ერეკლე II-ის სპილენძის მონეტები თევზის გამოსახულებით
ტიპი: ერეკლე II-ის სპილენძის მონეტები თევზის გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
სპილენძი. ნახევარი ბისტი (ორმაგი ფული).
წონა≈6,1 გრ. d≈20-28

სპილენძი. ფული. წონა≈2,73 გრ. d≈19 მმ.

შუბლი: ერეკლეს სახელი გადმოცემული ასომთავრული შრიფტით: ႤႰႩႪႤ. ქვემოთ სპარსულად:
ضرب تفليس ١١٩٠
იჭედა თბილისს,  1190 (წელს) (=1776/1777 წწ.).

ზურგი
:  თევზის გამოსახულება.



სამეცნიერო კომენტარი:
    1708 წლიდან, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ მონეტებზე ქართული წარწერები გაჩნდა. ამ მონეტებს ჭრიდნენ ქართლის მმართველები: ვახტანგი, სიმონი და ბაქარი. პარალელურად, ამავე ზარაფხანაში იჭრებოდა ვერცხლის მონეტები ირანის შაჰების სახელით (ირანული საოკუპაციო მონეტები). პირველად თავისი სახელი სპილენძის მონეტებზე ქართლის მმართველმა ვახტანგ VI-მ (ქართლის გამგებელი/ჯანიშინი 1703-1712 წწ., ქართლის მეფე 1716-1724 წწ.) მოათავსა (ვახტანგ VI-ის სპილენძის მონეტები სამანძიანი ხომალდის გამოსახულებით).

შუბლი: ცენტრში ზოდიაქალური თევზების გამოსახულება და ვახტანგის სახელის დაქარაგმება მხედრული შრიფტით: ვნგ ან ვტგ. ყველაფერი ეს ჩასმულია ორნამენტულ ჩარჩოში, რომლის გარეთ სპარსული ზედწერილია:
فلوس ضرب تفليس ١١٢٠
ფულუსი (ამ შემთხვევაში ზოგადად სპილენძის მონეტა) იჭედა თბილისს,  1120 (წელს) (=1708/1709 წწ.).
ზურგი: სამანძიანი ხომალდის გამოსახულება. ხომალდზე ზემოდან მტრედი ეშვება, რომელსაც ნისკარტში ტოტი უჭირავს. ქვემოთ ტალღების ფონზე თარიღი 1708 ან 1709 დაწერილია შემდეგნაირად: „178 ან 179“, ნული გამოტოვებულია. ყველაფერი ეს ჩასმულია ხაზოვან-წერტილოვან რკალში.

    მონეტები მიეკუთვნება ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდს (1703-1712 წწ.), როდესაც ის ქვეყანას მეფეების, გიორგი XI-ის (1703-1709 წწ.) და ქაიხოსროს (1709-1711 წწ.) სახელით მართავდა.
    ამ მონეტებმა ჩვენამდე დაახლოებით 60 ცალის რაოდენობით მოაღწია.
    მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგის ფულზე ორი თარიღია აღბეჭდილი, სამონეტო ტიპი უცვლელია.
    ვახტანგის 1708 წელს მოჭრილი ნახევარბისტიანი მონეტების საშუალო წონა 8,87 გრამია (მაქსიმალური წონა – 9,04 გრ., მინიმალური – 8,38 გრ.). 1709 წლით დათარიღებული ნახევარბისტიანი მონეტების საშუალო წონა 8,79 გრამია (მაქსიმალური წონა – 9,16 გრ., მინიმალური – 8,20 გრ.). d≈26 მმ.
    ვახტანგ VI-ის სახელით იჭრებოდა აგრეთვე უფრო მცირე ნომინალი – ფული (წონა≈4,32 გრ. d≈19 მმ.).
    ზემოთ ხსენებული ქართლის მეფეები – გიორგი XI და ქაიხოსრო – ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. 1712 წელს შაჰმა ვახტანგ VI ირანში გამოიძახა, რათა, ისლამის აღიარების შემთხვევაში, ის ქართლის მეფედ დაემტკიცებინა. ვახტანგმა ისლამის მიღებაზე უარი თქვა. ირანში გამგზავრებამდე მან ქართლი დროებით თავისი უმცროს ძმას, სვიმონს ჩააბარა, რომლის მმართველობა 1714 წელს დასრულდა. შაჰმა ქვეყანა ვახტანგის ძმას, იესეს გადასცა, რომელიც ქართლს ალი-ყული-ხანის სახელით 1714-1716 წლებში მართავდა.
    1712 წელს ვახტანგის უმცროსი ძმა სიმონი ახორციელებდა სამონეტო ემისიას (სიმონის სპილენძის მონეტები ფრთოსანი ურჩხულის გამოსახულებით).
    სიმონის ნახევარბისტიანი მონეტების საშუალო წონა, თ. ქუთელიას მიხედვით, 8,71 გრამია (მაქსიმალური წონა – 9,93 გრ., მინიმალური – 6,64 გრ.). d≈25 მმ.

შუბლი: ფრთოსანი ურჩხულის გამოსახულება მარჯვნივ/მარცხნივ, რომლის ირგვლივ სიმონის სახელის დაქარაგმებაა მხედრული შრიფტით: სმნ.  ყველაფერი ეს ჩასმულია წერტილოვან რკალში.
ზურგი: წერტილოვან რკალში მოთავსებული სპარსული ზედწერილი:
فلوس ضرب تفليس  ١١٢٤
ფულუსი იჭედა თბილისს,  1124 (წელს) (=1712/1713 წწ.).

    სიმონის სახელით იჭრებოდა აგრეთვე უფრო მცირე ნომინალი – ფული (წონა≈3,37 გრ. d≈19 მმ.).
    იესეს სახელით მოჭრილ მონეტას ჩვენამდე არ მოუღწევია.
    1716 წელს ვახტანგი იძულებული გახდა მიეღო ისლამი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შაჰმა ის ირანში 1719 წლამდე დატოვა.
    1717-1719 წლებში ქართლს ვახტანგის ვაჟი ბაქარი განაგებდა. მისი მონეტები ჰიჯრ. 1130 (=1717/1718 წწ.), 1131 (=1718/1719 წწ.) და 1132 (=1719/1720 წწ.) წლებში იჭრებოდა (ბაქარის სპილენძის მონეტები ფარშევანგის გამოსახულებით).
    ბაქარის ნახევარბისტიანი მონეტების საშუალო წონა 8,42 გრამია (მაქსიმალური წონა – 8,73 გრ., მინიმალური – 7,70 გრ.). d≈24 მმ.

შუბლი: მარჯვნივ (ზოგჯერ მარცხნივ) მიმართული ფარშევანგის გამოსახულება და ბაქარის სახელის დაქარაგმება მხედრული შრიფტით: ბქრ. ყველაფერი ეს ჩასმულია ხაზოვან-წერტილოვან რკალში.
ზურგი: ხაზოვან რკალში მოთავსებული სპარსული წარწერა:
فلوس ضرب تفليس ١١٣٠
ფულუსი იჭედა თბილისს,  1130, 1131 და 1132 (წელს) (=1717/18, 1718/1719 და 1719/1720 წწ.).

    დ. კაპანაძე შენიშნავდა, რომ „ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჩნდება ცალები, რომლებზედაც წარწერა: „ბაქარ“ სულ არ არის. ასეთი მონეტა ჩვენთვის ცნობილია თეთრიწყაროს რაიონის სოფ. დაღეთში აღმოჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ერთი ნიმუშით“. დაღეთში აღმოჩენილი ბაქარის ამ „ანონიმურ“ მონეტაზე მოთავსებულია თარიღი 1131 (=1718/1719 წწ.). დ. კაპანაძე იმასაც აღნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში „... დაცულია შესანიშნავი სიფაქიზით შესრულებული ბაქარის მსხვილი და მაღალწონიანი მონეტა, რომელიც გარეგანი ნიშნების მიხედვით შეიძლება საცდელად ჩაითვალოს“.
    ბაქარის სახელით იჭრებოდა აგრეთვე უფრო მცირე ნომინალი – ფული (წონა≈4,21 გრ. d≈19 მმ.).
    1723-1735 წლებში აღმოსავლეთ საქართველო ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული. ამ პერიოდში თბილისის ზარაფხანა სულთნის სახელით ჭრიდა მონეტებს (ოსმალური საოკუპაციო მონეტები). 1735 წლიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობა „ყიზილბაშობამ“ შეცვალა. თბილისის ზარაფხანაც ირანის მბრძანებელ ნადირს დაემორჩილა.  
    ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და ქართველი მეფეების მოქნილი პოლიტიკის წყალობით, ნადირ-შაჰი იძულებული გახდა 1744 წელს თეიმურაზ II ქართლის, ხოლო ერეკლე II კახეთის მეფედ დაენიშნა. 1745 წლის 1 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში თეიმურაზ II, ძველი ქართული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა. კახეთს ერეკლე მართავდა. ეს ისტორიული ფაქტი აისახა ნუმიზმატიკურ ძეგლებზეც. თეიმურაზ II-ის სახელით მოიჭრა სპილენძის მონეტა (თეიმურაზ II-ის სპილენძის მონეტები ლომის გამოსახულებით). პარალელურად, თბილისის ზარაფხანაში ირანის შაჰების სახელით კვლავ იჭრებოდა ვერცხლის მონეტები.
    თეიმურაზ II-ის ნახევარი ბისტის წონა შეადგენს დაახლ. 8-9,5 გრამს. d≈20-22 მმ.
 
შუბლი: მარცხნივ მიმართული ლომის გამოსახულება. გარშემო თეიმურაზ II-ის სახელის დაქარაგმება მხედრული შრიფტით: თმრზ.
ზურგი: სპარსული წარწერა:
فلوس ضرب تفليس ١١٦٢
იჭედა ფულუსი თბილისს, 1162 (წელს) (=1748/1749 წწ.).

    თეიმურაზ II-ის სახელით იჭრებოდა აგრეთვე უფრო მცირე ნომინალი – ფული (წონა≈4,47 გრ. d≈19/21 მმ.).
    თეიმურაზ II და ერეკლე II ერთობლივადაც ახორციელებდნენ სამონეტო ემისიას (თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის სპილენძის მონეტები შევარდენის გამოსახულებით), თუმცა, ფორმალურად, ქართლის და კახეთის სამეფოები ერთიანი არ იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ de facto ეს ორი სამეფო უკვე ინტეგრირებულია.
    თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მიერ მოჭრილი ნახევარი ბისტის წონა შეადგენს დაახლ. 8-10,6 გრამს. d≈21-25 მმ.

