კირმანეული თეთრი, ემისიები კეისრის წელზევითი გამოსახულებით
ტიპი: კირმანეული თეთრი, ემისიები კეისრის წელზევითი გამოსახულებით

აღწერა,ფოტო:
ვერცხლი. წონა: მაგ. 1,12 გრ., 1,19 გრ., 1,25 გრ., 1,32 გრ., 1,43 გრ., 1,56 გრ., 1,57 გრ.,  2,06 გრ., 2,52 გრ., 2,61 გრ.
 
d= 18/19 მმ., 19 მმ., 19/20 მმ., 20 მმ., 20/21 მმ., 21/22 მმ., 21/23 მმ., 22/24 მმ.
 
შუბლი: წმინდა ევგენიოსის გამოსახულება წელზევით პირდაპირ. თავზე მას შარავანდედი ადგას და ნაკეცებიანი სამოსი აცვია. მარჯვენა ხელში ლაბარუმი უპყრია, მარცხენაში – ჯვარი, შეიმჩნევა ლეგენდების კვალი.

ზურგი: კეისრის წელზევითი გამოსახულება პირდაპირ სტემაში, შემოსილია სწორი და ირიბნაკეცებიანი კეისრის სამოსით. მარჯვენა ხელში მას უპყრია მოკლებუნიანი ლაბარუმი, მარცხენაში – გრძელბუნიანი ჯვარი. მარჯვენა იღლიის ქვეშ ორი წერტილია, ამავე მხარეს – ფარი, ლეგენდა გადასულია, თუ საერთო არ არის ამოკვეთილი?! შეიმჩნევა წერტილოვანი რკალი.



სამეცნიერო კომენტარი:
    XIII-XV საუკუნეების დასავლურქართული ფული სამონეტო ჯგუფის სახელია. ის შედგება დავით ულუს და დავით ნარინის სახელით მოჭრილი ფულის (მონეტები ორი დავითის გამოსახულებით) და კირმანეული თეთრისგან.
     ორი დავითის მონეტის პროტოტიპი ბიზანტიის იმპერატორების იოანე II კომნენოსის (1118-1143 წწ.) და მიხაელ VIII პალეოლოგის (1258-1282 წწ.)  ნუმიზმატიკური ძეგლები უნდა იყოს. მათი რიცხვი სულ ათი ცალით განისაზღვრება.

    მონეტები ორი დავითის გამოსახულებით. ვერცხლი. რემედიუმი:  2,3 გრ.-2,9 გრ. d=23/24 მმ.

შუბლი: ორი მეფის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ. ორივეს თავზე გვირგვინები (სტემა) ადგას და თვლებით შემკული საიმპერატორო სამოსი აცვია. მარცხნივ მდგომ წვერულვაშებიან მეფეს მარცხენა ხელში ლაბარუმი უჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელი დოინჯშემოყრილი აქვს. იგივე ლაბარუმი მარჯვნივ მდგომ უწვერო მეფესაც უჭირავს მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა ხელი მასაც დოინჯშემოყრილი აქვს. მონეტის მარცხენა და მარჯვენა კიდეებზე ვერტიკალურად განლაგებულია ქართული მთავრული ასოებით შესრულებული ზედწერილი: ႣႫႴ და ႫႫႣ რომელიც ასე იშიფრება: დავით მეფე, მეფეთა მეფე დავით.
ზურგი: ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება პირდაპირ, რომელსაც თავს წერტილოვანი შარავანდედი ადგას და ნაკეცებიანი სამოსი აცვია. ტახტის სახელურზე დაყრდნობილი მარჯვენა ხელი მკერდზე აქვს მიდებული, მარცხენა ხელით ასევე ტახტის სახელურს უნდა ეყრდნობოდეს. გამოსახულების მარცხნივ, ერთ სტრიქონად, ქარაგმით შესრულებული ასომთავრული ზედწერილია: Ⴃ ̃Ⴃ – ე.ი. დედა(ჲ). მარჯვნივ, მთავრულივე ასოებით, აგრეთვე ქარაგმით, ორ სტრიქონად – Ⴖ ̃Ⴇ ႱႠ ღუთისა(ჲ)

