ქვეჯგუფი: ოსმალური საოკუპაციო მონეტები
ტიპი: ქვეჯგუფი: ოსმალური საოკუპაციო მონეტები

აღწერა,ფოტო:
ოქრო. ალთუნი. წონა – 3,47 გრ. d=19 მმ.
ოქრო. ალთუნ-აშრეფი (ორმაგი ალთუნი). წონა – 6,15 გრ. d=30/32 მმ.
ვერცხლი. ონლიქი. წონა დაახლ. 5,3 გრ. d=26-27 მმ.
ვერცხლი. ბეშლიქი. წონა დაახლ. 2,65 გრ. d=18 მმ.
ვერცხლი. ნიმბეშლიქი. წონა დაახლ. 1,26 გრ. d=14 მმ.
სპილენძი.  წონა – 7,65 გრ. d=15/22 მმ.


ოქრო. ალთუნი.

შუბლი
: ცენტრში „თუღრა“ – სულთან აჰმედ III-ის სახელის დაქარაგმება.

ზურგი
: მოჭრის ადგილი და თარიღი სამ სტრიქონად (არაბულად) – იჭედა თბილისს, 1115 (წელს) (=1703/1704 წწ.). ირგვლივ ორმაგი რკალი, წერტილოვანი და ხაზოვანი. თარიღი ინიციალურია და აღნიშნავს სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) ტახტზე ასვლის წელს. როგორც წესი, ოსმალეთში ყველა მონეტა თარიღდებოდა სულთნის ტახტზე ასვლის წლით.


ოქრო. ალთუნ-აშრეფი (ორმაგი ალთუნი).

შუბლი
: ცენტრში „თუღრა“, ქვემოთ მოჭრის ადგილი და თარიღი არაბულად – იჭედა თბილისს, 1115 (წელს) (=1703/1704 წწ.).

ზურგი
: სულთნის მედიდური ეპითეტი ოთხ სტრიქონად (არაბულად) – სულტანი ორი ხმელეთისა და მპყრობელი ორი ზღვისა, სულტანი ძე სულტნისა. ირგვლივ წერტილოვანი რკალი.


ვერცხლი. ონლიქი, ბეშლიქი, ნიმბეშლიქი.

შუბლი: მონეტის ცენტრში „თუღრა“, მის ქვემოთ  სამ სტრიქონიანი არაბული ზედწერილი – იჭედა თბილისს, 1115 (წელს) (=1703/1704 წწ.).

ზურგი
: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი – სულტანი ორი ხმელეთისა და მპყრობელი ორი ზღვისა, სულტანი ძე სულტნისა. ირგვლივ ორმაგი რკალი, ხაზოვანი და წერტილოვანი.


სპილენძი.

შუბლი
: მონეტის ცენტრში „თუღრა“, ირგვლივ წერტილოვანი რკალი.

ზურგი
: არაბული ზედწერილი სამ სტრიქონად – იჭედა თბილისს, 1143 (წელს) (=1730/1731 წწ.).



სამეცნიერო კომენტარი:
    ამასიის ზავის თანახმად (1555 წ.), საქართველო ორი დიდი სახელმწიფოს, სეფიანთა ირანის და ოსმალეთის, ჰეგემონიის ქვეშ მოექცა. აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთი აკონტროლებდა, დასავლეთს – სულთანი
    ჯერ კიდევ თაჰმასპ I-ის (1524-1576 წწ.) დროს ზაგემის ზარაფხანაში სპარსული ვერცხლის მონეტები მოიჭრა (იხ. XV-XVI საუკუნეების ქართველ მეფე-მთავართა მონეტები). XVII საუკუნიდან ირანული საოკუპაციო მონეტების ემისიას თბილისის ზარაფხანაც იწყებს.
    დ. კაპანაძის მიხედვით, XVII-XVIII საუკუნეებში თბილისში მოჭრილ ვერცხლის მონეტებზე აღბეჭდილია ირანის შემდეგი შაჰების სახელები: აბას I (1587-1629 წწ.), სეფი I (1629-1642 წწ.), აბას II (1642-1667 წწ.), სულეიმანი (1667-1694 წწ.), ჰუსეინი (1694–1722 წწ.), აბას III (1731-1736 წწ.) სეფიანთა საგვარეულოდან; ნადირ-შაჰი (1736-1747 წწ.), იბრაჰიმ-შაჰი (1748 წ.) და შაჰ-როჰი (1748-1796 წწ.) ავშარიანთა საგვარეულოდან; ქერიმ-ხან ზენდი (1750-1779 წწ.). ყველაზე მეტი გავრცელება საქართველოში ვერცხლის აბაზიანს ჰქონია, შემდეგ მის წილადებს – ორშაურიანს, მაჰმუდს, ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ, უზალთუნს, შედარებით იშვიათად შაური ჩნდება, რომელიც აბაზის მეოთხედს უდრიდა. გაცილებით მეტ იშვიათობას წარმოადგენს მსხვილი ნომინალები: მარჩილი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ბრიტანეთის კატალოგის ჩანაწერით, შემდეგ – ნახევარი მარჩილი (უდრის ექვსშაურიანს ანუ 1,5 აბაზიანს) და ფანჯშაჰი (ანუ ხუთშაურიანი).
    ვერცხლის ფულის უკნინესი ნომინალი ბისტი იყო (2,5 ბისტი შაურს უდრიდა), რომელსაც სპეციალური დანიშნულებისათვის, გამონაკლისის სახით და განსაზღვრული რაოდენობით, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჭრიდნენ; მაგ., ნოვრუზ ბაირამის დროს მოწყალების დასარიგებლად.
    დ. კაპანაძე იმასაც აღნიშნავს, რომ წერილობითი ცნობების საფუძველზე თითქოს საქართველოში ოქროს შაურიანებიც მოუჭრიათ და ცირკულაციაში ვერცხლის ფულის უფრო მსხვილი ნომინალებიც ყოფილა ჩართული, სახელდობრ, მინალთუნი, მაგრამ ფაქტობრივი მასალით არც ერთი და არც მეორე არ დასტურდება.
    XVII-XVIII საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში ვერცხლის მონეტები ირანული სამონეტო სისტემის მიხედვით იჭრებოდა, რომლის ძირითადი ერთეული იყო შაჰ-აბას I-ის მიერ შემოღებული ნომინალი – აბაზი, სტანდარტული წონით 7,76 გრამი. აბაზის თეორიული წონა უცვლელი დარჩა 1717 წლამდე, როდესაც შაჰ-ჰუსეინის ბრძანებით, აბაზის წონა შემცირდა 5,40 გრამამდე. 1721 წელს აბაზის წონა კიდევ ერთხელ შემცირდა და შეადგინა 4,63 გრამი.

ვერცხლი.
    აბაზი – წონა 1604/1605-1717 წლებისათვის დაახლ. 7,5 გრ.; 1717/18-1765/1766 წლებისათვის დაახლ. 5 გრ. კლების ტენდენციით.  d≈17-25 მმ.
    ორი შაური (მაჰმუდი, იგივე უზალთუნი) – წონა 1604/1605-1717 წლებისათვის დაახლ. 3,7 გრ.; 1717/18-1765/1766 წლებისათვის დაახლ. 2,6 გრ. d≈19 მმ.
    შაური (შაჰი) – წონა 1604/1605-1717 წლებისათვის დაახლ. 1,7 გრ.-1,8 გრ.; 1717/18-1765/1766 წლებისათვის დაახლ. 1,2 გრ. d≈13-16/19 მმ.
    ბისტი – წონა 1715 წლისათვის 0,68 გრ, 1717/1718 წლებისათვის 0,41 გრ. d≈9 მმ.
    მარჩილი (თორმეტი შაური ანუ 3 აბაზი) – წონა 1748/1749 წლისათვის 13,83 გრ. d≈26 მმ.
    ნახევარი მარჩილი (ექვსი შაური ანუ 1,5 აბაზი) – წონა 1735 წლისათვის დაახლ. 7,08 გრ. d≈24 მმ.
    ფანჯშაჰი (ხუთი შაური) – წონა 1604/1605-1717 წლებისათვის დაახლ. 8, 5 გრ. d≈18/25-31/32 მმ.
    ნადირი – წონა 1739 წლისათვის 11,56 გრ. d≈23/24 მმ.
    ნახევარი ნადირი – 1737/1738 წლებისათვის 6,88 გრ. d≈17-19 მმ.

    ვერცხლის მონეტების ძირითადი მონახაზი თითქმის იდენტურია.

შუბლი: ოთხსტრიქონიანი არაბული ზედწერილი, შიიტური რწმენის ფორმულა – არ არს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, მუჰამმადი მოციქულია ალლაჰისა, ალი თანაგამზრახია ალლაჰისა.
ზურგი: ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი – სიწმინდის ხელმწიფის მონა აბასი, იჭედა თბილისს. მონეტების ლეგენდებში მოხსენიებულ „სიწმინდის ხელმწიფისა“ და „შაჰის“ ქვეშ იგულისხმება იმამი ალი. აბას I-ის სახელს ეტაპობრივად ენაცვლება შემდეგი შაჰების სახელები: სეფი I (1629-1642 წწ.), აბას II (1642-1667 წწ.), სულეიმანი (1667-1694 წწ.), ჰუსეინი (1694–1722 წწ.), აბას III (1731-1736 წწ.) სეფიანთა საგვარეულოდან; ნადირ-შაჰი (1736-1747 წწ.), იბრაჰიმ-შაჰი (1748 წ.) და შაჰ-როჰი (1748-1796 წწ.) ავშარიანთა საგვარეულოდან; ქერიმ-ხან ზენდი (1750-1779 წწ.). თითქმის ყველგან მოცემულია თარიღი ჰიჯრით.