შუბლი: სპარსული წარწერა:
خدا
بنده
თე ١١٦٦ ერ
تفليس
ضرب

მონა ღვთისა,  1166, 1168 და 1169 (წელს) (=1752/1753, 1754/1755 და 1755/1756 წწ.), იჭედა თბილისს. თარიღის მარცხნივ და მარჯვნივ ქართულად, მხედრული შრიფტით: თე და ერ, ე.ი. თეიმურაზი და ერეკლე.
ზურგი: მარჯვნივ მიმართული შევარდენი, რომელიც წეროს კორტნის.

    თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II სახელით იჭრებოდა უფრო მცირე ნომინალი – ფული (წონა≈4,42 გრ. d≈18 მმ.).
    1762 წლის 8 იანვარს თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. ამ ცნობის მიღებისთანავე, ერეკლე II-მ თავი ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფედ გამოაცხადა.
    ერეკლე II-ის (კახეთის მეფე 1744-1762 წწ., ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წწ.) სპილენძის მონეტებიდან ყველაზე ადრეულია 1765/1766 წლებით დათარიღებული ერთტიპური სპილენძის შაურიანი, ბისტიანი და ნახევარბისტიანი (ერეკლე  II-ის სპილენძის მონეტები ბაგრატიონთა საგვარეულო გერბით).
    ერეკლე  II-ის სპილენძის შაურიანის წონა შეადგენს 44,9 გრამს. d=38/40 მმ. შესაბამისად მცირდება ბისტის და ნახევარი ბისტის მეტროლოგიური მონაცემები.

შუბლი: რთულ ჩარჩოში მოთავსებული ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი.
ზურგი: ერეკლეს სახელი ასომთავრული შრიფტით სხვადასხვა მოყვანილობის ჩარჩოში:  ႤႰႩႪႤ. ქვემოთ სპარსულად:
ضرب  تفليس  ١١٧٩  

    იჭედა თბილისს, 1179 (წელს) (=1765/1766 წწ.).

    დღესდღეობით შაურიანი ცნობილია მხოლოდ ორ ცალად. ერთი დაცულია სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში, მეორე – მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში. ბისტიანი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის უნიკუმია. ამავე ტიპის ნახევარბისტიანი შედარებით მრავალრიცხოვანია.
    1776/1777 წლებში განსხვავებული სპილენძის მონეტები იჭრება (ერეკლე  II-ის სპილენძის მონეტები თევზის გამოსახულებით). ნახევარბისტიანი მონეტის წონა შეადგენს დაახლ. 6,1 გრამს. d≈20-28 მმ.
    1776/1777 წლებში იჭრებოდა აგრეთვე იმავე ტიპის ფულიც (წონა≈2,73 გრ. d≈19 მმ.).
ამ მონეტებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სრულებით გაუგებარია, რას უკავშირდება ზურგზე მოთავსებული თევზის გამოსახულება.
    ერეკლე II-ის სპილენძის ფულებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია მონეტები ორთავიანი არწივის გამოსახულებით (ერეკლე  II-ის სპილენძის მონეტები ორთავიანი არწივის გამოსახულებით), ცნობილი მრავალი ვარიანტით.

შუბლი: ასომთავრული შრიფტით გადმოცემული ერეკლეს სახელი:  ႤႰႩႪႤ. ქვემოთ სპარსულად:
ضرب تفليس
იჭედა თბილისს და სხვადასხვა თარიღი ჰიჯრით.
ზურგი: ორთავიანი არწივის გამოსახულება. მის ქვემოთ სხვადასხვა თარიღი, მაგ., 1781, 1787, 1789 და სხვ.

    დ. კაპანაძემ გამოაქვეყნა ევგ. პახომოვის კოლექციიდან მომდინარე ერთი უნიკალური ნახევარბისტიანი, რომელიც ამჟამად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კუთვნილებაა. მონეტის უნიკალობას მისი ემისიის თარიღი განაპირობებს. მონეტაზე მითითებულია ჰიჯრ. (12)06 (=1791/1792 წწ.) წელი და თარიღი  – 1791 წელი. მონეტის წონა – 11,4 გრ.
    1796 წელს თბილისის ზარაფხანაში ერთთავიანი არწივის გამოსახულებიანი სპილენძის მონეტები იჭრება (ერეკლე  II-ის სპილენძის მონეტები ერთთავიანი არწივის გამოსახულებით). ბისტის წონა≈19,43 გრ. d≈26-28/29 მმ.

შუბლი: ასომთავრულით გადმოცემული ერეკლეს სახელი: ႤႰႩႪႤ. ქვემოთ სპარსულად:
ضرب تفليس ١٢١٠  
იჭედა თბილისს და თარიღი 1210 (წელი) (=1795/1796 წწ.). ხშირად 1210-ის ნაცვლად ამოკვეთილია 1201 წელი.
ზურგი: ერთთავიანი არწივის გამოსახულება. ქვემოთ თარიღი – 1796 წელი.

    ერეკლე II ოქროს მონეტასაც ჭრიდა (ერეკლე II-ის ოქროს მონეტები ერთთავიანი არწივის გამოსახულებით), ჩვენამდე ორმა ეგზემპლარმა მოაღწია და ორივე სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟშია დაცული. ამ მონეტების შუბლის ნახაზი ზუსტად ისეთივეა, როგორც XVIII საუკუნის მიწურულის თბილისში მოჭრილი სირმა-აბაზიანის.
    მონეტის წონა შეადგენს 7,14 გრამს. d=23/25 მმ.

შუბლი: ცენტრში მოთავსებული სპარსული ზედწერილი:
ضرب تفليس ١٢٠٣
იჭედა თბილისს,  1203 (წელს) (=1788/1789 წწ.). ზემოთ ოვალში ასევე სპარსულად:
يا كريم
მოწყალეო.
ზურგი: რკალში მოთავსებული ერთთავიანი არწივის გამოსახულება. არწივის ბრჭყალებს შორის თარიღი – 1796 წელი. შუბლის თარიღი არ შეესაბამება ზურგის თარიღს.

    დ. კაპანაძე ერეკლე II-ის მიერ ოქროს მონეტების ემისიას ეჭვის ქვეშ აყენებს. ის წერს: „შესაძლებელია, რომ ერეკლე მეფის 1796 წლის სპილენძის მონეტისა და 1789 წლის ვერცხლის აბაზიანის სიქები, თავის დროზე გატანილი პეტერბურგის რომელიმე არქივში, რომელიმე „წარჩინებულმა“ კოლექციონერმა (რომლებიც XIX საუკუნეში პეტერბურგში ბლომად იყვნენ) გამოიყენა თავისი პირადი კოლექციის შევსების მიზნით“.
    1798 წელს გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და ტახტი მისმა უფროსმა ვაჟმა გიორგი XII-მ (1798-1800 წწ.) დაიკავა. გიორგი XII-ის ნახევარბისტიანი მონეტის (გიორგი XII-ის სპილენძის მონეტები თევზის გამოსახულებით) წონა შეადგენს დაახლ. 9,0-9,8 გრამს. d≈19/21-22 მმ.

შუბლი: გიორგი XII-ის სახელი გადმოცემული ასომთავრული შრიფტით: ႢႨႭႰႢႨ (ასოები და შერწყმულია მონოგრამად). ქვემოთ სპარსულად:
ضرب تفليس ١٢١٣
იჭედა თბილისს,  1213 (წელს) (=1798/1799 წწ.).
ზურგი:  თევზის გამოსახულება.

    დ. კაპანაძე აღნიშნავს, რომ გიორგი XII-ის სახელით იჭრებოდა აგრეთვე ბისტი და ფული.
    არსებობს სპილენძის ანონიმური მონეტა, რომლის ატრიბუცია მხოლოდ მასზე მოთავსებული თარიღის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ეს არის უნიკალური მონეტა, რომელიც მ. ბარათაევის (ბარათაშვილის) კოლექციის შემადგენლობაში შედიოდა და სხვა ნიმუშებთან ერთად ბერლინის მუზეუმის საცავში დაიდო ბინა (დავით ბატონიშვილის სპილენძის მონეტები ფარშევანგის გამოსახულებით).

შუბლი: ხაზოვან და წერტილოვან რკალში ჩასმული მხედრული წარწერა: ტფლს, ე.ი. ტფილისი.
ზურგი: მარცხნივ მიმართული ფარშევანგის გამოსახულება (როგორც ბაქარის მონეტაზე), მის ფეხებთან თარიღი, 1215 წელი (=1800/1801 წწ.).