    მიღებული ქრონოლოგიის თანახმად, 1259 წელს მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ აჯანყდა დავით ნარინი. ის დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ამით საქართველოს სამეფო de facto ორად გაიყო. სხვა ვერსიით, საქართველოს სამეფოს ორად გაყოფას ადგილი ჰქონდა ბევრად უფრო ადრე. ზოგი დასავლური წყარო ამ კუთხით თითქოს უფრო ნიშანდობლივია. საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ელჩი ბერი გიიომ დე რუბრუკი დიდი ყაენის კარზე გაემგზავრა. 1257 წელს ის საფრანგეთში დაბრუნდა და მოხსენებითი ბარათიც წარადგინა. აქედან, ერთი პასაჟი ძალზედ საინტერესოა: „ამ უბის იქით ზიქიაა (თანამედროვე ტუაპსეს მხარე, რუსეთის ფედერაცია – თ. დ.), რომელიც თათრებს არ ემორჩილება, და უფრო აღმოსავლეთით არიან სუენები და იბერები, რომლებიც ასევე არ ემორჩილებიან მათ“. ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ 1257 წლისთვის დასავლეთ საქართველო მონღოლებისთვის უკვე დაკარგულია. 1257 წელი საქართველოს გაყოფის ზედა ქრონოლოგიური ზღვარია, თუკი რუბრუკმა უახლესი ინფორმაცია დაამატა საკუთარ შთაბეჭდილებებს. ქვედა ქრონოლოგიურ ზღვარს კი განსაზღვრავს მისი ამ მხარეებში ყოფნის თარიღი. ეს კი 1255 წლის დასაწყისია. ყოველივე აღნიშნული ორი დავითის მონეტების ემისიის თარიღს არ ცვლის. 1260 წელს მონღოლებს დავით ულუც აუჯანყდა, მაგრამ დამარცხდა. ის ჯერ სამცხეში გადავიდა, მერე კი – დასავლეთ საქართველოში. ამრიგად, დასავლეთ საქართველოს ტახტზე ხანმოკლე დროით, ალბათ, 1261 წლის დასაწყისიდან 1262 წლის დამდეგამდე, ერთდროულად ორი მეფე აღმოჩნდა. სწორედ ამ ხანებში მათ ორი მეფის სახელით მოჭრეს ვერცხლის საკმაოდ იშვიათი მონეტები.
      რაც შეეხება ტრაპიზონის ასპრების ქართულ მინაბაძებს, კირმანეულებს, ისინი ძირითადად ორი იმპერატორის მონეტების მიხედვით იჭრება: მანუილ I-ის (1238-1263 წწ.) და იოანე II-ის (1280-1297 წწ.). ზემოთ და ქვემოთ ვიძლევით მათ აღწერილობას.

    კირმანეული თეთრი, მანუილის სახელიანი ემისიები. ვერცხლი. რემედიუმი: მაგ. 1,60 გრ.-2,97 გრ. d=20/21-24/25 მმ.

შუბლი: ფეხზე მდგომი წმ. ევგენიოსის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, შარავანდედით და გრძელნაკეცებიანი წამოსასხამით. მარჯვენა ხელში მას გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში – სამოსის ნაკეცები. წმ. ევგენიოსის მარცხნივ და მარჯვნივ ვერტიკალურად განლაგებულია ბერძნული ზედწერილი: Ο-Α-ΓΙ/ΕΥ-ΓΕ-ΝΙ-Ο, ე.ი. წმინდა ევგენიოსი.
ზურგი: ფეხზე მდგომი იმპერატორის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, რომელსაც თავზე სტემა (საკიდრებიანი საიმპერატორო გვირგვინი) ახურავს და თვლებით მოოჭვილი საიმპერატორო სამოსელი აცვია. მარჯვენა ხელში მას გრძელბუნიანი ლაბარუმი უჭირავს, მარცხენაში – ანექსიკაკია. მარჯვნივ ზემოთ – ღვთაების მაკურთხებელი ხელი. გამოსახულების მარცხნივ და მარჯვნივ ვერტიკალურად განლაგებულია ბერძნული ზედწერილი: Μ-Ν-Λ/Ο-Κ-ΜΝ –   მანუილ კომნენოსი.   

        კირმანეული თეთრი, იოანეს სახელიანი ემისიები. ვერცხლი.
რემედიუმი: მაგ. 1,43 გრ.-2,96 გრ. d=19/20-22/23 მმ.
შუბლი: წმინდა ევგენიოსის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, თავზე შარავანდედით და გულმკერდის არეში თვლებით შემკული წამოსასხამით. მარჯვენა ხელში მას გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში – წამოსასხამის ნაკეცები, რომლებიც წელის არეში აქვს მოკრეფილი. ბერძნული ზედწერილი ვერტიკალურად არის განლაგებული: Ⓐ-Ε-Υ/ΓΕ-ΝΙ. გარშემო გაცვეთილი წერტილოვანი რკალის ფრაგმენტები.
ზურგი: ფეხზე მდგომი კეისრის გამოსახულება პირდაპირ, თვლებით მოოჭვილი საიმპერატორო სამოსით და სტემით. მარჯვენა ხელში მას მოკლებუნიანი ლაბარუმი უჭირავს. მარჯვენა ზედა კუთხეში – ღვთაების მაკურთხებელი ხელი, ქვემოთ – სოლომონის ბეჭედი, ბერძნული ზედწერილი ვერტიკალურად არის განლაგებული: ω-Ο Κ/Ν-Ο. შემორჩენილია წერტილოვანი რკალის ფრაგმენტები.