    ნადირ-შაჰის დროს, ადრე არსებული სამონეტო სისტემის გვერდით (რომლის საფუძველი აბაზი იყო), ჩნდება ახალი სისტემა, რომელიც შაჰმა ინდოეთიდან გადმოიტანა. მისი საფუძველი რუპია ანუ ნადირი (დაახლ. 11,5 გრ.) იყო. იჭრებოდა მცირე ნომინალებიც. თბილისში ვერცხლი ნაწილობრივ ძველი სისტემით იჭრება – ექვსი შაური (1,5 აბაზი), აბაზი (ამ დროს ის 4,6 გრამია), მაჰმუდი და შაური (შაჰი); ნაწილობრივ კი ახლით – 1 რუპია ანუ ნადირი (უდრის 2,5 აბაზს, წონა დაახლ. 11,5 გრამია).

შუბლი: სპარსული ზედწერილი – მსოფლიოს სულტანთა სულტანი, შაჰან-შაჰი ნადირი, საჰებყერანი.
ზურგი: სპარსული ზედწერილი – იჭედა თბილისს და სხვადასხვა თარიღი ჰიჯრით.

    ევგ. პახომოვის მიხედვით, ირანის შაჰის სახელით პირველი ვერცხლის მონეტა თბილისში ჰიჯრ. 1013 წელს (=1604/1605 წწ.) მოიჭრა, ის დრეზდენის მუზეუმში ყოფილა დაცული.
    თ. ქუთელიას მიხედვით, 1604-1616 წლებს შორის უნდა იყოს მოჭრილი შაჰ-აბას I-ის აბაზიანი.
    თბილისის ზარაფხანაში ირანული ვერცხლის მონეტები იჭრებოდა ჰიჯრ. 1179 წლის  (=1765/1766 წწ.) ჩათვლით. ამავე დროიდან იწყება ერეკლე II-ის ვერცხლის მონეტების ემისია (სირმა-ვერცხლი).
    თბილისის ზარაფხანის პარალელურად,  XVII საუკუნეში ვერცხლის მონეტები იჭრებოდა ზაგემის ზარაფხანაშიც შაჰ-აბას I-ის (1587-1629 წწ.) და შაჰ-სეფი I-ის (1629-1642 წწ.) სახელით.
    ვერცხლის მონეტების გარდა, თბილისის ზარაფხანა ირანული ყაიდის სპილენძის ფულსაც ჭრიდა. XVI-XIX საუკუნეებში ირანის მთელ ტერიტორიაზე ერთი სახის სპილენძის ფული იჭრებოდა. მონეტის შუბლზე მოთავსებულია რაიმე გამოსახულება, ხოლო ზურგზე – სპარსული წარწერა, რომელშიც მოცემულია ზარაფხანის სახელი და მოჭრის თარიღი. ირანული სპილენძის მონეტების შუბლზე ორმოცამდე გამოსახულებაა – ფარშევანგი, ბატი, ქათამი, მამალი, თუთიყუში, არწივი და კაკაბი, აქლემი, თხა, ცხვარი, ნიამორი, ანტილოპა, სპილო, მარტორქა, ლომი და მზე, ლომი ხმლით მზის ფონზე, მხედარი ხმლით და სხვ. ირანული სპილენძის მონეტის ზურგზე მოთავსებული სპარსული წარწერა ასე იკითხება: „ფულუსი იჭედა“, შემდეგ ზარაფხანის სახელი და თარიღია. ტერმინი ფულუსი ნომინალს არ აღნიშნავს. ის მხოლოდ სამონეტო ლითონზე, სპილენძზე მიგვანიშნებს.

    სპილენძი.
    ნახევარი ბისტი – წონა დაახლ. 8,5 გრ. d≈22-28 მმ.
    ფული – წონა დაახლ. 4,5 გრ. d≈26 მმ.
    ნახევარი ფული – წონა დაახლ. 2,93 გრ. d≈21 მმ.

    სპილენძი. ზოგადი ქრონოლოგია – 1605/1606 წწ.-XVIII საუკუნის დასაწყისი; 1735/1736 წწ.

შუბლი: მარჯვნივ მიმართული ლომი, რომლის ზურგს უკან ამომავალი მზეა გამოსახული (ალტერნატიული ვარიანტებია – ირემი, ხარი, ცხენი, ფარშევანგი, მარტორქა და აშ.)
ზურგი: სპარსული ზედწერილი – იჭედა ფულუსი თბილისს, ზოგჯერ თარიღი ჰიჯრით.

    საინტერესო საკითხია, თუ როდის დაიწყო თბილისის ზარაფხანაში სპილენძის მონეტების ემისია.
     თბილისში მოჭრილ ერთ-ერთ ანონიმურ სპილენძის მონეტაზე (ლომის გამოსახულით შუბლსა და ზურგზე) მოთავსებული თარიღი ცნობილმა ორიენტალისტებმა რ. სტ. პულმა, ა. მარკოვმა და ევგ. პახომოვმა, აგრეთვე დ. კაპანაძემ წაიკითხეს როგორც ჰიჯრ. 1014 წელი (=1605 წლის მაისი-1606 წლის მაისი). აქედან გამომდინარე, ევგ. პახომოვი თვლიდა, რომ ეს იყო პირველი ანონიმური სპილენძის მონეტა, რომელიც თბილისის ზარაფხანაში მოიჭრა.
    თბილისის ზარაფხანა ირანული სპილენძის მონეტებს ჭრიდა XVIII საუკუნის დასაწყისამდე. 1708 წლიდან 1719/1720 წლებამდე კი სპილენძის მონეტებს უკვე ჭრიან ქართლის მმართველები: ვახტანგი, სიმონი და ბაქარი (ვახტანგ VI-ის სპილენძის მონეტები სამანძიანი ხომალდის გამოსახულებით, სიმონის სპილენძის მონეტები ფრთოსანი ურჩხულის გამოსახულებით, ბაქარის სპილენძის მონეტები ფარშევანგის  გამოსახულებით). შემდეგ, 1723-1735 წლებში, ოსმალური საოკუპაციო მონეტები გამოდიოდა. თბილისში სეფიანთა დინასტიის მიერ მოჭრილი უკანასკნელი სპილენძის მონეტა ჰიჯრ. 1148 წლით (=1735/1736 წწ.) თარიღდება. ამის შემდგომ, სპილენძის მონეტების ემისიას მხოლოდ ქართველი მეფეები ახორციელებდნენ.  
    როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მონეტის გამოშვებამდე თბილისის ზარაფხანაში სპილენძის ფულები იჭრებოდა ჯერ ქართლის მმართველთა სახელით  (1708-1719/1720 წწ.), ხოლო შემდგომ ეს იყო ოსმალური საოკუპაციო მონეტები.
    1723-1735 წლებში აღმოსავლეთ საქართველო ოსმალების მიერ იყო ოკუპირებული და თბილისშიც ოსმალები ისხდნენ. ამ პერიოდში თბილისის ზარაფხანა სულთნის სახელით ჭრის მონეტებს. მაგრამ ვიდრე მათ აღწერას შევუდგებოდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ოსმალური მონეტა უფრო ადრე მოიჭრა ქალაქ არტანუჯში.
    სპეციალური ლიტერატურიდან მომდინარე ცნობების და ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, მ. ანთაძის აზრით, თითქოს დასტურდება სულთნის დაქვემდებარებაში მყოფი არტანუჯის ზარაფხანის ფუნქციონირება XVI საუკუნეში.
    არტანუჯში მოჭრილი პირველი ახჩები სულთან სულეიმან I-ის (1520-1566 წწ.) ტახტზე ასვლის პირველი წლით, ჰიჯრ. 926 წლით (=1520 წ.) თარიღდება.
    მ. ანთაძე ოსმალური მონეტის ემისიას არტანუჯში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით, 1520 წელს ოსმალთა ჯარის სამცხე-საათაბაგოში ლაშქრობით ხსნის. მისივე ვარაუდით, 1520 წლის შემოდგომაზე ოსმალებმა დროებით დაიკავეს ქ. არტანუჯი და მოჭრეს აქ საოკუპაციო მონეტები.
    თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ არტანუჯში ხელახლა უნდა მოჭრილიყო ფულის ორი ნომინალი – ახჩა და ალთუნი, რომლებიც სელიმ II-ის (1566-1574 წწ.) ზეობის პირველი წლით, ჰიჯრ. 974 წლით (=1566/1567 წწ.) არის დათარიღებული.
    არტანუჯში სამონეტო საქმის განახლებას მ. ანთაძე უკავშირებს ოსმალეთის ექსპანსიის წარმატებას და ამასიის ზავს (1555 წ.), რომლის თანახმადაც, სამცხე-საათაბაგოდან ოსმალებს ერგო ტაო, შავშეთი და კლარჯეთი. ოსმალეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა არტანუჯიც.
    შემდგომ პერიოდში არტანუჯში მოჭრილი მონეტები, ფაქტობრივი მასალის მიხედვით, ჯერჯერობით არ დასტურდება.
    დავუბრუნდეთ 1723-1735 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს ოკუპაციას ოსმალთა მიერ. ცხადია, მათ ხელში აღმოჩნდა თბილისის ზარაფხანაც და აქ განხორციელდა ოსმალური ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტების ემისია.
    მასალის აღწერას ოქროს მონეტით (ალთუნით) ვიწყებთ. ის აღმოჩნდა 1941 წელს ქუთაისში, კათოლიკური ეკლესიის ეზოში, დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
    ჰიჯრ. 1115 წლით (=1703/1704 წწ.) დათარიღებული ალთუნის (ოქროს მონეტის) წონაა 3,47 გრამი (ზემოთ აღწერილი პირველი მონეტა). d=19 მმ.
    უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდა ალთუნისა, თბილისის ზარაფხანაში ამ დროს მოიჭრა ორმაგი ალთუნი – ალთუნ-აშრეფი, რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ ერთ ცალად და დაცული იყო კონსტანტინოპოლის მუზეუმში. 1965 წელს იდენტური მონეტა, ევგ. პახომოვის კოლექციის დანარჩენ მონეტებთან ერთად, გადაეცა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს (ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №4975. წონა – 6,15 გრ. d=30-32 მმ.) (ზემოთ აღწერილი მეორე მონეტა).
    თბილისის ზარაფხანა უშვებდა აგრეთვე ვერცხლის სხვადასხვა ნომინალს: ონლიქს, ბეშლიქსა და ნიმბეშლიქს, რომლებიც, შესაბამისად, სპარსული ყაიდის აბაზიანს, ორშაურიანსა და შაურიანს უდრის.
    ჰიჯრ. 1115 წლით (=1703/1704 წწ.) დათარიღებული ონლიქის წონა დაახლ. 5,32 გრამია (ზემოთ აღწერილი მესამე მონეტა). d≈26 მმ.
    ონლიქი თბილისში იჭრებოდა მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.) დროსაც. ემისიის თარიღად მითითებულია ჰიჯრ. 1143 წელი (=1730/1731 წწ.) (წონა დაახლ. 5,30 გრ. d≈26-27 მმ.).
    თბილისში მოჭრილი ბეშლიქი ჰიჯრ. 1115 წლით თარიღდება და მისი გარეგნული სახე არ განსხვავდება ონლიქისაგან. ევგ. პახომოვის მიერ აღწერილი ეგზემპლარის წონა შეადგენს 2,65 გრამს.
    ოსმალური ვერცხლის ფულის მესამე ნომინალი, რომელიც თბილისში მოიჭრა, არის ნიმბეშლიქი. როგორც მ. ანთაძე შენიშნავს, ის უაღრესად იშვიათი მონეტაა და ჯერჯერობით მხოლოდ ორ ცალად არის ცნობილი. მისი მოჭრის თარიღად მითითებულია ჰიჯრ. 1115 წელი (=1703/1704 წწ.). გარეგნულად ისეთივეა, როგორც ამავე წლის ონლიქი. წონა დაახლ. 1,26 გრამია.
    ოსმალთა ბატონობის პერიოდში თბილისის ზარაფხანაში მოუჭრიათ სპილენძის მონეტაც, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშია დაცული და ის ჯერ დ. კაპანაძემ, ხოლო შემდეგ მ. ანთაძემ გამოაქვეყნა.
    სპილენძის მონეტის წონა შეადგენს 7,65 გრამს (ზემოთ აღწერილი მეოთხე მონეტა). d=15/22 მმ.
    აღმოსავლეთ საქართველოს ოკუპაცია ოსმალთა მიერ მხოლოდ 12 წელიწადს გაგრძელდა და, მიუხედავად ამისა, მათ თბილისის ზარაფხანაში მოასწრეს თავიანთი სამონეტო სისტემის რამდენიმე ნომინალის – ალთუნის, ალთუნ-აშრეფის, ონლიქის, ბეშლიქის, ნიმბეშლიქის და სპილენძის მონეტების – ემისია.
ზარაფხანა: თბილისი.
ნომინალი: ოქრო. ალთუნ-აშრეფი (ორმაგი ალთუნი) – წონა 6,15 გრ. ოქრო. ალთუნი – წონა 3,47 გრ. ვერცხლი. ონლიქი – წონა დაახლ. 5,3 გრ. ვერცხლი. ბეშლიქი – წონა დაახლ. 2,65 გრ. ვერცხლი. ნიმბეშლიქი – წონა დაახლ. 1,26 გრ. სპილენძი. წონა 7,65 გრ.
თარიღი: 1723-1735 წწ.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №№1136-1139, ქფ. №1177, ქფ. №1577, ქფ. №№1597-1618, ქფ. №№2450-2454, ქფ. №№2457-2462, ქფ. №№4975-4991, ქფ. №5009, ქფ. №5017, ქფ. №№5018-5020; გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №5086.
ბიბლიოგრაფია:
მ. ანთაძე. თბილისში მოჭრილი იშვიათი ოსმალური ოქროს მონეტა. ძეგლის მეგობარი. № 23. თბ. 1970; საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით. თბ. 1982; არტანუჯის ზარაფხანა. ჟურნ. „ფიროსმანი“. 2008 წ. გაზაფხული, № 4.