    სავსებით გასაგებია, თუ რატომ არის ეს მონეტა ანონიმური. 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა და დავითი რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ დროებით მმართველად ცნო. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ დავითი იძულებული გახდა ანონიმური მონეტა მოეჭრა.
    ერეკლე II-ის მოჭრილი ვერცხლის მონეტები „სირმა-ვერცხლის“ (რაც სიტყვა-სიტყვით „წმინდა ვერცხლს“, „სუფთა ვერცხლს“ ნიშნავს) სახელითაა ცნობილი. მათ „ბაგრატიონთა ვერცხლსაც“ უწოდებენ, მაგრამ ამ ტერმინმა ფეხი ვერ მოიკიდა.
    სირმა-ვერცხლი მაღალხარისხოვანი და მაღალსინჯიანი (94%) ვერცხლისაგან იჭრებოდა. სხვათაშორის, სირმა-ვერცხლის მაღალსინჯიანობა ქართველების სიამაყის საგანი იყო. ასე მაგ., თეიმურაზ ბატონიშვილი წერდა: „ასეთს თეთრსა სჭრიდნენ ჩვენშია, რომ ყოველსა ევროპისა და აზიის ვერცხლზედ ჩვენი ვერცხლი უფრო წმინდა იყო“.
    შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით სირმა-აბაზიანები, ნუმიზმატიკური თვალსაზრისით, სათანადოდ შესწავლილი არ არის. ყველაზე ვრცლად და საფუძვლიანად მათ ისევ და ისევ ევგ. პახომოვი შეეხო, ხოლო მათი მიმოქცევის ხანგრძლივობის საკითხს – რ. ქებულაძე.
    XVIII საუკუნის II ნახევარში ირანის ძლიერებას შინაურმა აშლილობამ მოუღო ბოლო. სპარსეთი ცალკეულ სახანოებად იშლება. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები აღმოცენდნენ. აღმოსავლეთ საქართველო განთავისუფლდა ირანის ჰეგემონიისგან. მეტიც: ის რეგიონში პირველობისათვის იბრძვის და წარმატებებსაც აღწევს.
    როგორც ევგ. პახომოვი აღნიშნავს, დამოუკიდებელი მმართველები იწყებენ საკუთარი ვერცხლის მონეტების მოჭრას, უკვე არა შაჰის სახელით, მაგრამ არც თავის სახელს ათავსებენ. თუმცა აღნიშნული მოვლენა თვით სპარსული ნუმიზმატიკისთვისაც გახდა დამახასიათებელი.
    ევგ. პახომოვი თვლიდა, რომ სირმა-ვერცხლის ემისია 1765/1766 წლებში იწყება, ხოლო დ. კაპანაძე და რ. ქებულაძე ასეთად 1767/1768 წლებს მიიჩნევდნენ, და გრძელდებოდა ჰიჯრ. 1213 წლამდე (1798/1799 წწ.).
    ფაქტობრივი მასალის მიხედვით, სირმა-ვერცხლის ოთხი ძირითადი ნომინალი იჭრებოდა: 1,5 აბაზიანი, ანუ ნახევარმარჩილიანი, აბაზიანი, 0,5 აბაზიანი, ანუ ორშაურიანი (მაჰმუდი ან უზალთუნი) და შაურიანი, რომელიც აბაზიანის მეოთხედს შეადგენდა.
    ერთნახევარი სირმა-აბაზის (ნახევარი მარჩილი, ექვსშაურიანი) წონა შეადგენს დაახლ. 4,64 გრამს. d≈29 მმ.

შუბლი: სპარსული ზედწერილი:
الحمد لله رب العالمين
დიდება ალლაჰს, ორი სამყაროს მფლობელს. მონეტის თავისუფალი არე შევსებულია რამდენიმე ყვავილოვანი ორნამენტით. გარშემო ხაზოვანი რკალი.
ზურგი: სპარსული ზედწერილი:
يا كريم
ضرب تفليس ١١٨٢
მოწყალეო, იჭედა თბილისს, 1182 (წელს) (=1768/1769 წწ). რკალი ჯერ ხაზოვანი, შემდეგ – ყვავილოვანი (მოწყალეო – ქერიმ-ხან ზენდის დროიდან შემორჩენილი ფორმულა – მოთავსებულია ჩარჩოს ზემოთ, მომცრო ოვალში).

    სირმა-აბაზის წონაა დაახლ. 2,93 გრამი. d≈19/20 მმ.

შუბლი: სპარსული ზედწერილი:
الحمد لله رب العالمين
დიდება ალლაჰს, ორი სამყაროს მპყრობელს. მონეტის თავისუფალ არეზე რამდენიმე ყვავილოვანი ორნამენტი. გარშემო ჯერ ხაზოვანი, შემდეგ კი წერტილოვანი რკალი.
ზურგი: სპარსული ზედწერილი:
يا كريم
ضرب تفليس ١١٩٤
მოწყალეო! იჭედა თბილისს, 1194 (წელს) (=1780 წ.). ყველაფერი ეს ჩასმულია ჯერ ფიგურულ ჩარჩოში, ხოლო შემდეგ – თანმიმდევრობით, ხაზოვან და წერტილოვან რკალში.

    სირმა-უზალთუნის (ორშაურიანი) წონა შეადგენს დაახლ. 1,49 გრამს. d≈14/16 მმ.

შუბლი: სპარსული ზედწერილი:
ضرب تفليس ١١٨٢
იჭედა თბილისს, 1182 (წელს) (=1768/1769 წწ.). მონეტის თავისუფალ არეზე ყვავილოვანი ორნამენტები. გარშემო ჯერ ხაზოვანი, შემდეგ კი წერტილოვანი რკალი.
ზურგი: ფიგურულ ჩარჩოში მოთავსებული სპარსული ზედწერილი:
يا كريم
მოწყალეო. მონეტის თავისუფალ არეზე – ყვავილოვანი ორნამენტები. გარშემო ხაზოვანი რკალი.

    სირმა-შაურის წონაა დაახლ. 0,7 გრამი. d≈13/15 მმ.

შუბლი: სპარსული ზედწერილი:
ضرب تفليس ١١٨٥
იჭედა თბილისს, 1185 (წელს) (=1771/1772 წწ.). მონეტის თავისუფალ არეზე ყვავილოვანი ორნამენტები. გარშემო ხაზოვანი და წერტილოვანი რკალი.
ზურგი: ფიგურულ ჩარჩოში მოთავსებული სპარსული ზედწერილი:
يا كريم
მოწყალეო. გარშემო ხაზოვანი რკალი.

    სირმა-ვერცხლი ლითონის მაღალი ხარისხის გამო დიდხანს შემორჩა საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში, რასაც ადასტურებს როგორც დოკუმენტური, ასევე ფაქტობრივი მასალა. სირმა-აბაზიანების მიმოქცევიდან ამოღებას მეფის მთავრობა ორჯერ, 1848 და 1849 წლებში შეეცადა, შესყიდვის გზით, მაგრამ ხურდა ფულის საჭირო მარაგის უქონლობის გამო სახელმწიფო ხაზინამ ეს ვერ შეძლო. საბოლოოდ, სირმა-ვერცხლის შესყიდვა 1852 წლიდან დაიწყეს.
    დ. კაპანაძის შენიშვნით, სირმა-ვერცხლის კარგი რეპუტაცია იმითაც დასტურდება, რომ, მისი ინფორმაციით, მათი მინაბაძები ერთ-ერთ ჩვენს მეზობელს, ნუხის სახანოს მოუჭრია.
    დ. კაპანაძის აზრით, კიდევ ერთი ქალაქში ჭრიდნენ ფულს თბილური აბაზიანების მიბაძვით. ერეკლე II-ის ჯარებმა განჯა აიღეს. მისი დროებითი ოკუპაციის პერიოდში (ჰიჯრ. 1201-1205 წწ.=1786-1791 წწ.) ქართველი მეფის ნაცვლები აქ თბილური აბაზის მსგავს ფულს ჭრიდნენ. მოჭრის ადგილად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განჯა არის ნაჩვენები, ხოლო ზურგზე მოთავსებული ზედწერილი აღებულია თბილური აბაზიანისგან.
    დაბოლოს, სირმა-ვერცხლთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ცირკულირებდა არა მარტო საქართველოს ფარგლებში, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც, რასაც ადასტურებს აქ აღმოჩენილი XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ჩამარხული განძები.
ზარაფხანა: თბილისი.
ნომინალი: სპილენძი. ნახევარი ბისტი, ფული.
თარიღი: 1776/1777 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №5268.
ბიბლიოგრაფია:
მ. ანთაძე. თბილისში მოჭრილი იშვიათი ოსმალური ოქროს მონეტა. ძეგლის მეგობარი. № 23. თბ. 1970; საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით. თბ. 1982; არტანუჯის ზარაფხანა. ჟურნ. „ფიროსმანი“. 2008 წ. გაზაფხული, № 4.

პ. გუგუშვილი. ფულის ნიშნები და ტრიალი საქართველოსა და ამიერკავკასიაში XIX საუკუნეში. თსუ შრომები. VI. თბ. 1936.

გ. დუნდუა. ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთანთანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011  (თ. დუნდუასთანთანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

რ. ქებულაძე. სირმა-ვერცხლის მიმოქცევის ხანგრძლივობა საქართველოში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე (სმამ). ტ. 53. № 3. თბ. 1969;  ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში. თბ. 1971.

ნ. ქოიავა. ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის საქართველოში. თბ. 1963.

თ. ქუთელია. კახეთის სამეფოს უცნობი ზარაფხანა. ძეგლის მეგობარი. № 23. თბ. 1970; თბილისის ზარაფხანა XVII-XVIII სს. (ვერცხლის ფული). აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XXXIII-B. თბ. 1978; ირანული სპილენძის ფულის კატალოგი. თბ. 1990.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Т. С. Кутелия. Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики). Тб. 1979.

Е. А. Пахомов. Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII-XVIII вв. Отдельный оттиск из т. III, «Востоковедение». Изд. вост. факультета Азерб. Гос. Университета. Баку. 1928; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. III. Баку. 1940; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. IV. Баку. 1949; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. VIII. Баку. 1959; Монеты Грузии. Тб. 1970.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების უცხოური მონეტების განძები



     XVII-XVIII საუკუნეების უცხოური მონეტების განძების რეესტრის შედგენას ოსმალური მასალით ვიწყებთ.