       კირმანეული თეთრი, ემისიები „კეისარი სამრკალიან სტემაში“. ვერცხლი. რემედიუმი: მაგ. 1,08 გრ.-2,34 გრ. d=18/20-19/26 მმ.
1. შუბლი: ფეხზე მდგომი წმინდა ევგენიოსის გამოსახულება პირდაპირ, მას თავზე შარავანდედი ადგას და წმინდანის სამოსი აცვია. მარჯვენა ხელში ჯვარი უპყრია, მარცხენა – დოინჯშემოყრილი აქვს. ბერძნული ზედწერილი: Ο-Υ/Γ-Ε-Ν-Ο. შემორჩენილია წერტილოვანი რკალის ფრაგმენტი.
ზურგი: კეისრის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, თავზე სამრკალიანი გვირგვინი ადგას, რომლის აქეთ და იქით საკიდრებია დაშვებული. კეისარი შემოსილია გრძელი და განიერი სამოსით. ჰორიზონტალურად გაწვდილ მარცხენა ხელში ჯვრიანი სფერო უპყრია, ნახევარრკალისებურად მოხრილ მარჯვენა ხელში – მოკლებუნიანი ლაბარუმი. მარჯვენა ზედა კუთხეში ღვთაების მაკურთხებელი ხელია, ამავე მხარეს ქვემოთ – სოლომონის ბეჭედი. ბერძნული ზედწერილი: Ιω-Ο-ΚΟ/Η-Ο.
 
       ვერცხლი. რემედიუმი: მაგ. 1,37 გრ.-2,17 გრ. d=18/20-22/24 მმ.
2. შუბლი: წმინდა ევგენიოსის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ. თავზე მას შარავანდედი ადგას და შემოსილია საიმპერატორო სამოსის მსგავსი ტანსაცმლით. მარჯვენა ხელში უპყრია გრძელბუნიანი ჯვარი, მარცხენა ხელი დოინჯშემოყრილი აქვს. ზედწერილი ასეთი ხასიათისაა:  Ε-Ι/Γ-Ε-ΝΥ-Ο-Ο.
ზურგი: კეისრის გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, თავზე სამრკალიანი გვირგვინი ადგას, რომლის აქეთ-იქით თვლიანი თითო საკიდია დაშვებული (სტემა), ყელის გარშემო – თვლებით შემკული მანიაკი, წინ – ჩამოშვებული ლოროსი. მარჯვენა ხელში ლაბარუმი უპყრია, მარცხენა ხელი დოინჯშემოყრილი აქვს. მარცხენა მხარეს ჯვრიანმა სფერომ სამფოთლოვანი ყვავილისებური ფორმა მიიღო, ლოროსის ბოლომ კი – ოთხკუთხედის, ორივე ერთად ჯვრიანი სფეროს და ლოროსის ბოლო ნაწილის გაერთიანებული და გადაგვარებული ნახაზია. მარჯვნივ ზემოთ – ღვთაების მაკურთხებელი ხელი, ამავე მხარეს ქვემოთ – სოლომონის ბეჭედი, ზედწერილი:  ω-Ο-Κ-Η/Ν-Ο.

      კირმანეული თეთრი, ემისია ასომთავრული ნიშნებით. ის სულ ორ ცალად არის ცნობილი. ერთი აღმოჩნდა კოპიტნარის განძის შემადგენლობაში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, ხოლო მეორე – ბარათაევის კოლექციის ცალი – ბერლინის მუზეუმის კუთვნილება იყო. მისი აღწერილობა ასეთია:

       გფ.  №6213. ვერცხლი. წონა – 1,5 გრ. d=18/19 მმ.
შუბლი: წმინდა ევგენიოსი ჩვეულებრივ პოზაში, შარავანდედით და გრძელნაკეცებიანი სამოსით. მარცხნივ გაურკვეველი ნიშნებია. მარჯვნივ – ზემოთ ორი ქართული მთავრული ასოა: ႢႨ, ხოლო ქვემოთ ორ სტრიქონად სამი ბერძნული ასოა: ΓΕ-Ο .  
ზურგი: კეისრის (მეფის) გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, თავზე სამრკალიანი გვირგვინი ადგას, რომლის ორივე მხრიდან სამთვლიანი საკიდია დაშვებული (სტემა). კეისარი საიმპერატორო ტანსაცმლითაა შემოსილი. წინ თვლებით შემოსილი ლოროსი აქვს ჩამოშვებული. დოინჯშემოყრილ მარცხენა ხელში მოკლებუნიანი ლაბარუმი უჭირავს, მარჯვენა ხელი თავისუფალი აქვს. მარცხნივ ვერტიკალურად და ორ სტრიქონად ორი ქართული მთავრული ასოთი შესრულებული ზედწერილი: Ⴔ-Ⴋ.

    მონეტის შუბლის და ზურგის ზედწერილი ბუნებრივად იშიფრება როგორც „გიორგი მეფე“ (ქართული) და როგორც „წმ. ევგენიოსი“ (ბერძნული). სპეციალისტების უმრავლესობა ამ მონეტებს იმერეთის მეფე გიორგი I-ს (1389-1392 წწ.) მიაკუთვნებს

      კირმანეული თეთრი, ვამეყის ფული წმინდა ევგენიოსის გამოსახულებით. ვერცხლი. წონა – 2,91 გრ. d=20/21 მმ.