პ. გუგუშვილი. ფულის ნიშნები და ტრიალი საქართველოსა და ამიერკავკასიაში XIX საუკუნეში. თსუ შრომები. VI. თბ. 1936.

გ. დუნდუა. ფული საქართველოში. თბ. 2003 (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა) (თ. დუნდუასთან, ნ. ჯავახიშვილთან და ა. ერისთავთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკა. II. თბ. 2011  (თ. დუნდუასთან თანაავტორობით); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი. თბ. 2009 (ირ. ჯალაღანიასთან თანაავტორობით).

დ. კაპანაძე. ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

რ. ქებულაძე. სირმა-ვერცხლის მიმოქცევის ხანგრძლივობა საქართველოში. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე (სსსრმამ). ტ. 53. № 3. თბ. 1969;  ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში. თბ. 1971.

ნ. ქოიავა. ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის საქართველოში. თბ. 1963.

თ. ქუთელია. კახეთის სამეფოს უცნობი ზარაფხანა. ძეგლის მეგობარი. № 23. თბ. 1970; თბილისის ზარაფხანა XVII-XVIII სს. (ვერცხლის ფული). აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XXXIII-B. თბ. 1978; ირანული სპილენძის ფულის კატალოგი. თბ. 1990.

Д. Г. Капанадзе. Грузинская нумизматика. М. 1955.

Т. С. Кутелия. Грузия и Сефевидский Иран (по данным нумизматики). Тб. 1979.

Е. А. Пахомов. Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII-XVIII вв. Отдельный оттиск из т. III, «Востоковедение». Изд. вост. факультета Азерб. Гос. Университета. Баку. 1928; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. вып. III. Баку. 1940; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. вып. IV. Баку. 1949; Монетные клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа. Вып. VIII. Баку. 1959; Монеты Грузии. Тб. 1970.

უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების უცხოური მონეტების განძები



     XVII-XVIII საუკუნეების უცხოური მონეტების განძების რეესტრის შედგენას ოსმალური მასალით ვიწყებთ.

საქართველოში ნაპოვნი XVII საუკუნის ოსმალური მონეტების განძები:

    1. 1945 წელს მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ლიხაურში აღმოჩნდა მოზრდილი განძი. ეს კომპლექსი შეიცავს ასიოდე ოსმალურ ახჩას, დაახლოებით 1000-ზე მეტ მათ მინაბაძს და 20-მდე სხვადასხვა ზომის ვერცხლის ფირფიტას. ეს ფირფიტები სისქით და ლითონის ხარისხით ამ მინაბაძებს ესადაგება და დ. კაპანაძის აზრით, აშკარა ხდება, რომ ისინი მინაბაძების მოსაჭრელი ნამზადია. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ „... ამ ნამზადთა შორის ორი თუ სამი ფირფიტა ჯვრის მოყვანილობისაა და ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიეცეს, რადგან ეს იმას მოწმობს, რომ მინაბაძების მომჭრელი თვითონ ქრისტიანი თუ არ იყო, ქრისტიან მოსახლეთა შორის (ე.ი. ჩვენში, საქართველოში) ცხოვრობდა“.
    მ. ანთაძემ ლიხაურის განძის მონეტები სამ ნაწილად დაყო:
    I. მურად III-ის (1574-1595 წწ.) ახჩები, რომლებიც ძირითადად ხანჯის ზარაფხანაშია მოჭრილი.
    II. მეჰმედ IV-ის (1648-1687 წწ.) და აჰმედ II-ის (1691-1695 წწ.) სახელით მოჭრილი მონეტები, დამზადებული ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა ზარაფხანაში.
    III. ამ ნაწილში ავტორმა გააერთიანა ის მონეტები, რომლებიც ადგილობრივ იმიტაციებად მიიჩნია.
    როგორც ჩანს, ლიხაურის განძი XVII საუკუნის მიწურულს არის ჩამარხული.
    2. 1913 წელს ბათუმის მახლობლად, სამების მთის მწვერვალზე, მდ. ყოროლისწყალს და ბარცხანას ხეობაში, ძველი ეკლესიის ნანგრევების მოშორებით, თიხის ქოთანში აღმოჩნდა XVII საუკუნის მცირე ზომის ოსმალური და ირანული ვერცხლის მონეტების განძი 537 ცალის რაოდენობით. ევგ. პახომოვმა თავის დროზე განძის გადათვალიერებისას ნახა მურად IV-ის (1623-1640 წწ.) ჰიჯრ. 1033 წლით (1623/1624 წწ.) დათარიღებული 2 მონეტა და სულეიმან შაჰის (1667-1694 წწ.) 4 მაჰმუდი, ერთზე იკითხება ზარაფხანა – თბილისი, და თარიღის ფრაგმენტი, 109?, მისივე შაური და ოსმალური ფულის 3 მინაბაძი. გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში ყოფილა ერთი თევზისგამოსახულებიანი გაურკვეველი ქართული მონეტა (ალბათ, ათაბაგ ყვარყვარეს – ავტ.) და 519 ცალი ცუდად დაცული თურქული ახჩა. ამ განძის 29 მონეტა ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. ყველა მათგანი ცუდად არის დაცული. განძის დამარხვის თარიღად მ. ანთაძე XVII საუკუნის მიწურულს, ან XVIII საუკუნის პირველ ათწლეულს მიიჩნევს.     
    3. მ. ანთაძის ცნობით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმშივეა დაცული პარიზიდან დაბრუნებული მონეტები, რომელთა საივენტარო დავთარს  ევგ. პახომოვის ხელით აწერია: საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი XVII საუკუნის ოსმალური და სპარსული მონეტები. ოსმალური მონეტები მოჭრილია სულთან მუსტაფა I-ის (1617-1618 წწ., 1622-1623 წწ.) სახელით.
    4. 1977 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჯიხანჯირში „ნასტეფანარის გორაზე“, ქვის ქვეშ, შემთხვევით აღმოჩნდა პატარა ზომის ვერცხლის მონეტები, საერთო ჯამში, 334 ცალი. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №№17257-17576, გფ. №№20444-20451). განძის შემადგენლობაში შემავალი ყველა მონეტა ოსმალური ახჩაა. კომპლექსის ქრონოლოგიური დიაპაზონი დიდია. ადრეული მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 926 წლით (1519/1520 წწ.), გვიანდელი კი – ჰიჯრ. 1003 წლით (1594/1595 წწ.). მათი უმრავლესობა მოჭრილია ტრაპიზონის ვილაიეთის ქ. ხანჯის ზარაფხანაში. ხანჯის გარდა, ჯიხანჯირის განძის შემადგენლობაში შედის იმპერიის სხვადასხვა ქალაქში მოჭრილი ფულიც. ეს ზარაფხანებია: კონსტანტინოპოლი, ედირნე, ნოვარი, კარატოვო, ნოვობერდა, სიდრე-კაისი, საკიზი, კეისარიე და ერზერუმი.

