოჩნდა ვანში 1895 წელს. სამწუხაროდ, ზუსტი თარიღი ამ სტატერისა ცნობილი არ არის.

გ) სინოპური (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე) დრაქმები:
6. 1967 წელს ფიჭვნარის ადრეანტიკური ხანის სამაროვანზე შემთხვევით იპოვეს ძვ. წ. VI-V საუკუნეების სინოპური დრაქმა (ტიპი: დელფინი – quadratum incusum)
7-8. 1965 და 1966 წლებში ურეკში ზღვის ნაპირას შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევრის სინოპური დრაქმები. ვინაიდან იდენტური მონეტები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთის სანაპირო ზოლში, ვიძლევით მათ სტანდარტულ აღწერილობას. შუბლი – ნიმფა სინოპეს გამოსახულება მარცხნივ. ზურგი – მარცხნივ მიმართული დელფინზე მჯდომი არწივი. არწივის ფრთის ქვეშ სხვადასხვა მაგისტრატის სახელი ბერძნული ასოებით. დელფინის ქვემოთ ასევე ბერძნულად ქალაქის სახელი: ΣΙΝΩ.
9-12. ძვ. წ. IV საუკუნის I ნახევრით თარიღდება 4 დრაქმა, აღმოჩენილი ბათუმის მიდამოებში 1900-იან წლებში (ტიპი ისეთივეა, როგორც №№7-8).
13. 1948 წელს ფიჭვნარში საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი წონით 6-8 კგ. მისი ძირითადი ნაწილი გაიფანტა. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში 149 მონეტაა დაცული, საქართველოს მუზეუმში – 9. გადარჩენილი ნაწილიდან 110 სინოპური დრაქმაა (ტიპი ისეთივეა, როგორც №№7-8), რომლებიც ძვ. წ. 360-320 წლებით თარიღდება; დანარჩენი კი მეორე ტიპის კოლხური ტრიობოლებია. განძის მეცნიერულმა შესწავლამ დააკონკრეტა მისი ჩაფლობის თარიღი – ძვ. წ. 350-345 წწ.
14. 1880-იან წლებში სოხუმში იპოვეს ძვ. წ. IV საუკუნის სინოპური დრაქმა (იგივე ტიპისა).
 
დ) ამისოს (ქალაქი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე) დრაქმები:
15. 1966 წელს ქობულეთში შემთხვევით აღმოჩნდა ქალაქ ამისოს ვერცხლის მონეტა, დათარიღებული ძვ. წ. IV საუკუნით, ალექსანდრე მაკედონელის მეფობის წინა ხანებით (ტიპი: შუბლი – ქალის თავის გამოსახულება. ზურგი – ბუ).
16. ასეთივე მონეტა აღმოჩნდა სოხუმის ციხის ტერიტორიაზე.


ჩრდილო შავიზღვისპირეთის მონეტები:

ა) პანტიკაპეიონი (თანამედროვე ქერჩი).
17. 1967 წელს ფიჭვნარში, ბერძნული სამაროვნის №5 სამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. 475-450 წლებით დათარიღებული პანტიკაპეიონის ვერცხლის მონეტა (შუბლი – დელფინი. ზურგი – quadratum incusum).
18. ლიტერატურაში დაცული ცნობის თანახმად, ციხისძირში შემთხვევით უპოვიათ პანტიკაპეიონის სპილენძის მონეტა, მოჭრილი ძვ. წ. 370-340 წლებში.

ბ) ნიმფეიონის (ყირიმი, ქერჩის სრუტესთან) დიობოლი (დრაქმის 1/3).
19. 1968 წელს ფიჭვნარის ბერძნულ სამაროვანის №8 სამარხში აღმოჩნდა ნიმფეიონში მოჭრილი დიობოლი, დათარიღებული ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედით (შუბლი – ნიმფას თავის გამოსახულება. ზურგი – quadratum incusum -ში მოთავსებული ვაზის ლერწი ყურძნის მტევნითა და ფოთლებით).


აქემენიდური ირანი:

20. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი სულორის განძის შესახებ (იხ. №1). სწორედ ამ განძის შემადგენლობაში აღმოჩნდა აქემენიდური ხანის – ძვ. წ. V საუკუნის სპარსული სიკლი (შუბლი – მარჯვნივ მიმართული ირანის „მეფის“ გამოსახულება. ზურგი – quadratum incusum).
21. ლიტერატურაში დაცული ცნობის თანახმად, თითქოს სურამის მიდამოებში 1856 წელს კოლხურ ნახევარდრაქმებთან ერთად აღმოჩენილა აქემენიდური სიკლი.


ათენური ტეტრადრაქმები:

22. 1890-იან წლების დასასრულს მწვანე კონცხის მიდამოებში იპოვეს ძვ. წ. V-IV საუკუნეების ათენური ტეტრადრაქმა (შუბლი – მარჯვნივ მიმართული ქალღმერთ ათენას თავის გამოსახულება. ზურგი – მარჯვნივ მიმართული ბუ), რომელიც პირადად ნახა და აღწერა ე. პახომოვმა. ამდენად, ეს აღმოჩენა ეჭვს არ იწვევს.
23. 1939 წელს დმანისის რაიონის სოფელ საკირესთან შემთხვევით აღმოჩნდა ათენური ტეტრადრაქმა, რომელიც ასევე ე. პახომოვმა ძვ. წ. V-IV საუკუნეებით დაათარიღა (ტიპი იგივეა). ასე რომ, არც ეს აღმოჩენა იწვევს რაიმე ეჭვს.


მაკედონია:

24. ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს 1969 წელს კოლხი მეომრის სამარხში აღმოჩნდა მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სტატერი. ამ ოქროს მონეტის აღწერილობა ასეთია: შუბლი – აპოლონის თავის გამოსახულება მარჯვნივ. ზურგი – მარჯვნივ მიმართული მხედარი ორცხენიან ეტლზე. ცხენების წინა ფეხებთან სიმბოლო – ლომის თავი პირდაპირ. ხაზს ქვემოთ ბერძნული ზედწერილი: ΦΙΛΙΠΠΟΥ.