შუბლი:  ორნამენტულ ჩარჩოში შებრუნებით მოთავსებული მხედრული წარწერა – ვამეყ.
ზურგი: ადამიანის სქემატური გამოსახულება მთელი ტანით პირდაპირ, როგორც ჩანს, ტრაპიზონის მფარველი  წმინდანის, ევგენიოსის, რადგან მის მარცხნივ და მარჯვნივ შემორჩენილია ბერძნული ზედწერილი: Ο-Ε/ΓΕ-ΙΝ. გამოსახულებას თავზე გვირგვინი უნდა ედგას, რომლის ორივე მხრიდან თითო თვლიანი  თითო საკიდია დაშვებული. მარცხნივ გაწვდილ და რკალისებურად მოხრილ მარჯვენა ხელში ბუნი უჭირავს. ის, შესაძლოა, ლაბარუმი ან ჯვარი იყოს.

       პირველად ვამეყის ფული ს. მაკალათიამ გამოაქვეყნა. 1940 წლის მაისში მან პირადად გასინჯა და ფოტოგრაფიულად გადაიღო აღნიშნული ფული, რომელიც ინახებოდა ალექსანდრე სიმონოვის ოჯახში, ქალაქ სოხუმში. მასზე აღბეჭდილი წარწერის მიხედვით, ს. მაკალათიამ ეს მონეტა ვამეყ I დადიანს (1384-1396 წწ.) მიაკუთვნა.
      იგივე მონეტა მეორედ დ. კაპანაძემ გამოსცა და გაიმეორა ს. მაკალათიას მოსაზრება, ოღონდ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მონეტაზე  ვამეყის სახელი უკუღმაა შესრულებული.
      უფრო ვრცლად ამ უაღრესად საინტერესო მონეტას თ. აბრამიშვილი შეეხო. მისი გენეზისის საკითხი მან ისტორიულ ფონზე განიხილა. ცნობილია, რომ ვამეყ I დადიანი ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი VII-ისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა და არ ცნობდა უზურპატორების – ალექსანდრეს და მისი მემკვიდრის, გიორგის მეფობას იმერეთში. დადიანმა ერთ-ერთ ბრძოლაში სძლია კიდეც გიორგის ჯარს და თვით გიორგიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. საფიქრებელია, ვამეყ დადიანმა მაშინ მოაჭრევინა თავისი სახელით ფული, როდესაც იმერთა მეფე გიორგიზე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ, ვინაიდან, როგორც ფეოდალს, მას არ ჰქონდა ფულის მოჭრის უფლება, მონეტაზე საკუთარი სახელი უკუღმა აღბეჭდა.
       ტრაპიზონის ასპრების დღევანდელი კლასიფიკაცია ეფუძნება ო. რეტოვსკის ნაშრომს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საბოლოოა და არავითარ ეჭვს არ იწვევს როგორც საკუთრივ ტრაპიზონის მონეტებთან, ასევე, განსაკუთრებით, კირმანეულ თეთრთან დაკავშირებით.
       ჯერ კიდევ 1844 წელს მ. ბარათაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში იჭრებოდა ტრაპიზონის ასპრების იმიტაციები და ისინი გააიგივა ქართულ წერილობით ძეგლებში მოხსენიებულ კირმანეულთან.
       მ. ბარათაევის ვარაუდი უყურადღებოდ არ დარჩენილა მომდევნო ნუმიზმატების მხრიდან, მაგრამ ო. რეტოვსკის ნაშრომის გამოსვლამდე ყველაფერი ჰიპოთეზის ფარგლებში რჩებოდა. მან პირველმა დაბეჯითებით გამოყო იოანე II-ის ასპრების ქართული მინაბაძები და მათ დამახასიათებელ ნიშნებად მიიჩნია გამოსახულებათა დეტალების დამახინჯება, ლეგენდების არასწორი გადმოცემა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი წაკითხვის შეუძლებლობა. ო. რეტოვსკი შეეცადა აგრეთვე გამოეყო მანუილ I-ის ასპრების მინაბაძები, თუმცა მათი გარჩევა ორიგინალებისგან ძალიან ძნელია. მას თავისი ატრიბუციის საფუძვლად მიაჩნდა არტიკლის მოთავსება იმპერატორის სახელის წინ და ასო Μ-ს არასწორი მოხაზულობა.
       ო. რეტოვსკის ნაშრომმა, კ. გოლენკოს პუბლიკაციამ  და თ. აბრამიშვილის სპეციალურმა მონოგრაფიამ კირმანეულთან დაკავშირებით ეჭვმიუტანლად გამოყო იოანე II-ის ასპრების მიხედვით მოჭრილი კირმანეული თეთრი.  წყაროებში შემონახული სახელწოდება „კირმანეული“ კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ სახის პირველი ნუმიზმატიკურ ძეგლებზე სწორედ რომ მანუილის  სახელი იყო მოცემული.
       ო. რეტოვსკის კრიტერიუმებს ჩვენ ზემოთ უკვე გავეცანით. ამ გზით წარმართა თავისი კვლევა-ძიება თ. აბრამიშვილმა. მან შეისწავლა 1907 წელს სამტრედიის მახლობლად მდებარე სოფ. კოპიტნარში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი 652 ცალის რაოდენობით. განძის შემადგენლობის გათვალისწინება აუცილებლად დაგვჭირდება ქვემოთ, კირმანეულის დათარიღების თვალსაზრისით, ამიტომ ვიძლევით კომპლექსის მონეტების სიას: I. ტრაპიზონის ასპრები –  მანუილ I (1238-1263 წწ.) – 6 ცალი, იოანე II (1280-1297 წწ.) – 7 ცალი,  მანუილ III (1390-1417 წწ.) – 1 ცალი,  ალექსი IV (1417-1446 წწ.) – 1 ცალი, ე.