საქართველოში აღმოჩენილი XVIII საუკუნის ოსმალური მონეტების განძები:

    1. 1941 წლის ნოემბერში ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის ეზოში თავშესაფრის თხრის დროს იპოვეს სამონეტო კომპლექსი, რომელიც შედგებოდა 13 ალთუნის და 8 ვენეციური დუკატისაგან. 13 ალთუნიდან 10 მოჭრილი ყოფილა აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) მიერ. აქედან 8 კონსტანტინოპოლის ზარაფხანაშია მოჭრილი, ერთი – მისრში და ერთიც – თბილისში. სამი ალთუნი მოჭრილი ყოფილა სულთან მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.) სახელით კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში. ეს მონეტები გადაეცა მოსკოვს, თავდაცვის ფონდის გასაძლიერებლად. თბილური ალთუნი კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა (გფ. №5086, d=19 მმ., წონა – 3,47 გრ.). თარიღი – ჰიჯრ. 1115 წელი (1703/1704 წწ.).
    2. 1937 წელს სოფ. მურჯახეთში (ახალქალაქის რაიონი), ძველ ნაწისქვილარში, აღმოჩნდა თიხის ქილა ოსმალური ვერცხლის მონეტებით (355 ცალი). განძის შემადგენლობა ასეთია: ოსმალეთის სულთნები – სულეიმან II (1687-1691 წწ.) – 1 ცალი, აჰმედ II (1691-1695 წწ.) – 2 ცალი, მუსტაფა II (1695-1703 წწ.) – 109 ცალი, აჰმედ III (1703-1730 წწ.) – 155 ცალი, მაჰმუდ I (1730-1754 წწ.) – 88 ცალი; განძის მონეტები ქრონოლოგიურად 1687-1730 წლებს შორის თავსდება. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა თარიღდება ჰიჯრ. 1143 წლით (=1730/1731 წწ.), ხოლო მისი ჩამარხვა, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის 50-იან წლებზე ადრე ვერ მოხდებოდა.
    მურჯახეთის განძში თავმოყრილია შემდეგი ნომინალები: ყურუში, ნახევარყურუში (ირმილიქი), ონლიქი და ახჩა. მურჯახეთის განძში შემავალი მონეტები მოჭრილია იმპერიის სხვადასხვა ზარაფხანაში: კონსტანტინოპოლი (უმეტესობა), ედირნე (ადრიანოპოლი), ერზერუმი, თბილისი, განჯა, გიუმიშხანე.
    3. 1909 წელს თბილისის მიდამოებში აღმოჩნდა განძი, რომლის შემადგენლობაში იყო ჰიჯრ. 1115 წლით (=1703/1704 წწ.) დათარიღებული აჰმედ III-ს სახელით მოჭრილი ონლიქები.
    4. 1960 წელს ახალციხის ძველ ნაწილში სახლის მშენებლობის დროს იპოვეს თიხის ჭურჭელი ვერცხლის მონეტებით. განძის შემადგენლობაში აღმოჩნდა 1620-1626 წლების 3 ცალი ავსტრიული ტალერი, XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის სამოცამდე ესპანური პესო და ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 6 ონლიქი.
    5. 1900-იან წლებში გორის მიდამოებში აღმოჩნდა XVIII საუკუნის ოსმალური მონეტების განძი. მის შემადგენლობაში ყოფილა: ა) აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 29 თბილური ონლიქი, 2 – მოჭრილი ერევანში, 2 – თავრიზში, 1 – ბეშლიქი, მოჭრილი თავრიზში; ბ) მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.) ერთი ბეშლიქი, მოჭრილი განჯაში.
    6. XVIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება ზღუდერის 6 მონეტა, აღმოჩენილი 1959 წელს მდ. ძამას ხეობაში, ორთუბნის ციხესთან არხის გაყვანის დროს. ამჟამად დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11461-11466). მონეტები ეკუთვნის: 1. აჰმედ III-ს (1703-1730 წწ.) – 2 ცალი: ერთი ონლიქი, მოჭრილი თბილისში, ჰიჯრ. 1115 წელი (=1703/1704 წწ.), 1 ახჩა, მოჭრილი კონსტანტინოპოლში; 2. მაჰმუდ I-ს (1730-1754 წწ.) – 4 მონეტა. აქედან ორი ონლიქია, მოჭრილი თბილისსა და განჯაში, ჰიჯრ. 1143 წელი (=1730/1731 წწ.), ერთი – ბეშლიქი, მოჭრილი თბილისში იმავე თარიღით და ერთი ახჩა მოჭრილი მისრში.
    7. 1958 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭანჭათში საკარმიდამო ნაკვეთში მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა თიხის კოჭობი, რომელშიც მოთავსებული იყო XVIII საუკუნის ოსმალური და ევროპული ვერცხლის მონეტები. განძის შემადგენლობა ასეთია: 1. პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) 2 ორტა, მოჭრილი 1622-1623 წლებში, აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 24 ახჩა და მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.)  58 ახჩა.
    მ. ანთაძის დასკვნით, ჭანჭათის განძის მონეტები მეტად ერთფეროვანია. მოჭარბებულად გვხვდება მცირე ნომინალი – ახჩა. განძი XVIII საუკუნის მეორე ნახევარშია ჩაფლული.
    8. 1935 წელს საჩხერის რაიონის სოფ. ქორეთის მიდამოებში მიკვლეული მონეტებიდან მასწავლებელმა გოგიტაშვილმა სკოლის მუზეუმს გადასცა აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 3 ახჩა და მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) 2 ყურუში.
    9. 1892 წელს ქუთაისის მაზრის სოფ. ზარათში (ამჟამინდელი წყალტუბოს რაიონი) იპოვეს სპილენძის ქვაბი, რომელშიც იყო 8 კილოგრამამდე ოსმალური ვერცხლის მონეტები, დათარიღებული 1703-1786 წლებით.
    10. 1900-იან წლებში ბათუმში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე კილომეტრზე აღმოჩნდა თიხის ქილა 106 ოსმალური ვერცხლის მონეტით. განძის მონეტები გადაეცა ოდესის ისტორიისა და სიძველეების საზოგადოებას. კომპლექსი შეიცავდა აბდულ ჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) და სელიმ III-ის (1789-1807 წწ.) მონეტებს.
    11. XVIII საუკუნით არის დათარიღებული 1949 წელს თერჯოლის მიდამოებში ნაპოვნი ოსმალური მონეტების განძი, რომლის შემადგენლობაშია: 1. მაჰმუდ I-ის ჰიჯრ. 1143 წლით (=1730/1731 წწ.) დათარიღებული 2 ახჩა, 2. მუსტაფა III-ის ჰიჯრ.  1171 წლით (=1757/1758 წწ.) დათარიღებული 2 ახჩა, 3. აბდულ ჰამიდ I-ის ჰიჯრ. 1187 წლით (=1774 წ.) დათარიღებული ახჩა. განძის ჩამარხვის სავარაუდო თარიღად XVIII საუკუნის მიწურული უნდა მივიჩნიოთ.
    12. 1950-იან წლებში მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ლიხაურში აღმოჩნდა მოზრდილი განძი, რომელიც შედგება აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.), მაჰმუდ I-ის (1730-1754 წწ.), ოსმან III-ის (1754-1757 წწ.), მუსტაფა III-ის (1757-1774 წწ.) და აბდულ ჰამიდ I-ის (1774-1789 წწ.) 362 მონეტისაგან (კომპლექსი დაცულია ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). მ. ანთაძის მიხედვით, განძის მონეტები სულთნების მიხედვით ასე ნაწილდება:
    I. აჰმედ III-ის მონეტა განძში 10 ცალია, აქედან 7 მოჭრილია კონსტანტინოპოლში, 3 – მისრში, ნომინალი – ფარა.
    II. მაჰმუდ I-ის სახელით მოჭრილი მონეტები განძში 47 ცალია. აქედან 19 მოჭრილია მისრში, 27 – კონსტანტინოპოლში, 1 – გაცვეთილია. ნომინალი – ფარა.
    III. ოსმან III-ის მონეტა განძში 5 ცალია, 4 მოჭრილია კონსტანტინოპოლში, 1 – მისრში. ნომინალი – ფარა.
    IV. მუსტაფა III-ის მონეტები განძში საკმაოდ ბევრია. აქედან 54 მოჭრილია ისლამბულში. 15 მონეტაზე არაფერი შეიმჩნევა მათი გაცვეთის გამო. რაც შეეხება მისრში მოჭრილ მონეტათა რაოდენობას, ისინი 59 ცალით არის წარმოდგენილი. ნომინალი – ფარა.
    V. სულთან აბდულ ჰამიდის სახელით მოჭრილი მონეტები ლიხაურის განძში 143 ცალია. აქედან კონსტანტინოპოლის ზარაფხანას 74 მონეტა მიეკუთვნება, 62 მისრშია გამოშვებული, ხოლო 7 ცალზე ზარაფხანა არ იკითხება. ნომინალი – ფარა.
    განძი, როგორც ჩანს, XVIII საუკუნის 80-იან წლებშია ჩამარხული.
    13. XVIII საუკუნის ბოლო წლებს განეკუთვნება ახალქალაქის რაიონში „ამირანის გორაზე“ ნაპოვნი ოსმალური მონეტების განძი. კომპლექსი შემთხვევით აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს თიხის ქილაში. მონეტები დაიტაცეს, მპოვნელს წილად 24 ცალი შეხვედრია და ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიუტანია. განძის შესწავლის დროს მ. ანთაძემ გამოარკვია, რომ ბორჯომის მუზეუმს 10 მონეტა რიგის მუზეუმისათვის გადაუცია საჩუქრის (?!) სახით. დანარჩენი 14 მონეტა ეკუთვნის ოსმალეთის სულთან მუსტაფა III-ს (1757-1774 წწ.) და აბდულ ჰამიდ I-ს (1774-1789 წწ.). მონეტები მოჭრილია კონსტანტინოპოლის და ისლამბულის ზარაფხანაში. ნომინალი – ყურუში.
    14. XVIII საუკუნის 70-80-იანი წლებით თარიღდება გომის განძი, რომელიც აღმოჩნდა ოზურგეთის რაიონის სოფ. გომში, 1948 წელს. განძი შეიცავს 49 ვერცხლის მონეტას. აქედან 19 ცალი ინახება ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. განძის მონეტები ეკუთვნის სულთან აბდულ ჰამიდ I-ს. ნომინალების მიხედვით, ის თითქმის ერთგვაროვანია, გვხვდება ერთი ბეშლიქი, დანარჩენი ყურუშებია. ყველა ეგზემპლარი მოჭრილია კონსტანტინოპოლის ზარაფხანაში.
    15. 1975 წელს სოფ. მანდაეთში (ჭიათურის რაიონი), ე.წ. „ცხევარის ღელის“ ნაპირზე, მიწის დამუშავების დროს ნაპოვნია ვერცხლის მონეტები. მპოვნელებმა განძი გაინაწილეს. დიდი მეცადინეობით შეგროვდა 270 ცალი; 205 ცალი გადაეცა ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, 35 – სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, 30 – ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული. განძის ყველა მონეტა, ერთის გამოკლებით, ოსმალურია და მოჭრილია ოსმალთა შემდეგი სულთნების სახელით: 1. აჰმედ III (1703-1730 წწ.), 2. მაჰმუდ I (1730-1754 წწ.), 3. ოსმან III (1754-1757 წწ.), 4. მუსტაფა III (1757-1774 წწ.), 5. აბდულ ჰამიდ I (1774-1789 წწ.), 6. სელიმ III (1789-1807 წწ.). განძში ერთი „სირმა-ვერცხლიც“ ურევია, რომელიც ჰიჯრ. 1203 წლით (=1788/1789 წწ.) არის დათარიღებული.
    განძის მონეტები გამოშვებულია შემდეგ ზარაფხანებში: კონსტანტინოპოლი, ისლამბული, მისრი და თბილისი. კომპლექსის შემადგენლობაში ორი ნომინალია: ფარა და ყურუში.
    განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი 88 წელია, ჰიჯრ. 1115-1203 წლებს (=1703/1704-1788/1789 წწ.) შორის. განძის ჩამარხვის სავარაუდო თარიღი XVIII საუკუნის მიწურულია.
    16. 1831 წელს ილორის ეკლესიასთან (ოჩამჩირის რაიონი) აღმოჩნდა XVII-XIX საუკუნეების ოსმალური ახჩების განძი. მისი ნაწილი აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა. რა მონეტები იყო ისინი, ლიტერატურაში მითითებული არ არის.
    17. 1963 წელს თელავის რაიონის სოფ. ფშაველში მიწის დამუშავების დროს იპოვეს ქოცო, რომელშიც მოთავსებული იყო პატარა სურა მონეტებით, მათ შორის 4 ოსმალური ფულიც ერია. რა მონეტები იყო ისინი, ლიტერატურაში მითითებული არ არის.
    18. 1967 წელს მოსკოვის პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმში მიუტანიათ 336 ცალი დაბალი ხარისხის ოსმალური მონეტა, ნაპოვნი აფხაზეთში, კონკრეტულად რა მონეტებისაგან შედგებოდა ეს კომპლექსი, უცნობია.
    19. 1876 წელს ზუგდიდის რაიონის სოფ. ცხემის ეკლესიის მიდამოებში იპოვეს განძი, რომელიც 400 ოსმალურ მონეტასთან ერთად (რა მონეტები იყო კონკრეტულად, მითითებული არ არის) 115 კირმანეულს შეიცავდა.
    20. 1940-იან წლებში წულუკიძის (ხონის) რაიონის სოფ. ქუტირის მიდამოებში იპოვეს დაბალი ხარისხის ვერცხლის წვრილი ფულის განძი, რომელიც, მ. ანთაძის განცხადებით, 1949 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა (მ. ანთაძე უთითებს მხოლოდ რამდენიმე მონეტის ნომერს – გფ. №№5391-5393).

საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ირანული მონეტების განძები.
ა) XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლის მონეტების განძები:

    1. 1909 წელს ამბროლაურის მახლობლად აღმოჩნდა ვერცხლის ნივთების და მონეტების დიდი განძი. მონეტების რაოდენობა შეადგენდა 2287 ცალს, რომელთა შორის 948 იყო დიდი ზომის, 124 – საშუალო და 1215 – მცირე, საერთო წონით 10,9 კგ. მონეტების ნაწილი ქუთაისის სამხედრო კანცელარიიდან გადაეცა ერმიტაჟს (სანკტ-პეტერბურგი), ნაწილი დაუბრუნდა მპოვნელს. 1910 წელს ევგ. პახომოვმა ხსენებულ კანცელარიაში გადაათვალიერა ეს კომპლექსი და დაადგინა, რომ ის შედგებოდა ამიერკავკასიის და ირანის ზარაფხანებში მოჭრილი შაჰ-აბას I-ის მძიმე აბაზიანებისაგან, მათ შორის დიდი რაოდენობით ყოფილა თბილისში გამოშვებული ცალები. საშუალო ზომის მონეტები წარმოადგენდა ტრაპიზონის მონეტების ქართულ მინაბაძებს – კირმანეულებს. მცირე ზომის მონეტები იყო წაგრძელებული ფორმის, დამახინჯებული არაბული ზედწერილით, ერთზე იკითხებოდა მუსლიმური რწმენის სიმბოლო.
    ერმიტაჟის ნუმიზმატიკური საცავის შემადგენლობაში შესული ამ განძიდან მომდინარე 15 მონეტა გამოაქვეყნა ი. დობროვოლსკიმ 1977 წელს. ევგ. პახომოვის ინფორმაციით, 1930 წელს, იმავე ამბროლაურის მახლობლად, სპილენძის ქოთანში მოთავსებული კიდევ ერთი განძი იპოვეს, რომელიც, მისი აზრით, ადრე აღმოჩენილი განძის ნაწილია. გარდა ამისა, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული 21 ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი კომპლექსი, ასევე ევგ. პახომოვის ვარაუდით, ისევ და ისევ ამბროლაურის განძის ნაწილი უნდა იყოს.
    ყველა კირმანეული გვიანდელია და გახვრეტილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განძის დაფლობის დროს ისინი არ იყო მიმოქცევაში.
    აბაზიანები მოჭრილია შაჰ აბას I-ის სახელით, ზარაფხანა იკითხება ექვს მათგანზე (ზაგემი, თბილისი, თავრიზი). თარიღი არც ერთ მათგანზე არ ფიქსირდება, მაგრამ თ. ქუთელიას მიაჩნია, რომ ისინი 1617 წლამდე იჭრებოდა.
    მოგრძო ფორმის მონეტები ჰგავს თაჰმასპ I-ის ვერცხლის ბისტს და, როგორც ჩანს, XVI საუკუნით თარიღდება.
    განძი XVII საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს ჩამარხული.
    2. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში (გფ. №№3571-3606) დაცულია 36 ვერცხლის აბაზიანი ნაპოვნი რაჭაში, აღმოჩენის თარიღის მითითების გარეშე. დ. კაპანაძეს საინვენტარო დავთარში მიუწერია, რომ ეს მონეტები ამბროლაურის განძის ნაწილია, რასაც თ. ქუთელია ეთანხმება.
    ამ განძის 36 მძიმე წონის მონეტა შაჰ აბას I-ის სახელითაა მოჭრილი. მხოლოდ ერთ მათგანზე იკითხება თარიღი, ჰიჯრ. 1020 წელი  (=1611/1612 წწ.). ზარაფხანებია: მაგ., არდებილი, ერევანი, ზაგემი, რეშტი, თბილისი, თავრიზი.
    თ. ქუთელიას აზრით, კომპლექსი მიეკუთვნება XVII საუკუნის მეორე ათწლეულს.
    3. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში ინახება 165 ვერცხლის წვრილი, მოგრძო ფორმის მონეტა. მიუხედავად იმისა, რომ ეს „კომპლექსი“ უპასპორტოა, თ. ლომოურს ის ამბროლაურის განძის ნაწილად მიაჩნდა. თ. ქუთელია ამ ვარაუდს იზიარებს.
    ევგ. პახომოვი მათ მიიჩნევდა თაჰმასპ I-ის მონეტების იმიტაციებად. თ. ლომოურმა და თ. ქუთელიამ ზოგიერთ მათგანზე ამოიკითხეს თარიღი, რაც თაჰმასპ I-ის მმართველობის ხანაზე მიუთითებს.
    4. 1970 წელს ზაგემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (ზაქათალას რაიონი, სოფ. ალიაბადი), მიწის სამუშაოების დროს, აღმოჩნდა თიხის პატარა ქოთანი, სავსე ვერცხლის მონეტებით. მონეტები რამდენიმე წყებად შევიდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში – სულ 196 ცალი (გფ. №№13550-13556, გფ. №№13361-13549). საერთო რაოდენობიდან 168 აბაზიანია, 23 – მაჰმუდი და 5 შაჰი. ყველა მათგანი მოჭრილია შაჰ აბას I-ის სახელით შემდეგ ზარაფხანებში: არდებილი (2 ცალი), განჯა (16 ცალი), დაურაკი (1 ცალი), ერევანი (24 ცალი), ზაგემი (8 ცალი), ორდუ (1 ცალი), რამჰორმიზდი (1 ცალი), რეშტი (1 ცალი), თავრიზი (34 ცალი), თბილისი (2 ცალი), თეირანი (1 ცალი), ჰუვეიზა (4 ცალი), შუსთერი (1 ცალი).
    განძის გვიანდელი მონეტა მოჭრილია ჰიჯრ. 1023 წელს (=1614/1615 წწ.), ამის მიხედვით, განძი ჩამარხული უნდა იყოს XVII საუკუნის მეორე ათწლეულში.
    5. 1895 წლის 12 აგვისტოს სოფ. ჭიკაანში (ყვარლის რაიონი) აღმოჩნდა 179 ვერცხლის მონეტისაგან შემდგარი განძი, რომელიც გადაეგზავნა საიმპერატორო არქეოლოგიურ კომისიას. მათი ატრიბუცია ეკუთვნის ა. მარკოვს, რომლის თანახმადაც, 17 ეგზემპლარი იყო ტიროლის ტალერები (15 – ერცჰერცოგ ფერდინანდის, უთარიღო, 2 – იმპერატორ რუდოლფ II-ისა, მოჭრილი 1603, 1604 წწ.), დანარჩენი 162 მიეკუთვნებოდა სეფიანებს. ზარაფხანები – არდებილი, ჰიჯრ. 1012 წელი (=1603/1604 წწ.) – 1 ცალი; ორდუ, ჰიჯრ. 1020 წელი (=1611/1612 წწ.) – 10 ცალი; ორდუ, თარიღი არ იკითხება – 3 ცალი; ერევანი, თარიღი არ იკითხება – 1 ცალი; თავრიზი, ჰიჯრ. 1018 წელი (=1609/1610 წწ.) – 1 ცალი; თავრიზი, ჰიჯრ. 1019 წელი (=1610/1611 წწ.) – 3 ცალი; თავრიზი, თარიღი არ იკითხება – 2 ცალი; თბილისი, თარიღი (?) – 3 ცალი; რემი, ჰიჯრ. 1011 წელი (=1602/1603 წწ.) – 6 ცალი; იგივე ზარაფხანა, წელი არ იკითხება – 20 ცალი; ყაზვინი, თარიღი (?) – 1 ცალი; განჯა, ჰიჯრ. 1018 წელი (=1609/1610 წწ.) – 1 ცალი; განჯა, უთარიღო – 3 ცალი; ნახჩევანი, თარიღი (?) – 1 ცალი. 106 მონეტაზე, ა. მარკოვის ცნობით, ზარაფხანა და წელი არ იკითხებოდა.