საქართველოში ნაპოვნი XVII საუკუნის ოსმალური მონეტების განძები:

    1. 1945 წელს მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ლიხაურში აღმოჩნდა მოზრდილი განძი. ეს კომპლექსი შეიცავს ასიოდე ოსმალურ ახჩას, დაახლოებით 1000-ზე მეტ მათ მინაბაძს და 20-მდე სხვადასხვა ზომის ვერცხლის ფირფიტას. ეს ფირფიტები სისქით და ლითონის ხარისხით ამ მინაბაძებს ესადაგება და დ. კაპანაძის აზრით, აშკარა ხდება, რომ ისინი მინაბაძების მოსაჭრელი ნამზადია. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ „... ამ ნამზადთა შორის ორი თუ სამი ფირფიტა ჯვრის მოყვანილობისაა და ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიეცეს, რადგან ეს იმას მოწმობს, რომ მინაბაძების მომჭრელი თვითონ ქრისტიანი თუ არ იყო, ქრისტიან მოსახლეთა შორის (ე.ი. ჩვენში, საქართველოში) ცხოვრობდა“.
    მ. ანთაძემ ლიხაურის განძის მონეტები სამ ნაწილად დაყო:
    I. მურად III-ის (1574-1595 წწ.) ახჩები, რომლებიც ძირითადად ხანჯის ზარაფხანაშია მოჭრილი.
    II. მეჰმედ IV-ის (1648-1687 წწ.) და აჰმედ II-ის (1691-1695 წწ.) სახელით მოჭრილი მონეტები, დამზადებული ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ზარაფხანაში.
    III. ამ ნაწილში ავტორმა გააერთიანა ის მონეტები, რომლებიც ადგილობრივ იმიტაციებად მიიჩნია.
    როგორც ჩანს, ლიხაურის განძი XVII საუკუნის მიწურულს არის ჩამარხული.
    2. 1913 წელს ბათუმის მახლობლად, სამების მთის მწვერვალზე, მდ. ყოროლისწყალს და ბარცხანას ხეობაში, ძველი ეკლესიის ნანგრევების მოშორებით, თიხის ქოთანში აღმოჩნდა XVII საუკუნის მცირე ზომის ოსმალური და ირანული ვერცხლის მონეტების განძი 537 ცალის რაოდენობით. ევგ. პახომოვმა თავის დროზე განძის გადათვალიერებისას ნახა მურად IV-ის (1623-1640 წწ.) ჰიჯრ. 1033 წლით (1623/1624 წწ.) დათარიღებული 2 მონეტა და სულეიმან შაჰის (1667-1694 წწ.) 4 მაჰმუდი, ერთზე იკითხება ზარაფხანა – თბილისი, და თარიღის ფრაგმენტი, 109?, მისივე შაური და ოსმალური ფულის 3 მინაბაძი. გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში ყოფილა ერთი თევზისგამოსახულებიანი გაურკვეველი ქართული მონეტა (ალბათ, ათაბაგ ყვარყვარეს – ავტ.) და 519 ცალი ცუდად დაცული თურქული ახჩა. ამ განძის 29 მონეტა ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ყველა მათგანი ცუდად არის დაცული. განძის დამარხვის თარიღად მ. ანთაძე XVII საუკუნის მიწურულს, ან XVIII საუკუნის პირველ ათწლეულს მიიჩნევს.     
    3. მ. ანთაძის ცნობით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშივეა დაცული პარიზიდან დაბრუნებული მონეტები, რომელთა საივენტარო დავთარს  ევგ. პახომოვის ხელით აწერია: საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი XVII საუკუნის ოსმალური და სპარსული მონეტები. ოსმალური მონეტები მოჭრილია სულთან მუსტაფა I-ის (1617-1618 წწ., 1622-1623 წწ.) სახელით.
    4. 1977 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჯიხანჯირში „ნასტეფანარის გორაზე“, ქვის ქვეშ, შემთხვევით აღმოჩნდა პატარა ზომის ვერცხლის მონეტები, საერთო ჯამში, 334 ცალი. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №№17257-17576, გფ. №№20444-20451). განძის შემადგენლობაში შემავალი ყველა მონეტა ოსმალური ახჩაა. კომპლექსის ქრონოლოგიური დიაპაზონი დიდია. ადრეული მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 926 წლით (1519/1520 წწ.), გვიანდელი კი – ჰიჯრ. 1003 წლით (1594/1595 წწ.). მათი უმრავლესობა მოჭრილია ტრაპიზონის ვილაიეთის ქ. ხანჯის ზარაფხანაში. ხანჯის გარდა, ჯიხანჯირის განძის შემადგენლობაში შედის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში მოჭრილი ფულიც. ეს ზარაფხანებია: კონსტანტინოპოლი, ედირნე, ნოვარი, კარატოვო, ნოვობერდა, სიდრე-კაისი, საკიზი, კეისარიე და ერზერუმი.

საქართველოში აღმოჩენილი XVIII საუკუნის ოსმალური მონეტების განძები:

    1. 1941 წლის ნოემბერში ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის ეზოში თავშესაფრის თხრის დროს იპოვეს სამონეტო კომპლექსი, რომელიც შედგებოდა 13 ალთუნის და 8 ვენეციური დუკატისაგან. 13 ალთუნიდან 10 მოჭრილი ყოფილა აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) მიერ. აქედან 8 კონსტანტინოპოლის ზარაფხანაშია მოჭრილი, ერთი – მისრში და ერთიც – თბილისში. სამი ალთუნი მოჭრილი ყოფილა სულთან მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.) სახელით კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში. ეს მონეტები გადაეცა მოსკოვს, თავდაცვის ფონდის გასაძლიერებლად. თბილური ალთუნი კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა (გფ. №5086, d=19 მმ., წონა – 3,47 გრ.). თარიღი – ჰიჯრ. 1115 წელი (1703/1704 წწ.).
    2. 1937 წელს სოფ. მურჯახეთში (ახალქალაქის რაიონი), ძველ ნაწისქვილარში, აღმოჩნდა თიხის ქილა ოსმალური ვერცხლის მონეტებით (355 ცალი). განძის შემადგენლობა ასეთია: ოსმალეთის სულთნები – სულეიმან II (1687-1691 წწ.) – 1 ცალი, აჰმედ II (1691-1695 წწ.) – 2 ცალი, მუსტაფა II (1695-1703 წწ.) – 109 ცალი, აჰმედ III (1703-1730 წწ.) – 155 ცალი, მაჰმუდ I (1730-1754 წწ.) – 88 ცალი; განძის მონეტები ქრონოლოგიურად 1687-1730 წლებს შორის თავსდება. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 1143 წლით (=1730/1731 წწ.), ხოლო მისი ჩამარხვა, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის 50-იან წლებზე ადრე ვერ მოხდებოდა.
    მურჯახეთის განძში თავმოყრილია შემდეგი ნომინალები: ყურუში, ნახევარყურუში (ირმილიქი), ონლიქი და ახჩა. მურჯახეთის განძში შემავალი მონეტები მოჭრილია იმპერიის სხვადასხვა ზარაფხანაში: კონსტანტინოპოლი (უმეტესობა), ედირნე (ადრიანოპოლი), ერზერუმი, თბილისი, განჯა, გიუმიშხანე.
    3. 1909 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩნდა განძი, რომლის შემადგენლობაში იყო ჰიჯრ. 1115 წლით (=1703/1704 წწ.) დათარიღებული აჰმედ III-ს სახელით მოჭრილი ონლიქები.
    4. 1960 წელს ახალციხის ძველ ნაწილში სახლის მშენებლობის დროს იპოვეს თიხის ჭურჭელი ვერცხლის მონეტებით. განძის შემადგენლობაში აღმოჩნდა 1620-1626 წლების 3 ცალი ავსტრიული ტალერი, XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის სამოცამდე ესპანური პესო და ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 6 ონლიქი.
    5. 1900-იან წლებში გორის მიდამოებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის ოსმალური მონეტების განძი. მის შემადგენლობაში ყოფილა: ა) აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 29 თბილური ონლიქი, 2 – მოჭრილი ერევანში, 2 – თავრიზში, 1 – ბეშლიქი, მოჭრილი თავრიზში; ბ) მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.) ერთი ბეშლიქი, მოჭრილი განჯაში.
    6. XVIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება ზღუდერის 6 მონეტა, აღმოჩენილი 1959 წელს მდ. ძამას ხეობაში, ორთუბნის ციხესთან არხის გაყვანის დროს. ამჟამად დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11461-11466). მონეტები ეკუთვნის: 1. აჰმედ III-ს (1703-1730 წწ.) – 2 ცალი: ერთი ონლიქი, მოჭრილი თბილისში, ჰიჯრ. 1115 წელი (=1703/1704 წწ.), 1 ახჩა, მოჭრილი კონსტანტინოპოლში; 2. მაჰმუდ I-ს (1730-1754 წწ.) – 4 მონეტა. აქედან ორი ონლიქია, მოჭრილი თბილისსა და განჯაში, ჰიჯრ. 1143 წელი (=1730/1731 წწ.), ერთი – ბეშლიქი, მოჭრილი თბილისში იმავე თარიღით და ერთი ახჩა მოჭრილი მისრში.
    7. 1958 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭანჭათში საკარმიდამო ნაკვეთში მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა თიხის კოჭობი, რომელშიც მოთავსებული იყო XVIII საუკუნის ოსმალური და ევროპული ვერცხლის მონეტები. განძის შემადგენლობა ასეთია: 1. პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) 2 ორტა, მოჭრილი 1622-1623 წლებში, აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 24 ახჩა და მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.)  58 ახჩა.
    მ. ანთაძის დასკვნით, ჭანჭათის განძის მონეტები მეტად ერთფეროვანია. მოჭარბებულად გვხვდება მცირე ნომინალი – ახჩა. განძი XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია ჩაფლული.
    8. 1935 წელს საჩხერის რაიონის სოფ. ქორეთის მიდამოებში მიკვლეული მონეტებიდან მასწავლებელმა გოგიტაშვილმა სკოლის მუზეუმს გადასცა აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 3 ახჩა და მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) 2 ყურუში.
    9. 1892 წელს ქუთაისის მაზრის სოფ. ზარათში (ამჟამინდელი წყალტუბოს რაიონი) იპოვეს სპილენძის ქვაბი, რომელშიც იყო 8 კილოგრამამდე ოსმალური ვერცხლის მონეტები, დათარიღებული 1703-1786 წლებით.
    10. 1900-იან წლებში ბათუმში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე კილომეტრზე აღმოჩნდა თიხის ქილა 106 ოსმალური ვერცხლის მონეტით. განძის მონეტები გადაეცა ოდესის ისტორიისა და სიძველეების საზოგადოებას. კომპლექსი შეიცავდა აბდულ ჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) და სელიმ III-ის (1789-1807 წწ.) მონეტებს.
    11. XVIII საუკუნით არის დათარიღებული 1949 წელს თერჯოლის მიდამოებში ნაპოვნი ოსმალური მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაშია: 1. მაჰმუდ I-ის ჰიჯრ. 1143 წლით (=1730/1731 წწ.) დათარიღებული 2 ახჩა, 2. მუსტაფა III-ის ჰიჯრ.  1171 წლით (=1757/1758 წწ.) დათარიღებული 2 ახჩა, 3. აბდულ ჰამიდ I-ის ჰიჯრ. 1187 წლით (=1774 წ.) დათარიღებული ახჩა. განძის ჩამარხვის სავარაუდო თარიღად XVIII საუკუნის მიწურული უნდა მივიჩნიოთ.
    12. 1950-იან წლებში მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ლიხაურში აღმოჩნდა მოზრდილი განძი, რომელიც შედგება აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.), მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.), ოსმან III-ის (1754-1757 წწ.), მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) და აბდულ ჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) 362 მონეტისაგან (კომპლექსი დაცულია ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). მ. ანთაძის მიხედვით, განძის მონეტები სულთნების მიხედვით ასე ნაწილდება:
    I. აჰმედ III-ის მონეტა განძში 10 ცალია, აქედან 7 მოჭრილია კონსტანტინოპოლში, 3 – მისრში, ნომინალი – ფარა.
    II. მაჰმუდ I-ის სახელით მოჭრილი მონეტები განძში 47 ცალია. აქედან 19 მოჭრილია მისრში, 27 – კონსტანტინოპოლში, 1 – გაცვეთილია. ნომინალი – ფარა.
    III. ოსმან III-ის მონეტა განძში 5 ცალია, 4 მოჭრილია კონსტანტინოპოლში, 1 – მისრში. ნომინალი – ფარა.
    IV. მუსტაფა III-ის მონეტები განძში საკმაოდ ბევრია. აქედან 54 მოჭრილია ისლამბულში. 15 მონეტაზე არაფერი შეიმჩნევა მათი გაცვეთის გამო. რაც შეეხება მისრში მოჭრილ მონეტათა რაოდენობას, ისინი 59 ცალით არის წარმოდგენილი. ნომინალი – ფარა.
    V. სულთან აბდულ ჰამიდის სახელით მოჭრილი მონეტები ლიხაურის განძში 143 ცალია. აქედან კონსტანტინოპოლის ზარაფხანას 74 მონეტა მიეკუთვნება, 62 მისრშია გამოშვებული, ხოლო 7 ცალზე ზარაფხანა არ იკითხება. ნომინალი – ფარა.
    განძი, როგორც ჩანს, XVIII საუკუნის 80-იან წლებშია ჩამარხული.
    13. XVIII საუკუნის ბოლო წლებს განეკუთვნება ახალქალაქის რაიონში „ამირანის გორაზე“ ნაპოვნი ოსმალური მონეტების განძი. კომპლექსი შემთხვევით აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს თიხის ქილაში. მონეტები დაიტაცეს, მპოვნელს წილად 24 ცალი შეხვედრია და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიუტანია. განძის შესწავლის დროს მ. ანთაძემ გამოარკვია, რომ ბორჯომის მუზეუმს 10 მონეტა რიგის მუზეუმისათვის გადაუცია საჩუქრის (?!) სახით. დანარჩენი 14 მონეტა ეკუთვნის ოსმალეთის სულთან მუსტაფა III-ს (1757-1774 წწ.) და აბდულ ჰამიდ I-ს (1774-1789 წწ.). მონეტები მოჭრილია კონსტანტინოპოლის და ისლამბულის ზარაფხანაში. ნომინალი – ყურუში.
    14. XVIII საუკუნის 70-80-იანი წლებით თარიღდება გომის განძი, რომელიც აღმოჩნდა ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში, 1948 წელს. განძი შეიცავს 49 ვერცხლის მონეტას. აქედან 19 ცალი ინახება ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. განძის მონეტები ეკუთვნის სულთან აბდულ ჰამიდ I-ს. ნომინალების მიხედვით, ის თითქმის ერთგვაროვანია, გვხვდება ერთი ბეშლიქი, დანარჩენი ყურუშებია. ყველა ეგზემპლარი მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში.
    15. 1975 წელს სოფ. მანდაეთში (ჭიათურის რაიონი), ე.წ. „ცხევარის ღელის“ ნაპირზე, მიწის დამუშავების დროს ნაპოვნია ვერცხლის მონეტები. მპოვნელებმა განძი გაინაწილეს. დიდი მეცადინეობით შეგროვდა 270 ცალი; 205 ცალი გადაეცა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, 35 – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, 30 – ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. განძის ყველა მონეტა, ერთის გამოკლებით, ოსმალურია და მოჭრილია ოსმალთა შემდეგი სულთნების სახელით: 1. აჰმედ III (1703-1730 წწ.), 2. მაჰმუდ I (1730-1754 წწ.), 3. ოსმან III (1754-1757 წწ.), 4. მუსტაფა III (1757-1774 წწ.), 5. აბდულ ჰამიდ I (1774-1789 წწ.), 6. სელიმ III (1789-1807 წწ.). განძში ერთი „სირმა-ვერცხლიც“ ურევია, რომელიც ჰიჯრ. 1203 წლით (=1788/1789 წწ.) არის დათარიღებული.
    განძის მონეტები გამოშვებულია შემდეგ ზარაფხანებში: კონსტანტინოპოლი, ისლამბული, მისრი და თბილისი. კომპლექსის შემადგენლობაში ორი ნომინალია: ფარა და ყურუში.
    განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი 88 წელია, ჰიჯრ. 1115-1203 წლებს (=1703/1704-1788/1789 წწ.) შორის. განძის ჩამარხვის სავარაუდო თარიღი XVIII საუკუნის მიწურულია.
    16. 1831 წელს ილორის ეკლესიასთან (ოჩამჩირის რაიონი) აღმოჩნდა XVII-XIX საუკუნეების ოსმალური ახჩების განძი. მისი ნაწილი აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. რა მონეტები იყო ისინი, ლიტერატურაში მითითებული არ არის.
    17. 1963 წელს თელავის რაიონის სოფ. ფშაველში მიწის დამუშავების დროს იპოვეს ქოცო, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა სურა მონეტებით, მათ შორის 4 ოსმალური ფულიც ერია. რა მონეტები იყო ისინი, ლიტერატურაში მითითებული არ არის.
    18. 1967 წელს მოსკოვის პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმში მიუტანიათ 336 ცალი დაბალი ხარისხის ოსმალური მონეტა, ნაპოვნი აფხაზეთში, კონკრეტულად რა მონეტებისაგან შედგებოდა ეს კომპლექსი, უცნობია.
    19. 1876 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ცხემის ეკლესიის მიდამოებში იპოვეს განძი, რომელიც 400 ოსმალურ მონეტასთან ერთად (რა მონეტები იყო კონკრეტულად, მითითებული არ არის) 115 კირმანეულს შეიცავდა.
    20. 1940-იან წლებში წულუკიძის (ხონის) რაიონის სოფ. ქუტირის მიდამოებში იპოვეს დაბალი ხარისხის ვერცხლის წვრილი ფულის განძი, რომელიც, მ. ანთაძის განცხადებით, 1949 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა (მ. ანთაძე უთითებს მხოლოდ რამდენიმე მონეტის ნომერს – გფ. №№5391-5393).

საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ირანული მონეტების განძები.
ა) XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლის მონეტების განძები:

    1. 1909 წელს ამბროლაურის მახლობლად აღმოჩნდა ვერცხლის ნივთების და მონეტების დიდი განძი. მონეტების რაოდენობა შეადგენდა 2287 ცალს, რომელთა შორის 948 იყო დიდი ზომის, 124 – საშუალო და 1215 – მცირე, საერთო წონით 10,9 კგ. მონეტების ნაწილი ქუთაისის სამხედრო კანცელარიიდან გადაეცა ერმიტაჟს (სანკტ-პეტერბურგი), ნაწილი დაუბრუნდა მპოვნელს. 1910 წელს ევგ. პახომოვმა ხსენებულ კანცელარიაში გადაათვალიერა ეს კომპლექსი და დაადგინა, რომ ის შედგებოდა ამიერკავკასიის და ირანის ზარაფხანებში მოჭრილი შაჰ-აბას I-ის მძიმე აბაზიანებისაგან, მათ შორის დიდი რაოდენობით ყოფილა თბილისში გამოშვებული ცალები. საშუალო ზომის მონეტები წარმოადგენდა ტრაპიზონის მონეტების ქართულ მინაბაძებს – კირმანეულებს. მცირე ზომის მონეტები იყო წაგრძელებული ფორმის, დამახინჯებული არაბული ზედწერილით, ერთზე იკითხებოდა მუსლიმური რწმენის სიმბოლო.
    ერმიტაჟის ნუმიზმატიკური საცავის შემადგენლობაში შესული ამ განძიდან მომდინარე 15 მონეტა გამოაქვეყნა ი. დობროვოლსკიმ 1977 წელს. ევგ. პახომოვის ინფორმაციით, 1930 წელს, იმავე ამბროლაურის მახლობლად, სპილენძის ქოთანში მოთავსებული კიდევ ერთი განძი იპოვეს, რომელიც, მისი აზრით, ადრე აღმოჩენილი განძის ნაწილია. გარდა ამისა, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული 21 ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი კომპლექსი, ასევე ევგ. პახომოვის ვარაუდით, ისევ და ისევ ამბროლაურის განძის ნაწილი უნდა იყოს.
    ყველა კირმანეული გვიანდელია და გახვრეტილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განძის დაფლობის დროს ისინი არ იყო მიმოქცევაში.
    აბაზიანები მოჭრილია შაჰ აბას I-ის სახელით, ზარაფხანა იკითხება ექვს მათგანზე (ზაგემი, თბილისი, თავრიზი). თარიღი არც ერთ მათგანზე არ ფიქსირდება, მაგრამ თ. ქუთელიას მიაჩნია, რომ ისინი 1617 წლამდე იჭრებოდა.
    მოგრძო ფორმის მონეტები ჰგავს თაჰმასპ I-ის ვერცხლის ბისტს და, როგორც ჩანს, XVI საუკუნით თარიღდება.
    განძი XVII საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს ჩამარხული.
    2. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში (გფ. №№3571-3606) დაცულია 36 ვერცხლის აბაზიანი ნაპოვნი რაჭაში, აღმოჩენის თარიღის მითითების გარეშე. დ. კაპანაძეს საინვენტარო დავთარში მიუწერია, რომ ეს მონეტები ამბროლაურის განძის ნაწილია, რასაც თ. ქუთელია ეთანხმება.
    ამ განძის 36 მძიმე წონის მონეტა შაჰ აბას I-ის სახელითაა მოჭრილი. მხოლოდ ერთ მათგანზე იკითხება თარიღი, ჰიჯრ. 1020 წელი  (=1611/1612 წწ.). ზარაფხანებია: მაგ., არდებილი, ერევანი, ზაგემი, რეშტი, თბილისი, თავრიზი.
    თ. ქუთელიას აზრით, კომპლექსი მიეკუთვნება XVII საუკუნის მეორე ათწლეულს.
    3. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში ინახება 165 ვერცხლის წვრილი, მოგრძო ფორმის მონეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს „კომპლექსი“ უპასპორტოა, თ. ლომოურს ის ამბროლაურის განძის ნაწილად მიაჩნდა. თ. ქუთელია ამ ვარაუდს იზიარებს.
    ევგ. პახომოვი მათ მიიჩნევდა თაჰმასპ I-ის მონეტების იმიტაციებად. თ. ლომოურმა და თ. ქუთელიამ ზოგიერთ მათგანზე ამოიკითხეს თარიღი, რაც თაჰმასპ I-ის მმართველობის ხანაზე მიუთითებს.
    4. 1970 წელს ზაგემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ზაქათალას რაიონი, სოფ. ალიაბადი), მიწის სამუშაოების დროს, აღმოჩნდა თიხის პატარა ქოთანი, სავსე ვერცხლის მონეტებით. მონეტები რამდენიმე წყებად შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში – სულ 196 ცალი (გფ. №№13550-13556, გფ. №№13361-13549). საერთო რაოდენობიდან 168 აბაზიანია, 23 – მაჰმუდი და 5 შაჰი. ყველა მათგანი მოჭრილია შაჰ აბას I-ის სახელით შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი (2 ცალი), განჯა (16 ცალი), დაურაკი (1 ცალი), ერევანი (24 ცალი), ზაგემი (8 ცალი), ორდუ (1 ცალი), რამჰორმიზდი (1 ცალი), რეშტი (1 ცალი), თავრიზი (34 ცალი), თბილისი (2 ცალი), თეირანი (1 ცალი), ჰუვეიზა (4 ცალი), შუსთერი (1 ცალი).
    განძის გვიანდელი მონეტა მოჭრილია ჰიჯრ. 1023 წელს (=1614/1615 წწ.), ამის მიხედვით, განძი ჩამარხული უნდა იყოს XVII საუკუნის მეორე ათწლეულში.
    5. 1895 წლის 12 აგვისტოს სოფ. ჭიკაანში (ყვარლის რაიონი) აღმოჩნდა 179 ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი განძი, რომელიც გადაეგზავნა საიმპერატორო არქეოლოგიურ კომისიას. მათი ატრიბუცია ეკუთვნის ა. მარკოვს, რომლის თანახმადაც, 17 ეგზემპლარი იყო ტიროლის ტალერები (15 – ერცჰერცოგ ფერდინანდის, უთარიღო, 2 – იმპერატორ რუდოლფ II-ისა, მოჭრილი 1603, 1604 წწ.), დანარჩენი 162 მიეკუთვნებოდა სეფიანებს. ზარაფხანები – არდებილი, ჰიჯრ. 1012 წელი (=1603/1604 წწ.) – 1 ცალი; ორდუ, ჰიჯრ. 1020 წელი (=1611/1612 წწ.) – 10 ცალი; ორდუ, თარიღი არ იკითხება – 3 ცალი; ერევანი, თარიღი არ იკითხება – 1 ცალი; თავრიზი, ჰიჯრ. 1018 წელი (=1609/1610 წწ.) – 1 ცალი; თავრიზი, ჰიჯრ. 1019 წელი (=1610/1611 წწ.) – 3 ცალი; თავრიზი, თარიღი არ იკითხება – 2 ცალი; თბილისი, თარიღი (?) – 3 ცალი; რემი, ჰიჯრ. 1011 წელი (=1602/1603 წწ.) – 6 ცალი; იგივე ზარაფხანა, წელი არ იკითხება – 20 ცალი; ყაზვინი, თარიღი (?) – 1 ცალი; განჯა, ჰიჯრ. 1018 წელი (=1609/1610 წწ.) – 1 ცალი; განჯა, უთარიღო – 3 ცალი; ნახჩევანი, თარიღი (?) – 1 ცალი. 106 მონეტაზე, ა. მარკოვის ცნობით, ზარაფხანა და წელი არ იკითხებოდა.
    იმავე ადგილას 1896 წელს გაზაფხულზე კიდევ იპოვეს 10 ტალერი და 42 მონეტა, მოჭრილი ირანის სეფიანი შაჰების სახელით. მონეტები გადაადნეს.
    ევგ. პახომოვის განსაზღვრით, განძის ყველაზე ადრეული მონეტა ჰიჯრ. 1011 წლით (=1602/1603 წწ.) თარიღდება, გვიანდელი – ჰიჯრ. 1020 წლით (=1611/1612 წწ.). აქედან გამომდინარე, განძის ჩამარხვა XVII საუკუნის პირველ ნახევარში არის სავარაუდო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ მონეტებზე, სადაც ა. მარკოვი ზარაფხანის სახელად რემს კითხულობდა, თ. ქუთელიამ ზაგემი ამოიკითხა.
    6. 1967 წელს სოფ. ბირკიანში (ახმეტის რაიონი) შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანში მოთავსებული 21 ვერცხლის მონეტა. კომპლექსი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში.
    განძი შეიცავს 13 აბაზიანს, 6 მაჰმუდს და 2 შაჰს. 11 ცალი მოჭრილია სეფი I-ის (1629-1642 წწ.), 10 ცალი – აბასს II-ის (1642-1667 წწ.) სახელით.
    თბილისის ზარაფხანაში გამოშვებულია 10 ცალი, ზაგემში – 2, განჯაში – 1, ჰუვეიზაში – 1. 7 მონეტაზე ზარაფხანის სახელი არ იკითხება. განძი გვიანდელი მონეტის მიხედვით დამარხულია XVII საუკუნის შუა ხანებში.
    ამ განძის შემადგენლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აშკარაა თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტების უპირატესობა აღმოსავლეთ საქართველოს ფულად მიმოქცევაში.
    7. 1940 წელს სოფ. ნორიოში (გარდაბნის რაიონი) აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (წონით 1800 გრ.) დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში. თავდაპირველად აირჩა კომპლექსის კარგად შემონახული მონეტები 215 ცალის რაოდენობით და გატარდა სათანადო დავთარში (გფ. №№2266-2480). 280 ერთეული კი ინახებოდა ცალკე კოლოფში. მოგვიანებით, მათი ინვენტარიზაცია მოახდინა თ. ქუთელიამ (გფ. №№13081-13360). ამრიგად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში 495 მონეტა არის დაცული. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა სულეიმან I-ს (ჰიჯრ. 1077-1105 წწ.=1667-1694 წწ.) ეკუთვნის, 2 – აბას II-ს, და 1 – თაჰმასპ I-ს. ეს უკანასკნელი მონეტა განძის შემადგენლობაში, როგორც ჩანს, შემთხვევით მოხვდა და სავსებით შესაძლებელია მისი იგნორირება.
    კომპლექსის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია აბას II-ის (1642-1667 წწ.) სახელით, ხოლო გვიანდელი – ჰიჯრ. 1098 წელს (=1686/1687 წწ.). თარიღი იკითხება მხოლოდ 163 მონეტაზე, ზარაფხანის სახელი – 242 ცალზე. მათი უმრავლესობა – 222 ცალი გამოშვებულია თბილისის ზარაფხანაში, 11 – განჯაში, 4 – ჰუვეიზაში, 3 – ერევანში და თითო-თითო ცალი – ყაზვინსა და შემახიაში. 253 მონეტაზე ზარაფხანა არ იკითხება, მაგრამ მათი წონისა და გარეგნული ნიშნების მიხედვით, თ. ქუთელია ვარაუდობს, რომ უმრავლესობა თბილისის ზარაფხანას მიეკუთვნება. მისი დასკვნით, აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნას თბილისის ზარაფხანა აკმაყოფილებდა.
    განძის შემადგენლობაში ოთხი ნომინალი შედის: აბაზი, მაჰმუდი, შაჰი და ბისტი. განძში სულ 130 აბაზია, აქედან 82 მოჭრილია თბილისში, 5 – განჯაში, 2 – ერევანში და თითო-თითო ცალი შემახასა და ყაზვინში. 39 აბაზიანზე ზარაფხანა არ იკითხება. მაჰმუდი კომპლექსში 169 ცალია, 88 მოჭრილია თბილისში, 3 – განჯაში, 1 – ერევანში, 4 – ჰუვეიზაში, 73-ზე მოჭრის ადგილი არ იკითხება. შაჰი განძში 195 ცალია, 52 მოჭრილია თბილისში, 2 – განჯაში, 141-ზე ზარაფხანა არ იკითხება. კომპლექსში შემადგენლობაში შემავალი ერთადერთი ბისტი განჯაშია გამოშვებული.
    განძის შემადგენლობაში ძირითადად კონცენტრირებულია ჰიჯრ. 1086-1095 წლებში (=1675-1684 წწ.) მოჭრილი მონეტები, რაც ემთხვევა ქართლში გიორგი XI-ის პირველი მეფობის პერიოდს (1676-1688 წწ.). განძის ჩამარხვა უნდა მომხდარიყო ჰიჯრ. 1098 წლის (=1686/1687 წწ.) შემდეგ.
    8. 1895 წელს ქუთაისში აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგებოდა XVI-XVII საუკუნეების ოსმალური და ირანული ვერცხლის მონეტების და კირმანეულებისაგან, სულ 500 ცალი. ევგ. პახომოვის ცნობით, განძი შესანახად კავკასიის მუზეუმს გადაეცა.
    9. ბათუმის მიდამოებში, სამების მთის მწვერვალზე მდებარე ძველი ეკლესიის მახლობლად, 1913 წელს იპოვეს XVII საუკუნის ოსმალური და ირანული ვერცხლის წვრილი მონეტები, საერთო რიცხვით, 537 ცალი (იხ. XVII საუკუნის ოსმალური მონეტები, №2). მათ შორის იყო შაჰ სულეიმან I-ის (1667-1694 წწ.) სახელით მოჭრილი 4 მაჰმუდი და 1 შაჰი. ერთ-ერთ მაჰმუდზე იკითხებოდა ზარაფხანის სახელი თბილისი და თარიღი ჰიჯრ. 1098 წელი (=1686/1687 წწ.).
    10. 1830-1835 წლებში თბილისის გუბერნიის ყაზახის ოლქში სოფ. სალოღლიში აღმოჩნდა განძი 20 ვერცხლის ოსმალური და ირანულ მონეტისაგან. აქედან 7 აბაზიანი მოჭრილია თბილისში, ერევანსა და თავრიზში 1712-1716 წლებში და 13 ონლიქი სულთან აჰმედ III-ისა (1703-1730 წწ.) გამოშვებულია იმავე ქალაქებში. განძი გადაეცა აზიურ მუზეუმს სანკტ-პეტერბურგში.
    11. 1929 თუ 1930 წელს თბილისში გოგირდის აბანოების მიდამოებში იპოვეს ვერცხლის მონეტების დიდი განძი. აქედან 15 მონეტა ნახა დ. კაპანაძემ. მისი ცნობით, ყველა მათგანი მიეკუთვნებოდა თბილისის ზარაფხანას და მოჭრილი იყო ჰუსეინ I-ის სახელით ჰიჯრ. 1130 წელს (=1717/1718 წწ.) და ნადირ შაჰის მიერ ჰიჯრ. 1150 და 1151 წლებში (=1737-1739 წწ.).
    ცალკეულად აღმოჩენილი ირანული მონეტების სიას ჩვენ არ ვიძლევით, რადგან ისინი პრინციპულად არაფერს ცვლის. მათი რეესტრი გამოქვეყნებულია თ. ქუთელიას მიერ.