ი. სულ – 15 ცალი; II. XII-XIV საუკუნეების ბულგარული ფული – 1 ცალი; III. დასავლურქართული ფული (კირმანეული) – 633 ცალი, აქედან 5 ცალი მოჭრილია მანუილის სახელით, 619 ცალი – იოანეს, ხოლო 9 ცალი, თ. აბრამიშვილის ატრიბუციით, კირმანეულის ახალი სახეა. გარდა ამისა, განძის შემადგენლობაში კიდევ შედიოდა რამდენიმე მონეტა, რომელთაც ქრონოლოგიურად არავითარი კავშირი არა აქვთ კომპლექსთან. როგორც ჩანს, ისინი შემთხვევით შეერია მას. ეს სავსებით შესაძლებელია. საქმე ისაა, რომ განძის ერთი ნაწილი პარიზში იყო წაღებული სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად ექვთ. თაყაიშვილის მიერ, ხოლო მეორე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში იყო დაცული, საიდანაც ეს ნაწილი უნივერსიტეტის კოლექციის შემადგენლობაში შევიდა, შემდეგ კი – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. აქვე გაერთიანდა ის პარიზიდან ჩამოტანილ განძის მეორე ნაწილთან. ჩანს, ამ „მოგზაურობის“ დროს მოხვდა კოპიტნარის კომპლექსში ქრონოლოგიურად განსხვავებული მონეტები.
       თ. აბრამიშვილმა კოპიტნარის განძის შემადგენლობაში გამოყო 5 მონეტა, რომლებიც, მისი სიტყვებით, საქართველოში უნდა იყოს მოჭრილი სხვადასხვა დროს მანუილ I-ის ასპრების მიხედვით. ხუთი მონეტიდან პირველი (გფ. №6162) გამოირჩევა მოჭრის ტექნიკის მაღალი დონით. შემდეგ მას მოჰყვება 3 მონეტა (გფ. №№6159-6161), რომელთა მოჭრის ტექნიკამ და დამწერლობამ დაცემა-დაქვეითება დაიწყო, ხოლო უკანასკნელ რიგში №6158-ია. ის ხასიათდება არა მარტო მოჭრის ტექნიკის დაბალი დონით, არამედ ხელოსნის სრული უცოდინრობით, რის გამოც ფიგურის ხელში მიცემულმა ატრიბუტებმა და ზედწერილებმაც ადგილი შეიცვალა.
        კ. გოლენკომ ტობანიერის განძიდან (მისი შემადგენლობა იხ. ქვემოთ) გამოყო 21 ეგზემპლარი, მოჭრილი მანუილ I-ის ასპრების მიხედვით, აქედან 6 ცალი გადაჭედილი იყო არაბული და ჰულაგუიდური დირჰემებიდან. ავტორის განცხადებით, მათი დამახასიათებელი შტრიხებია დამახინჯებული ლეგენდები და წმ. ევგენიოსის ბრტყელი გამოსახულება, რომელიც სქემატურობით და უხეში შესრულებით გამოირჩევა, ასევე, მონეტაზე ახალი დიფერენტების გამოჩენა. საკუთრივ მონეტები მოზრდილი და ბრტყელი ფორმისაა.
        ვინაიდან ზემოთ მოხსენიებული ტობანიერის განძის აღმოჩენის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად დაგვჭირდება, მოკლედ შევეხებით მას. განძი აღმოჩნდა ვანის რაიონის სოფ. ტობანიერში 1927 წელს. ჩვენამდე მოაღწია 215 ცალის რაოდენობით. დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში. განძი ძირითადად შეიცავს ტრაპიზონის ასპრებს და კირმანეულებს. ვიძლევით მათ სიას: I. ტრაპიზონის ასპრები –  იოანე I (1235-1238 წწ.) – 4 ცალი,  მანუილ I (1238-1263 წწ.) – 56 ცალი, იოანე II (1280-1297 წწ.) – 125 ცალი, იოანე II და ალექსი II (1297 წლამდე) – 1 ცალი; II. სელჩუკური დირჰემი, მოჭრილი ჰიჯრ. 630 წელს (?) (=1232-1233წწ); III. ქართულ-ჰულაგუიდური დირჰემი, მოჭრილი თბილისში აბაღა ყაენის დროს ჰიჯრ. 680 წელს (?) (=1281-1282 წწ); IV. დასავლურქართული ფული (კირმანეული) – 25 ცალი. აქედან 21 მოჭრილია მანუილ I-ის ასპრების მიხედვით და მხოლოდ 4 იოანე II-ის მონეტების იმიტაციაა; V. ორი დავითის მონეტა – 2 ცალი. განძის ჩამარხვის თარიღად კ. გოლენკო XIII-XIV საუკუნეების მიჯნას მიიჩნევს.
        დავუბრუნდეთ კირმანეულ თეთრს. ამ პრობლემის შესწავლას სპეციალურად შეეცადა ირ. სოკოლოვა. მან მანუილ I-ის და იოანე II-ის ორიგინალური ასპრების საერთო ნიშნები მოხაზა: უშეცდომო წარწერები, ასოების ტრაპიზონის ეპიგრაფიკული ძეგლებისთვის მახასიათებელი მოხაზულობა, 2,5 გრამზე მაღალი წონა; კირმანეულის ტრაპიზონის ასპრებისგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანი კი შედარებით  დაბალი წონაა.
       როგორ უნდა დათარიღდეს კირმანეული? ამასთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. კირმანეულის მოჭრის გვიანდელ თარიღად თ. აბრამიშვილი XIV საუკუნეს მიიჩნევს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ანგარიშს უწევს იმ ფაქტსაც, რომ ტერმინი „კირმანეული“ XV საუკუნის ქართულ საბუთებში იხსენიება. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ მის მიერ გამოქვეყნებული კოპიტნარის განძი, სადაც დიდი რაოდენობით კირმანეულებიც შედის, სწორედ XV ს-შია ჩამარხული.