    იმავე ადგილას 1896 წელს გაზაფხულზე კიდევ იპოვეს 10 ტალერი და 42 მონეტა, მოჭრილი ირანის სეფიანი შაჰების სახელით. მონეტები გადაადნეს.
    ევგ. პახომოვის განსაზღვრით, განძის ყველაზე ადრეული მონეტა ჰიჯრ. 1011 წლით (=1602/1603 წწ.) თარიღდება, გვიანდელი – ჰიჯრ. 1020 წლით (=1611/1612 წწ.). აქედან გამომდინარე, განძის ჩამარხვა XVII საუკუნის პირველ ნახევარში არის სავარაუდო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ მონეტებზე, სადაც ა. მარკოვი ზარაფხანის სახელად რემს კითხულობდა, თ. ქუთელიამ ზაგემი ამოიკითხა.
    6. 1967 წელს სოფ. ბირკიანში (ახმეტის რაიონი) შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანში მოთავსებული 21 ვერცხლის მონეტა. კომპლექსი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში.
    განძი შეიცავს 13 აბაზიანს, 6 მაჰმუდს და 2 შაჰს. 11 ცალი მოჭრილია სეფი I-ის (1629-1642 წწ.), 10 ცალი – აბასს II-ის (1642-1667 წწ.) სახელით.
    თბილისის ზარაფხანაში გამოშვებულია 10 ცალი, ზაგემში – 2, განჯაში – 1, ჰუვეიზაში – 1. 7 მონეტაზე ზარაფხანის სახელი არ იკითხება. განძი გვიანდელი მონეტის მიხედვით დამარხულია XVII საუკუნის შუა ხანებში.
    ამ განძის შემადგენლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აშკარაა თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტების უპირატესობა აღმოსავლეთ საქართველოს ფულად მიმოქცევაში.
    7. 1940 წელს სოფ. ნორიოში (გარდაბნის რაიონი) აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (წონით 1800 გრ.) დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში. თავდაპირველად აირჩა კომპლექსის კარგად შემონახული მონეტები 215 ცალის რაოდენობით და გატარდა სათანადო დავთარში (გფ. №№2266-2480). 280 ერთეული კი ინახებოდა ცალკე კოლოფში. მოგვიანებით, მათი ინვენტარიზაცია მოახდინა თ. ქუთელიამ (გფ. №№13081-13360). ამრიგად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში 495 მონეტა არის დაცული. მათგან აბსოლუტური უმრავლესობა სულეიმან I-ს (ჰიჯრ. 1077-1105 წწ.=1667-1694 წწ.) ეკუთვნის, 2 – აბას II-ს, და 1 – თაჰმასპ I-ს. ეს უკანასკნელი მონეტა განძის შემადგენლობაში, როგორც ჩანს, შემთხვევით მოხვდა და სავსებით შესაძლებელია მისი იგნორირება.
    კომპლექსის ყველაზე ადრეული მონეტა მოჭრილია აბას II-ის (1642-1667 წწ.) სახელით, ხოლო გვიანდელი – ჰიჯრ. 1098 წელს (=1686/1687 წწ.). თარიღი იკითხება მხოლოდ 163 მონეტაზე, ზარაფხანის სახელი – 242 ცალზე. მათი უმრავლესობა – 222 ცალი გამოშვებულია თბილისის ზარაფხანაში, 11 – განჯაში, 4 – ჰუვეიზაში, 3 – ერევანში და თითო-თითო ცალი – ყაზვინსა და შემახიაში. 253 მონეტაზე ზარაფხანა არ იკითხება, მაგრამ მათი წონისა და გარეგნული ნიშნების მიხედვით, თ. ქუთელია ვარაუდობს, რომ უმრავლესობა თბილისის ზარაფხანას მიეკუთვნება. მისი დასკვნით, აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნას თბილისის ზარაფხანა აკმაყოფილებდა.
    განძის შემადგენლობაში ოთხი ნომინალი შედის: აბაზი, მაჰმუდი, შაჰი და ბისტი. განძში სულ 130 აბაზია, აქედან 82 მოჭრილია თბილისში, 5 – განჯაში, 2 – ერევანში და თითო-თითო ცალი შემახასა და ყაზვინში. 39 აბაზიანზე ზარაფხანა არ იკითხება. მაჰმუდი კომპლექსში 169 ცალია, 88 მოჭრილია თბილისში, 3 – განჯაში, 1 – ერევანში, 4 – ჰუვეიზაში, 73-ზე მოჭრის ადგილი არ იკითხება. შაჰი განძში 195 ცალია, 52 მოჭრილია თბილისში, 2 – განჯაში, 141-ზე ზარაფხანა არ იკითხება. კომპლექსში შემადგენლობაში შემავალი ერთადერთი ბისტი განჯაშია გამოშვებული.
    განძის შემადგენლობაში ძირითადად კონცენტრირებულია ჰიჯრ. 1086-1095 წლებში (=1675-1684 წწ.) მოჭრილი მონეტები, რაც ემთხვევა ქართლში გიორგი XI-ის პირველი მეფობის პერიოდს (1676-1688 წწ.). განძის ჩამარხვა უნდა მომხდარიყო ჰიჯრ. 1098 წლის (=1686/1687 წწ.) შემდეგ.
    8. 1895 წელს ქუთაისში აღმოჩნდა განძი, რომელიც შედგებოდა XVI-XVII საუკუნეების ოსმალური და ირანული ვერცხლის მონეტების და კირმანეულებისაგან, სულ 500 ცალი. ევგ. პახომოვის ცნობით, განძი შესანახად კავკასიის მუზეუმს გადაეცა.
    9. ბათუმის მიდამოებში, სამების მთის მწვერვალზე მდებარე ძველი ეკლესიის მახლობლად, 1913 წელს იპოვეს XVII საუკუნის ოსმალური და ირანული ვერცხლის წვრილი მონეტები, საერთო რიცხვით, 537 ცალი (იხ. XVII საუკუნის ოსმალური მონეტები, №2). მათ შორის იყო შაჰ სულეიმან I-ის (1667-1694 წწ.) სახელით მოჭრილი 4 მაჰმუდი და 1 შაჰი. ერთ-ერთ მაჰმუდზე იკითხებოდა ზარაფხანის სახელი თბილისი და თარიღი ჰიჯრ. 1098 წელი (=1686/1687 წწ.).
    10. 1830-1835 წლებში თბილისის გუბერნიის ყაზახის ოლქში სოფ. სალოღლიში აღმოჩნდა განძი 20 ვერცხლის ოსმალური და ირანულ მონეტისაგან. აქედან 7 აბაზიანი მოჭრილია თბილისში, ერევანსა და თავრიზში 1712-1716 წლებში და 13 ონლიქი სულთან აჰმედ III-ისა (1703-1730 წწ.) გამოშვებულია იმავე ქალაქებში. განძი გადაეცა აზიურ მუზეუმს სანკტ-პეტერბურგში.
    11. 1929 თუ 1930 წელს თბილისში გოგირდის აბანოების მიდამოებში იპოვეს ვერცხლის მონეტების დიდი განძი. აქედან 15 მონეტა ნახა დ. კაპანაძემ. მისი ცნობით, ყველა მათგანი მიეკუთვნებოდა თბილისის ზარაფხანას და მოჭრილი იყო ჰუსეინ I-ის სახელით ჰიჯრ. 1130 წელს (=1717/1718 წწ.) და ნადირ შაჰის მიერ ჰიჯრ. 1150 და 1151 წლებში (=1737-1739 წწ.).
    ცალკეულად აღმოჩენილი ირანული მონეტების სიას ჩვენ არ ვიძლევით, რადგან ისინი პრინციპულად არაფერს ცვლის. მათი რეესტრი გამოქვეყნებულია თ. ქუთელიას მიერ.