ბ) XVIII საუკუნის დასაწყისის სპილენძის მონეტების განძები:

    XVII-XVIII საუკუნეების სპილენძის მონეტების განძების აღმოჩენები ძალიან იშვიათია. მათი სია ასე გამოიყურება:
    1. 1959 წელს სოფ. ყანდაურაში (გურჯაანის რაიონი), საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავების დროს, შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანი, სადაც მოთავსებულ შალის მოქსოვილ წინდაში ჩაყრილი იყო სპილენძის მონეტები 164 ცალის რაოდენობით. აქედან 30 გატარებულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდის დავთარში (გფ. №№11290-11319), 134 იქვეა დაცული.
    თ. ქუთელიას მიხედვით, განძი შედგება ორმაგი ფულისგან (ნახევარბისტისგან), რომელიც მოჭრილია თბილისში ჰიჯრ. 1112 წელს (=1700/1701 წწ.) (5 ეგზემპლარი), 1114 წელს (=1702/1703 წწ.) (4 ეგზემპლარი), 1120 წელს (=1708/1709 წწ.) (10 ეგზემპლარი), 1124 წელს (1712/1713 წწ.) (45 ეგზემპლარი); დანარჩენი 100 ცალი მოჭრილია ჰიჯრ. 1130-1131 წლებში (=1717/18-1718/19 წწ.) ბაქარის სახელით. განძი ჩამარხულია 1719 წლის შემდეგ.
    2. 1962 წელს გორის რაიონის სოფ. ატენში შემთხვევით აღმოჩნდა 25 სპილენძის მონეტა. ამჟამად ისინი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11582-11606). განძი შედგება თბილისში მოჭრილი ორმაგი ფულისგან, რომელთა ემისიის წლებია: ჰიჯრ. 1112 წელი (=1700/1701 წწ.) (1 ცალი), 1114 წელი (=1702/1703 წწ.)  (1 ცალი), 1120 წელი (=1708/1709 წწ.)  (3 ცალი), 1124 წელი (1712/1713 წწ.) (6 ცალი), 1130-1131 წლები (=1717/18-1718/19 წწ.) (14 ცალი). განძი ყანდაურას სამონეტო კომპლექსის სინქრონულად უნდა ჩამარხულიყო.
    3. 1963 წელს სოფ. დისევში (ზნაურის რაიონი), საკარმიდამო მიწის დამუშავების დროს, აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, 60 ცალი.  განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11215-11274). განძი შეიცავს თბილისში გამოშვებულ ორმაგ ფულს, რომელიც მოჭრილია ჰიჯრ. 1114 წელს (=1702/1703 წწ.) (9 ცალი), 1120 წელს (=1708/1709 წწ.) (6 ცალი), 1124 წელს (=1712/1713 წწ.) (20 ცალი) და 1130 წელს (=1717/1718 წწ.) (25 ცალი). განძი, როგორც ჩანს, დამარხულია 1718 წლის შემდგომ.  
    4. ხაშურის რაიონის სოფ. წაღვლში დ. კაპანაძემ იპოვა სპილენძის მოკალული ქვაბი, რომელშიც 22 მონეტა იყო. ამჟამად განძი დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. განძი შედგება ორმაგი ფულისგან, რომელთა ემისიის წლებია: ჰიჯრ. 1112 წელი (=1700/1701 წწ.) – 1 ცალი, ჰიჯრ. 1120 წელი (=1708/1709 წწ.) – 1 ცალი, ჰიჯრ. 1124 წელი (=1712/1713 წწ.) – 5 ცალი, ჰიჯრ. 1130 წელი (=1717/1718 წწ.) – 7 ცალი, ჰიჯრ. 1131 წელი (=1718/1719 წწ.) – 4 ცალი; და ფულისგან, რომელიც დათარიღებულია ჰიჯრ. 1124 წლით (=1712/1713 წწ.) – 2 ცალი, ჰიჯრ. 1130-1131 წლებით (=1717/1718-1718/1719 წწ.) – 2 ცალი. განძი 1719 წლის შემდეგ არის ჩამარხული.
    5. 1939 წელს სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში 60 სპილენძის მონეტა შევიდა. ერმიტაჟის თანამშრომლის ი. დობროვოლსკის აზრით, ეს მონეტები განძი უნდა იყოს და ამიერკავკასიიდან მომდინარეობდეს. კომპლექსი შედგება XVIII საუკუნეში თბილისში მოჭრილი მონეტებისგან. ყველაზე ადრეული მათ შორის მოჭრილია ჰიჯრ. 1114 წელს (=1702/1703 წწ.), გვიანდელი – 1179 წელს (=1765/1766 წწ.). განძი XVIII საუკუნის მესამე მეოთხედში უნდა იყოს ჩამარხული, სამწუხაროდ, ამ განძის წარმომავლობის დადგენა, შეუძლებელია.

საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ევროპული მონეტების სია:

    ვინაიდან XVII-XVIII საუკუნეების ევროპული მონეტების განძების აღმოჩენის შემთხვევები საქართველოში არც თუ ისე ხშირია, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი სრული შემადგენლობაც კი ჩვენთვის უცნობია, ამიტომ, საერთო სურათის რეკონსტრუქციის მიზნით, ვიძლევით ცალკეულად ნაპოვნი მონეტების ჩამონათვალსაც. რ. ქებულაძის განცხადებით, ცალკეული ცალების და განძების სახით, საქართველოს ტერიტორიაზე ევროპულ მონეტათა აღმოჩენის 28 შემთხვევა არის ფიქსირებული:
    1. 1953 წელს მახარაძეში (ოზურგეთი) საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იპოვეს 414 ვერცხლის ევროპული მონეტა, საერთო წონით 8,5 კგ. მონეტები ჩაყრილი იყო სპილენძის ჭურჭელში. განძის 270 მონეტა გადაეცა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხოლო 144 ცალი – ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოხსენიებული განძი შემადგენლობის მხრივ სამ ნაწილად იყოფა. შედგება ავსტრიული, იტალიური და ესპანური მონეტებისაგან. ტალერების ძირითად ნაწილს შეადგენს ავსტრიის ერცჰერცოგების, ფერდინანდის (1564-1595 წწ.), მაქსიმილიანის (1612-1618 წწ.), ლეოპოლდის (1619-1632 წწ.) და გერმანიის იმპერატორების, რუდოლფ II-ის (1576-1612 წწ.) და ფერდინანდ II-ის (1619-1637 წწ.) სახელით ჰალეს, ენსისჰაიმის, გრაცის და კლაგენფურტის ზარაფხანებში მოჭრილი მონეტები. იტალიური ტალერები, ანუ დუკატო და ტალეროები დოჟ პასკუალე ჩიკონიას (1585-1595 წწ.), ფერდინანდო I (1587-1608 წწ.), კოზიმო II (1608-1621 წწ.) და ფერდინანდო II (1621-1670 წწ.) მედიჩების სახელით არის გამოშვებული. ესპანური მონეტები ფილიპე II-ს (1556-1598 წწ.), ფილიპე III-ს (1598-1621 წწ.) და ფილიპე IV-ს (1621-1665 წწ.) ეკუთვნის და როგორც საკუთრივ ესპანეთის, ისე ამერიკაში მისი კოლონიების ზარაფხანებშია მოჭრილი. განძის ადრეული მონეტა ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი 1564-1595 წლებში არის მოჭრილი, ხოლო ყველაზე გვიანდელი, ფილიპე IV-ის პესო – 1628 წელს. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოები 64 წლით განისაზღვრება. განძი XVII საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ უნდა ჩაემარხათ.
    2. 1932 წელს ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ძველი ციხის ნანგრევებში, აღმოჩნდა 29 მონეტა. აქედან 28 ვერცხლისაა და ევროპულია, ხოლო 1 – ოსმალური ალთუნია. განძის შემადგენლობა ასეთია: ავსტრია, ერცჰერცოგი ფერდინანდი (1564-1595 წწ.), ჰალეს ზარაფხანა – 2 ცალი; უნგრეთი, იმპერატორი რუდოლფ II (1576-1612 წწ.), კრემნიცის ზარაფხანა – 2 ცალი; ჰოლანდიის რესპუბლიკა, ზელანდიის პროვინცია, მიდელბურგის ზარაფხანა – 3 ცალი; ოვერიისელის პროვინცია, მათიასი, კამპენის ზარაფხანა – 6 ცალი; ესპანეთი, მოჭრილი მექსიკისთვის, ფილიპე III (1598-1621 წწ.) – 15 ცალი. ოსმალეთის სულთნის მურად III-ის (1574-1595 წწ.) მიერ მისრის ზარაფხანაში მოჭრილი ალთუნი – 1 ცალი. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტის მიხედვით, მისი ჩამარხვა არ უნდა მომხდარიყო XVII საუკუნის 20-იან წლებზე ადრე.
    3. 1965 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შევიდა აღმოსავლეთ საქართველოში ნაპოვნი XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის ორი ჰოლანდიური ლევენდაალდერი. მონეტები მპოვნელებმა დააზიანეს.
    4. 1904 წელს თბილისში, ხუდადოვის ტყეში, იპოვეს უნგრეთში იმპერატორ ფერდინანდ III-ის (1637-1657 წწ.) 1653 წელს მოჭრილი ტალერი.
    5. XIX საუკუნის 40-იან წლებში აფხაზეთში, სოფ. ბომბორის მახლობლად, აღმოჩნდა 1652 წლის ჰოლანდიური დაალდერი.
    6. 1895 წელს სოფ. ჭიკაანის (ყვარლის რაიონი) მახლობლად შემთხვევით მიაკვლიეს ვერცხლის მონეტების განძს, რომელიც 179 ცალს შეიცავდა. ისინი გადააგზავნეს სანკტ-პეტერბურგში, საიმპერატორო არქეოლოგიურ კომისიაში, სადაც  მონეტები განსაზღვრა ა. მარკოვმა. 17 ცალი აღმოჩნდა ტიროლის ტალერები, 15 ცალი – ერცჰერცოგ ფერდინანდის (1564-1595 წწ.) (უთარიღო), 2 ცალი – იმპერატორ რუდოლფ II-ის (1603, 1604 წწ.). დანარჩენი 162 ეგზემპლარი ეკუთვნოდა ირანის სეფიანებს, მოჭრილია სხვადასხვა ზარაფხანებში (იხ. XVII-XVIII საუკუნეების ირანული ვერცხლის მონეტები, №5). აქედან 106 მონეტაზე თარიღი არ იკითხება, ხოლო რომლებზეც იკითხება, მათ შორის გვიანდელი მოჭრილია ჰიჯრ. 1020 წელს (=1611/1612 წწ.).
    1896 წელს იმავე ადგილას უპოვიათ კიდევ 10 ტალერი და სეფიანთა 42 მონეტა, რომლებიც მთლიანად ზარაფხანაში გაუგზავნიათ გადასადნობად.
განძის ჩამარხვის დროდ შეიძლება ვივარაუდოთ XVII საუკუნის პირველი მეოთხედი.
    7. XIX საუკუნეში საგარეჯოს რაიონის სოფ. გომბორთან, მდ. იორზე ხიდის მშენებლობის დროს, იპოვეს ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი.
    8. XX საუკუნის 10-იან წლებში ოზურგეთის მაზრის სოფ. მელექედურში აღმოჩნდა XVII საუკუნის ევროპული მონეტების განძი. მათ შორის ერთი მონეტა, ევგ. პახომოვის განსაზღვრით, ესპანური პესო იყო.
    9. 1942-1943 წლებში ქუთაისში იპოვეს ესპანური პესო (თარიღი უცნობია).
    10. 1955 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ურთაში აღმოაჩინეს XVI-XVII საუკუნეების ესპანური პესოები.
    11. 1959 წელს გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფ. ლეხაინდრაოსთან იპოვეს XVII საუკუნის ესპანური პესო.
    12. 1964 წელს სოფ. წყნეთის საშუალო სკოლის მასწავლებელს, ა. კეკელიას გადასცეს ამავე სოფელში აღმოჩენილი ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი.
    13. 1960 წელს ახალციხის ძველ ნაწილში სახლის მშენებლობის დროს წააწყდნენ თიხის ჭურჭელს, ვერცხლის მონეტების განძით, რომელიც შეიცავდა 1620-1626 წლების 3 ავსტრიულ ტალერს, XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის სამოცამდე ესპანურ პესოს და ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 6 ონლიქს (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №4). განძის დამარხვა XVIII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს არის სავარაუდო. კომპლექსი დაცულია ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
    14. 1941 წლის ნოემბერში ქუთაისში, კათოლიკური ეკლესიის ეზოში, თხრილის გაყვანის დროს იპოვეს 21 ოქროს მონეტა (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №1). განძი შერეული ხასიათის არის და შეიცავს ვენეციურ დუკატებსა (8 ცალი) და ოსმალურ ალთუნებს (13 ცალი). დუკატები მოჭრილია შემდეგი დოჟების სახელით: ჯოვანი კორნერი (1709-1722 წწ.) – 4 ცალი, სებასტიანო მოჩენიგო (1722-1731 წწ.) – 2 ცალი და კარლო რუცინი (1731-1735 წწ.) – 2 ცალი. ოსმალური ალთუნები ეკუთვნის აჰმედ III-ს (1703-1730 წწ.) და  მაჰმუდ I-ს (1730-1754 წწ.). განძი, ალბათ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასასრულს არის ჩამარხული.
    15. 1965 წელს საგარეჯოს რაიონის სოფ. პატარძეულში აღმოჩნდა 1752 წლის ჰოლანდიური დუკატი.
    16. 1927 წელს სოხუმის რაიონის სოფ. ნეიდორფში იპოვეს ალოიზი მოჩენიგოს (1763-1779 წწ.) დუკატები.
    17. 1939 წელს დუშეთის რაიონის სოფ. ანანურში, ძველი ციხის მთავარი კოშკის გასუფთავებისას, აღმოაჩინეს ჯოვანი კორნელის (1709-1722 წწ.) დუკატის ნატეხი.
    ამის შემდეგ, რ. ქებულაძე ცალკე იხილავს და ჩამოთვლის ევროპული ვერცხლის მონეტების მცირე ნომინალებს. მისი სიტყვებით, საქართველოში ოქროს დუკატების და ტალერული მონეტებს გარდა, ვერცხლის მცირე ნომინალებიც ყოფილა გავრცელებული, სახელდობრ, პოლონეთ-ლიტვის სამეფოს და ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს ორტები და პოლტორაკები. უკანასკნელ პოლიტიკურ ერთეულში პოლტორაკები დრაიპოლკერის სახელწოდებით იყო ცნობილი. მოგვყავს ამ მონეტების სია (ნუმერაციას ვაგრძელებთ):
    18. 1954 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოების დროს, იპოვეს ვერცხლის ევროპული მონეტები – 33 ცალი. განძი შედგება პოლონური (30 ცალი) და ბრანდენბურგ-პრუსიული ორტებისგან. პოლონური მონეტები სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) სახელით 1621-1626 წლებშია მოჭრილი ბიდგოშის და გდანსკის ზარაფხანებში, ხოლო ბრანდენბურგ-პრუსიული – კურფიურსტის, გეორგ ვილჰელმის (1619-1640 წწ.) სახელით 1622-1624 წლებში კროსენის ზარაფხანაში. განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი 5 წელია და მისი ჩამარხვა 1626 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.
    19. 1955 წელს სამგორის რაიონის სოფ. შინდისში, მიწის დამუშავების დროს, აღმოჩნდა 25-ზე მეტი პოლონური ორტა. ამ განძიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შევიდა მხოლოდ 3 მონეტა, ყველა მათგანი ეკუთვნის სიგიზმუნდ III-ს (1587-1632 წწ.) და მოჭრილია 1623 წელს გდანსკში, 1624 წელს – ბიდგოშის ზარაფხანაში და 1625 წელს – გდანსკში.
    20. 1942 წელს თბილისში, ყოფილი ტრამვაის პარკის ტერიტორიაზე, ლიანდაგის შეკეთების დროს იპოვეს ვერცხლის 22 ევროპული მონეტა. განძი შედგება პოლონური პოლტორაკების და ბრანდენბურგ-პრუსიული დრაიპოლკერებისგან. აქედან 19 ცალი პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ს (1587-1632 წწ.) ეკუთვნის და მოჭრილია ბიდგოშის ზარაფხანაში, ხოლო 3 ცალი – ბრანდენბურგ-პრუსიის მარკგრაფ გეორგ-ვილჰელმს (1619-1640 წწ.) და მოჭრილია კროსენის ზარაფხანაში. განძი შეიძლება ჩაემარხათ XVII საუკუნის მეორე ნახევარში.
    21. 1958 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭანჭათში მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელშიც იყო პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) 2 ორტა, მოჭრილი 1622-1623 წლებში ბიდგოშის ზარაფხანაში, ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 24 ახჩა და მაჰმუდ I-ის (1730-1757 წწ.) – 58 ახჩა (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №7). მ. ანთაძის დაკვირვებით, განძი გურიაში XVIII საუკუნის მეორე  ნახევარშია ჩაფლული.
    22. 1895 წელს ახალციხის რაიონის სოფ. წყორძაში იპოვეს ესპანური, ჰოლანდიური, ფრანგული, პოლონური და ტიროლური თითო მონეტა. თარიღები დაკონკრეტებული არ არის.
    23. 1900-იან წლებში მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ზედაუბნის მიდამოებში, მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს, მიაკვლიეს პოლონური მონეტების განძს. კონკრეტული ინფორმაცია ლიტერატურაში დაცული არ არის.
    24. 1944 წელს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯაგირას მახლობლად, ჩამორეცხილი გზის პირას, იპოვეს პოლონური ვერცხლის მონეტა.
    25. დაახლოებით 1945-1950 წლებში დასავლეთ საქართველოში აღმოუჩენიათ ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც მპოვნელებმა დაინაწილეს. ორი ცალი ამ კომპლექსიდან მიიტანეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ისინი ეკუთვნოდა სიგიზმუნდ III-ს და გეორგ- ვილჰელმ ბრანდენბურგელს.
    26. 1950 წელს გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფ. ნოჯიხევში იპოვეს სიგიზმუნდ III-ის 1624 წლის ორტა.
    27. 1956 წელს ახალციხის რაიონის სოფ. თისელში იპოვეს სიგიზმუნდ III-ის ორტა.
    28. დაახლოებით 1960-1963 წლებში აბასთუმნის ტყეში, სახლის საძირკვლის გათხრის დროს, აღმოჩნდა პოლონური მონეტების განძი, რომელიც ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეიძინა. განძი შედგება 1622-1626 წლებში ბიდგოშის და გდანსკის ზარაფხანებში მოჭრილი ორტებისგან.