        კირმანეულის ემისიის დაწყების თარიღს შეეხო დ. კაპანაძე. ის ამ აქციას უკავშირებს კონკრეტულ ისტორიულ ფაქტს, კერძოდ, 1284/1285 წლებში საქართველოში გათხოვილმა იოანე II-ის დამ თეოდორამ, საქართველოს ჯარის დახმარებით, დროებით ხელთ იგდო ტრაპიზონის იმპერიის ტახტი. დ. კაპანაძის ჰიპოთეზის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება თეოდორას დაეხმარა არა მარტო ჯარით, არამედ – ფულით. ქართველებმა ჩაატარეს მახვილგონივრული ღონისძიება: მათ, ალბათ, განახორციელეს იმ ქვეყნის ვალუტის ემისია, სადაც იგზავნებოდა „დამხმარე ჯარი“. ავტორის მიერ შემოთავაზებული თარიღი ჩვენთვის საინტერესო სამონეტო „ჯგუფის“ ემისიის დაწყებისა არის  1284/1285 წლები.
       თითქმის იგივე აზრისაა კ. გოლენკო, რომელიც აღნიშნავს, რომ ვინაიდან კირმანეულის ზოგიერთი ცალი გადაჭედილია „ყაანურების“ და ილხანების, აბაღას (1265-1282 წწ.) და არღუნის (1284-1291 წწ.) დირჰემებიდან, გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მანუილ I-ის ასპრების მიხედვით მოჭრილი კირმანეულები XIII საუკუნის 80-იან წლებს მივაკუთვნოთ. მანუილ I-ის ასპრების მიხედვით მოჭრილი კირმანეულების ემისიის შეწყვეტას ის უკავშირებს დასავლეთ საქართველოში იოანე II-ის ორიგინალური მონეტების მასობრივ შემოსვლას.
       რაც შეეხება იოანე II-ის ასპრების მიხედვით მოჭრილ კირმანეულებს, კ. გოლენკოს განცხადებით, ამ ტიპის კირმანეულები იჭრებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, XV საუკუნემდე.
      დაბოლოს, კირმანეულის ემისიის თარიღს შეეხო ირ. სოკოლოვა. მისი აზრით, კირმანეულის ემისია შეიძლება დაწყებულიყო მხოლოდ მანუილ I-ის გარდაცვალების, ე.ი 1263 წლის შემდეგ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვინაიდან კირმანეულის ზოგიერთი ნიმუში არღუნის მონეტაზეა გადაჭედილი, რომელიც 1284-1291 წლებში მმართველობდა, უნდა მივიჩნიოთ რომ „კირმანეული თეთრის“ ემისია XIII საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრამდე დაიწყო, ეს, ფაქტობრივად, იგივე მოსაზრებაა, რაც წამოაყენეს დ. კაპანაძემ და კ. გოლენკომ.
       რაც შეეხება იოანე II-ის ასპრების მიხედვით მოჭრილი კირმანეულების თარიღს, ირ. სოკოლოვას მიხედვით, მათი ემისია უნდა დაწყებულიყო სულ მალე თეოდორას ლაშქრობის შემდეგ.
       როგორია კირმანეულის იურიდიული ბუნება, შეიძლება თუ არა ეს სამონეტო ჯგუფი ჩაითვალოს ოფიციალურ ემისიად, როგორია სხვადასხვა სპეციალისტების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
       ო. რეტოვსკის ეს მონეტები საქართველოში მოჭრილად მიაჩნდა. ამას იმით ასაბუთებდა, რომ ეს ფული მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული და მას საქართველოში სპეციალური სახელიც კი შეარქვეს – კირმანეული, კირმენაული, კირმანაული. მკვლევარი მათ ქართულ იმიტაციებს და ნაყალბევს უწოდებს.
       ასეთივე იმიტაციებად მიიჩნევდა ამ მონეტებს ევგ. პახომოვი. მისი აზრით, ტრაპიზონის და დასავლეთ საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ-დინასტიურმა და ეკონომიკურმა ურთიერთობამ გამოიწვია აქ ტრაპიზონის ასპრების ფართო ცირკულაცია. როდესაც ამ მონეტების შემოსვლამ იკლო, მაშინ დასავლეთ საქართველოში დაიწყო მათი იმიტაციების ემისია.
       კირმანეულის იმიტაციებად კვალიფიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია დ. კაპანაძე. ის თვლის, რომ ტერმინი „კირმანეული“ წმინდა ქართული სახელწოდებაა, ხოლო ამ სამონეტო ჯგუფის ემიტენტი – სახელმწიფო ხელისუფლება, რომელმაც თეოდორა მოამარაგა სათანადო ვალუტით.  ტერმინ „კირმანეულის“ შესახებ ვაჩნაძეების სასისხლო სიგელში  ვკითხულობთ: „ . . . ამა თეთრისა საქმე ასე უწყოდეთ, ბერძენთა მეფეს კირმანოელ ერქვა და მისეულად კირმანოელისეული ჰქუიან“.
ზარაფხანა: უცნობია.
ნომინალი: რემედიუმი: მაგ. 1,12 გრ.-2,61 გრ.
თარიღი: XIII-XIV სს.
კოლექცია: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი – მაგ. ქფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ქართული მონეტების ძირითადი ფონდი) №4616, №4617, გფ. (სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდი) №5880, №5881, №5882, №5884, №5885, №5886, №6097, №6100, №6198, №6199.
ბიბლიოგრაფია:
თ. აბრამიშვილი.
ორი დავითის მონეტა. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XVI-B. თბ. 1950; XIII-XIV სს. დასავლურქართული ფული. თბ. 1959;  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ტრაპიზონის ასპრებისა და დასავლურქართული ფულის (კირმანეულის) კატალოგი. თბ. 1984.