ბ) XVIII საუკუნის დასაწყისის სპილენძის მონეტების განძები:

    XVII-XVIII საუკუნეების სპილენძის მონეტების განძების აღმოჩენები ძალიან იშვიათია. მათი სია ასე გამოიყურება:
    1. 1959 წელს სოფ. ყანდაურაში (გურჯაანის რაიონი), საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავების დროს, შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქოთანი, სადაც მოთავსებულ შალის მოქსოვილ წინდაში ჩაყრილი იყო სპილენძის მონეტები 164 ცალის რაოდენობით. აქედან 30 გატარებულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდის დავთარში (გფ. №№11290-11319), 134 იქვეა დაცული.
    თ. ქუთელიას მიხედვით, განძი შედგება ორმაგი ფულისგან (ნახევარბისტისგან), რომელიც მოჭრილია თბილისში ჰიჯრ. 1112 წელს (=1700/1701 წწ.) (5 ეგზემპლარი), 1114 წელს (=1702/1703 წწ.) (4 ეგზემპლარი), 1120 წელს (=1708/1709 წწ.) (10 ეგზემპლარი), 1124 წელს (1712/1713 წწ.) (45 ეგზემპლარი); დანარჩენი 100 ცალი მოჭრილია ჰიჯრ. 1130-1131 წლებში (=1717/18-1718/19 წწ.) ბაქარის სახელით. განძი ჩამარხულია 1719 წლის შემდეგ.
    2. 1962 წელს გორის რაიონის სოფ. ატენში შემთხვევით აღმოჩნდა 25 სპილენძის მონეტა. ამჟამად ისინი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11582-11606). განძი შედგება თბილისში მოჭრილი ორმაგი ფულისგან, რომელთა ემისიის წლებია: ჰიჯრ. 1112 წელი (=1700/1701 წწ.) (1 ცალი), 1114 წელი (=1702/1703 წწ.)  (1 ცალი), 1120 წელი (=1708/1709 წწ.)  (3 ცალი), 1124 წელი (1712/1713 წწ.) (6 ცალი), 1130-1131 წლები (=1717/18-1718/19 წწ.) (14 ცალი). განძი ყანდაურას სამონეტო კომპლექსის სინქრონულად უნდა ჩამარხულიყო.
    3. 1963 წელს სოფ. დისევში (ზნაურის რაიონი), საკარმიდამო მიწის დამუშავების დროს, აღმოჩნდა სპილენძის მონეტების განძი, 60 ცალი.  განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (გფ. №№11215-11274). განძი შეიცავს თბილისში გამოშვებულ ორმაგ ფულს, რომელიც მოჭრილია ჰიჯრ. 1114 წელს (=1702/1703 წწ.) (9 ცალი), 1120 წელს (=1708/1709 წწ.) (6 ცალი), 1124 წელს (=1712/1713 წწ.) (20 ცალი) და 1130 წელს (=1717/1718 წწ.) (25 ცალი). განძი, როგორც ჩანს, დამარხულია 1718 წლის შემდგომ.  
    4. ხაშურის რაიონის სოფ. წაღვლში დ. კაპანაძემ იპოვა სპილენძის მოკალული ქვაბი, რომელშიც 22 მონეტა იყო. ამჟამად განძი დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. განძი შედგება ორმაგი ფულისგან, რომელთა ემისიის წლებია: ჰიჯრ. 1112 წელი (=1700/1701 წწ.) – 1 ცალი, ჰიჯრ. 1120 წელი (=1708/1709 წწ.) – 1 ცალი, ჰიჯრ. 1124 წელი (=1712/1713 წწ.) – 5 ცალი, ჰიჯრ. 1130 წელი (=1717/1718 წწ.) – 7 ცალი, ჰიჯრ. 1131 წელი (=1718/1719 წწ.) – 4 ცალი; და ფულისგან, რომელიც დათარიღებულია ჰიჯრ. 1124 წლით (=1712/1713 წწ.) – 2 ცალი, ჰიჯრ. 1130-1131 წლებით (=1717/1718-1718/1719 წწ.) – 2 ცალი. განძი 1719 წლის შემდეგ არის ჩამარხული.
    5. 1939 წელს სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში 60 სპილენძის მონეტა შევიდა. ერმიტაჟის თანამშრომლის ი. დობროვოლსკის აზრით, ეს მონეტები განძი უნდა იყოს და ამიერკავკასიიდან მომდინარეობდეს. კომპლექსი შედგება XVIII საუკუნეში თბილისში მოჭრილი მონეტებისგან. ყველაზე ადრეული მათ შორის მოჭრილია ჰიჯრ. 1114 წელს (=1702/1703 წწ.), გვიანდელი – 1179 წელს (=1765/1766 წწ.). განძი XVIII საუკუნის მესამე მეოთხედში უნდა იყოს ჩამარხული, სამწუხაროდ, ამ განძის წარმომავლობის დადგენა, შეუძლებელია.

საქართველოში აღმოჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ევროპული მონეტების სია:

    ვინაიდან XVII-XVIII საუკუნეების ევროპული მონეტების განძების აღმოჩენის შემთხვევები საქართველოში არც თუ ისე ხშირია, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი სრული შემადგენლობაც კი ჩვენთვის უცნობია, ამიტომ, საერთო სურათის რეკონსტრუქციის მიზნით, ვიძლევით ცალკეულად ნაპოვნი მონეტების ჩამონათვალსაც. რ. ქებულაძის განცხადებით, ცალკეული ცალების და განძების სახით, საქართველოს ტერიტორიაზე ევროპულ მონეტათა აღმოჩენის 28 შემთხვევა არის ფიქსირებული:
    1. 1953 წელს მახარაძეში (ოზურგეთი) საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე იპოვეს 414 ვერცხლის ევროპული მონეტა, საერთო წონით 8,5 კგ. მონეტები ჩაყრილი იყო სპილენძის ჭურჭელში. განძის 270 მონეტა გადაეცა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხოლო 144 ცალი – ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. მოხსენიებული განძი შემადგენლობის მხრივ სამ ნაწილად იყოფა. შედგება ავსტრიული, იტალიური და ესპანური მონეტებისაგან. ტალერების ძირითად ნაწილს შეადგენს ავსტრიის ერცჰერცოგების, ფერდინანდის (1564-1595 წწ.), მაქსიმილიანის (1612-1618 წწ.), ლეოპოლდის (1619-1632 წწ.) და გერმანიის იმპერატორების, რუდოლფ II-ის (1576-1612 წწ.) და ფერდინანდ II-ის (1619-1637 წწ.) სახელით ჰალეს, ენსისჰაიმის, გრაცის და კლაგენფურტის ზარაფხანებში მოჭრილი მონეტები. იტალიური ტალერები, ანუ დუკატო და ტალეროები დოჟ პასკუალე ჩიკონიას (1585-1595 წწ.), ფერდინანდო I (1587-1608 წწ.), კოზიმო II (1608-1621 წწ.) და ფერდინანდო II (1621-1670 წწ.) მედიჩების სახელით არის გამოშვებული. ესპანური მონეტები ფილიპე II-ს (1556-1598 წწ.), ფილიპე III-ს (1598-1621 წწ.) და ფილიპე IV-ს (1621-1665 წწ.) ეკუთვნის და როგორც საკუთრივ ესპანეთის, ისე ამერიკაში მისი კოლონიების ზარაფხანებშია მოჭრილი. განძის ადრეული მონეტა ერცჰერცოგ ფერდინანდის ტალერი 1564-1595 წლებში არის მოჭრილი, ხოლო ყველაზე გვიანდელი, ფილიპე IV-ის პესო – 1628 წელს. განძის ქრონოლოგიური ჩარჩოები 64 წლით განისაზღვრება. განძი XVII საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ უნდა ჩაემარხათ.
    2. 1932 წელს ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ძველი ციხის ნანგრევებში, აღმოჩნდა 29 მონეტა. აქედან 28 ვერცხლისაა და ევროპულია, ხოლო 1 – ოსმალური ალთუნია. განძის შემადგენლობა ასეთია: ავსტრია, ერცჰერცოგი ფერდინანდი (1564-1595 წწ.), ჰალეს ზარაფხანა – 2 ცალი; უნგრეთი, იმპერატორი რუდოლფ II (1576-1612 წწ.), კრემნიცის ზარაფხანა – 2 ცალი; ჰოლანდიის რესპუბლიკა, ზელანდიის პროვინცია, მიდელბურგის ზარაფხანა – 3 ცალი; ოვერიისელის პროვინცია, მათიასი, კამპენის ზარაფხანა – 6 ცალი; ესპანეთი, მოჭრილი მექსიკისთვის, ფილიპე III (1598-1621 წწ.) – 15 ცალი. ოსმალეთის სულთნის მურად III-ის (1574-1595 წწ.) მიერ მისრის ზარაფხანაში მოჭრილი ალთუნი – 1 ცალი. განძის ყველაზე გვიანდელი მონეტის მიხედვით, მისი ჩამარხვა არ უნდა მომხდარიყო XVII საუკუნის 20-იან წლებზე ადრე.
    3. 1965 წელს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შევიდა აღმოსავლეთ საქართველოში ნაპოვნი XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის ორი ჰოლანდიური ლევენდაალდერი. მონეტები მპოვნელებმა დააზიანეს.
    4. 1904 წელს თბილისში, ხუდადოვის ტყეში, იპოვეს უნგრეთში იმპერატორ ფერდინანდ III-ის (1637-1657 წწ.) 1653 წელს მოჭრილი ტალერი.
    5. XIX საუკუნის 40-იან წლებში აფხაზეთში, სოფ. ბომბორის მახლობლად, აღმოჩნდა 1652 წლის ჰოლანდიური დაალდერი.
    6. 1895 წელს სოფ. ჭიკაანის (ყვარლის რაიონი) მახლობლად შემთხვევით მიაკვლიეს ვერცხლის მონეტების განძს, რომელიც 179 ცალს შეიცავდა. ისინი გადააგზავნეს სანკტ-პეტერბურგში, საიმპერატორო არქეოლოგიურ კომისიაში, სადაც  მონეტები განსაზღვრა ა. მარკოვმა. 17 ცალი აღმოჩნდა ტიროლის ტალერები, 15 ცალი – ერცჰერცოგ ფერდინანდის (1564-1595 წწ.) (უთარიღო), 2 ცალი – იმპერატორ რუდოლფ II-ის (1603, 1604 წწ.). დანარჩენი 162 ეგზემპლარი ეკუთვნოდა ირანის სეფიანებს, მოჭრილია სხვადასხვა ზარაფხანებში (იხ. XVII-XVIII საუკუნეების ირანული ვერცხლის მონეტები, №5). აქედან 106 მონეტაზე თარიღი არ იკითხება, ხოლო რომლებზეც იკითხება, მათ შორის გვიანდელი მოჭრილია ჰიჯრ. 1020 წელს (=1611/1612 წწ.).
    1896 წელს იმავე ადგილას უპოვიათ კიდევ 10 ტალერი და სეფიანთა 42 მონეტა, რომლებიც მთლიანად ზარაფხანაში გაუგზავნიათ გადასადნობად. 
განძის ჩამარხვის დროდ შეიძლება ვივარაუდოთ XVII საუკუნის პირველი მეოთხედი.
    7. XIX საუკუნეში საგარეჯოს რაიონის სოფ. გომბორთან, მდ. იორზე ხიდის მშენებლობის დროს, იპოვეს ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი.
    8. XX საუკუნის 10-იან წლებში ოზურგეთის მაზრის სოფ. მელექედურში აღმოჩნდა XVII საუკუნის ევროპული მონეტების განძი. მათ შორის ერთი მონეტა, ევგ. პახომოვის განსაზღვრით, ესპანური პესო იყო.
    9. 1942-1943 წლებში ქუთაისში იპოვეს ესპანური პესო (თარიღი უცნობია).
    10. 1955 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ურთაში აღმოაჩინეს XVI-XVII საუკუნეების ესპანური პესოები.
    11. 1959 წელს გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფ. ლეხაინდრაოსთან იპოვეს XVII საუკუნის ესპანური პესო.
    12. 1964 წელს სოფ. წყნეთის საშუალო სკოლის მასწავლებელს, ა. კეკელიას გადასცეს ამავე სოფელში აღმოჩენილი ერცჰერცოგ ფერდინანდის უთარიღო ტალერი.
    13. 1960 წელს ახალციხის ძველ ნაწილში სახლის მშენებლობის დროს წააწყდნენ თიხის ჭურჭელს, ვერცხლის მონეტების განძით, რომელიც შეიცავდა 1620-1626 წლების 3 ავსტრიულ ტალერს, XVI საუკუნის დასასრულის და XVII საუკუნის დასაწყისის სამოცამდე ესპანურ პესოს და ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 6 ონლიქს (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №4). განძის დამარხვა XVIII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს არის სავარაუდო. კომპლექსი დაცულია ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
    14. 1941 წლის ნოემბერში ქუთაისში, კათოლიკური ეკლესიის ეზოში, თხრილის გაყვანის დროს იპოვეს 21 ოქროს მონეტა (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №1). განძი შერეული ხასიათის არის და შეიცავს ვენეციურ დუკატებსა (8 ცალი) და ოსმალურ ალთუნებს (13 ცალი). დუკატები მოჭრილია შემდეგი დოჟების სახელით: ჯოვანი კორნერი (1709-1722 წწ.) – 4 ცალი, სებასტიანო მოჩენიგო (1722-1731 წწ.) – 2 ცალი და კარლო რუცინი (1731-1735 წწ.) – 2 ცალი. ოსმალური ალთუნები ეკუთვნის აჰმედ III-ს (1703-1730 წწ.) და  მაჰმუდ I-ს (1730-1754 წწ.). განძი, ალბათ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასასრულს არის ჩამარხული.
    15. 1965 წელს საგარეჯოს რაიონის სოფ. პატარძეულში აღმოჩნდა 1752 წლის ჰოლანდიური დუკატი.
    16. 1927 წელს სოხუმის რაიონის სოფ. ნეიდორფში იპოვეს ალოიზი მოჩენიგოს (1763-1779 წწ.) დუკატები.
    17. 1939 წელს დუშეთის რაიონის სოფ. ანანურში, ძველი ციხის მთავარი კოშკის გასუფთავებისას, აღმოაჩინეს ჯოვანი კორნელის (1709-1722 წწ.) დუკატის ნატეხი.
    ამის შემდეგ, რ. ქებულაძე ცალკე იხილავს და ჩამოთვლის ევროპული ვერცხლის მონეტების მცირე ნომინალებს. მისი სიტყვებით, საქართველოში ოქროს დუკატების და ტალერული მონეტებს გარდა, ვერცხლის მცირე ნომინალებიც ყოფილა გავრცელებული, სახელდობრ, პოლონეთ-ლიტვის სამეფოს და ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს ორტები და პოლტორაკები. უკანასკნელ პოლიტიკურ ერთეულში პოლტორაკები დრაიპოლკერის სახელწოდებით იყო ცნობილი. მოგვყავს ამ მონეტების სია (ნუმერაციას ვაგრძელებთ):
    18. 1954 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოების დროს, იპოვეს ვერცხლის ევროპული მონეტები – 33 ცალი. განძი შედგება პოლონური (30 ცალი) და ბრანდენბურგ-პრუსიული ორტებისგან. პოლონური მონეტები სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) სახელით 1621-1626 წლებშია მოჭრილი ბიდგოშის და გდანსკის ზარაფხანებში, ხოლო ბრანდენბურგ-პრუსიული – კურფიურსტის, გეორგ ვილჰელმის (1619-1640 წწ.) სახელით 1622-1624 წლებში კროსენის ზარაფხანაში. განძის ქრონოლოგიური დიაპაზონი 5 წელია და მისი ჩამარხვა 1626 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო.
    19. 1955 წელს სამგორის რაიონის სოფ. შინდისში, მიწის დამუშავების დროს, აღმოჩნდა 25-ზე მეტი პოლონური ორტა. ამ განძიდან სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შევიდა მხოლოდ 3 მონეტა, ყველა მათგანი ეკუთვნის სიგიზმუნდ III-ს (1587-1632 წწ.) და მოჭრილია 1623 წელს გდანსკში, 1624 წელს – ბიდგოშის ზარაფხანაში და 1625 წელს – გდანსკში.
    20. 1942 წელს თბილისში, ყოფილი ტრამვაის პარკის ტერიტორიაზე, ლიანდაგის შეკეთების დროს იპოვეს ვერცხლის 22 ევროპული მონეტა. განძი შედგება პოლონური პოლტორაკების და ბრანდენბურგ-პრუსიული დრაიპოლკერებისგან. აქედან 19 ცალი პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ს (1587-1632 წწ.) ეკუთვნის და მოჭრილია ბიდგოშის ზარაფხანაში, ხოლო 3 ცალი – ბრანდენბურგ-პრუსიის მარკგრაფ გეორგ-ვილჰელმს (1619-1640 წწ.) და მოჭრილია კროსენის ზარაფხანაში. განძი შეიძლება ჩაემარხათ XVII საუკუნის მეორე ნახევარში.
    21. 1958 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭანჭათში მიწის დამუშავების დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების განძი, რომელშიც იყო პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის (1587-1632 წწ.) 2 ორტა, მოჭრილი 1622-1623 წლებში ბიდგოშის ზარაფხანაში, ოსმალეთის სულთან აჰმედ III-ის (1703-1730 წწ.) 24 ახჩა და მაჰმუდ I-ის (1730-1757 წწ.) – 58 ახჩა (იხ. XVIII საუკუნის ოსმალური მონეტები, №7). მ. ანთაძის დაკვირვებით, განძი გურიაში XVIII საუკუნის მეორე  ნახევარშია ჩაფლული.
    22. 1895 წელს ახალციხის რაიონის სოფ. წყორძაში იპოვეს ესპანური, ჰოლანდიური, ფრანგული, პოლონური და ტიროლური თითო მონეტა. თარიღები დაკონკრეტებული არ არის.
    23. 1900-იან წლებში მახარაძის (ოზურგეთის) რაიონის სოფ. ზედაუბნის მიდამოებში, მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს, მიაკვლიეს პოლონური მონეტების განძს. კონკრეტული ინფორმაცია ლიტერატურაში დაცული არ არის.
    24. 1944 წელს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯაგირას მახლობლად, ჩამორეცხილი გზის პირას, იპოვეს პოლონური ვერცხლის მონეტა.
    25. დაახლოებით 1945-1950 წლებში დასავლეთ საქართველოში აღმოუჩენიათ ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც მპოვნელებმა დაინაწილეს. ორი ცალი ამ კომპლექსიდან მიიტანეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ისინი ეკუთვნოდა სიგიზმუნდ III-ს და გეორგ- ვილჰელმ ბრანდენბურგელს.
    26. 1950 წელს გეგეჭკორის (მარტვილის) რაიონის სოფ. ნოჯიხევში იპოვეს სიგიზმუნდ III-ის 1624 წლის ორტა.
    27. 1956 წელს ახალციხის რაიონის სოფ. თისელში იპოვეს სიგიზმუნდ III-ის ორტა.
    28. დაახლოებით 1960-1963 წლებში აბასთუმნის ტყეში, სახლის საძირკვლის გათხრის დროს, აღმოჩნდა პოლონური მონეტების განძი, რომელიც ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეიძინა. განძი შედგება 1622-1626 წლებში ბიდგოშის და გდანსკის ზარაფხანებში მოჭრილი ორტებისგან.