გ. დუნდუა. ქართული ნუმიზმატიკა. II ნაწილი. თბ. 2011 (თ. დუნდუასთან თანაავტორობით).

ს. კაკაბაძე. სასისხლო სიგელების შესახებ. საისტორიო მოამბე. II. თბ. 1924.

დ. კაპანაძე. ზოგიერთი ტერმინის შესახებ ქართულ ნუმიზმატიკაში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (სსმმ). ტ. XII-B. თბ. 1944; ქართული ნუმიზმატიკა. თბ. 1969.

ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. III. თბ. 1949

М. Баратаев. Нумизматические факты Грузинского царства. СПб. 1844.

К. В. Голенко. Клад монет из села Тобаниери. Византийский Временник (ВВ). XVI. М. 1959

Д. Г. Капанадзе. Так называемые грузинские подражания трапезундским аспрам. Византийский Временник (ВВ). III. М. 1950.

Е. А. Пахомов. Монеты Грузии. Тб. 1970.

И. В. Соколова. Трапезундские аспры и кирманеули с именем Мануила I и Иоанна Комнинов. Нумизматика и Эпиграфика (НЭ). XI. М. 1974;  Кирманеули с именем Мануила из собрания Государственного Эрмитажа. Нумизматический Сборник (НС). Тб. 1977;  Медные монеты Трапезундской империи из собрания Эрмитажа. Нумизматика и Эпиграфика (НЭ). XIV. М. 1984.

D. M. Lang. Studies in the Numismatic History of Georgia in Transcaucasia. New York. 1955.

O. Retowski. Die Münzen der Komnenen von Trapezunt. M. 1910; Отдельный оттиск из Нумизматического Сборника. I. 1911.
უცხოური ფული ქართულ სამონეტო ბაზარზე:


XIII-XV  საუკუნეების უცხოური მონეტების მიმოქცევა  დასავლეთ საქართველოში



1. კოპიტნარის განძი. მასში 15 ცალი ტრაპიზონის ასპრი შედის, რომლებიც მოჭრილია შემდეგი იმპერატორების სახელით:  მანუილ I (1238-1263 წწ.) – 6 ცალი,  იოანე II (1280-1297 წწ.) – 7 ცალი,  მანუილ III (1390-1417 წწ.) – 1 ცალი, ალექსი IV (1417-1446 წწ.) – 1 ცალი.
2. ტობანიერის განძი. მის შემადგენლობაში 186 ასპრი შედის და ისინი განეკუთვნება შემდეგ იმპერატორებს: იოანე I (1235-1238 წწ.) – 4 ცალი, მანუილ I – 56 ცალი,  იოანე II – 125 ცალი,  იოანე II და ალექსი II (1297 წ-მდე) – 1 ცალი.
შემდეგი აღმოჩენები დალაგებულია აღმოჩენის წლების მიხედვით.
3. 1885 წელს სოხუმში, მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირის მახლობლად, აღმოჩნდა ვერცხლის მონეტა. ა. ორეშნიკოვის განსაზღვრით, ეს იყო ტრაპიზონის კომნენოსების დროინდელი ცუდად შენახული ასპრი.
4. 1886 წელს სოხუმში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, აღმოჩნდა ტრაპიზონის ერთ-ერთი კომნენოსის ასპრი.
5. 1894 წელს ხონის  მახლობლად მდებარე სოფ. პატარა ჯიხაიშში შემთხვევით მიაკვლიეს განძს, რომლის შემადგენლობაში 500-მდე ვერცხლის მონეტა შედიოდა, მათ შორის იყო იოანე III-ის (1340-1344 წწ.) ასპრი. განძის ძირითადი ნაწილი თურქული (1520-1617 წწ.) და ირანული (1524-1574 წწ.) მონეტებია.
6. 1908 წელს ქუთაისის მაზრაში აღმოჩნდა იოანე I-ისა (1235-1238 წწ.) და მანუილ I-ის (1238-1263 წწ.) ასპრების განძი. ევგ. პახომოვს აქედან 50 ცალი პირადად უნახავს და 30 ცალი შეუძენია კიდეც.
7. 1928 თუ 1929 წელს სოხუმის მიდამოებში იპოვეს იოანე II-ის ასპრი.
8. 1931 წელს სოხუმში იპოვეს იოანე II-ის 5 ასპრი, აქედან 1 ცალი შედის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის განძების ფონდში.
9. 1932 წელს ჭიათურის შემოგარენში ბავშვებმა შემთხვევით იპოვეს იოანე II-ის ასპრი, რომელიც დ. კაპანაძემ შეიძინა.
10. იმავე წელს ისევ ჭიათურაში ნაპოვნი იყო იოანე II-ის მონეტა.
11. 1935 წელს ქუთაისში ნაპოვნი იყო XIII საუკუნის  ტრაპიზონის მონეტა.
12. 1940 წელს ვანის რაიონის სოფ. შუამთის მახლობლად აღმოჩენილი იოანე II-ის ასპრი შეიძინა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა.
13. 1948 წელს თერჯოლის რაიონის სოფ. ზედა საზანოში შემთხვევით აღმოჩნდა თიხის ქილა ვერცხლის მონეტებით. სელჩუკურ მონეტებთან ერთად აქ მანუილ I-ის ასპრებიც იყო, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სულ – 9 ცალი.
14. 1951 წელს სოხუმის რაიონის სოფ. ბესლეთში შემთხვევით იპოვეს მანუილ I-ის მონეტა.
15. 1960 წელს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავების დროს აღმოჩნდა ტრაპიზონის ასპრები: იოანე I – 1 ცალი, მანუილ I – 1 ცალი, იოანე II – 19 ცალი. განძი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.
16. 1969 წელს ხონში, ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში, მიწის ზედაპირზე იპოვეს იოანე II-ის მონეტა. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
17. 1999 წელს მარტვილის რაიონის სოფ. ნოჯიხევში ნოქალაქევის არქეოლოგიური ექსპედიციის ნოჯიხევის რაზმმა აღმოაჩინა მანუილ I-ის ასპრები და კირმანეული.

ტრაპიზონის ასპრები აღმოსავლეთ საქართველოშიც მიმოიქცეოდა:

18.    1858 წელს თბილისში იპოვეს 2 ცალი ტრაპიზონის ასპრი.
19. დაახლოებით 1930 წელს ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში დასასვენებელი სახლის – კეჩხობის ტერიტორიაზე მიწის ჩიჩქნის დროს აღმოჩნდა ვერცხლის მონეტები, მათ შორის იყო მანუილ I-ის ასპრი.
20. 1934 წელს ვარძიის მონასტრის (ასპინძის რაიონი) ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი ყოფილა მანუილ I-ის ასპრი.
21. 1936 წელს ასპინძის რაიონში ვარძიის მონასტრის მახლობლად იპოვეს მანუილ I-ის ასპრი, რომელიც დ. კაპანაძემ შეიძინა.
22. 1939 წელს ქარელის რაიონის სოფ. ხეობაში, ეკლესიის აღმოსავლეთით მიწის თხრის დროს, ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა 265 ვერცხლის მონეტისგან შემდგარი განძი. განძის ძირითადი ნაწილი აღმოსავლური მონეტებია და დამარხულია 1267 წლის შემდეგ. მის შემადგენლობაში მანუილ I-ის ერთი ასპრიც ერია.
23. 1968 წელს ბორჯომის რაიონის სოფ. ახალდაბაში ბალავრის ამოღების დროს მიკვლეულ ვერცხლის მონეტების განძში, სხვა მონეტებთან ერთად, აღმოჩნდა მანუილ I-ის ასპრი. განძი დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
24. ასპინძის რაიონის სოფ. ვარძიის მიდამოებში ნაპოვნია (დრო და პირობები უცნობია) მანუილ I-ის ასპრი.